თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული, “ჩემი ოთახი” გახდა. ფილმი, რომლის რეჟისორი სოსო ბლიაძეა, ხოლო სცენარისტები თაკი მუმლაძე და სოსო ბლიაძე, ორი ახალგაზრდა ქალის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს. “24 წლის თინა ოჯახისთვის მიუღებელი საქციელის
თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული, “ჩემი ოთახი” გახდა. ფილმი, რომლის რეჟისორი სოსო ბლიაძეა, ხოლო სცენარისტები თაკი მუმლაძე და სოსო ბლიაძე, ორი ახალგაზრდა ქალის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს.
“24 წლის თინა ოჯახისთვის მიუღებელი საქციელის გამო საცხოვრებელ ადგილს იცვლის და ოთახს ქირაობს მეგისგან, რომლის ცხოვრების წესიც სრულიად განსხვავდება თინასგან” — როგორი შეიძლება იყოს ორი სრულიად განსხვავებული გამოცდილების მქონე ქალის ერთ სივრცეში თანაცხოვრება და რა ძალა აქვს ქალების გვერდში დგომას, ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ცდილობს პანდემიის დროს გადაღებული ფილმი, რომელმაც უკვე არაერთი საერთაშორისო პრიზი მოიპოვა და ბრიტანეთის კინო ინსტიტუტმა 2022 წლის 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა.
გთავაზობთ ინტერვიუს მსახიობ და სცენარისტ თაკი მუმლაძესთან, რომელიც ქვიარს ფილმის საფესტივალო მოგზაურობაზე, ქალების კინოში ჩართულობაზე, ქართულ საპრემიერო ემოციებზე და ფილმის შექმნაზე ესაუბრა.
— რა ისტორიას გვიყვება ფილმი “ჩემი ოთახი” და შენ, როგორც ფილმის სცენარისტს და მთავარი როლის შემსრულებელს, ვისი დანახვა გაგიხარდება ყველაზე მეტად ფილმის ჩვენებისას კინოდარბაზში?
— ხელოვნება ჩვენს მოცემულობაში ძალიან ლოკალურია. შეიძლება ეს არ არის ჩვენი განზრახვა, მაგრამ ხშირად მაინც ისე ხდება, რომ ხელოვნებას ერთი და იგივე ადამიანებისთვის ვაკეთებთ — თეატრში დადის ერთი და იგივე ხალხი, კინოშიც. ვისურვებდი, რომ ეს ყველაფერი გასცდეს ცენტრს და მხოლოდ დიდი ქალაქებისთვის არ იყოს ხელმისაწვდომი. როცა ფილმზე მუშაობა დავიწყეთ, გვინდოდა, რეგიონებშიც გვეჩვენებინა. იქ, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ეს თემები ასე თუ ისე მაინც ნაცნობია, ხოლო თბილისს გარეთ უფრო ნაკლები შანსია, რომ ეს საკითხი დღის წესრიგში დადგეს და ამის გარშემო ქალებმა დასვან კითხვები. პატრიარქალური მოდელი ქალების და პრინციპში, კაცების შემთხვევაშიც ძალიან მავნებლურია, მავნებლურ მოდელებში გვიწევს ცხოვრება და ვიზრდებით არასწორი შეხედულებებით. ჩვენზე ბევრი რამ ახდენს გავლენას — რელიგია, ტრადიციები, პოსტ-საბჭოთა ტრავმები, საზოგადოება და ა.შ. ეს ყველაფერი სამყაროს მიმართ წარმოდგენებს გვიყალიბებს, გვეუბნება, სად არის ჩვენი ადგილი, რისი უფლება გვაქვს, რისი — არა, თითქოს რაღაცას გვართმევს, თავს გვახვევს ცხოვრებას, რომელიც ჩვენი არჩეული შეიძლება არც კი იყოს. ბევრი სხვა ქალის მსგავსად, დღემდე ვცდილობ ამ გავლენებისგან გათავისუფლებას და მუდმივად კითხვებს ვსვამ.
ეს ფილმიც ერთგვარი მცდელობაა, ვუპასუხო ამ კითხვებს და გავიგო, სად არის ჩემი, როგორც ქალის ადგილი, რის უფლებას ვაძლევ საკუთარ თავს და აქედან წამოვიდა ამ ორი ჩემთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი ქალის სახეები, რომლებიც ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ზუსტად ამით — სად როგორ ხედავენ საკუთარ თავს სამყაროსთან მიმართებაში, როგორი ცხოვრების უფლება ჰგონიათ, რომ აქვთ. ძალიან დიდი პრივილეგია და ფუფუნებაა, იცხოვრო საკუთარი ცხოვრებით, არჩევანით, გქონდეს შეცდომების დაშვების უფლება, იპოვო შენი სექსუალობა და ა შ. მეგი უფრო მეტად ღია და თავისუფალია, უკეთესად იცნობს საკუთარ თავს, თინა კი, რომელიც ინერციით ცხოვრობს, ერთ შეცდომას უშვებს, თუ ამას შეცდომა შეიძლება ვუწოდოთ, და მთელი ცხოვრება თავზე ენგრევა. ამ განსხვავებების მიუხედავად, მათი ბრძოლა მაინც საერთოა, ორივე ცდილობს იპოვოს ამ სამყაროში საკუთარი ადგილი და იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით.
თუ კაცს ეპატიება, რომ მილიონი სისულელე გადაიღოს, ქალების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, თითქოს რაღაც შანსი ეძლევათ და უნდა დაადასტურონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ კინოს გადაღებას. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა.
— ვიცი, რომ ძალიან საინტერესო ეტაპების გავლა მოგიწიათ, სანამ ფილმზე მუშაობას დაასრულებდით. როგორი იყო ფილმის გადაღების პროცესი?
— ფილმის გადაღების იდეა პანდემიამ გვაჩუქა. მე და მარიკა ხუნდაძე, მეორე მთავარი როლის შემსრულებელი, ერთად ვცხოვრობდით იმ სახლში, სადაც ფილმია გადაღებული. ყველაფერი გაჩერებული იყო, არაფერი ხდებოდა და ჩვენმა მეგობარმა და ფილმის რეჟისორმა, სოსო ბლიაძემ შემოგვთავაზა მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება ორ გოგოზე, რომლებიც ერთად ცხოვრობენ ნაქირავებ ბინაში. მე ძალიან მეშინია ხოლმე ქალების შესახებ გადაღებული ფილმების, რომლებიც მთლიანად კაცის პერსპექტივიდან არის ნაჩვენები. ამდენი საუკუნეა ლაპარაკობენ კაცები ჩვენზე ჩვენ მაგივრად და მათი აღქმა ხშირად არ არის ხოლმე ახლოს რეალობასთან, ამიტომ შევთავაზე, რომ მეც დავეხმარებოდი სცენარის დაწერაში, მქონდა წერის გამოცდილება და ორივე, მეც და სოსოც, უფრო მშვიდად ვიქნებოდით, თან ფილმში გაჟღერებული საკითხები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მუდმივად ამ საკითხებზე ვფიქრობ და არ გამჭირვებია ამ გადაწყვეტილების მიღება.
თავიდან ჩაფიქრებული იყო, რომ ფილმი მოკლემეტრაჟიანი იქნებოდა, თუმცა ვიცოდით, რომ სრულმეტრაჟიანად იქცეოდა. გადაღების პროცესი ძალიან სასიამოვნო იყო, არ არსებობდა არანაირი იერარქია — ყველა აკეთებდა იმას, რაც შეეძლო, ოპერატორსაც ჰქონდა შესაძლებლობა, სცენარში ცვლილება შეეტანა, ყველა რგოლი იყო უმნიშვნელოვანესი და ერთიც რომ გამოგეცალა, ალბათ მთლიანი პროცესი ჩაფლავდებოდა და ამ ფილმს ვერ გადავიღებდით. ჩვენი მიზანი იყო, ეს ორი გოგო ძალიან რეალური ყოფილიყო. არ ვიყენებდით გრიმს, მთლიანი ფილმი გადაღებულია განათების გარეშე და თან იმდენად კარგად არის ყველაფერი გაკეთებული, რომ საერთოდ არ ეტყობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფილმის ოპერატორს, დიტო დეკანოსიძეს.
— როგორც ვიცი, ფილმმა უკვე მოასწრო სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. როგორ მიიღო ქართველმა და არაქართველმა მაყურებელმა “ჩემი ოთახი” და როგორი იყო ქართული საპრემიერო ემოციები? თუ ხედავდით რამე განსხვავებას მაყურებლების ემოციებში ჩვენს ქვეყანაში და საქართველოს მიღმა?
— ფილმის პრემიერა შედგა კარლოვი ვარის ფესტივალზე, ძალიან ემოციური დღეები იყო. ყველაზე მოულოდნელი დიდ ბრიტანეთში გამართული ჩვენება იყო, არც მე და არც მარიკა არ ველოდით ასეთ დადებით ემოციებს იქაური აუდიტორიისგან, ძალიან მომზადებული იყო მაყურებელი და სწორი აქცენტები ჰქონდათ დასმული, სწორად აღიქვამდნენ ფილმს. ქართულ პრემიერამდე ცოტა დაძაბული ვიყავი, არ ვიცოდი, როგორ შეხვდებოდა მაყურებელი ფილმს, თუმცა ყველაფერმა ძალიან კარგად ჩაიარა. წელს ფესტივალს ჩართული ჰყავდა სტუდენტები, რომლებმაც სრულიად ახალი ხმა შემოიტანეს და მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ახალი სიცოცხლე საფესტივალო პროცესში, სხვანაირად ფხიზლად არიან და სხვანაირად უყურებენ სამყაროს — მიუხედავად იმისა, რომ მეც არ ვარ ასაკობრივად ძალიან დაშორებული მათგან, ძალიან საინტერესო და ახალი პერსპექტივები დამანახეს. ძალიან იმედისმომცემი და მამოტივირებელი აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და ფესტივალის ეს გადაწყვეტილება. დანარჩენი მაყურებლისგანაც ძალიან დადებითი შეფასებები მივიღეთ. როგორც წესი, ქართველი მაყურებელი განსაკუთრებით მკაცრია ქართული კინოს მიმართ, სწორედ ამიტომ, არ მეგონა ამხელა მხარდაჭერას და სიყვარულს თუ მივიღებდით. ყოველი ჩვენების დროს გვეგონა, რომ ეს მაქსიმუმია, ამაზე დიდ ემოციებს ვეღარ მივიღებთ, თუმცა ქართულმა პრემიერამ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და მგონი ყველაზე მეტად ეს გვაკლია დღეს ადამიანებს — მხარდაჭერა და სოლიდარობა.
დიდი ბრძოლა მომიწია, რომ ამ ფილმში ქალის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საერთოდ ვინმეს ესაუბრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვგრძნობდი აქსესუარად. მერე მივხვდი, რომ დათმობას აზრი არ აქვს და ჩემს შრომაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო.
— ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ძალიან მომრავლდა ფილმები ქვიარ თემატიკაზე, თითქოს ამ თემების გაჟღერება ძალიან მომგებიანია. “ჩემი ოთახის” ყურებისას განსხვავებული განცდები გიჩნდება, ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, რასთან გაქვს საქმე — უყურებ ფილმს, რომელიც ორი ქალის მეგობრობაზე გვიამბობს თუ უყურებ ფილმს, რომელიც ლესბოსელი ქალების ისტორიას გადმოგვცემს. არის თუ არა “ჩემი ოთახი” ქვიარ ფილმი და ზოგადად არსებობს თუ არა ქართული ქვიარ კინო?
— ბოლო პერიოდში ლევან აკინის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ვნახე, სადაც ლევან გელბახიანი არაჩვეულებრივად ასრულებს როლს, საოცარ პერსონაჟს ქმნის, კაცის ერთ-ერთი საუკეთესო სახეა ქართულ კინოში. მან ძალიან რთულ დავალებას გაართვა თავი. ასევე, ვნახე ელენე ნავერიანის მოკლემეტრაჟიანი ფილმი ქვიარ თემატიკაზე, რომელიც ძალიან გამორჩეული იყო. მნიშვნელოვანია, ამ საკითხებზე ვილაპარაკოთ. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი სირთულის გადალახვა მოუწია ლევან აკინის ფილმს და ცხელი საპრემიერო დღეების გავლა, რომლის დროსაც ძალადობრივი ჯგუფები იყვნენ მობილიზებულები, მაინც არ მინდა დავიჯერო, რომ ამხელა აგრესია არსებობს და ვიღაც სკამით გამომეკიდება პრემიერაზე. მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება ამაზე მაღლა დგას. იმედია, ოდესმე ვისწავლით ერთად მშვიდობიანად თანაცხოვრებას.
რაც შეეხება ჩვენს ფილმს, საკუთარ თავს ჯერჯერობით ვერ მივცემ იმის უფლებას, რომ ლესბოსელებზე გადავიღო ფილმი, ძალიან საფრთხილოა ეს თემა ჩემთვის და არსებობს საშიშროება, რომ ავცდები რეალობას. ამაზე მან უნდა ილაპარაკოს, ვისაც უკეთ ესმის ეს საკითხი. ჩვენ არ ვპოზიციონირებთ, რომ ეს ფილმი ლესბოსელებზეა. იმ კონკრეტულ სცენაში ჩემთვის მეგის სხეულს თინასთვის რაღაცნაირად გამაყუჩებლის ფუნქცია აქვს, გადარჩენის წყაროა. ასევე, ეს სცენები ჩემთვის საკუთარი სექსუალობის, სექსუალური გემოვნების ძიებაც არის. ჩვენი მიზანი იყო ფილმში დაგვეტოვებინა იმის სივრცე, რომ მაყურებელს თვითონ გაეკეთებინა დასკვნა, რაზეა ეს ფილმი.
— როგორ შეაფასებდი თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალს, რა თემები იყო დომინანტური და რა ტენდენციები გამოიკვეთა წელს?
— თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ახლობელი ადამიანებისთვის ყოველთვის დღესასწაული იყო. ყოველთვის განსაკუთრებით ველოდებით ამ დღეების მოახლოებას და სიმართლე გითხრა, არასდროს ბევრი არ მიფიქრია, როგორია ჩვენი კინოფესტივალი — უბრალოდ მიყვარდა ფილმების ყურება და სულ ეს იყო, უფრო ემოციურად ვუდგებოდი. წელს რამდენიმე ქვეყნის ფესტივალზე მომიწია დასწრება და ყველგან ვაკვირდებოდი, რა თემებზე საუბრობს ფესტივალი, რა მესიჯებს აჟღერებენ. ჩემთვის რთულია პოლიტიკის და ხელოვნების ერთმანეთისგან გამიჯვნა. ბევრ ფესტივალზე ახსენებდნენ ქალებს, მაგრამ ერთი სიტყვა არ თქმულა ირანში მიმდინარე მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, სიამაყით ავივსე, როცა თბილისის 23-ე ფესტივალი უკრაინის დროშით გაიხსნა და როცა დავინახე, რომ ჟიურის ერთ-ერთი წევრი ირანელი ქალი რეჟისორი იყო, რომელიც ქვიარ ფილმის გადაღების გამო სამი წელი დაპატიმრებული იყო. ფესტივალზე მისი ფილმიც იყო ნაჩვენები. ძალიან მაღალ დონეზე იყო ყველაფერი გაკეთებული და ბევრი წამყვანი ქვეყნის ფესტივალს სჯობდა ხარისხით, ვგულისხმობ ისეთ ფესტივალებს, რომლებსაც ჩვენზე გაცილებით მეტი დაფინანსება აქვთ. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, იმ ადამიანების დამსახურებაა, რომლებიც ამ ფესტივალის უკან დგანან და სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე აკეთებენ ყველაფერს. მადლობა მათ.
— დასავლეთის ქვეყნები და განსაკუთრებით ჰოლივუდი აქტიურად საუბრობს ქალების როლზე და ჩართულობაზე კინოში, აქტიურად მიდის დისკუსიები ამ თემების გარშემო. რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით? არაერთი გამორჩეული რეჟისორი თუ სცენარისტი ქალი გვყავს, რომლებიც ბევრი წელია აკეთებენ კინოს, თუმცა საინტერესოა, შიგნიდან დანახული რეალობა — როგორია გადასაღები მოედანი ქალებისთვის საქართველოში?
— მართლაც ბევრი ქალი რეჟისორი თუ სცენარისტი გვყავს და ძალიან მახარებს ის ფაქტი, რომ ბოლო წლებში მათი რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება. შეიძლება ბევრს მოეჩვენოს, რომ ამ საკითხებზე საუბარი უკვე მომაბეზრებელია, თუმცა მე მაინც მახარებს, რომ კინოში ქალების მიმართ ინტერესი არ წყდება. იმედია, მალე იქამდეც მივალთ, რომ ქალი რეჟისორების თუ სცენარისტების ფილმების მიმართ ავტომატური მოლოდინი არ იქნება, რომ აუცილებლად შედევრი უნდა გააკეთონ — თუ კაცს ეპატიება, რომ მილიონი სისულელე გადაიღოს, ქალების შემთხვევაში ეს ასე არ ხდება, თითქოს რაღაც შანსი ეძლევათ და უნდა დაადასტურონ, რომ ნამდვილად იმსახურებენ კინოს გადაღებას. ეს ძალიან დიდი ზეწოლაა.
რაც შეეხება ჩემს გამოცდილებას, რა თქმა უნდა, გადასაღებ მოედანზე იერარქია ყოველთვის არსებობს, თუმცა ქალების შემთხვევაში კიდევ ერთი ფაქტორი გემატება — ჩემი და სოსოს შემთხვევა რომ გავიხსენო, ყოველთვის ვაკვირდები, რა კითხვები მოდის ჩემი მიმართულებით, როცა ფილმზე ვსაუბრობთ და რა კითხვებს უსვამენ ხოლმე სოსოს. მიუხედავად იმისა, რომ ორივე სცენარისტები ვიყავით, ფილმზე ერთად ვიმუშავეთ და ყველაფერში ვიღებდი მონაწილეობას, მაინც ერთი და იგივე — “რას გრძნობდი სოსო ბლიაძესთან მუშაობის დროს?”, ხოლო უფრო „სერიოზული“, საქმიანი კითხვები სოსოს მიმართულებით მიდიოდა. დიდი ბრძოლა მომიწია, რომ ამ ფილმში ქალის მონაწილეობის მნიშვნელობაზე საერთოდ ვინმეს ესაუბრა. ძალიან დიდი ხნის განმავლობაში თავს ვგრძნობდი აქსესუარად. მერე მივხვდი, რომ დათმობას აზრი არ აქვს და ჩემს შრომაზე აუცილებლად უნდა ვილაპარაკო. ეს არ არის ეგოცენტრიზმი და ამით სხვა ქალებს გავუმარტივებ საქმეს, რომლებიც ამ სფეროში აპირებენ თავიანთი ძალების მოსინჯვას. ძალიან დიდი გზის გავლა მომიწია, სანამ საკუთარ თავში ამ ძალას და გამბედაობას ვიპოვიდი.
— რას უნდა ველოდოთ შენგან მომავალში, აგრძელებ თუ არა კინოსცენარებზე მუშაობას?
— თებერვალში თეატრში მექნება პრემიერა. გარდა ამისა, ვმუშაობ ახალ სცენარზე — მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღება მინდა, თუმცა „ჩემი ოთახის“ შემდეგ ყველა ელოდება, რა იქნება შემდეგი და ამ მოლოდინებმა ცოტა შემაშინა. მინდა, დაძაბულობისა და მოლოდინების გარეშე ვიმუშაო, ბევრი შეცდომაც დავუშვა და ბოლომდე მივიღო პროცესისგან სიამოვნება. მომდევნო ფილმი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის მთელი ცხოვრების ფიქრის შედეგი და განსაკუთრებით ფრთხილად ვეკიდები, რადგან ისეთ თემებს ეხება, როგორიცაა მარტოობა, მენტალური ჯანმრთელობა და როგორ რეაგირებს ქალი ამ ყველაფერზე.
Don't Miss
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე
ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების