პაემანი

უსაფრთხოების რჩევები პირველი პაემნისთვის

პაემნებზე სიარული ჰეტერონორმატიული პატრიარქატის პირობებში განსაკუთრებით სარისკო ქვიარ ადამიანებისთვისაა — მათ ორმაგად უწევთ რისკების გააზრება და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ეს რისკები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ პარტნიორებთან, ასევე — გარემოსთან, რომელიც ქვიარ ადამიანებს მუდმივად

უსაფრთხოების რჩევები პირველი პაემნისთვის

პაემნებზე სიარული ჰეტერონორმატიული პატრიარქატის პირობებში განსაკუთრებით სარისკო ქვიარ ადამიანებისთვისაა — მათ ორმაგად უწევთ რისკების გააზრება და უსაფრთხოების ზომების დაცვა. ეს რისკები დაკავშირებულია როგორც პოტენციურ პარტნიორებთან, ასევე — გარემოსთან, რომელიც ქვიარ ადამიანებს მუდმივად დევნის და ცდილობს მათი ხილვადობა სრულად გააქროს. ცხადია, უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები პაემნებზე სიარულის კულტურაში ჰეტეროსექსუალ ადამიანებსაც უდგათ, თუმცა არა იმდენად მწვავედ, როგორც ადამიანებს, რომლებით რაიმე ფორმით მაინც არიან არაკონფორმულები.

ურბანული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ქვიარ ადამიანების 23.2%-ს გამოუვლია სექსუალური შევიწროება პაემნებზე სიარულისას, ხოლო ჰეტეროსექსუალებში ეს მაჩვენებელი 12.3%-ია. თინეიჯერობასა და მოზარდობაში ქვიარ ადამიანები, ჰეტეროსექსუალ ადამიანებთან მიმართებით, ბევრად მოწყვლადები არიან. კვლევაში ნათქვამია, რომ ამ ასაკის ქვიარ ადამიანების 42.8%-ს ფიზიკური ძალადობა გამოუცდია მისი პაემნის პარტნიორისაგან, რაც ჰეტეროსექსუალ ადამიანებში 29%-ია. აღნიშნული მაჩვენებელი საგანგაშოდ მაღალი ტრანსგენდერი ადამიანების ჯგუფშია — ტრანსგენდერი ადამიანების 88.9%-მა აღნიშნა, რომ მათ პაემნებზე სიარულისას გამოუვლიათ ძალადობა.

ქვიარ ადამიანების მსგავსად, გენდერული ნიშნით იჩაგრებიან პაემნებზე სიარულისას ქალებიც, ხოლო ქვიარ ქალების შემთხვევაში ჩაგვრა არამხოლოდ გენდერის ნიშნით, არამედ — სექსუალობითაც ხდება.

რასაკვირველია, პაემნებზე სიარულის კულტურა მხოლოდ ცუდი გამოცდილებების შეძენის წყაროდ არ უნდა მივიჩნიოთ. ეს შეიძლება სასიამოვნო და გასართობი იყოს და ურთიერთობაში საკუთარი თავის შესახებ ბევრი ახალი რამ გასწავლოთ. მაგალითად, თქვენი მიჯაჭვულობის ტიპი, რომელია თქვენი “სიყვარულის ენა”, რა არის თქვენთვის ტრიგერი და ა.შ.

გიზიარებთ უსაფრთხოების ზოგად რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ, უკეთ შეაფასოთ რისკები პაემნებზე სიარულისას და მეტად დაცულად იგრძნოთ თავი.

  • თუ პაემანი გაცნობის აპლიკაციით სარგებლობის შედეგად დაიგეგმა, შეხვედრამდე აუცილებლად დაურეკეთ თქვენს პოტენციურ პარტნიორს ვიდეო ზარით, რათა დაადასტუროთ აღნიშნული ადამიანის პროფილის ავთენტურობა და დარწმუნდეთ, რომ თავის პროფილზე ის ნამდვილად საკუთარ სურათებს იყენებს. ვიდეო ზარი ასევე დაგეხმარებათ, კომუნიკაციის ტექსტური ფორმისგან განსხვავებით, უკეთ შეაფასოთ თქვენი და ამ ადამიანის თავსებადობა, სანამ თქვენს დროსა და ენერგიას რეალურ შეხვედრაში ჩადებდეთ;
  • კომუნიკაცია შეიძლება იყოს შეხვედრის წინაპირობა, მაგრამ გახსოვდეთ, ეს მხოლოდ ურთიერთობის სასიამოვნო გაგრძელებაა და არა — ვალდებულება;
  • გაუზიარეთ თქვენს მეგობარს ან ოჯახის წევრს პაემნის ადგილი და გეგმები. მნიშვნელოვანია, რომ ერთმა ადამიანმა მაინც იცოდეს, სად მიდიხართ და რა გეგმები გაქვთ. გაცნობის აპლიკაციის გამოყენების შემთხვევაში, მეგობარს ან ოჯახის წევრს თქვენი “მეტჩის” პროფილის სქრინშოთიც გაუზიარეთ, რათა მათ აღნიშნული პირის იდენტიფიცირება მარტივად შეეძლოთ;
  • პირველი პაემანი საჯარო ადგილას დანიშნეთ და თავი აარიდეთ პაემნის ერთმანეთის სახლებში დათქმას. მსგავსი ტიპის შეხვედრისთვის შესაბამისია ქვიარ და ქვიარ-მეგობრული ღია კაფეები, რესტორნები ანდაც უბრალოდ ყავის დასალევი ადგილები. საჯარო ადგილებში ძალადობის ნებისმიერი ფორმის გამოვლინების რისკი ბევრად დაბალია, ვიდრე — პრივატულ სივრცეებში, რომლებიც პოტენციური მოძალადეებისთვის მისწრებაა;
  • არ დათანხმდეთ პაემანზე პოტენციური პარტნიორის მიერ ტრანსპორტირებას. უმჯობესია, დანიშნულების ადგილზე თავად მიხვიდეთ, რადგან სრულიად უცნობი ადამიანის ტრანსპორტში აღმოჩენა ძალადობის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის;
  • ჩანთაში იქონიეთ წიწაკის სპრეი, ელექტროშოკი ან ნებისმიერ სხვა ნივთი, რომელიც მარტივად ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის და რომელსაც გამოუვალ სიტუაციაში გამოიყენებთ. ეს პუნქტი, შესაძლოა, სიფრთხილის გადაჭარბებულ ზომად მოგეჩვენოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ სჯობს, ყველაზე უარესისთვისაც კი მზად იყოთ;
  • დანიშნულების ადგილზე მისვლისთანავე გაუზიარეთ თქვენი ლოკაცია იმ მეგობარს თუ ოჯახის წევრს, რომელმაც თქვენი გეგმების შესახებ უკვე იცოდა. უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, თქვენმა ლოკაციამ დაადასტუროს, რომ თქვენ ნამდვილად იმავე ადგილას შეხვდით, ხოლო ადგილის ცვლილების შემთხვევაში, ერთ ადამიანს მაინც ეცოდინება, სად ხართ;
  • ჩაწერეთ აპლიკაცია, რომელიც კრიტიკულ სიტუაციებში ქალების დასახმარებლადაა განკუთვნილი. მაგალითისთვის, გირჩევთ Safe You-ს, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ აირჩიოთ სანდო პირები, მაგალითად, მეგობრები ან ოჯახის წევრები, რომლებსაც თქვენი SOS შეტყობინება მიუვათ. გარდა ამისა, აპლიკაციის მეშვეობით, შეგიძლიათ, გამოიძახოთ პოლიცია ან დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებს მიმართოთ. შეგიძლიათ 112-ის აპლიკაციის გამოყენებაც, რომელიც საშუალებას გაძლევთ SOS შეტყობინება პოლიციას გაუგზავნოთ ღილაკზე ერთი დაჭერით, დარეკვის გარეშე. შეგიძლიათ მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნაც და დარეკვაც.
  • ყურადღება გაამახვილეთ თქვენს სასმელსა და საკვებზე და არ დატოვოთ ისინი უყურადღებოდ. არსებობს შემთხვევები, როცა პაემანზე ადამიანები ნარკოტიკულ ნივთიერებას თავიანთი პარტნიორის კონტროლის დაკარგვისთვის იყენებენ, ხოლო, მოგვიანებით, ამ უკონტროლობას თავიანთ სასარგებლოდ მართავენ;
  • მიუხედავად იმისა, კარგად ჩაივლის პაემანი თუ არა, არ გააზიაროთ თქვენი მისამართი, სამუშაო ადგილი და ისეთი ლოკაციები, რომლებიც პირადია და სადაც პერმანენტულად გიწევთ ყოფნა. არსებობს შემთხვევები, როცა წარმატებული პაემნის ბოლოს პარტნიორები თქვენს გაცილებას ითხოვენ. მათ იციან, რომ თქვენზე კარგი შთაბეჭდილება უკვე მოახდინეს, რაც ერთგვარი გარანტიაა, რომ სახლამდე მიცილებაზე დათანხმდებით. ეს მათ წვდომას აძლევს თქვენს მისამართზე, რომლის გამოცვლაც, ტელეფონის ნომრის მსგავსად, მარტივად შესაძლებელი არ არის;
  • ენდეთ თქვენს ინტუიციას, ინსტინქტებსა და შეგრძნებებს. არ დაგავიწყდეთ, რომ ყოველთვის შეგიძლიათ დატოვოთ ადგილი, რომელიც თქვენთვის არასასურველ ენერგეტიკას ასხივებს, რადგან არავისთან ხართ ვალდებული, კომპანიონობა გაუწიოთ, მიუხედავად შეხვედრამდელი კომუნიკაციისა;
  • ითხოვეთ დახმარება სხვებისგან. თუ ფიქრობთ, რომ რაღაც რიგზე არ არის ან პაემანზე გამოხატულია აშკარა ძალადობის ნიშნები ნებისმიერ ფორმით, საპირფარეშოში გასვლის მიზეზით, დაეკონტაქტეთ მიმტანს, ადმინისტრატორს, ადგილზე მყოფ სხვა სტუმარს და უთხარით, რომ დახმარება გჭირდებათ.

უსაფრთხო პაემნებს გისურვებთ!

თუ გაცნობის აპლიკაციების გამოყენება გსურთ, ამაში დაგეხმარებათ ჩვენი სტატია: გაცნობის 10 აპლიკაცია ქვიარებისთვის და არამხოლოდ