ენდრიუ ტეიტი ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ულტრა-მემარჯვენე, ქალებზე ძალადობაში და გაუპატიურებაში მრავალჯერ დადანაშაულებული ყოფილი კიკბოქსერი და რეალითი შოუს მონაწილეა, რომლის ანგარიშებიც სოციალურმა ქსელებმა — ტვიტერმა, ფეისბუკმა, ინსტაგრამმა, ტიკტოკმა და იუთუბმა გააუქმეს. მიზოგინი (ადამიანი,
ენდრიუ ტეიტი ქალთმოძულე, ჰომოფობი, რასისტი, ულტრა-მემარჯვენე, ქალებზე ძალადობაში და გაუპატიურებაში მრავალჯერ დადანაშაულებული ყოფილი კიკბოქსერი და რეალითი შოუს მონაწილეა, რომლის ანგარიშებიც სოციალურმა ქსელებმა — ტვიტერმა, ფეისბუკმა, ინსტაგრამმა, ტიკტოკმა და იუთუბმა გააუქმეს. მიზოგინი (ადამიანი, რომელსაც სძულს ქალები ან მცდარი წარმოდგენები, წინასწარგანწყობები აქვს და ქალთა უფლებებს არ აღიარებს) ინფლუენსერის მიერ მოხვეჭილი პოპულარობა და კონტენტი, რომელიც სოციალური ქსელებით კვლავაც აქტიურად ვრცელდება, ონლაინ სიძულვილთან ბრძოლის ხარვეზებზე და სხვადასხვა პლატფორმის შინაგანაწესის არაეფექტურ მუშაობაზე მიგვანიშნებს, რაც ახალგაზრდებზე, და არამხოლოდ, საზიანო გავლენის, ძალმომრეობის ონლაინ და რეალურ სივრცეებში ზრდის რისკებს შეიცავს.
ვინ არის ენდრიუ ტეიტი
ენდრიუ ტეიტი ყოფილი კიკბოქსერია, რომელიც კარიერის ნაადრევად დასრულების შემდეგ, 2016 წელს, რეალითი შოუს, Big Brother-ის მონაწილედ მოგვევლინა. აქედან დაიწყო მისი პოპულარობის გზა, რომელიც, თითქოს, დაწყებამდე უნდა დასრულებულიყო. ტეიტი შოუდან გააძევეს, რადგან მისი ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ქალს ქამრით სცემს. მალევე მისი მეორე ვიდეოც გასაჯაროვდა, რომელშიც ტეიტი ქალს ეუბნება, რომ სხეულზე, სავარაუდოდ, მის მიერ მიყენებული დალურჯებები დაითვალოს. ენდრიუ ტეიტმაც და ქალმაც უარყვეს ბრალდებები და თქვეს, რომ ვიდეოებში ორივესთვის სასურველი სექსის შედეგები იყო ასახული.
ენდრიუ ტეიტს “ქალთა გულთამპყრობლის” იმიჯი აქვს მორგებული, რომელიც მდიდრული ცხოვრებით ტკბება და მიიჩნევს, რომ ქალები სახლში უნდა იყვნენ, მანქანის ტარება არ შეუძლიათ და კაცის საკუთრება არიან. ის იმასაც ფიქრობს, რომ გაუპატიურების მსხვერპლებს თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ. ტეიტი ამბობს, რომ 18-19 წლის გოგოებს ხვდება, რადგან მათზე გავლენის მოპოვებას მარტივად შეძლებს. ის ქალების ცემის ფაქტებზე, დახრჩობაზე, მათი ნივთების გადაყრაზე, გარეთ გასვლის აკრძალვაზე საუბრობს.
ენდრიუ ტეიტი ღიად საუბრობდა, როგორ მოკლავდა ქალს, თუ ღალატში დაადანაშაულებდა, როგორ გადაყრიდა ქალის ნივთებს ფანჯრიდან, ერთ-ერთ ვიდეოში კი ყოფილ შეყვარებულს, რომელმაც ცემაში დაადანაშაულა, „უტვინო ძუკნა“ უწოდა.
ტეიტის საეჭვო ქმედებები რეალითი შოუში მონაწილეობის დროს გავრცელებული ვიდეოებით არ დასრულებულა. მის ტვიტერის გვერდზე ჰომოფობიური და რასისტული შინაარსის ტერმინები იპოვეს. 2017 წელს, ენდრიუ მენტალური ჯანმრთელობის საქველმოქმედო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს, რადგან ყოფილმა კიკბოქსერმა დეპრესიის შესახებ თქვა, რომ „არარეალურია“. მომდევნო თვეში კი ტეიტი #Metoo კამპანიას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქალებმა „გარკვეული პასუხისმგებლობა უნდა აიღონ“ გაუპატიურების შემთხვევებზე — ამ და სხვა განმეორებითი მოსაზრებების გამო ტეიტი ტვიტერმა დაბლოკა.
აღნიშნულმა ინციდენტებმა ტეიტის კარიერას, პოპულარობას ხელი შეუწყო და ის დონალდ ტრამპსაც კი შეხვდა, რის შემდეგაც ფეისბუკზე დაპოსტა — „ტეიტების ოჯახი ტრამპს სრულ მხარდაჭერას უცხადებს“.ფეისბუკ ფოტოები ტეიტის ანტი-ისლამურ აქტივისტ, სტივენ იაქსლი-ლენონთან კავშირსაც ცხადყოფს. ტეიტმა იაქსლი-ლენონი ერთ-ერთ პოდკასტში “კეთილი გულის” მქონე “კარგ ტიპად” მოიხსენია, რომელთან ერთადაც “დრო უთვალავჯერ უტარებია”. 2019 წელს, მას შემდეგ, რაც ტეიტი მის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტის, მაიკ სტაჩბერის სახლთან შენიშნეს, პოლიცია გამოიძახეს. იქამდე რამდენიმე დღით ადრე, იაქსლი-ლეონმაც იგივე ქნა. აღნიშნული ფაქტების გამო ჟურნალისტის ცოლს პანიკური შეტევა ჰქონდა. ამან საცხოვრებლად დიდი ბრიტანეთიდან გერმანიაში გადასვლის შესახებ ოჯახის გადაწყვეტილებაზეც იქონია გავლენა.
ქალთა უფლებებთან დაკავშირებით ტეიტის მოსაზრებები ტიკტოზე მოპოვებულ პოპულარობამდე ბევრად ადრე გახდა ცნობილი. ჯერ კიდევ 2018 წელს, ტეიტმა Heathrow-ს აეროპორტში ნანახი პოსტერის შემდეგ, რომელიც „ქალებს მოსიყვარულე დედის და ერთგული ცოლის როლის მორგების ნაცვლად დასასვენებლად წასვლისკენ მოუწოდებდა“, ფეისბუკზე დაწერა, რომ ეს „დასავლური ცივილიზაციის დაცემის“ ნიშანი იყო.
ენდრიუ ტეიტის წინააღმდეგ არსებული ოფიციალური ბრალდებები
ენდრიუ ტეიტი ღიად საუბრობდა ქალებზე ძალადობის ბრალდებების შესახებაც, თუმცა არ გავრცელებულა ინფორმაცია, რომ ის რომელიმე ბრალდების გამო სასამართლოს წინაშე წარსდგა. ტეიტი თავადვე იხსენებდა შემთხვევას, როცა კლუბში ქალმა ტელეფონი წაართვა, რის შემდეგაც ქალს დაარტყა და ყბა მოსტეხა. კიდევ ერთ ვიდეოში მან აღნიშნა, რომ პოლიცია ქალზე შესაძლო ძალადობის მიზეზით მის სახლში შეიჭრა და გაჩხრიკა. ინფლუენსერს ელექტრონული მოწყობილობები ჩამოართვეს და 2 დღით წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა ტეიტი ძალადობას უარყოფდა.
დიდ ბრიტანეთში მის წინააღმდეგ 11 სხვადასხვა საქმეზე, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შესაძლო შემთხვევის გამო იყო საქმე აღძრული. გამოძიება ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, როცა ტეიტმა მართლმსაჯულების სისტემისგან თავის არიდების მიზნით დატოვა ბრიტანეთი და რუმინეთში გადავიდა საცხოვრებლად. მან გამგზავრების მიზეზზე ვიდეოში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გზით გაუპატიურებისთვის მის წინააღმდეგ შესაძლო განაჩენისთვის თავის არიდება სურდა. ამბობდა იმასაც, რომ ეს მისი რუმინეთში გადასვლის მიზეზების მხოლოდ „40%-ს შეადგენდა“ და დაამატა — „არ ვარ ადამიანი, რომელიც ქალებს აუპატიურებს, მაგრამ მომწონს იდეა, რომ შემიძლია გავაკეთო, რაც მინდა. თავისუფლება მიყვარს“.
მართალია, ტეიტს მიაჩნდა, რომ რუმინეთის ოფიციალური უწყებები თავისუფლებას ნაკლებად შეუზღუდავდნენ, მაგრამ მისი დანაშაულებრივი საქმიანობით დაინტერესება არ დასრულებულა.
იანვარში, ტეიტმა და მისმა ძმამ, ტრისტანმა მილიონები გააკეთეს სხვადასხვა საიტზე, რომლებზეც კაცების მოტყუებას მოდელების ცრუ სამწუხარო ისტორიებით ახერხებდნენ. მოგვიანებით ამ წამოწყებას თავადვე უწოდეს „სრული თაღლითობა“.
აპრილში, ძმების სახლი პოლიციამ გაჩხრიკა, რადგან არსებობდა ეჭვი, რომ მათ 21 წლის ამერიკელი ქალი მისი ნების საწინააღმდეგოდ ჰყავდათ დატყვევებული. ტეიტები დაკითხვაზე წაიყვანეს, ისინი ბრალდებას უარყოფდნენ. რუმინული ოფიციალური უწყებების განცხადებით, მოგვიანებით გამოძიება ბევრად მასშტაბურ ბრალდებებზეც დაიწყო, რაც ადამიანთა ტრეფიკინგსა და გაუპატიურების ბრალდებებს გულისხმობდა.
ერთ-ერთ ბოლო ვიდეოში ტრისტანმა და ენდრიუმ ახლო აღმოსავლეთიდან გაავრცელეს ვიდეო, რომელშიც ტეიტები ამბობდნენ, რომ — „ძმები ტეიტები დედამიწაზე ქალთა უმანკოების ხანას დააბრუნებენ“. აღსანიშნავია, რომ ქალთმოძულე ძმების დამ მიიღო გადაწყვეტილება, სრულად დისტანცირებულიყო ძმებისგან.
ქალთმოძულე ინფლუენსერის ონლაინ პოპულარობის გზა
ენდრიუ ტეიტის ცხოვრებასთან დაკავშირებულმა მუდმივმა ხმაურმა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში ბრალდებებმა, რომელთა შესახებაც არაერთ ვიდეოში თვითონვე საუბრობდა, ხელი ვერ შეუშალა ფანების არმიის მოპოვებას. მეტიც, რაც უფრო მძიმე იყო გავრცელებული ბრალდებები, მით უფრო იზრდებოდა მისი მხარდამჭერების რაოდენობა და სიძულვილის შემცველი კონტენტიც უკონტროლოდ ვრცელდებოდა.
არაძალადობრივ პლატფორმებსა და საიტებზე, რომლებიც გავრცელებული კონტენტის შინაარსის კონტროლისთვის შინაგანაწესს იყენებენ, ტეიტმა ბოლო პერიოდში არნახული ონლაინ აუდიტორია მოიზიდა – მისი იდეები ტვიტერის, ფეისბუკის, ინსტაგრამის, ტიკტოკის თუ ფეისბუკის საშუალებით ვრცელდება.
წლების განმავლობაში მიცემული ინტერვიუების, პოდკასტების, მის მიერვე ჩაწერილი ვიდეოების მონაკვეთები სოციალური ქსელებით უკონტროლოდ ვრცელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ტეიტის ვიდეოებში მიზოგინიის აშკარა ნიშნები იკითხება, რომელთაც კაცებზე და ახალგაზრდა ბიჭებზე საზიანო გავლენის მოხდენა შეუძლია, რაც შესაძლოა რეალური ძალადობის შემთხვევების წინაპირობაც კი გახდეს. ტიკტოკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავის ვიდეოებს ჯამურად 11,6 მილიარდი ნახვა აქვს.
“თვითგანვითარებაზე ორინეტირებული გურუს” იმიჯს ამოფარებული ტეიტი კაცებს გამდიდრების, ქალების მოხიბვლისა და „მატრიციდან თავდაღწევის“ ხერხებს უზიარებს. ტიკტოკ ინფლუენსერი მცირე აუდიტორიიდან მსოფლიოში ყველაზე განხილვად ადამიანად რამდენიმე თვეში იქცა. მაგალითისთვის, ივლისში მის სახელს გუგლის საძიებო სისტემაში უფრო ხშირად ეძებდნენ, ვიდრე დონალდ ტრამპს თუ კიმ კარდაშიანს. მხოლოდ აგვისტოს თვეში კი ტიკტოკზე მის სახელთან დაკავშირებულ კონტენტს მილიარდზე მეტი ნახვა აქვს.
ტეიტის ცნობადობის სწრაფი ზრდა შემთხვევითობის წყალობით არ მომხდარა. The Observer-მა წარადგინა მტკიცებულებები, რომ ტეიტის გამომწერები სოციალურ ქსელებში აქტიურად ავრცელებდნენ მის ყველაზე საკამათო ვიდეოებს, რათა მაქსიმალური ნახვები და ჩართულობა გამოეწვიათ.
ტეიტის ვიდეოების ნახვისას, თუ მათ ზედაპირულად შეხედავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ უგემოვნო ან შავი იუმორით საუბრობს, საკუთარ მოსაზრებებს შეულამაზებლად აჟღერებს, თუმცა ტიკტოკზე გავრცელებული კონტენტიც ცხადყოფს, რომ დიდი ნაწილი სიძულვილითაა სავსე, რაც ტიკტოკის შინაგანაწესთან პირდაპირ წინააღმდეგობაშია — „აღმერთებს, განადიდებს, მხარს უჭერს ნებისმიერ სიძულვილის იდეოლოგიას“, მათ შორის, მიზოგინიას. ტიკტოკის წესდებაში ისიც წერია, რომ უნდა დაიბლოკოს მასალები, რომლებიც სხვა ადამიანის მიერ შექმნილ კონტენტს იყენებს.
მიუხედავად იმისა, რომ ენდრიუ ტეიტის კონტენტი ტიკტოკის წესებს აშკარად არღვევს — მიზოგინიას ავრცელებს და ქალთმოძულე ინფლუენსერის ფანები მის კონტენტს სხვა ანგარიშებით აზიარებენ, ვიდეო პლატფორმას არც მისთვის და არც ფანებისთვის შეზღუდვები თვეების განმავლობაში არ დაუწესებია. მეტიც, ტიკტოკის ალგორითმმა ტეიტის იდეები მეინსტრიმის ნაწილად აქცია და ახალგაზრდა მომხმარებლებიც უწყვეტად ეცნობოდნენ ინფლუენსერის კონტენტს.
The Observer-მა ექსპერიმენტი ჩაატარა – მათ თინეიჯერი ბიჭის ყალბი ანგარიში შექმნეს, მარტივად მოძებნეს ტეიტის კონტენტი და სულ რაღაც 2 ვიდეოს ნახვის შემდეგ, რეკომენდაციებში ტეიტის სხვა კონტენტი ნახეს, მათ შორის, მასალები, რომლებშიც მიზოგინურ იდეებს აჟღერებს. პლატფორმით მომდევნო სარგებლობისას პირველი 4 ვიდეო იყო მონაკვეთები ტეიტის ინტერვიუებიდან, რომლებიც 4 სხვადასხვა ანგარიშს ეკუთვნოდა.
ერთ-ერთ ვიდეოში, რომელიც ტეიტის სახელისა და ფოტოს მქონე ანგარიშიდან ვრცელდებოდა, თაღლითი ინფლუენსერი საუბრობს იმ მოლოდინებზე, რაც მეგობარი გოგოსგან აქვს – “ჩემი ქალისგან მოვითხოვ, ველი აბსოლუტურ ერთგულებას. ჩემი გოგო სხვა ბიჭებს არ უნდა ესაუბროს, არ უნდა მოეწონოს. ჩემი გოგოები კლუბებში ჩემს გარეშე არ დადიან, სახლში სხედან”.
ენდრიუ ტეიტის ონლაინ აკადემია — ძალადობა, როგორც ფულის კეთების გზა
ენდრიუ ტეიტის ფანების თავდაუზოგავი მცდელობა, რომ ქალთმოძულე ინფლუენსერი მეინსტრიმის ნაწილად აქციონ, გულანთებული მხარდამჭერების შეუთანხმებელი მოქმედებების შედეგი არ არის. ამის უკან ტეიტის საიდუმლო ონლაინ აკადემიის წევრები და ტეიტის შთაგონებით შექმნილი ტიკტოკ ანგარიშები დგას, რომლებიც. ექსპერტების თქმით, ტიკტოკის „ალგორითმით მანიპულაციას“ ისახავდნენ მიზნად, რათა ენდრიუ ტეიტის კონტენტი მაქსიმალურად გავრცელებულიყო. აღნიშნული სტრატეგიის დახმარებით, სამ თვეზე ნაკლებ დროში, ინფლუენსერმა გამომწერების არმია მოაგროვა და დიდი ფულიც გამოიმუშავა. მისი ონლაინ აკადემიის წევრები ყოველთვიურად საწევროს იხდიან, ის ადამიანები კი, რომლებიც ტეიტის ჯგუფში ახალ ადამიანებს ამატებენ, ამ თანხის ნახევარს გამოიმუშავებენ.
ენდრიუ ტეიტი საკუთარი ანგარიშით ვიდეოებს ნაკლებად ავრცელებს, თუმცა ასობით ანგარიში მის სახელსა და ფოტოს იყენებს. მისი აკადემიის წევრები, რომელთა შორის 13 წლის მოზარდი ბიჭებიც კი არიან, დარწმუნებულნი არიან, რომ ტეიტის სწავლებით კრიპტო ინვესტიციების მიმართულებით დიდძალი თანხის გამომუშავებას შეძლებენ და დამატებითი სარგებლის მიღება ახალი ადამიანების მოზიდვითაც შეუძლიათ.
მათი მიზანია, დაჯგუფებაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი გააწევრიანონ, ამიტომ საკაათო კონტენტის ვირუსულად გავრცელება აწყობთ. ენდრიუ ტეიტის ონლაინ აკადემიის ერთ-ერთი გზამკვლევი „სტუდენტებს“ პირდაპირ ეუბნება, რომ „კომენტარებისა და კონტროვერსიის“ გამომუშავება წარმატების გასაღებია: „იდეალურ შემთხვევაში 60-70% ფანებისა და 40-30% ჰეითერის მოზიდვისკენ უნდა ისწრაფოდეთ. დაპირისპირება, ომი თქვენთვისვეა უკეთესი“.
ტეიტის კრიტიკოსების თქმით, მისი აღზევება ონლაინ მიზოგინიასთან დაკავშირებით განგაშის ნიშნებს შეიცავს და პოტენციური რადიკალიზების შესაძლებლობაც არსებობს. ერთ-ერთი ქალი ტეიტს “ინტერნეტის ყველაზე საშიშ კაცს უწოდებს”. სხვა კი ონლაინ ფორუმზე წერდა, რომ მისი შეყვარებულის დამოკიდებულება და მოსაზრებები ტეიტის ვიდეოების ნახვის შემდეგ რადიკალურად შეიცვალა.
კოალიცია End Violence Against Women-ის დირექტორი, ანდრეა სიმონი აღნიშნავს, რომ ტიკტოკი “უმოქმედობით ხელს უწყობს და სარგებელს ნახულობს ახალგაზრდა ბიჭებში რადიკალური იდეების გავრცელებით”.
“მოზარდობისას მსგავსი მასალების ნახვამ შესაძლოა ბავშვების დამოკიდებულებები, ხედვა განსაზღვროს, რაც სამომავლოდ ქალებისა და გოგოებისთვის საზიანო აღმოჩნდება, როგორც ონლაინ, ისე რეალურ სივრცეში“, — ამბობს ჰანა რაჩენი, ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის საზოგადოების წევრი.
როგორია ტიკტოკის პოზიცია
ტეიტის აღზევება იმის მანიშნებელიც არის, რა მარტივად შეიძლება ტიკტოკის ალგორითმით მანიპულაცია და მისი გამოყენება საზიანო იდეების გავრცელებისთვის.
„საშიში ისაა, რომ მისი კონტენტი ყურადღებას იქცევს, ტიკტოკის ალგორითმი კი საკმაოდ აგრესიულია და კონკრეტულ ვიდეოზე თუნდაც მცირე ხნით დაყოვნების შემდეგ, მსგავს კონტენტს ისევ და ისევ გთავაზობს… ახლა ტიკტოკზეა დამოკიდებული, რამდენად მიაქცევს საზიანო კონტენტსა და მანიპულაციას ყურადღებას, კითხვა კი რჩება — აქამდე როგორ ვერ შენიშნეს? ან რატომ აქამდე არ იმოქმედეს?“, — აღნიშნავს კოლამ ჰუდი, ციფრულ სიძულვილთან ბრძოლის ცენტრის კვლევების ხელმძღვანელი.
ტიკტოკის პრესსპიკერმა კი განაცხადა: „მიზოგინია და სიძულვილისშემცველი სხვა იდეოლოგიები თუ ქცევა ტიკტოკისთვის მისაღები არ არის და ვმუშაობთ მასალების შესწავლისთვის, რათა დარღვევების საპასუხოდ ვიმოქმედოთ. ვაგრძელებთ მუშაობას შინაგანაწესის კიდევ უფრო დახვეწისთვის და მეტი ეფექტურობისთვის, მათ შორის, რეკომენდაციებზე მეტად დაცული სისტემის შესაქმნელად“.
პრესსპიკერმა პლატფორმის ალგორითმით მანიპულირების შესახებ კომენტარი არ გააკეთა, თუმცა აღნიშნა, რომ მომხმარებლებს შეუძლიათ კონკრეტული ვიდეოს ნახვისას აირჩიონ — „არ ვარ დაინტერესებული“ და იმ ანგარიშის მასალები აღარ შეხვდებათ, რომელსაც მათთვის ნაკლებად სასურველი ვიდეო ეკუთვნოდა.
ტიკტოკის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების მიუხედავად, რომლის თანახმადაც, ვიდეო კონტენტის გაფილტვრა მომხმარებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, ენდრიუ ტეიტის ირგვლივ არსებულმა ხმაურმა და პლატფორმის კრიტიკოსების მზარდმა რაოდენობამ გარკვეული შედეგი გამოიღო — ტეიტის ტიკტოკ ანგარიში დაბლოკეს.
აღსანიშნავია, რომ სოციალური ქსელები ერთმანეთის მიყოლებით აუქმებენ ენდრიუ ტეიტის ანგარიშებს, მაგრამ მისი მოსაზრებები მაინც უკონტროლოდ ვრცელდება. ქალთმოძულე ინფლუენსერის კონტენტის მთავარი გამავრცელებლები ფანები არიან, ენდრიუ ტეიტის ძალმომრეობის პირამიდა უწყვეტად ახერხებს ახალი ადამიანების მოზიდვას, ამიტომ მის შესაჩერებლად ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
ენდრიუ ტეიტის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებების შედეგს მომავალი გვიჩვენებს, თუმცა ონლაინ მომხმარებლები კვლავ სვამენ კითხვას — არის თუ არა მისი სოციალური ქსელებიდან დაბლოკვა მიზოგინური იდეების გავრცელების დასასრული? 12 მილიარდ ნახვაზე მეტი მხოლოდ ტიკტოკზე, მისი ონლაინ აკადემიის ათასობით წევრი, რომლებიც კონტენტს ვირუსულად ავრცელებენ და ის გავლენა, რაც ქალთმოძულე ინფლუენსერმა სხვებზე იქონია, აღნიშნულ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემას ართულებს.
თუმცა, ცხადია, რომ სოციალურმა ქსელებმა მეტად ეფექტური მეთოდები, შინაგანაწესი უნდა შეიმუშაონ, რათა დაინტერესებულმა ადამიანებმა ალგორითმის „გაცურება“ და ამ გზით საკუთარი ინტერესის შესრულება სამომავლოდ მაინც ვეღარ შეძლონ.
წყარო: The Latch / The Guardian
Don't Miss
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“ და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება
სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი მიიჩნევა თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8
საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური
რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების მიერ დაგეგმილი მსვლელობებისა და აქციების