ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის სექსუალური შინაარსის მასალის მიმოცვლა სხვა ადამიანთან ელექტრონულად. იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც ამ ტიპის კომუნიკაციით კავდება, შეიძლება მნიშვნელოვნად
ტერმინი „სექსტინგი“ არის სიტყვების „სექსი“ და „ტექსტინგი“ (ანუ „მიმოწერა“) გაერთიანება. სექსტინგი (ასევე „კიბერსექსი“ ან „ვირტუალური სექსი“) არის სექსუალური შინაარსის მასალის მიმოცვლა სხვა ადამიანთან ელექტრონულად.
იმ ადამიანების გამოცდილება, ვინც ამ ტიპის კომუნიკაციით კავდება, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან. მართალია, სექსტინგი ჩანაფიქრში ძალიან სახალისო უნდა იყოს, მაგრამ ის ასევე მონაწილეებს მოწყვლად პოზიციაში აყენებს, რადგან არსებობენ ადამიანები, ვინც ამ ტიპის მასალას სხვისთვის საზიანოდ გამოიყენებს, იქნება ეს ბოროტი განზრახვით თუ, უბრალოდ, თანხმობის ცნების გაუაზრებლობის გამო. თუნდაც მონაწილე მხარეებს შორის არსებობდეს თანხმობა, ნდობა და პატივისცემა, ბოლომდე მაინც არ არსებობს იმის გარანტია, რომ ამ შინაარსის მიმოწერა პირად სივრცეში დარჩება და სხვა მას ვერ ნახავს.
რა არის „სექსტინგი“ და რატომ მიმართავს ხალხი მას?
სექსტინგი არის სექსუალური შინაარსის მქონე მასალის გაგზავნა და/ან მიღება ელექტრონული კომუნიკაციის პლატფორმების მეშვეობით, მაგალითად, ონლაინ მიმოწერის საიტებზე, ჩატ-ფორუმებში, SMS-ით და ა.შ. მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, გექნებათ თუ არა სექსტინგი, რა მიზნითა თუ მიზეზით მოხდება ეს და რა მეთოდებს გამოიყენებთ საამისოდ.
► ისევე, როგორც ინტიმური შინაარსის ნებისმიერი სხვა აქტივობის შემთხვევაში, სექსტინგის დროსაც უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენც და თქვენი პარტნიორიც თანახმა ხართ სექსტინგში მონაწილეობაზე და იაზრებთ, რა მოსდევს მას. მხოლოდ ის, რომ ეს ვირტუალურად ხდება, არ ნიშნავს, რომ რამე ისეთი უნდა თქვათ ან გააკეთოთ, რაც თავს არაკომფორტულად გაგრძნობინებთ.
სექსტინგი შეიძლება გულისხმობდეს შემდეგი რაღაცების მიმოცვლას:
-
სექსუალური შინაარსის მესიჯები
-
ინტიმური ლაივ-ჩატის სესიები
-
შიშველი ან ნახევრად შიშველი ფოტოები და ვიდეოები
-
სქესობრივი აქტის ამსახველი ფოტოები ან ვიდეოები
-
სექსუალური შინაარსის ხმოვანი ჩანაწერები
არსობრივად, სექსტინგი, უბრალოდ, კომუნიკაციის კიდევ ერთი ფორმაა და ბევრი ადამიანისთვის ამ შესაძლებლობის ქონა შეიძლება ძალიან კომფორტული იყოს ზოგიერთ სიტუაციაში. ამის რამდენიმე მაგალითია:
მათთვის, ვისაც საკუთარი სექსუალობის გამოკვლევა უნდა ისე, რომ ამისთვის ფიზიკური აქტებით არ დაკავდეს. ინტიმურ ქცევაში მონაწილეობისას ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი, ინდივიდუალური ტემპის დაცვა — მხოლოდ თქვენი გადასაწყვეტია, როდის და რისთვის ხართ მზად — და სექსტინგი შეიძლება იყოს ერთგვარი „ხიდი“ ფლირტსა და ფიზიკურ ინტიმურობას შორის.
მათთვის, ვისთვისაც შეიძლება რთული იყოს გარეთ გასვლა და ახალი ხალხის გაცნობა. სოციალური შფოთვა, ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა ან თავისუფალი დროის არქონა სამსახურისა თუ სხვა რამის გამო — ეს მხოლოდ რამდენიმე მიზეზია იმისა, თუ რატომ შეიძლება ადამიანს არ შეეძლოს ვინმესთან ფიზიკურად შეხვედრა. ბევრი ადამიანი ონლაინ პლატფორმებს იყენებს ყველა ტიპის კომუნიკაციისთვის, მათ შორის ინტიმური შინაარსისაც.
მათთვის, ვინც შორსაა პარტნიორისგან. შეიძლება პარტნიორთან ფიზიკურად შეხვედრა შეუძლებელი ან რთული იყოს უბრალოდ იმის გამო, რომ თქვენ ერთმანეთისგან შორს ხართ გეოგრაფიულად (ვთქვათ, სხვადასხვა ქალაქში ან ქვეყანაში). ასეთ დროს სექსტინგი კარგი საშუალებაა ერთმანეთთან ინტიმური კონტაქტის დასამყარებლად.
მათთვის, ვინც ურთიერთობაშია და ვისაც სურს, თავის პარტნიორთან ინტიმურობის ახალი ფორმები გამოცადოს. სექსტინგმა შეიძლება წაახალისოს უფრო ღია საუბარი (რადგან ბევრი ადამიანისთვის შეიძლება უფრო კომფორტული იყოს საკუთარი ფიქრებისა და სურვილების თქმა მიმოწერაში) და ახალი გზები მოგცეთ თვითგამოხატვისთვის.
რა უნდა გავითვალისწინოთ, სანამ სექსტინგით დავკავდებით?
თუკი ვინმესთან სექსტინგს აპირებთ, რამდენიმე რამ უნდა გაითვალისწინოთ. აი, რამდენიმე კითხვა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:
რა ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანთან? ვენდობი მას? ინტიმური ქცევით მხოლოდ იმ ადამიანთან უნდა დაკავდეთ, ვისთანაც თავს კომფორტულად გრძნობთ. ინტიმურობა ჩვენ მოწყვლადს გვხდის და არსებობენ ადამიანები, რომელთათვისაც მოწყვლადობა გზას ხსნის ძალადობისთვის. ანონიმური ჩატის გამოყენება შეიძლება სახალისო ჩანდეს, მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ მეორე მხარეს მყოფი ადამიანის განზრახვები არ იცით. არასდროს ჩაიგდოთ თავი ისეთ სიტუაციაში, რომელიც შეიძლება თქვენთვის საფრთხის შემცველი იყოს.
ნამდვილად მსურს ამის გაკეთება? უარის თქმა ყოველთვის შეგიძლიათ. თუმცა, უცნაური არ არის, თუკი ზოგჯერ გგონიათ, რომ „კი“ უნდა თქვათ, თუნდაც ეს არ გსურდეთ. შეიძლება, არ გინდოდეთ ვინმეს იმედგაცრუება, გინდოდეთ რაიმეს დამტკიცება ან, უბრალოდ, გეგონოთ, რომ დათანხმება უფრო მარტივი იქნება — ამ და სხვა მიზეზების გამო ზოგჯერ შეიძლება იფიქროთ, რომ სჯობს, ყური არ უგდოთ საკუთარ თავს. არა — გადაწყვეტილების მიღებისას, განსაკუთრებით როცა სექსუალურ თანხმობაზეა საუბარი, ყოველთვის მოუსმინეთ საკუთარ თავს და ეჭვების არსებობის შემთხვევაში დააკვირდით, რას გეუბნებათ თქვენი ინტუიცია და რამდენად კომფორტულად გრძნობთ თავს. თანხმობა მხოლოდ თქვენი არჩევანია.
რატომ მინდა ამის გაკეთება? არის შანსი, რომ ამას ვინანებ? ზოგჯერ ის გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც გსურთ, არ არის სწორი გადაწყვეტილება. ერთი წუთით დაფიქრდით არსებულ სიტუაციაზე. როგორ განწყობაზე ხართ? როდესაც საქმე ციფრულ ინფორმაციას ეხება, „მომენტით ტკბობას“ თავისი ფასი აქვს — როცა ინტიმური შინაარსის მასალას გაგზავნით, მორჩა, ის უკვე გაგზავნილია და მასზე წვდომა სხვა ადამიანს აქვს.
რამდენად სამართლიანი ვარ იმ ადამიანის მიმართ, ვისთანაც ვსექსტინგობ? მართალია, მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ როგორ გრძნობთ თავს თქვენ, მაგრამ ამდენადვე მნიშვნელოვანია იმაში დარწმუნება, რომ ვინმეზე არ ახდენთ ზეწოლას. ზოგჯერ შეიძლება ვიღაცებს რაღაცას ვავალდებულებდეთ ან მათზე ზეწოლას ვახდენდეთ ისე, რომ ვერ ვიაზრებდეთ. ამის თავიდან ასარიდებლად ისაუბრეთ იმაზე, თუ რის გაკეთებას აპირებთ. დაუსვით კითხვები და დარწმუნდით, რომ ორივეს გესმით ერთმანეთის საზღვრები.
► არ შეიძლება, ადამიანს აიძულოთ „კის“ თქმა. იძულებით მიღებული თანხმობა არ არის თანხმობა.
ახლა სწორი დროა? გაითვალისწინეთ ადამიანი, რომელსაც წერთ, და მისი მდგომარეობა. შეიძლება, ინტიმური მესიჯისა თუ სურათის მიღება არ გინდოდეთ კონკრეტულ სიტუაციებში, ვთქვათ, სამსახურის შეხვედრის დროს ან გასვენებაში.
► თქვენი გადასაწყვეტია, რა ტიპის პირად ფოტო/ვიდეომასალას გაუზიარებთ სხვას, თუმცა რეკომენდებულია, რომ სექსტინგისას შიშველი ფოტოების, ე.წ. „ნუდების“, გაგზავნისას ფოტოში არ ჩანდეს თქვენს ვინაობაზე მიმანიშნებელი მახასიათებლები (მაგალითად, სახე, ტატუები, პირსინგები და ა.შ.).
სექსტინგის ბნელი მხარე — დამცირება და შანტაჟი
ონლაინ ჩატები და სამესიჯო პლატფორმები კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილი გახდა. ბევრ ქვეყანაში მოზარდებისთვის სექსტინგი ფლირტის მარტივ მეთოდად იქცა — მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნების უმეტესობაში არასრულწლოვანი ადამიანის მონაწილეობით სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.
მართალია, მოზარდებს საკუთარი გონებისა და სხეულის გამოკვლევა აინტერესებთ, მაგრამ ისინი უფრო დაუცველები არიან პოტენციურად საზიანო გარეშე გავლენების მიმართ. მოზარდი შეიძლება უფრო დიდი ალბათობით ჩაერთოს სექსტინგში, რომელშიც არ იქნება დარწმუნებული, ან რაიმე დაუფიქრებელ თუ იძულებით ნაკარნახევ ქცევაში თანატოლების მხრიდან ზეწოლის გამო, თვითშეფასების ასამაღლებლად ან ხუმრობით.
► თუკი მშობელი ხართ, შვილებთან სექსტინგზე საუბარი მათ დაეხმარებათ, თავი აარიდონ საზიანო სიტუაციებს. ისევე, როგორც მათ გააფრთხილებდით იმაზე, რომ უცნობ ადამიანს მანქანაში არ ჩაუსხდნენ, ბავშვებსა და მოზარდებთან ონლაინ კომუნიკაციის უსაფრთხოების ზომებიც უნდა განიხილოთ, როგორც კი მათ ინტერნეტზე ექნებათ წვდომა.
ონლაინ პლატფორმების გამოყენებას თავისი რისკები ახლავს თან — ონლაინ კომუნიკაცია ტოვებს „კვალს“ და ჩვენ თითქმის არ გვაქვს გავლენა იმაზე, თუ რა მოუვა იმ მასალას, რომელიც ვიღაცას გავუზიარეთ. თუნდაც ისეთ აპლიკაციას ვიყენებდეთ, რომელიც გვპირდება, რომ გადაღებული მასალა წინასწარგანსაზღვრული დროის შემდეგ ქრება, მაინც შესაძლებელია, მესამე მხარე მის ასლს ინახავდეს. ამ გზით მოპოვებული პირადი მასალა შეიძლება ბოროტი მიზნებით იქნას გამოყენებული.
შემაშფოთებლად ხშირია სიტყვიერი, ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობა სექსუალური მიმოწერის პირად მიმოცვლაზე დაყრდნობით. სექსტინგი შეიძლება კიბერბულინგის წყარო გახდეს: სურათები და ტექსტები შეიძლება სხვასთან გაიგზავნოს და დაცინვის წყარო გახდეს ადამიანის დასამცირებლად, შესარცხვენად თუ დასაზიანებლად, და ინტერნეტში უცნობი ადამიანები ხშირად დიდი სიამოვნებით იღებენ მონაწილეობას ამ ვირტუალურ ზიზღში.
ისეთმა მასალამაც კი, რომელიც წლების წინ თანხმობის საფუძველზე გაზიარდა, შეიძლება მოულოდნელად ამოყოს თავი ბევრად უფრო საშიშ კონტექსტში მასში მონაწილე მხარეების თანხმობის გარეშე. პორნოშურისძიება (ინგლ. Revenge porn) არის სექსუალური შინაარსის მასალის გავრცელება მასში მონაწილე მხარის თანხმობის გარეშე, თუნდაც ეს უშუალოდ შურისძიებასთან არ იყოს დაკავშირებული.
► სამწუხაროდ, სექსუალური შინაარსის მასალას არამიზნობრივად ყველაზე ხშირად ის ადამიანები იყენებენ, რომლებსაც ის ჩვენვე მივანდეთ.
პორნოშურისძიება შეიძლება შანტაჟის წყარო გახდეს, რათა მსხვერპლს აიძულოს სექს-პარტნიორობის ან არასასურველი ურთიერთობის გაგრძელება ან დააშინოს ის, რომ გაჩუმდეს. სურათების გავრცელებას ხშირად ახლავს პიროვნების საკონტაქტო ინფორმაცია და სახლის მისამართი, ზოგჯერ იმის წახალისებით, რომ ხალხმა ეს ადამიანი დააბულინგოს და შეავიწროოს.
პორნოშურისძიებისა და კიბერბულინგის სხვა ფორმების მსხვერპლები ხშირად გრძნობენ დიდ შიშს, სტრესს, დეპრესიასა და შფოთვას. როდესაც საქმე ჩვენს უსაფრთხოებას, პიროვნულ იდენტობას, სამსახურსა და ურთიერთობებს ეხება, ხშირად ზიანდება ჩვენი კონცენტრაციის უნარი, გუნება-განწყობა, ენერგია, მოტივაცია, ძილი და მადა — ზოგჯერ მოვლენიდან ათწლეულების განმავლობაშიც კი.
როგორ მოვიქცეთ, თუკი შანტაჟის მსხვერპლი ვართ
როდესაც, ერთი შეხედვით, გამოუვალ მდგომარეობაში ვვარდებით, რთულია იმის დანახვა, თუ როგორ მოქცევა სჯობს. აი, რამდენიმე რჩევა, რომელიც შეიძლება ასეთ სიტუაციაში ყოფნისას გამოგადგეთ:
-
არ წაშალოთ არაფერი! შესაძლოა, ეს თქვენი პირველი ინსტინქტი იყოს, მაგრამ წაშლა არ არის კარგი იდეა. როგორც კი მტკიცებულებების წაშლას იწყებთ, მოძალადეს უფრო მეტ ძალაუფლებას აძლევთ.
-
არაფერი არ მისცეთ მოძალადეს! არავითარი დამატებითი ფოტოები თუ მესიჯები, არავითარი პასუხები მის კითხვებზე — საერთოდ არაფერი. არ ეკონტაქტოთ მას.
-
გაუძელით მოლაპარაკების ცდუნებას. განურჩევლად იმისა, თუ რამდენად უიმედოდ გრძნობთ თავს, მოლაპარაკებას ნუ დაიწყებთ. ეს მოძალადესთან თანამშრომლობის მზაობაზე მეტყველებს.
-
მზად იყავით მოვლენების ყველაზე ცუდი განვითარებისთვის. იმაზე დაფიქრება, თუ როგორ შეიძლება ინფორმაციის გაჟონვამ იმოქმედოს თქვენზე და რა რეაქცია გექნებათ ამაზე, ისეთი ნაბიჯია, რომელსაც მოძალადეები არ ელიან — ისინი თავიანთ ქმედებებს მხოლოდ თქვენს შიშზე ამყარებენ. ეს სიტუაციაზე ძალაუფლების დაბრუნების ერთ-ერთი გზაა.
-
სირცხვილის გრძნობის გამო დახმარების თხოვნაზე ნუ იტყვით უარს! თქვენ მარტო არ ხართ — ასეთი რამ შეიძლება ნებისმიერ ადამიანს შეემთხვეს. ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, ნათესავებს, მასწავლებლებსა თუ თქვენთვის სანდო სხვა პირებს; დაუკავშირდით პოლიციას ან გაესაუბრეთ ადვოკატს.
გახსოვდეთ, რომ როდესაც საკუთარი საზღვრების გაფართოებას ცდილობთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. თუკი უსაფრთხოდ ხართ, სექსტინგი შეიძლება საკუთარი სექსუალობის გამოკვლევის, ინტიმურობის გაზრდისა და, უბრალოდ, სახალისო აქტივობით დაკავების ძალიან კარგი გზა იყოს.
► თუ ხართ ძალადობის მსხვერპლი, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ:
-
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს „ცხელ ხაზს“ — 15 05;
-
ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო „ცხელ ხაზს“ — 116 006;
-
საგანგებო და გადაუდებელ დახმარებას — 112
-
უფლებადამცველ ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)“ — 032 2 33 13 56
-
უფლებადამცველ ორგანიზაციას „საფარი“ — 0322 30 76 03, 599 40 76 03
♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული ახალი კვლევა — ბულინგი საქართველოს საჯარო სკოლებში — ბულინგის გავრცელების პრაქტიკას, არსებულ რეგულაციებს, სახელმძღვანელოებში ბულინგის თემატიკასა და პოლიტიკის დოკუმენტებში ბულინგის შესახებ არსებულ მექანიზმებს სწავლობს. კვლევის თანახმად საჯარო სკოლებში არსებობს თეორიული მასალა შემუშავებული დოკუმენტების სახით, თუმცა საკმარისად არ არის დანერგილი პრაქტიკული მექანიზმები.
ახალი კვლევა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ბულინგთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ნათქვამია, რომ ბულინგის შემთხვევათა სტატისტიკის წარმოება 2015 წელს დაიწყო და 2018 წლამდე 474 შემთხვევა აღირიცხა, თუმცა არ არსებობს კატეგორიებად დაყოფილი მონაცემები. ამასთან, ეს სტატისტიკა ყველა სკოლას არ მოიცავს და 1700-მე სკოლის მონაცემი აღწერილი არაა.
კვლევა იშველიებს სახალხო დამცველის მიერ 2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგებსაც, რომლის თანახმადაც.
„სკოლებში მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობა სავალალო მდგომარეობაში, უფრო კონკრეტულად:
- ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან.
- მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა.
- სკოლების დონეზე სუსტია მოსწავლეთა ცოდნა თავიანთი უფლებების შესახებ.
- რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაბალია პასუხისმგებელ პირთა კომპეტენცია ბავშვის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობაზე რეაგირების მექანიზმთან დაკავშირებით, შესაბამისად, არ ხორციელდება ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მიმართული რეაგირება.
- არასაკმარისია ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისებიც“.
მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ყველაზე ხშირია „დისკრიმანციული გამოვლინებები ეროვნების, რელიგიის, საცხოვრებელი ადგილის, აკადემიური მოსწრების, ჩამულობის და პირადი სტილის გამო. მეორე მხრივ აღსანიშნია, რომ მოსწავლეები და სკოლის თანამშრომლების მნიშვნელოვანი ნაწილის აზრით, მოსწავლის დამცირება და სხვადასხვა ნიშნით ჩაგვრა არ წარმოადგენს ძალადობის ფორმას“.
კვლევის ფარგლებში სასკოლო პროგრამის შესწავლამ აჩვენა, რომ სკოლის საგნები ბავშვთა უფლებების შესახებ ცოდნას ნაკლებად ფარავს და მეტად არის მიმართული იმ პასუხისმგებლობებზე, რაც ბავშვს ოჯახისა და საზოგადოების მიმართ აქვს, რაც სრულფასოვანი ინფორმაციის მოზარდებისთვის მიწოდებას აფერხებს.
თანასწორობის მოძრაობის ახალი კვლევა ორგანიზაციის მიერ 2020 წელს ჩატარებული კვლევის — ქვიარ ბულინგი სკოლაში შედეგების მიხედვით ცდილობს ბულინგთან დაკავშირებით იმ განსხვავებული მოსაზრებების ასახვას, რაც მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის არსებობს. მოსწავლეთა 31% სკოლაში თავს უსაფრთხოდ ზოგჯერ ან არასდროს გრძნობს. ამასთან, მასწავლებლების მხრიდან ბავშვების დამცირებაზე 12,5% საუბრობს. მასწავლებლების 43% კი მიიჩნევს, რომ ძალადობა სკოლებში აქტუალური პრობლემა არაა, 25%-ს კი ძალადობა აქტუალურ პრობლემად მიაჩნია, გამოკითხულთა მხოლოდ 5,3% მიიჩნევს, რომ სკოლაში დისკრიმინაციის ფაქტები ხდება, სულ რაღაც 2,4% კი აღნიშნავს, რომ ჰომოფობიური ძალადობა აქტუალური პრობლემაა. ამასთან, მოსწავლეების 34,7% თვლის, რომ ბულინგის წამქეზებლები მასწავლებლები არიან, 14,3%-ის აზრით კი ისინი თავად არიან მჩაგვრელები.
თანასწორობის მოძრაობის დაკვეთით ჩატარებული კვლევა სხვა ქვეყნების — გერმანიისა და ჩეხეთის ბულინგის შემცირებისკენ მიმართულ პრაქტიკას აანალიზებს, რაც საქართველოს სკოლებში ანალოგიური პრობლემის აღმოფხვრისთვის პერსპექტივების გაჩენას ისახავს მიზნად.
გერმანიაში ანტი-ბულინგის პროგრამა შეიქმნა, რომლის წარმატებით განხორციელებისთვის დირექტორებისა და მასწავლებლებისგან შემდგარი საკოორდინაციო ჯგუფი აქტიურად მუშაობს, უმეტესმა სკოლამ კი პროგრამაში მშობლებიც ჩართო და გარე ექსპერტების მხარდაჭერის შესაძლებლობაც შეიქმნა. პროგრამის ამუშავებიდან 2 წლის შემდეგ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გერმანიის სკოლებში თანმიმდევრული ქმედებების შედეგად ბულინგის შემთხვევები მკვეთრად შემცირდა.
რაც შეეხება ჩეხეთს, ქვეყნის ყველა სკოლას აქვს კონფლიქტის პრევენციის სახელმძღვანელო და ჰყავს პერსონალური ფსიქოლოგი. ერთ-ერთ სკოლაში კი განსაკუთრებით მაღალი ჩართულობის სისტემა აქვთ დანერგილი, რაც ბულინგისა და ძალადობის შემთხვევებზე სწრაფი რეაგირების საშუალებას იძლევა. 2017 წელს კი მოსწავლეებმა „შექმნეს სტარტაპი — FaceUp.com, რომლის მიზანიც ჩეხეთის რესპუბლიკის სკოლებში ბულინგის, სოციუმიდან გარიყვის და სხვა სოციალური პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლაა“. ჩეხეთის ბულინგის საწინააღმდეგო აქტივობების შედეგად, ბოლო 20 წელში ქვეყნის სკოლებში ბულინგის შემთხვევები 3-4-ჯერ შემცირდა.
გერმანიისა და ჩეხეთის მაგალითების გაანალიზების, სხვადასხვა კვლევის შედეგების აღწერის, სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგებისა და სასკოლო პროგრამის შესწავლის საფუძველზე თანასწორობის მოძრაობამ შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა შესრულება, შესაძლოა, ბულინგთან ბრძოლაში მნიშვნელოვან დამხმარე ბერკეტად იქცეს.
აღნიშნული რეკომენდაციები მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის გადამზადებას, სკოლის მარეგულირებელ დოკუმენტებში ბულინგის შემთხვევებზე რეაგირებისთვის ცხადი ბერკეტების განსაზღვრას, სოციალური მუშაობის სკოლების დიდ ნაწილზე განზოგადებას, ეროვნულ სასწავლო გეგმაში ბულინგის, ბავშვთა უფლებების, ტოლერანტობისა თუ დემოკრატიის პრინციპების მეტად ასახვას, ბულინგის თითოეულ შემთხვევაზე რეაგირებას, ასევე ონლაინ პლატფორმის ამუშავებას მოიცავს.
თანასწორობის მოძრაობის კვლევის სრულად ნახვას აღნიშნულ ლინკზე შეძლებთ.
Don't Miss
სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული სირთულეების მიმართ განსაკუთრებული მედეგობა
ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული უნდობლობა, სკეპტიციზმი; ასევე რთულად
ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა, სტრესის როლზე დისკრიმინირებულ ჯგუფებში
სტატიის ავტორი: ნინი ვანიშვილი ლგბტქი+ თემის წევრები მიკროაგრესიის უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან, ვიდრე მათი ცისგენდერი/ჰეტეროსექსუალი თანატოლები. 2023 წლის სოციალური
ბულინგი არის არასასურველი, განმეორებითი ხასიათის აგრესიული ქცევა, რომელიც ხშირად არათანაბარი ძალებითაა გამოწვეული. ბულინგში ერთიანდება ისეთი ქცევები, როგორებიცაა მუქარა, მცდარი ინფორმაციის გავრცელება, ვერბალური და ფიზიკური შეურაცხყოფა, აგრეთვე ჯგუფიდან ადამიანის გამიზნულად გარიყვა. Keep Reading
Don't Miss
ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია
17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც
მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური