უძველესი ანტიკური ტრაგედია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დიდი ბრიტანეთი, შორეული ინდოეთი და გასული საუკუნის 70-იანი წლების როკ-ენროლის ჰანგებით გაჟღენთილი ნიუ იორკი — გთავაზობთ 5 წიგნს ქართულ ენაზე, რომელშიც ქვიარ თემატიკა სხვადასხვა კუთხით
5 ქვიარ წიგნი ქართულ ენაზე
უძველესი ანტიკური ტრაგედია, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი დიდი ბრიტანეთი, შორეული ინდოეთი და გასული საუკუნის 70-იანი წლების როკ-ენროლის ჰანგებით გაჟღენთილი ნიუ იორკი — გთავაზობთ 5 წიგნს ქართულ ენაზე, რომელშიც ქვიარ თემატიკა სხვადასხვა კუთხით არის წარმოჩენილი და კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმ სირთულეებს, რომლის წინაშეც ლგბტქ+ ადამიანები სხვადასხვა დროს აღმოჩენილან.
სიმღერა აქილევსზე — მადელინ მილერი
სიმღერა აქილევსზე მადელინ მილერის სადებიუტო რომანია, რომელიც ქართულ ენაზე სულ რამდენიმე თვის წინ ითარგმნა (მთარგმნელი: სალომე ჩიტაძე). როგორც ავტორი ამბობს, წიგნის დაწერის იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც დედამ ჰომეროსის ილიადა წაუკითხა. მართლაც, 2011 წელს გამოცემული რომანი ილიადას ერთგვარი ადაპტაციაა. მთხრობელი პატროკლესია, რომელსაც რომანტიკული გრძნობები აქვს ტროას ომის გმირის, აქილევსის მიმართ.
მედელინ მილერი 44 წლის ამერიკელი ავტორია, რომელმაც ბრაუნის უნივერსიტეტი დაამთავრა და შემდეგ მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა მასწავლებლად, ავტორს სულ ორი რომანი: სიმღერა აქილევსზე და კირკე ეკუთვნის. ორივე რომანი ძველ ბერძნულ მითოლოგიას ეფუძნება და მკითხველს ახალი პერსპექტივიდან სთავაზობს უკვდავი გმირების თავგადასავლებს.
ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა — რობერტ მუზილი
ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვა ავსტრიელი ავტორის და ფილოსოფოსის, რობერტ მუზილის პირველი რომანია, რომელიც 1906 წელს გამოიცა. წიგნი აღმზრდელობითი ჟანრის ლიტერატურას განეკუთვნება და გვიამბობს ახალგაზრდა კაცის მცდელობის შესახებ, იპოვოს საკუთარი გზა და მორალური ღირებულებები ძალადობრივ სამყაროში.
ყმაწვილი ტერლესის სულიერი შფოთვაში მოქმედება ბიჭების სკოლა-ინტერნატში ვითარდება და ცენტრალურ ფიგურად ტერლესი გვევლინება, რომელსაც უჭირს მშობლებისგან მოშორებით, უცხო გარემოში ადაპტირება. ლიტერატურის ბევრი მკვლევრის აზრით, სადებიუტო რომანი ავტორის ადრეულ წლებს ეფუძნება, თუმცა მუზილი სიცოცხლის ბოლომდე უარყოფდა ამ ფაქტს. ამასთან, რომანი შეიძლება ერთგვარ წინასწარმეტყველებადაც მივიჩნიოთ, სადაც ფაშიზმის დაბადება და აღზევება წინასწარ არის განჭვრეტილი.
ბრაიდსჰედში დაბრუნება — ივლინ ვო
ბრაიდსჰედში დაბრუნება ივლინ ვოს 1945 წელს გამოცემული რომანია, რომელიც დღეს ბრიტანული ლიტერატურის კლასიკად არის მიჩნეული და რომლის მიხედვითაც სხვადასხვა დროს არაერთი კინო, რადიო თუ სატელევიზიო ადაპტაცია იხილა მაყურებელმა. წიგნში მთხრობელად ჩარლზ რაიდერი გვევლინება, რომელიც მრავალი წლის შემდეგ ოქსფორდში სწავლისას გადახდენილ თავგადასავალს იხსენებს და კიდევ ერთხელ, ამჯერად მოგონებებით უბრუნდება სებასტიანს ფლაიტს და მის ოჯახს, რომლებმაც მთლიანად შეცვალეს წიგნის პროტაგონისტის ცხოვრება. წიგნი ქართულად ლალი ყუშიტაშვილმა თარგმნა.
ივლინ ვო ბრიტანელი რომანისტი, ბიოგრაფი და ლიტერატურის კრიტიკოსი იყო, რომელსაც დღესდღეობით მკითხველთა უმეტესობა სწორედ ამ რომანით იცნობს. წიგნი არაერთხელ გამხდარა დავის საგანი. მათ შორის, როცა 2004 წელს ალაბამას შტატის მკვიდრმა კანონმდებელმა საკანონმდებლო ორგანოს მიმართა მოთხოვნით, რომ სასკოლო პროგრამიდან და ბიბლიოთეკებიდან ამოეღოთ ყველა ის წიგნი, რომელიც შეიცავდა ქვიარ პერსონაჟებს, სიაში იყო ივლინ ვოს ბრაიდსჰედში დაბრუნებაც.
უბრალოდ ბავშვები — პატი სმიტი
1967 წელს 21 წლის ასაკში ლეგენდარულმა ამერიკელმა მომღერალმა, პოეტმა და მხატვარმა, პატი სმითმა მშობლიური ქალაქი დატოვა და ბედის საძიებლად ნიუ-იორკში გაემგზავრა. სწორედ მანჰეტენზე, ერთ-ერთი წიგნის მაღაზიაში მუშაობისას გაიცნო ფოტოგრაფი რობერტ მეპლთორპი. წყვილის მოულოდნელმა შეხვედრამ სამუდამოდ შეცვალა ორი ახალგაზრდა არტისტის ცხოვრება და სამუდამოდ დააკავშირა მათი ბედი ერთმანეთთან.
პატი სმიტის მემუარები გასული საუკუნის 60-80-იანი წლების ნიუ-იორკზე, როკ-ენროლის აღმავლობის ხანაზე და სექსუალურ რევოლუციაზე გვიამბობს, რომელსაც ფონად სიყვარულის ამაღელვებელი ისტორია გასდევს. წიგნში ვის ან რას აღარ შეხვდებით: ჯენის ჯოპლინს, ჯიმი ჰენდრიქს, სასტუმრო ჩელსის, ენდი ვორჰოლს და სხვა ლეგენდარულ სახელებს, რომლებმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანეს ხელოვნების უახლეს ისტორიაში. უბრალოდ ბავშვები ქართულად ანა და ბიძინა მაყაშვილებმა თარგმნეს.
უზეშთაესი ბედნიერების სამინისტრო — არუნდატი როი
უზეშთაესი ბედნიერების სამინისტრო 2017 წელს გამოცემული რომანია, რომელიც ინდოელ ავტორს, პოლიტიკურ აქტივისტს და პუბლიცისტს, არუნდატი როის ეკუთვნის. რომანში მოქმედება მრავალი წლის განმავლობაში, მრავალ ლოკაციაზე ვითარდება და ცენტრალურ გმირებს შორის ვხვდებით ინტერსექს ჰიჯრას, ანჯუმს. მკითხველი სწორედ მისი გაცნობით იგებს ინდოეთის ბობოქარი და წინააღმდეგობებით სავსე უახლესი ისტორიის შესახებ.
უზეშთაესი ბედნიერების სამინისტრო ინდოელი მწერლის მეორე რომანია, რომელსაც მკითხველი 20 წლის განმავლობაში ელოდა. წიგნი ქართულად თამარ ჯაფარიძემ თარგმნა. წვრილმანების ღმერთის ავტორი რომანში არ ერიდება თავისი პოზიციების დაფიქსირებას და ინდოეთში განვითარებულ მოვლენებზე დაუფარავად, შელამაზების გარეშე თხრობას. თუმცა ამ ყველაფერს მიღმა მკითხველი მაინც ხედავს ავტორის უსაზღვრო სიყვარულს ინდური კულტურის, ენისა და ხალხის მიმართ.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების