ლილ ნასი

/

12 ქვიარ მუსიკოსი, რომელთა გარეშე 2021 წელი ბევრად მოსაწყენი იქნებოდა

2021 წელი მრავალი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა ერთ-ერთი ნათელი წერტილი ქვიარ არტისტების არაერთი კარგი ნამუშევარი იყო. Lil Nas, St. Vincent, Demi Lovato თუ სხვა მუსიკოსები მთავარ სასაუბრო თემად იქცნენ და ჩარტებში ლიდერობაც

12 ქვიარ მუსიკოსი, რომელთა გარეშე 2021 წელი ბევრად მოსაწყენი იქნებოდა

/

2021 წელი მრავალი გამოწვევით იყო სავსე, თუმცა ერთ-ერთი ნათელი წერტილი ქვიარ არტისტების არაერთი კარგი ნამუშევარი იყო. Lil Nas, St. Vincent, Demi Lovato თუ სხვა მუსიკოსები მთავარ სასაუბრო თემად იქცნენ და ჩარტებში ლიდერობაც მოიპოვეს. ამ სტატიაში ჩამოთვლილი 12 ალბომიდან, ალბათ, ნაწილი უკვე გსმენიათ, ზოგიერთსაც ახლა აღმოაჩენთ და მერწმუნეთ, დიდხანს იღიღინებთ.

12. Demi Lovato – Dancing with the Devil… the Art of Starting Over

2021 წელს დემი ლოვატომ ერთგულ ფანებს მრავალი სიახლე გაუზიარა. წლის დასაწყისში გამოსულ დოკუმენტურ სერიებში ნარკოტიკების ზედოზირების, სექსუალური ძალადობისა და დამოკიდებულების გადალახვის რთულ პროცესზე ისაუბრა, მოგვიანებით კი, საკუთარ გენდერულ იდენტობაზე ალაპარაკდა და თქვა, რომ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე არტისტია. შეიძლება, მისი მუსიკა ნაკლებად მოგწონდეთ, მაგრამ ფაქტია, რომ მომღერალმა საკუთარი პლატფორმა არაერთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე სასაუბროდ გამოიყენა, რაც მის ალბომში – Dancing with the Devil… the Art of Starting Over – გაგრძელდა. „ვეძებდი პასუხებს კითხვებზე, რომლებზეც პასუხები არ არსებობს, ჯოჯოხეთი გამოვიარე“, – მღერის ლოვატო ყველაზე გულწრფელ ალბომში, რაც აქამდე ჩაუწერია და ცდილობს, მსმენელებს ჯოჯოხეთიდან თავის დაღწევის გზა დაანახოს.

11. Cavetown – Man’s Best Friend

23 წლის ბრიტანელი არტისტი სასცენო სახელით – Cavetown, ახალ ალბომში მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებზე, დაშორებაზე, საკუთარი თავის ხელახლა შენებაზე მღერის. ინდი პოპ-როკ ალბომს სიმშვიდე, გულწრფელობა და იმედიანი ტექსტები გამოარჩევს, რაც, შესაძლოა, მსმენელს მსგავსი გამოწვევების გადალახვაში დაეხმაროს. თუ Cavetown-ის საუკეთესო ალბომი ჯერ არ მოგისმენიათ, შანსი აუცილებლად უნდა მისცეთ, შეიძლება, ზოგიერთმა სიმღერამ თქვენს ფლეილისთშიც დაიკავოს ადგილი.

10. St. Vincent

2 გრემის მფლობელმა St. Vincent-მა 2021 წელს გამოსული ალბომისთვის – Daddy’s Home, კიდევ ერთი ნომინაცია მოიპოვა. საუკეთესო ალტერნატიული ალბომისთვის ნომინირებული მუსიკოსი 70-იანების როკ-ენ-როლს მიაგებს პატივს და სასიყვარულო ურთიერთობაზე მღერის, რაც ხშირად საშიში და მოულოდნელობებით აღსავსეა. ალტერნატიული ჟღერადობის ალბომი მშობლობაზე, დაშვებულ შეცდომებს და შვილის ყოლასთან დაკავშირებულ შიშებზეა და 2021 წლის საუკეთესო ალბომებში ღირსეულად იკავებს ადგილს.

9. Girl in Red – if i can make it go quiet

22 წლის ნორვეგიელი მუსიკოსი ყველა იმ გამოწვევაზე მღერის, რომელიც ჯენზი თაობას ყველაზე მეტად აღელვებს. მენტალური ჯანმრთელობა, საკუთარი იდენტობის ძიება და ურთიერთობები ახალგაზრდა არტისტის მთავარი სათქმელია, რასაც ჟანრობრივი მრავალფეროვნებითა და გულწრფელობით ახერხებს. Girl in Red ახალგაზრდა მუსიკოსებისთვის მნიშვნელოვანი ფორმისა და შინაარსის ძიების საუკეთესო მაგალითია და ალბომის არაერთი სიმღერა შეძლებს თქვენს გონებაში კარგა ხანს დარჩეს.

8. Doja Cat – Planet Her

რამდენიმე წელია Doja Cat-ის სიმღერები ტიკტოკ ტრენდებად იქცა. პოპ შემსრულებლის მარტივად დასამახსოვრებელი ტექსტები და მუსიკა, რომელიც ცეკვის ხასიათზე დაგაყენებთ, თანამედროვე პოპ კულტურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. მომღერალი საკუთარ სიმღერებში დისკო ჟღერადობის და ფანკის გავლენის ასახვას შესანიშნავად ახერხებს და Planet Her ამის კიდევ ერთი დადასტურებაა.

7. Adult Mom – Driver

შეყვარებულთან დაშორების, გულისტკივილის და რთული პერიოდის გადალახვის, საკუთარ ცხოვრებაზე კონტროლის აღების შესახებ ჩაწერილი Driver – შესანიშნავი ალბომია, რომელშიც ორგანულად არის ჩაშენებული სოციალური კომენტარი თუ მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევები, რასაც კარგი იუმორი, საინტერესო ჟღერადობა და გამორჩეული ვოკალი ერთვის. შესაძლოა, ეს ალბომი ჯერ არ მოგისმენიათ, მაგრამ გირჩევთ, დღესვე ჩართოთ და მოზარდობის საყვარელი მუსიკის გავლენები და ახალი სათქმელიც აღმოაჩინოთ.

6. Joy Oladokun – In defense of my own happiness

ახალგაზრდა ქვიარ მუსიკოსის ეს ალბომი საკუთარი თავის მიღების, იდენტობის და ბედნიერების ძიებაზეა. გულწრფელი ტექსტები, შესანიშნავი ვოკალი და მარტივი, თუმცა საინტერესო ინსტრუმენტალური თანხლება ამ ალბომს გამორჩეულ სიამოვნების წყაროდ აქცევს. თუ არტისტს საკუთარი თავის ძიების გზაზე წაჰყვებით და ალბომს მოუსმენთ, მიხვდებით, რომ რაღაც ახალი თქვენი გამოწვევების შესახებაც ისწავლეთ.

5. Brockhampton – Roadrunner: New Light, New Machine

ჰიპ-ჰოპი მრავალი ათწლეულის განმავლობაში ჰეტერონორმატული ნარატივების გაჟღერების მთავარი წყარო იყო, თუმცა ბოლო წლებში ეს მდგომარეობა იცვლება, რისი დადასტურებაც Blockhampton-ია. ჰიპ-ჰოპ დაჯგუფება, რომელიც სხვადასხვა სექსუალური იდენტობის და ეთნიკური წარმომავლობის არტისტებს აერთიანებს, აქამდე არსებულ ნარატივს ცვლის და ახალ სათქმელს ამბობს, თანაც, ამას საინტერესო მუსიკის შექმნით ახერხებს. დაჯგუფების ახალი ალბომი ამის კიდევ ერთი მაგალითია – ჰიპ-ჰოპ ტრადიციების გამეორება და სათქმელის ახლებურად მოყოლა ალბომის მოსმენას შესანიშნავ გამოცდილებად აქცევს.

4. Japanese Breakfast – Jubilee

მუსიკოსის თქმით, ბედნიერების დიდებაზე დაწერილი Jubilee ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც 2000-იანების საუკეთესო პოპ ნამუშევრებსაც გაგახსენებთ, ინდი მუსიკის ხიბლსაც გაგრძნობინებთ და ახალ ჟღერადობებს და სათქმელსაც გაგიზიარებთ. „როგორი გრძნობაა საკუთარი ძალაუფლების მწვერვალზე დგომა, ყველა გულის მოხიბლვა?“ — მღერის Japanese Breakfast და მსმენელსაც უზიარებს ბედნიერებას, რომელიც რთული პერიოდის დასრულებას მოსდევს.

https://youtu.be/zqrEVwTnlF4

3. Mykki Blanco – Broken Hearts and Beauty Sleep

კიდევ ერთი გამორჩეული ქვიარ არტისტი, რომელიც მეინსტრიმის ნაწილი არ არის, თუმცა ყველასგან გამორჩეულ მუსიკას ქმნის და ბევრად დიდ ყურადღებას იმსახურებს, რეპერი Mykki Blanco-ა. მუსიკოსი რეპის, ფანკის, ფოლკის, R&B-ს გაერთიანებას ახერხებს, მაგრამ ჟანრობრივი მრავალფეროვნების მიუხედავად, სიმარტივის, ჩამთრევი რითმებისა და ტექსტების შენარჩუნებას ახერხებს. დამსხვრეული გულებისა და გამაჯანსაღებელი ძილის შესანიშნავი მუსიკალური ამბავი ნებისმიერ მსმენელს კარგა ხანს დაამახსოვრებს თავს.

2. Tune-Yards – Sketchy.

თუ დიდი სიამოვნების მისაღებად და საცეკვაოდ მზად ხართ, ეს ალბომი უნდა მოისმინოთ, რომელიც ისეთ თემებზე მოგიყვებათ, როგორიც გენდერული დისფორია, კლიმატის ცვლილება, აბორტის უფლება და სხვა არაერთი მნიშვნელოვანი სათქმელია, მაგრამ ამას თავბრუდამხვევი სიმსუბუქით შეძლებს. ქაოტური, ერთმანეთში აზელილი ჟღერადობები, შეძახილები, ინსტრუმენტები ალბომის მოსმენას სულაც არ ართულებს, მეტიც, 37 წუთი ისე გაივლის, ვერ შეამჩნევთ და ხელახლა მოსმენას მოგანდომებთ.

1. Lil Nas X – MONTERO

MONTERO ამ სიის ჩემი ფავორიტი ალბომი არაა, მაგრამ 2021 Lil Nas-ის წელი იყო. 22 წლის რეპერმა არაერთი ქვეყნის ჩარტების ლიდერობა მოიპოვა და 5 გრემის ნომინაცია მიიღო. საკუთარ იდენტობაზე ღიად მოსაუბრე არტისტი საკუთარი მუსიკით ცვლილებებს იწვევს, რაც ამ ალბომს კიდევ უფრო მნიშვნელოვან ძალას ანიჭებს. ამ ალბომის რომელიმე სიმღერა მაინც აუცილებლად მოსმენილი გექნებათ და მოგწონთ თუ – არა, თავს დაგამახსოვრებთ, ცეკვის განწყობაზე დაგაყენებთ, სიმარტივით მოგხიბლავთ. მეტი რა უნდა ქნას 22 წლის არტისტმა, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო?!

ავტორი: გიორგი ბასხაჯაური