გაეროს მოსახლეობის ფონდი

ადრეული ქორწინების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა — კვლევა

ადრეულ/ბავშვთა ქორწინების საქმეების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, კერძოდ, 39 საქმიდან, 29 საქმეზე (74%). ამის შესახებ აღნიშნულია დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრის კვლევაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA)

ადრეული ქორწინების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა — კვლევა

ადრეულ/ბავშვთა ქორწინების საქმეების უმეტესობაში საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, კერძოდ, 39 საქმიდან, 29 საქმეზე (74%). ამის შესახებ აღნიშნულია დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრის კვლევაში, რომელიც საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან თანამშრომლობით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით ჩატარდა. კვლევაში აღნიშნულია, რომ საპროცესო შეთანხმების გაფორმების პრაქტიკა განსაკუთრებით მაღალია სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სქესობრივი კავშირის დამყარებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის დანაშაულებზე.

კვლევის მიზანი მართლმსაჯულების სფეროსა და შესაბამისი უწყებების საქმიანობაში არსებული გამოწვევები შესწავლა იყო.

ადრეული/ბავშვთა ქორწინება არის ადამიანის უფლებების დარღვევა და მავნე პრაქტიკა, რომელიც არაპროპორციულად მოქმედებს ქალებსა და გოგოებზე და ხელს უშლის მათ იცხოვრონ ყოველგვარი ძალადობისგან თავისუფალ გარემოში.

ადრეული/ბავშვთა ქორწინება საფრთხეს უქმნის გოგოების სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და მომავალს მთელ მსოფლიოში. ართმევს მათ შესაძლებლობას, თავად მიიღონ გადაწყვეტილებები თავიანთი ცხოვრების შესახებ, ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას, განათლებას, ხდის უფრო დაუცველს ძალადობისა და დისკრიმინაციის მიმართ და ხელს უშლის მათ სრულ მონაწილეობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და სოციალურ საქმიანობაში.

სტატისტიკა

კვლევაში ასახული სტატისტიკის თანახმად, ბოლო ათი წლის განმავლობაში, ბავშვთა ქორწინების გავრცელება მთელ მსოფლიოში შემცირდა, თუმცა კვლავ მაღალია: ყოველი მეხუთე გოგო დაქორწინებულია, რაც ბავშვობაში დაქორწინებული 650 მილიონი გოგოსა და ქალს შეადგენს.

დოკუმენტში მოყვანილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკაც არასრულწლოვანთან სავარაუდოდ ქორწინების მოტივით ჩადენილი დანაშაულებზე სხვადასხვა წელს დაწყებული გამოძიების შესახებ:

  • 2020 წელი — დაახლოებით 134;
  • 2021 წელს — დაახლოებით 212;
  • 2022 წლის 6 თვეში (იანვარი-ივნისი) — დაახლოებით 61.

რაც შეეხება არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისგებაში მიცემული პირების რაოდენობას, სტატისტიკა ასეთია:

  • 2020 წელი — სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 42 პირის მიმართ;
  • 2021 წელი — სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 67 პირის მიმართ;
  • 2022 წელო (6 თვე) — სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 44 პირის მიმართ.

კვლევაში მითითებულია, რომ სამინისტროს განმარტებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, ბავშვთა ქორწინების საკითხებზე არ აწარმოებს ოფიციალურ სეგრეგირებულ სტატისტიკას, თუმცა სხვადასხვა პერიოდში, მათ შორის, 2020 წლის ჩათვლით, შსს ამუშავებდა და აქვეყნებდა მონაცემებს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე, 143-ე და 150 პრიმა მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების შესახებ, რომლებიც არასრულწლოვანთან ქორწინების მოტივით იყო ჩადენილი.

ძირითადი მიგნებები

სისხლის სამართლის საქმის მასალების შესწავლამ, თვისებრივი კვლევის ჩატარებამ და სახალხო დამცველის წარმოებაში არსებული საქმეების ანალიზმა გამოავლინა შემდეგი ძირითადი ტენდენციები:

  • პრობლემად რჩება ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი გადამისამართება;
  • კვლავ დაბალია საზოგადოების ცნობიერება ბავშვთა ქორწინების საზიანო პრაქტიკისა და საკანონმდებლო რეგულაციების თაობაზე, რის გამოც უმეტესად არ ატყობინებენ პოლიციას ან სხვა სახელმწიფო უწყებას სავარაუდო დანაშაულის შესახებ;
  • ბავშვობის ასაკში ქორწინების გამო, არასრულწლოვანი გოგოები ხშირად წყვეტენ განათლების მიღებას ან ექმნებათ სხვადასხვა ბარიერი და დაბრკოლება სკოლაში სასიარულოდ და საგაკვეთილო პროცესზე დასასწრებად;
  • შესაბამის სპეციალისტებს, განსაკუთრებით მასწავლებლებს, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია და ცოდნა ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების, რეფერირების პროცედურებისა და ვალდებულებების შესახებ;
  • პრობლემურია ეფექტური კოორდინაცია საგანმანათლებლო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის და რეფერირების პროცედურების გამართულად მუშაობა;
  • დამნაშავეთა მიმართ უმეტესად გამოიყენება პირობითი მსჯავრი და დაბალია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების მაჩვენებელი;
  • გამოძიება უმეტესად იწყება დაუყოვნებლივ, გაუჭიანურებლად. კერძოდ, საქმეთა 80%-ში გამოძიება შეტყობინების გაკეთების დღესვე დაიწყო; ასევე, გამოძიებას, ძირითადად (85%) ენიჭებოდა შეტყობინების შინაარსის შესაბამისი სათანადო კვალიფიკაცია;
  • სასამართლოს მიერ მიღებული განაჩენები, ძირითადად შაბლონური და ზედაპირულია, განსაკუთრებით იქ, სადაც საპროცესო შეთანხმებაა გაფორმებული. ძალიან მწირია მსჯელობა ფაქტობრივ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე, ასევე, ნაკლებად არის დასაბუთებული დამნაშავეთა მიმართ გამოყენებული სასჯელის სახე და ზომა; აქცენტი, ძირითადად, საპროცესო ნორმების დაცულობის საკითხზე და არა საქმის შინაარსობრივ მხარესა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობაზე კეთდება;
  • არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ხარისხი, პოლიციის სხვა დანაყოფებში წარმოებულ მსგავს საქმეებთან შედარებით, მაღალია;
  • საქმეებში, რომელიც არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარებას უკავშირდება, პროკურატურის მიერ ამგვარი ქმედება გაუპატიურებად ან გაუპატიურების მცდელობად დაკვალიფიცირდა, თუმცა ეს მიდგომა სასამართლოს უმეტესად არ გაუზიარებია;
  • ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე, უმეტესად არ ხდება მათი ჩამდენი პირების პასუხისგებაში მიცემა/სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება.

პუბლიკაციაში განხილულია საერთაშორისო სტანდარტები ბავშვთა ქორწინების შესახებ, მათ შორის 2021 წლის ოქტომბერში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მიერ მიღებული მე-5 რეზოლუცია ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების შესახებ. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ ბავშვთა, ადრეული და იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია არ არის საკმარისი და საჭიროა დამატებითი, ყოვლისმომცველი და მრავალსექტორული გარეშე ღონისძიებები და მხარდაჭერის პროგრამები, მათ შორის, ჯანდაცვის, გენდერული თანასწორობისა და განათლების სფეროში, საზოგადოების ჩართულობით.

რეკომენდაციები

კვლევის შედეგად გამოვლენილი გამოწვევების გადასაჭრელად მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები, რაც შესაბამის უწყებებს დაეხმარება ბავშვთა ქორწინების პრევენციისა და ეფექტიანი რეაგირების ღონისძიებების გაუმჯობესებაში, ასევე, სამოქმედო გეგმებისა და ადვოკატირების ღონისძიებების განხორციელებაში.

საქართველოს პარლამენტს:

  • საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150 პრიმა მუხლში (ქორწინების იძულება) ცვლილებების განხორციელების გზით, ბავშვობის ასაკში ქორწინების ყველა შემთხვევა, რომელიც ჩადენილ იქნა სრულწლოვანი პირის მიერ, გახდეს დასჯადი და არასრულწლოვანთან მიმართებით არ იყოს დაწესებული აუცილებელი მოთხოვნები ფიზიკური თუ ფსიქიკური იძულების ხერხების გამოყენებასთან დაკავშირებით;
  • ქორწინების იძულების მუხლს დამამძიმებელი გარემოების სახით დაემატოს მისი ჩადენა თავისუფლების უკანონო აღკვეთის გზით, რაც ხელს შეუწყობს ქორწინების იძულების სხვადასხვა ფორმის ერთ მუხლში სისტემატიზებასა და სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებას;
  • შევიდეს ცვლილება გაუპატიურებისა და სხვა სქესობრივი დანაშაულის მუხლებში, რათა, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, ითვალისწინებდეს მსხვერპლის თავისუფალი, ნამდვილი და ნებაყოფლობითი თანხმობის არარსებობას.

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიას:

  • ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრისა და გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე მიეთითოს ადამიანის უფლებათა სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში;
  • შემუშავდეს ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგია ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და მისი თანმდევი დანაშაულების აღმოსაფხვრელად და სისტემატურად და კოორდინირებულად ჩატარდეს ცნობიერების ამაღლების კამპანიები; მის აღსრულებას გაეწიოს ეფექტიანი ზედამხედველობა;
  • ხელი შეუწყოს კოორდინაციის გაუმჯობესებასა და ერთობლივი სამუშაო შეხვედრების/ტრენინგების ჩატარების პრაქტიკის დანერგვას საგანმანათლებლო დაწესებულებების, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობით;
  • ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება-შეგროვების გასაუმჯობესებლად, კოორდინაცია გაუწიოს ერთიანი კონცეფციისა და მეთოდოლოგიის შემუშავებას, რომლის საფუძველზეც ყველა უწყებას ერთიანი სტატისტიკური მონაცემები ექნება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს:

  • უზრუნველყოს ბავშვთა ქორწინების შემთხვევებზე ერთიანი ოპერაციული პროცედურების (სახელმძღვანელო წესები) შემუშავება, რომელიც დამტკიცდება შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით;
  • სისტემატურად გადამზადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ბავშვთა ქორწინებისა და მისი თანმდევი დანაშაულების
    საკითხებზე, გამოკითხვის ტექნიკის, აგრეთვე არასრულწლოვანის შესაძლო ზეწოლისგან დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ;
  • გადაიხედოს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების პრაქტიკა საქალწულე აპკის შემოწმებასთან დაკავშირებით (აპკის შემოწმება შეიცავს დაზარალებულის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილების მიღების და მისი სტიგმატიზაციის, ასევე, ბრალდებულის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საფრთხეს);
  • გენდერული მოტივის გამოსაკვეთად/გამოსარიცხად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, მათ შორის, მოწმეებისა და დაზარალებულებისთვის სათანადო დამაზუსტებელი კითხვების დასმის გზით;
  • თითოეული შემთხვევის მართვისას, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ჩართულობა;
  • არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ძალადობის საქმეებში, უზრუნველყოს, რომ ბავშვის გამოკითხვა წარმართოს იმავე სქესის გამომძიებელმა, ხოლო არასრულწლოვანი განმეორებით გამოიკითხოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, ახალი გარემოებების გამოვლენის დროს.
  • უბნის ინსპექტორები და მართლწესრიგის ოფიცრები გადამზადდნენ ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისა და გამოვლენის თემატიკაზე.
  • აწარმოოს სეგრეგირებული სტატისტიკა ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე და უზრუნველყოს მათი ხელმისაწვდომობა დაინტერესებული პირებისთვის.

საქართველოს პროკურატურა:

  • უზრუნველყოს ბრალდების შესახებ დადგენილებაში გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მითითება, როდესაც იგი დასტურდება საქმის გარემოებებით;
  • გადაიხედოს ბავშვთა ქორწინების თანმდევ დანაშაულებზე დამკვიდრებული ლმობიერი პრაქტიკა და ამ დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკა გახდეს ადეკვატურად მკაცრი, რაც ყველა შემთხვევაში საპროცესო შეთანხმების გაფორმებისგან თავის შეკავებას ან/და დამნაშავეთა მიმართ რეალური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებას გულისხმობს;
  • გამოძიების შეწყვეტის შესახებ დადგენილებები უფრო დასაბუთებული უნდა იყოს, ქმედების შინაარსი კი, სრულყოფილად უნდა იყოს შეფასებული, მათ შორის, მსჯელობა უნდა იყოს განვითარებული იმის თაობაზე, თუ რატომ გამოირიცხება ამა თუ იმ დანაშაულის არსებობა მოცემულ საქმეში;
  • უზრუნველყოს გამოძიების ცალკე წარმოებად გამოყოფა ბავშვობის ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების შეუტყობინებლობისა და ცრუ ჩვენების მიცემის ფაქტებზე და მათი ჩამდენი პირების მიმართ გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები.

განათლების სამინისტროს:

  • უზრუნველყოს სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებისათვის ერთიანი ოპერაციული პროცედურების (სახელმძღვანელო წესები) მომზადება ბავშვთა ქორწინების შემთხვევების გამოვლენის, ეფექტიანი რეაგირებისა და გადამისამართების (რეფერირების) შესახებ, რომელიც დამტკიცდება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით;
  • სისტემატურად გადამზადდნენ სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლები, მათ შორის, სკოლის დირექტორები და მასწავლებლები ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან, ასევე რეფერირების პროცედურებთან და განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით;
  • სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები ინტეგრირდეს ფორმალური განათლების სისტემაში და გატარდეს შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები მასწავლებლებში ამ კომპონენტის სწავლების უნარების გამოსამუშავებლად;
  • სამოქალაქო განათლების სწავლებისას სათანადო დრო დაეთმოს ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და სხვა გენდერული უთანასწორობის საკითხებს;
  • გარკვეული პერიოდულობით, უზრუნველყოს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება სკოლის მოსწავლეების მშობლებთან ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო შედეგების, მათ შორის, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და სამართლებრივი რეგულაციების თაობაზე.

საერთო სასამართლოებს:

  • გადაიხედოს არასრულწლოვანთა გაუპატიურების საქმეებზე ხარვეზიანი პრაქტიკა და აქცენტი გაკეთდეს არა დაზარალებულის მხრიდან ფიზიკური წინააღმდეგობის გაწევაზე, არამედ ნების დამთრგუნველ გარემოებებსა და უმწეო მდგომარეობაზე;
  • სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დროს, როდესაც დაზიანებებთან ერთად საქალწულე აპკიც მოწმდება, დასკვნა იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა არასრულწლოვანს ვაგინალური სქესობრივი კავშირი, არ გაკეთდეს მხოლოდ აპკის მდგომარეობაზე დაყრდნობით (აპკის შემოწმება შეიცავს დაზარალებულის ინტერესების საზიანო გადაწყვეტილების მიღების და მისი სტიგმატიზაციის, ასევე, ბრალდებულის უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენების საფრთხეს, რამაც, შესაძლოა, მისი გამართლება გამოიწვიოს);
  • სასამართლოს განაჩენები, მათ შორის, საპროცესო შეთანხმების გაფორმების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, ჩადენილი დანაშაულის არსის, დანაშაულის ჩადენის მოტივისა და მიზნის და გამოყენებული სასჯელის რელევანტურობის მითითებით, დასაბუთდეს იმგვარად, რომ შინაარსი განხორციელებული მართლმსაჯულების სათანადოდ შეფასების შესაძლებლობას იძლეოდეს.

გარდა ამისა, კვლევაში არის რეკომენდაციები უზენაესი სასამართლოს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მიმართ.

შეფასებები

UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი, ლელა ბაქრაძე აცხადებს, რომ გაეროს მოსახლეობის ფონდი განაგრძობს სახელმწიფოს უწყვეტ მხარდაჭერას, რათა შესაძლებელი გახდეს ამ საზიანო პრაქტიკის მაქსიმალური პრევენცია და დაცული იყოს თითოეული მოზარდის უფლება — მიიღოს განათლება და შეძლოს საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზება.

“კვლევა, რომელიც დღეს წარვადგინეთ, უნიკალურ ინფორმაციას გვაძლევს ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისა და აღმოფხვრის მიმართულებით გატარებული ღონისძიებების მონიტორინგის თვალსაზრისით. მაშინ, როცა ბავშვობის ასაკში ქორწინების საშუალო მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით 14%-ს აღწევს, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მულტისექტორული მიდგომა და ეფექტიანი თანამშრომლობა შესაბამის უწყებებს შორის”, — აცხადებს ლელა ბაქრაძე.

საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, ადრეული ქორწინების თავიდან ასაცილებლად და აღსაკვეთად საჭიროა კომპლექსური ღონისძიებების გატარება, რაც მოიცავს საგანმანათლებლო, სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ზომებს, ახალგაზრდების შესაძლებლობების გაზრდას, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას.

“მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით აიკრძალა 18 წლამდე პირთან ქორწინების რეგისტრაცია, რამაც დადებითად იმოქმედა ამგვარი შემთხვევების შემცირებაზე, ხშირად ადგილი აქვს არასრულწლოვანთან არარეგისტრირებული ქორწინების ანუ ფაქტობრივი თანაცხოვრების დაწყებას, რაც ხშირად დანაშაულებრივი გზით ხდება. განსაკუთრებით პრობლემურია როგორც ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების გამოვლენა და მათი რეფერირება პასუხისმგებელ უწყებებში, ასევე, ეფექტიანი და გამართული კოორდინაცია საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებებს, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის”, — აღნიშნა ნინო ლომჯარიამ.

სრული ანგარიშის ნახვა შეგიძლიათ აქ.