რას ნიშნავს ტოქსიკური ურთიერთობა როდესაც ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ბევრმა არც კი ვიცით, რომ ურთიერთობების შესახებ ჩვენი წარმოდგენები და რწმენები ზოგჯერ თავიდანვე ტოქსიკურია. ჩვენ კულტურაში (და არა მხოლოდ) ღრმად არის გამჯდარი ტოქსიკური
საახალწლოდ სასიამოვნოდ ღელავ და ელოდები აღნიშვნას თუ თავს გრინჩად გრძნობ? 31 დეკემბერს, 00:00 საათზე, შაბათ დღეს შეცვლის კვირა დღე და წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დღესასწაული აუცილებლად შევა ძალაში პიროტექნიკისა და წვეულებების თანხლებით. ეს გვამცნობს, რომ რაღაც გამოცდილება დასრულდა, იწყება ახალი და იმედი გვაქვს, მისგან განსხვავებულიც. წელიწადის ამ დროს ვიყურებით უკან, ვაკეთებთ რეფლექსიას, ვაჯამებთ გასულ წელს და ვგეგმავთ მომავალს.
ახალი წლის აღნიშვნის სადღესასწაულო ნაწილი ალბათ ცხადი და გასაგებია, ისევე, როგორც დაბადების დღის აღნიშვნისას — ვაცნობიერებთ, რომ მორიგი 365 დღე გავიდა და ისევ აქ ვართ, ცოცხლები ვართ (რა შვების მომტანია, ჰუჰ!). თუმცა, ცოცხლად გადარჩენის გარდა, არის გარკვეული ფაქტორები, რაც საფუძვლად უდევს დღესასწაულების, კონკრეტულად კი, ახალი წლის აღნიშვნას.
რატომ აღვნიშნავთ დღესასწაულებს, მათ შორის, ახალ წელს
ახალი წლის დღესასწაული აღინიშნება იმდენი ხანია, რაც არსებობს კალენდარი და სათავეს გაცილებით ადრეულ პერიოდში იღებს. განსხვავდება საახალწლო ტრადიციები და რიტუალები.
ფსიქოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ დღესასწაულების აღნიშვნა, მათ შორის, ახალი წლისაც, წარმოადგენს ადამიანის სურვილს, ჰქონდეს გარკვეული კონტროლი მოვლენებზე, რადგან არ იცის, რა მოხდება მომავალში. ჩვენ არ ვიცით, რა გველოდება მომდევნო წელს, განსაკუთრებით, პანდემიისა და ომის ფონზე, ამიტომ ვგეგმავთ და ვისახავთ მიზნად, რომ მომავალი წლიდან დავიცავთ ჯანსაღ კვებას, დავიწყებთ ვარჯიშს, შევწყვეტთ მოწევას, გავხდებით მეტად ჯანმრთელები, ბედნიერები და დავისახავთ სხვა მიზნებს, რადგან ეს ყველაფერი გვაძლევს კონტროლის განცდას გაურკვეველ და ბუნდოვან მომავალზე.
ყოველ წელს ახალი წლის აღნიშვნა და მისი განმეორებადობა ამცირებს შფოთვას არა მხოლოდ ზრდასრულებში, არამედ ბავშვებშიც. მოზარდები წლის ამ პერიოდში მეტად უსაფრთხოდ გრძნობენ თავს და იზრდება მიკუთვნებულობის განცდაც.
ახალი წლის რიტუალი მოიცავს სოციალიზაციასაც — წვეულებაზე ყოფნას, ადამიანების გაცნობასა და მეგობრების ნახვას, მილოცვასა და კეთილ სურვილებს. სოციალიზაცია და სიკეთის გაცემა უკავშირდება გადარჩენასა და შფოთვის შემცირებასა. “მოექეცი სხვებს ისე, როგორც გსურს, რომ მოგექცნენ შენ” — გადარჩენის მშვენიერი სტრატეგიაა.
გარდა კონტროლის შეგრძნებისა, რიტუალების აღნიშვნისას აქტიურდება ჩვენი სენსორული სისტემა. ახალ წელს სახლში უხვად არის მოხალული ნიგვზისა და სხვა საჭმლის სუნი, გარშემო ყველგან საახალწლო ნათურები, ლამაზი სათამაშოები და მორთული ნაძვის ხეებია. გვესმის მუსიკა, ვმღერით, ვცეკვავთ, ვაგემოვნებთ კერძებს, ვესაუბრებით საყვარელ ადამიანებს. ეს ყველაფერი კი ქმნის მოგონებებს, რომლებსაც გრძელვადიან მეხსირებეაში მოხვედრის დიდი შანსი აქვს და ხშირად ასეც ხდება — ეს დღეები ჩვენს ცხოვრებაში სასიამოვნო მოგონებებად რჩება.
საინტერესოა, რა ბედი ეწევა ახალ წელს დასახულ მიზნებსა და გეგმებს მომავალი წლისთვის. 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ამერიკელების 41%-მა დაისახა და გაწერა მიზნები მომდევნო წლისთვის და წლის ბოლოს მათი მხოლოდ 9% მიიჩნევდა, რომ დასახული გეგმები წარმატებით განახორციელა. მანამდე ჩატარებულ კვლევაში კი (2007 წელს), წლის დასაწყისში 52% მიიჩნევდა, რომ წარმატებით განახორციელებდა ახალ წელს დასახულ მიზნებს, წლის ბოლოს კი 12% იყო კმაყოფილი განხორციელებული გეგმებით.
წარმატების/მარცხის მაჩვენებელი ექვსი თვის განმავლობაში შემდეგნაირად გამოიყურება:
- ისინი, ვინც მიზნებსა და გეგმებს ისახავს საახალწლოდ, ერთი კვირის შემდეგაც 75% წარმატების მიჰყვებიან გეგმებს;
- ორი კვირის შემდეგ გეგმებზე წარმატებით მიყოლის რიცხვი იკლებს 71%-მდე;
- ერთი თვის შემდეგ 64%-ზე ეცემა;
- ექვსი თვის შემდეგ კი, 46% კვლავ ინარჩუნებს ახალ წელს გაწერილ გეგმებს და წარმატებით მიჰყვება მათ.
იმ ადამიანების მხოლოდ 4% მიჰყვა და განახორციელა თავისი მიზნები ექვსი თვის შემდეგ, ვისაც ჰქონდა მსგავსი გეგმები/მიზნები, მაგრამ ახალ წელს არ გაწერა და არ დაგეგმა.
საახალწლოდ დასახული მიზნების განუხორციელებლობის მიზეზებად დასახელდა:
- არარეალური მიზნების ქონა (35%);
- მიზნების მიღწევის პროცესზე არასათანადო თვალ-ყურის მიდევნება და კონტროლი (33%);
- საახალწლოდ დასახული მიზნების დავიწყება (23%);
- ერთდროულად ბევრი მიზნის ქონა (10 გამოკითხულიდან ერთი).
ყველაზე გავრცელებული საახალწლოდ დასახული მიზნებია:
- ჯანსაღი კვება;
- ვარჯიში;
- დანაზოგის ქონა;
- ჯანმრთელობის გაუმჯობესება;
- სიგარეტის მოხმარების შეწყვეტა.
2022 წლის საახალწლო მიზნებში ჭარბობდა ჯანმრთელობის, პიროვნული გაუმჯობესებისა და ბედნიერებასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, წონის კლება.
საინტერესოდ გამოიყურება დემოგრაფიული სტატისტიკაც:
- “ბუმერების” ძირითადი საახალწლო მიზნები დაკავშირებული იყო წონის კლებასა და დანაზოგის გაკეთებაზე;
- “მილენიალების” ყველაზე თავდაჯერებულები და დარწმუნებულები იყვნენ ყველა საახალწლო მიზნის მიღწევაში და დასახული გეგმებიც მრავალფეროვანი იყო;
- “ჯენ ზის” ძირითადი საახალწლო გეგმები პარტნიორის/საყვარელი ადამიანის პოვნას უკავშირდებოდა.
გარდა იმისა, რომ რიტუალები, მათ შორის, ახალი წლის აღნიშვნა და სამომავლო გეგმების გაწერა ამცირებს შფოთვასა და შიშს გაურკვეველი მომავლის მიმართ, გეგმების შედგენა ზრდის მათი განხორციელების შანსსაც (იხილეთ სტატია queer.ge-ზე დაგეგმვასა ეფექტურად განხორციელების შესახებ.
თოვლის ბაბუა და გრინჩი
ზოგი ჩვენგანი სიხარულით ელოდება ახალ წელს და ამისთვის არაერთი მიზეზი აქვს, ზოგს კი დღესასწაულის გაგონებაც კი ზარავს. საახალწლო დღესასწაულის სიყვარულიცა და არ სიყვარულიც ნორმალურია და ორივეს თავისი მიზეზები აქვს.
მე ზოგადად დღესასწაულები და განსაკუთრებით კი, ახალი წელი მიყვარს და მიხარია. არ დაგიმალავთ, ჩემთან უკვე ოქტომბრის ბოლოდან ჰორიზონტზე გამოჩნდება და წამიერად გამკრავს ხოლმე საახალწლო სამზადისის სასიამოვნო განცდა, რაც სახლში ფუსფუსს, დასვენებას, გემრიელი საკვების მომზადება/ჭამას და საყვარელი ფილმების ყურებას მოიცავს (აქ ახალი წლის მოყვარულები და არ მოყვარულები მგონი ერთ აზრზე ვართ). დეკემბრის დასაწყისში უკვე ვარჩევ დეკორაციებს, ვყიდულობ სათამაშოებს, საჩუქრებს, სანათებს და ვრთავ სახლს. ჩემი შინაგანი ბავშვი სიხარულისგან ცმუკავს და ბედნიერია — შესაბამისად, მეც.
ახალი წლის დღესასწაული ბევრისთვის, შესაძლოა, სტრესთან და მომატებულ შფოთვასთანაც ასოცირდებოდეს და ამას ბევრი მიზეზი აქვს:
- წლის ბოლოს, როგორც წესი, გროვდება ბევრი გასაკეთებელი საქმე, დაუსრულებელი პროექტები და დედლაინები, შესაბამისად იზრდება სტრესი;
- გეგმავ სად და როგორ შეხვდე, ვისთან ერთად, რა ჩაიცვა, რა ჭამო და ა.შ. ყველაფერი დაკავშირებულია ფინანსური და სხვა რესურსის მობილიზებასთან, რაც, ცხადია, იწვევს შფოთვას;
- შენგან ყველა ელოდება, რომ ახალი წელი გიხაროდეს, იყო ბედნიერი და მაქსიმალურად სოციალიზდე. სწორედ აღნიშნული მოლოდინები ხდება ხშირად იზოლაციისა და ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან კონფლიქტის მიზეზები;
- ხშირად საახალწლო დღესასწაულის აღნიშვნისთვის იმდენად ემზადები და ისეთი მაღალი მოლოდინები გაქვს, დიდი შანსია, ეს იმედი გაგიცრუვდეს და მომავალი წლისთვის იმედგაცრუებამ გრინჩის მოყვარულთა სიაში შეგიყვანოს;
- საახალწლო პერიოდი მეტად საოჯახო დღესასწაულია, რაც ითვალისწინებს ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარებას. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრთან/წევრებთან დაძაბული ან არც თუ ისე მშვიდი ურთიერთობა გაქვს, ცხადია, მათთან ბევრი სოციალიზაცია და ამის მოლოდინიც კი იწვევს შფოთვასა და სტრესს.
ხშირად, ახალი წლის დღესასწაული ერთდროულად სიხარულსა და სოციალიზაციასაც მოიცავს და სტრესსაც. მას ბედნიერების განცდაც ახლავს თან და შფოთვაც. ცოტა ძალისხმევა და დაგეგმვა აქაც დადებით როლს თამაშობს და გვეხმარება, მივიღოთ მეტი სიამოვნება დღესასწაულისგან და შევამციროთ სტრესი.
ცოტა რამ იმაზე, როგორ ვფოკუსირდეთ საკუთარ თავზე ახალ წელს
იმისთვის, რომ მომავალი წლის გეგმები დავსახოთ, დღესასწაულისგან სიამოვნება მივიღოთ, სტრესი მინიმუმამდე შევამციროთ და ფუნქციურიც დავრჩეთ, გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას და ემპირიულ მიგნებებს.
- როგორც აღმოჩნდა, ცვლილებების მიმართ მზადყოფნა და თვითეფექტურობა განაპირობებს დადებით შედეგებს მათთვის, ვინც საახალწლო გეგმებსა და მიზნებს ისახავს. თვითეფექტურობის განცდა საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების რწმენას მოიცავს, ხოლო რაც უფრო მეტად სწამს და სჯერა ადამიანს საკუთარ შესაძლებლობების, მით მეტია გეგმების განხორციელების შანსიც.
- ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მონაწილეები თავიანთ მიზნებს აღწევდნენ მაშინ, როდესაც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მათ განხორციელებაში, მიზნების მიღწევა კი მოიცავდა მცირე ნაბიჯებს და იყო გაზომვადი. მაგალითად, ერთ კვირაში დავიკლებ 1,5 კილოს განსხვავდება შემდეგი ფორმულირებისგან — მომავალ წელს დავიკლებ წონაში. ეს უკანასკნელი უფრო ზოგადი და ბუნდოვანია. გეგმების მეტად დაკონკრეტება და მათი გაზომვის შესაძლებლობა ზრდის განხორციელების შანსს.
- საახალწლო სტრესისა და შფოთვის შემცირებაზე დადებითად მოქმედებს საჩუქრების შერჩევის და ჩუქების პროცესი. საკუთარი რამდენიმეწლიანი გამოცდილებით, შერჩევის პროცესი მოიცავს პატარა ანალიზს და გეგმის ქონას. ვიწყებთ, ცხადია, იმის გარკვევით, რა გაუხარდება ადრესატს, რა ინტერესები აქვს, რა სჭირდება და ა.შ. შეგვიძლია ამაში ადრესატის ახლობელიც დავიხმაროთ. შემდეგი ნაბიჯია მისი ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლო პროდუქტების იდენტიფიცირება და ბიუჯეტის განსაზღვრა. ამის მერე უშუალოდ აქტივობაზე გადავდივართ და შესაბამის მაღაზიებში ვათვალიერებთ და ვეძებთ სასურველ ნივთებს. არაფერი შეედრება იმ სასიამოვნო განცდას, როცა საბოლოდ, შესაძლოა, ბიუჯეტურ და ამავე დროს, ისეთ საინტერესო და კარგ ნივთს შეარჩევ ადრესატისთვის, უკვე წინასწარ იცი, როგორ გაახარებ, როცა საჩუქარს გადასცემ.
- საახალწლო სოციალიზაცია და წვეულებებზე წასვლა/არ წასვლა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, სტრესის შემცველია. ბევრი მიიჩნევს, რომ რაც უფრო ნაკლები მოლოდინები გაქვს დღესასწაულისა და მისი აღნიშვნის მიმართ, მით მეტია შანსი, იყო მშვიდი და კმაყოფილი. საყვარელი ფილმების ყურებისა და დასვენების გარდა, უმეტესობას მაინც აქვს სურვილი, თუნდაც ქალაქგარეთ საყვარელ ადამიანებთან ერთად გავიდეს და ის სოციალიზაცია ჰქონდეს, რაც მისთვის კომფორტულია. საკუთარ თავთან წინასწარ იმის გარკვევა, ვისთან, როდის და სად გინდა იყო ახალი წლის დღეებში, აადვილებს ცხოვრებას. ამის შემდეგ უკვე შეიძლება ქმედებაზე გადასვლა.
სანამ 31 დეკემბერი მოვა, გავეხვევით თბილ საბანში, გემრიელ საჭმელებს გავსინჯავთ და დავისვენებთ, მოდით, ავწიოთ შამპანურის ჭიქა და ჩვენ სიცოცხლეს გაუმარჯოს. მორიგი 365 დღე გავიდა, აქ ვართ და რა ბედნიერებაა. (გაუმარ-ჯოს-ჯოს-ჯოს!)
გამოყენებული მასალა:
- https://www.sciencedirect.com/science/article/abs/pii/0306460389900506
- https://www.sciencedaily.com/releases/1998/01/980102003931.htm
- https://onlinelibrary.wiley.com/doi/abs/10.1002/jclp.1151
- https://d25d2506sfb94s.cloudfront.net/cumulus_uploads/document/0k4kb2wehk/Results%20for%20YouGov%20RealTime%20(New%20Year_s%20Resolutions)%20327%2012.19.xlsx%20%20[Group].pdf
- https://docs.cdn.yougov.com/2v6sawx0rr/US_New_Years_Resolutions_2020.pdf
- https://docs.cdn.yougov.com/lvsidr3mf8/econTabReport.pdf
ავტორი: ნინო ბექაია
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
რას ნიშნავს ტოქსიკური ურთიერთობა
როდესაც ურთიერთობებში პირველ ნაბიჯებს ვდგამთ, ბევრმა არც კი ვიცით, რომ ურთიერთობების შესახებ ჩვენი წარმოდგენები და რწმენები ზოგჯერ თავიდანვე ტოქსიკურია. ჩვენ კულტურაში (და არა მხოლოდ) ღრმად არის გამჯდარი ტოქსიკური ქცევის ნიმუშები, რომლებიც არა თუ დამაზიანებლად, არამედ რომანტიკულადაც არის შეფასებული. მაგალითად, ფილმებში არაერთხელ გვინახავს “თავბრუდამხვევი” და ირაციონალური სასიყვარულო ურთიერთობის სცენები, სადაც წყვილის ბრუტალური ჩხუბისა და ეჭვიანობის, თეფშების ლეწვის შემდეგ, შერიგების სცენა ცრემლს გვგვრის და ბედნიერი დასასრულით კმაყოფილები ვართ. არც თუ ისე ცოტა სცენა გვინახავს, სადაც ურთიერთობაში პარტნიორის ობიექტივიზაცია და მესაკუთრეობა მისასალმებელია, კარგია და ამის გამო ხშირად რეალურ ცხოვრებაში პარტნიორებს აღვიქვამთ არა როგორც იმ ადამიანს, ვისთანაც ვიზიარებთ ემოციებს და ვაძლიერებთ ერთმანეთს, არამედ როგორც პრიზს, მიღწევას ან საჩუქარს.
ტოქსიკური ურთიერთობის მრავალი განმარტება არსებობს და ყველა მათგანი არის საპირისპირო ჯანსაღი ურთიერთობისა, რაც მოიცავს პატივისცემას, ნდობასა და მხარდაჭერას. ტოქსიკური ურთიერთობის დროს ადამიანები მანიპულირებენ, პატივს არ სცემენ ერთმანეთს და ასეთ ურთიერთობას თან ახლავს შფოთვა, წუხილი და სევდა. ტოქსიკურ ურთიერთობას აღარ მოაქვს სიხარულის, კმაყოფილების განცდა და ყოველი კომუნიკაცია იწვევს გამოფიტულობას, სევდას, წუხილს.
ტოქსიკურობა შესაძლებელია არსებობდეს ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში: რომანტიკულ პარტნიორებს, ოჯახის წევრებს, მეზობლებსა და კოლეგებს შორისაც.
ტოქსიკურ ურთიერთობაში ადამიანები გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად მუდმივად ძირს უთხრიან და ზიანს აყენებენ პარტნიორს/მეგობარს/კოლეგას. ადამიანის ტოქსიკურობას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება იყოს. შესაძლოა, მათ უკვე გამოცადეს მსგავსი ურთიერთობები და თავად გახდნენ ტოქსიკური პარტნიორები ან მეგობრები; შესაძლოა, პრობლემა აღზრდის სტილსა და ნიმუშებშია; შესაძლოა, ადამიანი ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. ტოქსიკურობის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობაც — დეპრესია, შფოთვა, ბიპოლარული აშლილობა, ფსიქოპათია, კვებითი დარღვევა ან ნებისმიერი სახის ტრავმა. ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ტოქსიკური ურთიერთობის მიზეზი უბრალოდ არათავსებადი დაწყვილების მიზეზიც შეიძლება იყოს. მაგალითად, როცა ორივე კონტროლის მოყვარული ან სარკასტულია.
ტოქსიკური ურთიერთობა, ცხადია, გვხდება ქვიარ წყვილებშიც და მას იგივე ნიშნები და მიმდინარეობა აქვს, როგორც სხვა ნებისმიერ ურთიერთობისას. ძალადობრივ ქვიარ ურთიერთობაში ხშირია პარტნიორის მხრიდან ქამინგაუთის იძულების, ფიზიკური, ეკონომიკური, სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის ან ბულინგის ფაქტები. იდენტობისა და ორიენტაციის გამჟღავნების შიშის გამო, ქვიარ ადამიანები მეტად რთულად ახერხებენ დახმარებისა და რეაგირების თხოვნას შესაბამისი ორგანოებისგან.
ძირითადი ნიშნები, რომლებიც გვაჩვენებს, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ
ტოქსიკური ურთიერთობების ნიშნებია:
ტოქსიკური კომუნიკაცია — ურთიერთობის ენა გაჯერებულია დამცინავი ტონით, სარკაზმითა და ხშირი კრიტიკით, ასევე, მეორე ადამიანის იგნორირებით დიალოგის დროს. ტოქსიკურ ურთიერთობას თან ახლავს პასიურ-აგრესიული ქცევა და ადამიანის მუდმივად დადანაშაულება თუნდაც წარსული შეცდომების გამო. შესაძლოა, თქვენ ხშირად გაჩუმებდნენ და არ გაძლევდნენ საშუალებას, გამოთქვათ თქვენი აზრი ან ისაუბროთ თქვენს ემოციებზე. ტოქსიკური ურთიერთობის ნიშანია, როდესაც უგულებელყოფენ თქვენს აზრს და კომუნიკაციის ნებისმიერ მცდელობაზე პასუხი არის სიჩუმე.უპატივცემულობა
უპატივცემულობა — სხვადასხვანაირად მჟღავნდება, ყველაზე ხშირად კი ტოქსიკური კომუნიკაციის დროს. შესაძლოა, ტოქსიკურობა გამოხატული იყოს სხვების თანდასწრებითაც, უხეში ან დამამცირებელი სახელების დაძახებითა და სარკაზმით. ტოქსიკური პარტნიორი ან ახლობელი ურთიერთობისას არათუ არ უჭერს მხარს ადამიანს, არამედ არც კი აღიარებს მის კომპეტენციას და აუფასურებს უნარ-ჩვევებსა და მიღწევებს.
ეჭვიანობა და უნდობლობა — ეჭვიანობა გამოიხატება მუდმივ უნდობლობასა და ქცევის კონტროლში. ტოქსიკური ადამიანი ხშირად გეკითხება სად იყავი/სად ხარ, რატომ არ უპასუხე ტელეფონზე მაშინვე და გამოხატავს გაღიზიანებას. მეტიც, ის ღიზიანდება მაშინაც კი, როცა საუბრობთ, რეკავთ, წერთ ან სუნთქავთ სხვა ადამიანის სიახლოვეს, გაღიზიანებას კი თქვენთან გამოხატავს. ასევე, შესაძლოა, ჩუმად სცადოს თქვენი ელექტრონული ფოსტის, სოციალური ქსელისა და სხვა პირად სივრცეში არსებული მიმოწერის ნახვა და წაკითხვა.
საკუთარი საჭიროებების უგულებელყოფა — თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა, მუდმივად გიწევდეთ იმის კეთება, რაც პარტნიორს/მეგობარს/ოჯახის წევრს სურს, მაშინ, როცა ეს ეწინააღმდეგება თქვენს სურვილს ან კომფორტს.
თავის არიდება — თუ თქვენ მუდმივად იგონებთ ტყუილებს იმის შესახებ, თუ სად ან ვისთან ხართ, რათა თავიდან აიცილოთ ადამიანთან ყოფნა, რადგან გაწუხებთ მასთან ურთიერთობა და თავს გრძნობთ ცუდად, სტრესის ქვეშ, ეს ტოქსიკური ურთიერთობის მანიშნებელია.
თვითზრუნვის ნაკლებობა — ტოქსიკურ ურთიერთობაში, შესაძლოა, ადამიანმა თავი დაანებოს საკუთარ თავზე ზრუნვის პრაქტიკებს ან საყვარელ საქმიანობას. უფრო მეტიც — უგულებელყოს საკუთარი საჭიროებები და არ ჰქონდეს თავისუფალი დრო. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ენერგიის არ ქონა, რადგან მთელი ენერგია ტოქსიკურ ურთიერთობას ხმარდება, ან ტოქსიკური პარტნიორის მხრიდან უკმაყოფილების გამოხატვა თქვენი ჰობის მიმართ.
ურთიერთობაში პრობლემის გადაწყვეტის სიმულაცია — ტოქსიკური პარტნიორი პრობლემის გაცნობიერების, მასზე საუბრისა და მოგვარების ნაცვლად, ხშირად “ყიდულობს” ურთიერთობას, რაც გულისხმობს პარტნიორისთვის რაიმე ნივთის ჩუქებას ან სადმე წაყვანას. ამით ის ცდილობს გამოიწვიოს პოზიტიური ემოციები და დროებით გადაფაროს რეალური პრობლემა, რომელიც რჩება და მეორდება მორიგი ახალი ნივთის შეძენამდე.
ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები განიცდიან უკმაყოფილებას, შფოთვას და ხშირად საერთოდ ვერ აცნობიერებენ, რომ არაჯანსაღ ურთიერთობაში არიან.
ზოგჯერ ურთიერთობაში ხშირი ჩხუბი განპირობებულია იმ მიზეზით, რომ ადამიანები არ ფლობენ ჯანსაღი კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, არ შეუძლიათ საკუთარი ემოციებისა და აზრების გამოხატვა და საჭიროდ არ მიიჩნევენ მათზე საუბარს, ამიტომ ხშირად გასათვალისწინებელია კონტექსტი: რატომ, როდის, რა სიხშირით და რა შემთხვევაში ხდება უთანხმოება.
როგორ მოვიქცეთ, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ
ტოქსიკური ურთიერთობები ადამიანებს აზიანებს, რადგან ქრონიკული სტრესი და დაძაბულობა აისახება ჩვენს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ წყვილი, ოჯახის წევრები ან ნებისმიერ ტოქსიკურ ურთიერთობაში მყოფი ადამიანები ხვდებიან და აცნობიერებენ, რომ მათი კავშირი არაჯანსაღია, შესაძლებელია, ერთად შეცვალონ ურთიერთობა უკეთესობისკენ. ზოგ შემთხვევაში, სადავ ვერ ხერხდება ურთიერთობის გამოსწორება, სჯობს ის დასრულდეს.
- მანამ, სანამ ტოქსიკური ურთიერთობის დასრულებას გადაწყვეტ, საჭიროა აღიარება, რომ ხარ რთულ ურთიერთობებში ზიანის პერსპექტივით. თავის მოტყუებაა, რომ ერთ დღეს ყველაფერი მოგვარდება, აღარ იჩხუბებთ, თავს ცუდად არ იგრძნობ. რაც არ უნდა სტრესული და სევდიანი იყოს იმის გააზრება და დაშვება, რომ შესაძლოა, საერთოდ ვერ გადაჭრა საყვარელ ადამიანთან დამაზიანებელი ურთიერთობა, ამის აღიარება აუცილებლად მოგიწევს.
- იყავი გულახდილი — ხშირად, ურთიერთობისგან თავის არიდების მიზნით ვიტყუებით და ვამბობთ, რომ არ გვცალია, სხვას ვხვდებით და ა.შ. გულახდილობა სჯობს მოიცავდეს საკუთარ ემოციებზე საუბარს და არა დადანაშაულებას ან განსჯას. მაგალითად, “გუშინ და იმის წინ არ შეგხვდი იმის გამო, რომ შენთან ურთიერთობისას ვნერვიულობ და თავს უსუსურად მაგრძნობინებ”. ამის შემდეგ შესაძლოა ახნა-განმარტება მოგთხოვონ ან დაგადანაშაულონ, გაბრაზდნენ კიდეც, მაგრამ თუ ურთიერთობა არ გვარდება, გეცოდინებათ მაინც.
- მზად იყავი სასაუბროდ — ხშირად, ტოქსიკურ ურთიერთობაში გავურბივართ საუბარს, რათა არ გამოვიწვიოთ მძაფრი რეაქცია და ჩხუბი, შედეგად კი ჩვენი ემოციები და საჭიროებები უგულებელყოფილია და მუდმივად ვართ დაძაბულები. დაიწყეთ ლაპარაკი რას, რატომ, როგორ გრძნობთ და რაში ხედავთ გამოსავალს. დაეხმარეთ ადამიანს, კარგად დაინახოს ტოქსიკური ქცევის ნიმუშები. თუ არაერთი მცდელობის მიუხედავად, ყველაფერში ბრალს ისევ თქვენ გდებენ და კვლავ უგულებელყოფენ თქვენს საჭიროებებს, შემდეგ უნდა დაფიქრდეთ, როდის და როგორ გაწყვიტოთ ტოქსიკური ურთიერთობა.
- ითხოვე დახმარება — მუდმივი სტრესი და დაძაბულობა იწვევს ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებას. თუ ხედავთ, რომ დამოუკიდებლად გამკლავება გიჭირთ, მიმართეთ სპეციალისტს, რომელიც დაგეხმარებათ მართოთ სტრესი და თავი მოუყაროთ რესურსს ტოქსიკური ურთიერთობის მოგვარებისთვის.
- მეტად ენდე საკუთარ თავს — ხშირად, ტოქსიკურ ურთიერთობაში გვაჯერებენ, რომ ბევრი რაღაც გვეჩვენება, არაკომპეტენტურები, სუსტები და ზედმეტად ემოციურები ვართ. სცადეთ აწარმოოთ ემოციების დღიური, სადაც აღწერთ კონკრეტულ მოვლენას, ემოციას და ფიქრებს, რაც ამ მოვლენამ გამოიწვია. აღნიშნული სავარჯიშო გაგიადვილებთ ამოიცნოთ თქვენი ემოციები და აზრები, ასევე, თვალსაჩინოს გახდის ტოქსიკურობის დინამიკას.
- შეიმუშავე გეგმა იმ შემთხვევისთვის, თუ მოგიწევს გახვიდე ტოქსიკური ურთიერთობიდან — ყოველთვის არის იმის შანსი, რომ ურთიერთობა გამწვავდეს, პარტნიორის/ოჯახის წევრის/მეგობრის მხრიდან განხორციელდეს გაუთვალისწინებელი ქმედებები, რამაც გამოიწვიოს ზიანი. მაგალითად, თუ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ და ერთად ცხოვრობთ, სასურველია, წინასწარ იცოდეთ, სად იქნებით დაშორების შემდეგ, ვისგან მიიღებთ მხარდაჭერას და ა.შ. ურთიერთობის მოგვარება, განსაკუთრებით მაშინ, თუ ის ტოქსიკურია, არ არის ადვილი, თუმცა ორივე მხრის მუშაობის, ხელშეწყობისა და დახმარების შედეგად, მათი გაჯანსაღება შესაძლებელია.
გახსოვდეთ, იმსახურებთ ბედნიერ, მშვიდ, ჯანსაღ ურთიერთობებს, რომლებსაც მოაქვს სიხარულის განცდა. არავის დათანხმდეთ ზიანის მომტან ურთიერთობაზე.
გამოყენებული ლიტერატურა
-
Effendy N.(2019). “Pendekatan Psikologi Positif Pada Toxic Relationship”, (Dipresentasikan Dalam Seminar Mahasiswa Psikologi UNY, 20 Desember 2019)
-
Glass L. (1995) Toxic People. California: Simon & Schuster.
-
Solferino N., Tessitore M.E. (2021) Human Network and Toxic Relationship.
-
https://www.researchgate.net/publication/354583139_Human_Networks_and_Toxic_Relationships
ავტორი: ნინო ბექაია
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ლესბოსელი აქტივისტის, ნინო ბოლქვაძის ავტორობით, პრაქტიკული სახელმძღვანელო “სტრესის მართვის ეფექტური სტრატეგიები ქვიარებისთვის და არა მხოლოდ” გამოიცა.
წიგნი გამოცემულია ონლაინ მედია ქვიარის მიერ, ორგანიზაცია Urgent Action Fund for Women’s Human Rights-ის მხარდაჭერით.
წიგნში თავმოყრილია, როგორც თეორიული ინფორმაცია სტრესისა და მასთან გამკლავების შესახებ, ასევე, პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც მკითხველს წიგნში აღწერილი ტექნიკების ცხოვრებაში ინტეგრირებაში ეხმარება. შესავლის მიხედვით, წიგნი ჩაფიქრებულია, როგორც საკუთარ თავთან სამუშაო ეფექტური ინსტრუმენტი.
ნინო იხსენებს, რომ მისთვის რიგი ქრონიკული დაავადებების განმაპირობებელ მიზეზად პროფესიული გადაწვა იქცა. მისი თქმით, სამუშაო პროცესში ვერ ამჩნევდა, როგორ უარესდებოდა მისი მდგომარეობა, იმიტომ, რომ იცოდა, თემის წევრებისთვის სასარგებლო საქმიანობას ეწეოდა. საბოლოოდ, ქრონიკული სტრესის გამო, მას საადვოკატო პრაქტიკაზე უარის თქმა მოუწია.
ნინო 5 წელია რეაბილიტაციის ეწევა და ამ პროცესში დღემდეა ჩართული. რეაბილიტირების გზაზე, მან გაიცნო სასარგებლო ადამიანები, რომლებსაც ავტორი შესავალ ნაწილში მადლობას უხდის: ფსიქოლოგი ქალები — მანანა სოლოღაშვილი, მაია ცირამუა და ნინო ბექაია, რომლებმაც მას სახელმძღვანელოს შექმნისთვის საჭირო ცოდნა გაუზიარეს.
ნინო ბოლქვაძე ამბობს, რომ რეაბილიტაციის რთულ გზაზე ფიქრობდა, როგორ შეეძლო დაგროვილი ცოდნის სხვა ადამინებისთვის გაზიარება. გასულ ზაფხულში, ქალთა ფონდის დაფინანსებით, ქვიარ ქალებისთვის განკუთვნილ ტრენინგზე, მან საბოლოოდ გადაწვყიტა, რომ მიღებული პრაქტიკული რჩევები ბროშურის სახით გაეერთიანებინა. ნინოს თქმით, როგორც ფიზიკური სავარჯიშოების გაკეთებაა საჭირო ადამიანებისთვის, ასევე — მენტალურის და მას სწორედ mindfulness ტექნიკები დაეხმარა ურთულესი მდგომარეობის დროს, რომ ცხოვრებისა და გარემოს მიმართ იმედი და ნდობა არ დაეკარგა.
ავტორის განცხადებით, სტრესის მართვა ნებისმიერ ადამიანს სჭირდება მეტ-ნაკლებ ხარისხში, თუმცა ეს საჭიროება გაძლიერებულია უმცირესობების შემთხვევაში. ქვიარ ადამიანებისა და აქტივისტებისთვის სტრესის მართვა უმნიშვნელოვანესია, რადგან არსებობს სტრესის შემდეგი სახე — უმცირესობათა სტრესი.
“როდესაც გარემო მუდმივად უარყოფითად გაფასებს, გამორიცხულია, რომ შენ ქრონიკული სტრესი არ გქონდეს. კი, დრო იცვლება და ჩემზე უფრო პატარა თაობა უკეთესად მართავს თავს. ძალიან კარგები და ყოჩაღები არიან ამ კუთხით. საკუთარი თავის მიღება ჩემს თაობას უფრო გაუჭირდა. ჩვენ ვირეკლავთ ამ უარყოფით განწყობას და შესაძლოა, ვერც კი ვხვდებოდეთ, რატომ არ ვართ საკუთარი თავით კმაყოფილი. შეიძლება ეს არ იყოს ინტერნალიზებული ჰომოფობია, მაგრამ მაინც მუდმივად უკმაყოფილების განცდა გვაქვს. ჩემთან ასე იყო, რომ მე ყოველთვის მეტისთვის უნდა მიმეღწია, მისაღები რომ ვყოფილიყავი. ეს მთელი ცხოვრება ასე მომყვება და მანამ არ გავჩერდი, სანამ ძალიან არ დავზიანდი და გავიარე ეს საკითხები ფსიქოთერაპევტთან ერთად”, — ამბობს ნინო.
უმცირესობათა სტრესთან დაკავშირებით, ავტორი საჯარო სივრცეში არსებულ მუდმივი საფრთხეებზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, პოსტტრავმული სტრესი გავლენით, სხეულს თითოეული ტრავმული გამოცდილება ახსოვს. თუ ვინმემ გცემა და მოგვიანებით გესმის, რომ ადამიანს ქუჩაში თავს დაესხნენ, ფაქტობრივად, იმავეს განიცდი. სხეული სხვადასხვა გამოცდილების საფუძველზე ქმნის ტრიგერებს — ასეთ დროს შესაძლოა, სხეულებრივ დონეზე იძაბებოდე და ვერ ამჩნევდე ამას.
ნინოს თქმით, 35 წლამდე სულ სევდიანობდა, მარტოსული იყო და დაბალი ხარისხის ცხოვრება ჰქონდა.
“მიუხედავად იმისა, რომ ქამინგაუთის შემდეგ, იყო სირთულეები, მიკუთვნებულობამ და იმის აღმოჩენამ, რომ თურმე კონკრეტული ოჯახის წევრი ვარ, კონკრეტული ჯგუფის წევრი ვარ, სრულიად ახალი ძალები მომცა და ჩემი ცხოვრება მრავალფეროვანი გახადა, ბედნიერი გახადა,” – ამბობს ნინო ბოლქვაძე.
ამის გათვალისწინებით, ავტორისთვის მნიშვნელოვანია, რომ კოლექტიური ზრუნვის გამოცდილება დამკვირდეს და წიგნზე ხელმისაწვდომობა თემის ნებისმიერ წევრს ჰქონდეს, განსაკუთრებით, კი რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებს.
ავტორი ღიაა მკითხველის რჩევებისა და კრიტიკისადმი და მათ უკუკავშირისკენ მოუწოდებს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წიგნი ექპერიმენტულია და შესაძლებელია, მისი გაგრძელების ან სახეცვლილი, მეტად რაფინირებული ვერსიის გამოცემა.
ამ ეტაპზე წიგნის ნაბეჭდი ვერსიის მხოლოდ 400 ეგზემპლარი გამოიცემა და სათემო ორგანიზაციებში იქნება ხელმისაწვდომი. წიგნის ონლაინ ვერსია კი ქვიარის საიტსა და სხვადასხვა სოციალურ მედიაში განთავსდება.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ფსიქოლოგი ნინო ბექაია, რომელიც საკმაოდ დიდი ხანია ჩართულია აქტივიზმში და ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ონლაინ გამოცემა „ქვიარისთვისაც“ ხშირად წერს, სტრესის დაძლევისა და მართვის პროგრამის შესახებ გვიყვება, რომელიც 1-4 სექტემბერს ქალაქ ბათუმში ჩატარდება.
„მოხარული ვარ, რომ ამ პროექტში ჩართვის შესაძლებლობა მომეცა, რომელიც როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს. თეორიული ნაწილი არის ფსიქოგანათლება, რაც გულისხმობს: განსხვავებული სტრესის ამოცნობას, მათ განმარტებებს, რა სიმპტომები ახასიათებს თითოეულ მათგანს და როგორ აისახება ის ადამიანზე ფიზიოლოგიურად, ფსიქოლოგიურად და ემოციურად. მათ შორის, ადიქციებსაც შევეხებით, რადგან ის პირდაპირ კავშირშია სტრესთან. ადიქციას ადამიანები ხშირ შემთხვევაში „გამკლავების მექანიზმად“ იყენებენ, თუმცა ის პირიქით, ხელს უწყობს სტრესის გაღრმავებას და დიდწილად, სწორედ ის იწვევს მას. ალკოჰოლი, სიგარეტი, სხვადასხვა ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომლებსაც სტრესის წინააღმდეგ იყენებენ, სინამდვილეში, ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრეს-ფაქტორს წარმოადგენს“, – ამბობს ნინო ბექაია.
ტრენინგზე აქცენტი სტრესის მართვასა და შემცირებაზე იქნება დასმული. თეორიული ფსიქოგანათლების გარდა, ტრენინგი პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს, რომელზეც ნინოს კოლეგა, ფსიქოლოგი მაია ცირამუა იმუშავებს. მონაწილეებს წინ ერთი მხრივ ძალიან საინტერესო, ხოლო მეორე მხრივ, ძალიან საჭირო და სასარგებლო აქტივობები ელოდებათ.
როგორც ნინომ აღნიშნა, ტრენინგში მონაწილეობას აქტივისტები, უფლებადამცველები, ქვიარ ქალები იღებენ, რომლებიც ყოველდღიურად განიცდიან სტრესს.
„სიტუაცია ბოლო 2 წლის განმავლობაში მკვეთრად გაურესდა – გამოვიარეთ პანდემია, ამას დაემატა ომი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო გაუსაძლისი გახდა და გართულდა აქტივისტების ფსიქოლოგიური და ფიზიკური მდგომარეობა“.
ნინო ბექაიას თქმით, როდესაც სხვას ეხმარები, უფრო მარტივია პროფესიული გადაწვა დაგემართოს, გამოიფიტო და ვეღარ მოახერხო ძალების აღდგენა. როგორც წესი, საკუთარი თავის დახმარება და შველა ასეთ მომენტებში რთულდება, ამიტომ სტრესთან დაკავშირებულმა თემებმა როგორც მსოფლიოში, ასევე საქართველოში, წინ წამოიწია.
„მსგავსი პროექტები საქართველოში კიდევ ხორციელდება და ასეთი ჰოლისტური მიდგომა მისასალმებელია. დიდი ხანი ვფიქრობდით ამ ტრენინგის ჩატარებაზე და როდესაც შანსი მოგვეცა, ის ხელიდან არ გავუშვით“.
როგორც ნინო ამბობს, პროექტის ფარგლებში აქცენტი არა თბილისზე, არამედ ზოგადად, საქართველოს რეგიონებზე, ამ რეგიონებში მცხოვრებ აქტივისტ ქალებზე გააკეთეს.
„ჩვენი სურვილი აჭარაში მყოფ ქვიარ აქტივისტებთან შეხვედრა და სხვადასხვა რეგიონიდან ქალების ჩართულობა იყო, რაც ხელს შეუწყობდა ერთმანეთის გაცნობასა და დაახლოებას. ამას გარდა, ზაფხული, ზღვა და მზე დადებითად აისახება ადამიანზე. ჩვენს აპლიკანტებს ტრენინგში მონაწილეობის გარდა, დასვენებისა და განტვირთვის საშუალებაც ექნებათ“.
ტრენინგის მიმართ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოიჩინა ინტერესი. მომართვიანობა სამჯერ მეტი იყო, ვიდრე ტრენინგი იძლეოდა საშუალებას.
„სამწუხაროდ, ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა პროექტს მიღმა. ასეთი დაინტერესება ჩემთვის მოსალოდნელი იყო, რადგან, როგორც უკვე აღვნიშნე, ბოლო წლების განმავლობაში ადამიანებს საკმაოდ რთული პერიოდის გავლა მოუწიათ – პანდემია, ომი და ამას დამატებული ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები“.
როგორც ნინო ამბობს, საქართველოს მდგომარეობის გათვალისწინებით, მსგავსი ტიპის ტრენინგების საჭიროება დგას. ბოლო პერიოდში, ამ კუთხით გარკვეული ჯგუფები გააქტიურდნენ, რომლებიც მსგავს ტრენინგებს ატარებენ. მისი თქმით, ასეთი ტრენინგი ქვიარ ადამიანებისთვისაც ჩატარდა.
„ასეთი ტიპის აქტივობები არასდროს არის ბევრი და საკმარისი, რადგან ეს ისეთი სენსიტიური თემაა, რომელთან დაკავშირებითაც ყოველთვის უნდა ვისაუბროთ, გავავრცელოთ ინფორმაცია. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომის საშუალება, იქნება ეს ფსიქოგანათლება თუ პრაქტიკული ნაწილი, რომ შემდეგ ადამიანმა მარტივად შეძლოს თვითდახმარება ან პროფესიონალთან დაკავშირება“.
ნინო ხაზს უსვამს, რომ არსებობს ისეთი მდგომარეობები, მაგალითად, ქრონიკული სტრესი, რომელიც ყურადსაღები, მნიშვნელოვანი და საშიშია. ეს განსაკუთრებით ხშირია ისეთ ადამიანებში, რომლებიც მუშაობენ სოციალურ მუშაკებად, ადვოკატებად.
„ზოგადად, პროფესიული გადაწვა შეიძლება ყველას დაემართოს, მაგრამ მეტი შანსია ქვიარ ადამიანებთან მომუშავე ადამიანებში, ან თავად ქვიარ აქტივისტებში გამოვლინდეს“.
პროგრამა იმგვარადაა შედგენილი, რომ ტრენერებმა მაქსიმალურად მიიღონ ის ეფექტი, რომელიც მიზნად დაისახეს. მათი ძირითადი მიზანი ქვიარ ქალებისა და აქტივისტების ერთმანეთთან დაახლოება, ასევე, მონაწილეებისთვის ფსიქიკურ, მენტალურ, ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების გამომუშავებაში ხელშეწყობაა. ამას გარდა, ტრენინგზე შეეხებიან ფიზიკური უსაფრთხოების საკითხსაც.
„გვაქვს ქვეამოცანა, რომ ჰოლისტური მიდგომა და მისი კონცეფცია მაქსიმალურად გასაგები აღმოჩნდეს ჩვენი მონაწილეებისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარ, ოჯახის წევრების, თანამოაზრეებისა და თანამშრომლების ფიზიკურ თუ სხვა ტიპის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, სამუშაო სივრცის ორგანიზება. იყონ მეტად დაცულები, საჯარო შეკრების, თუნდაც სამოქალაქო აქციების დროს. ისინი მიიღებენ ისეთ ცოდნას, როგორიცაა ნერვული სისტემის მუშაობა, როგორ აირიდონ სტრეს-ფაქტორები და დაზიანება, ისწავლიან პროფესიული გადაწვის სიმპტომების იდენტიფიცირებას, მის მართვას და ასევე, თავიდან არიდებას, ადიქციური ქცევების დაძლევის ეფექტურ სტრატეგიებსა და ტექნიკებს. ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში სასარგებლო ქცევების დანერგვას, გაუზაირებენ ერთმანეთს გამოცდილებას, გამოწვევებსა და შთაბეჭდილებებს. ამ 4 დღის განმავლობაში მონაწილეები ისწავლიან ყველაფერს, რაც მიზნად გვაქვს დასახული“.
ნინო ბექაია იმ ადამიანებსაც აძლევს რჩევებს, რომლებიც ტრენინგში მონაწილოებას სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ იღებენ და აღნიშნავს, რომ სტრესის დროს თვითდახმარება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ინტერნეტში ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ინფორმაციაა, ადამიანებს მაინც უჭირთ სტრესის იდენტიფიცირება.
„სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს როგორც ფიზიკურ დონეზე, მაგალითად: თავის ტკივილი, კუნთების დაჭიმულობა, სუნთქვის გაძნელება, უსიამოვნო შეგრძნება ყელის არეში, ასევე ემოციურადაც, მაგალითად: მოიწყინოთ, დაგეუფლოთ უიმედობის განცდა და აპათია, შეგექმნათ ძილთან დაკავშირებული პრობლემები. სტრესის დროს რამდენიმე სიმპტომი ერთად იყრის თავს. თუ ეს ყველაფერი რაღაც პერიოდის განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია ყურადღების მიქცევა. არის მომენტები, როდესაც თვითდახმარებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ სიმპტომებს, მაგრამ ხანდახან თვითდახმარება აღარ არის საკმარისი და ამ დროს სპეციალისტს უნდა მიმართოთ, მაგალითად მაშინ, როდესაც ყოველდღიური ფუნქციონირება რთულდება, ან გერევათ დღის რეჟიმი“.
ხშირად სტრესის დახმარებაში ფიზიკური აქტივობებიც გვეხმარება – 20 წუთი მუსიკის თანხლებით ფეხით გასეირნება, ტრენაჟორებით დატვირთვა, იოგა, ვარჯიში, ცეკვა. მთავარია, ხანდახან საკუთარ თავს გარკვეულ ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა დავაძალოთ. ეს ეხმარება ჰორმონალური ბალანსის აღდგენას.
„სტრესის დროს ადრენალინი და კორტიზოლი გამოიყოფა, რომელსაც საერთოდ სხვა რეჟიმში გადავყავართ, ამიტომ ჰორმონალური ბალანსის აღსადგენად ფიზიკური დატვირთვაა საჭირო. როდესაც ძალიან დასტრესილები ვართ, მოქმედება გვიჭირს, თუმცა მოქმედების დასაწყებად საკუთარ თავს ძალა უნდა დავატანოთ, რადგან მოქმედებამდე მისვლა აუცილებელია. ხანდახან გვგონია, რომ არაფერი დაგვეხმარება, მაგრამ პატარა ნაბიჯის გადადგმაც კი მიგვიყვანს იმ მიზნისკენ, რაც არის კომფორტი, შინაგანი სიმშვიდე და სისავსე. მოქმედებად შეიძლება ჩავთვალოთ დახმარების თხოვნაც – მეგობართან დალაპარაკება, არასახარბიელო მდგომარეობის გაზიარება, შესაძლოა, ხანდახან ერთი ჩახუტებაც საკმარისი აღმოჩნდეს. მოქმედება, ინფორმაციის მიღება, სიმპტომებზე დაკვირვება, საკუთარი სხეულისა და ემოციების მოსმენა – აი, რაშია გამოსავალი“.
სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგის გარდა, ნინო ბექაიამ სტრესთან დაკავშირებული კიდევ ერთი გეგმა გაგვაცნო. მისი თქმით, იგეგმება ბროშურის გამოცემა, რომელიც საშუალებას იძლევა ვიზუალური მასალით კარგად გამოიკვეთოს სტრეს-ფაქტორები, სიმპტომები და ადამიანისთვის, რომელიც მას გადაშლის, ბევრ საინტერესო კითხვას გაეცეს პასუხი, დაეხმაროს მას თვითგამორკვევაში.
„ბროშურა ხელმისაწვდომი იქნება ყველა ქვიარ ადამიანისთვის, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანები ჩართულები იქნებიან თუ არა აქტივიზმში. მისი მოცულობა დაახლოებით 30 გვერდს შეადგენს და ხელმისაწვდომი იქნება როგორც ონლაინ, ასევე დაბეჭდილი სახით თბილისსა და რეგიონებში. ეს არის უახლოესი გეგმა, რომლის განხორციელებასაც „ქვიართან“ ერთად შემოდგომაზე ვაპირებთ“.
სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი „თანასწორობა 17“-ის ორგანიზებითა და „ქალთა ფონდის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„თუ მსგავსი ტრენინგები კიდევ დაიგეგმება, სხვა დროსაც დიდი სიამოვნებით გავაზიარებდი ჩემს ცოდნას, გამოცდილებასა და რესურსს იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ეს მართლა სჭირდებათ“, — ამბობს ნინო ბექაია.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური