ლესბოსელი სენატორი

თემი ბოლდუინი — პირველი ქვიარ ქალი, რომელიც სენატორად აირჩიეს

2012 წელს, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, თემი ბოლდუინი პირველი ღიად ქვიარი და ვისკონსინის შტატში პირველი ქალი გახდა, რომელიც აშშ-ში სენატორად აირჩიეს. მან არჩევნებში რესპუბლიკელი ოპონენტი, ტომი ტომპსონი დაამარცხა. ბოლდუინი დაიბადა და გაიზარდა

თემი ბოლდუინი — პირველი ქვიარ ქალი, რომელიც სენატორად აირჩიეს

2012 წელს, აშშ-ის დემოკრატიული პარტიის წევრი, თემი ბოლდუინი პირველი ღიად ქვიარი და ვისკონსინის შტატში პირველი ქალი გახდა, რომელიც აშშ-ში სენატორად აირჩიეს. მან არჩევნებში რესპუბლიკელი ოპონენტი, ტომი ტომპსონი დაამარცხა.

ბოლდუინი დაიბადა და გაიზარდა ვისკონსინში, კერძოდ, მედისონში. დედის მენტალურად არასტაბილური მდგომარეობის გამო, თემი ბებიამ და ბაბუამ აღზარდეს. კვირის განმავლობაში თემი დედას მხოლოდ შაბათობით თუ სტუმრობდა, რომელიც 2017 წელს გარდაიცვალა.

1980 წელს თემიმ მედისონის სკოლა დაასრულა. მოგვიანებით, 1984 წელს, სმიტის კოლეჯში ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, ხოლო 1989 წელს იურიდიული ხარისხი ვისკონსისნის სამართლის სკოლაში. თემიმ კარიერა ამ მიმართულებით განაგრძო და ადვოკატირების კერძო პრაქტიკას 1992 წლამდე გადიოდა. 

1992 წელსვე თემიმ, დემოკრატების სახელით, გაიმარჯვა ვისკონსინის 78-ე საოლქო უბანზე და მას შემდეგ პოლიტიკაში განაგრძო მოღვაწეობა.

1993 წელს მან საჯაროდ განაცხადა, რომ იმედგაცრუებული იყო იმჟამინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის მხარდაჭერით სამხედრო წყობის პოლიტიკისადმი, რომელიც ქვიარ თემს შეეხებოდა. მას ერქვა “არ იკითხო, არ თქვა” და გულისხმობდა წესს, რომლის მიხედვითაც, სამხედრო პერსონალის ლგბტქია+ სპექტრის დისკრიმინაცია იკრძალებოდა, თუმცა ღიად ქვიარ ადამიანების მიღება სამხედრო სამსახურში არ იყო ნებადართული.  

1994 წლის დასაწყისში თემი გამოვიდა ინიციატივით, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინება ვისკონსინში ლეგალური ყოფილიყო, ხოლო 1995 წელს საზოგადოებას სამოქალაქო პარტნიორობის ხელშეკრულების ლეგალიზება შესთავაზა.

Isthmus

2008 წელს, ბოლდუინმა, რომელიც ქვიარ თემის უფლებებს ადვოკატირებდა, ლგბტ თანასწორობის ჯგუფი დააარსა.

გარდა ლგბტქი უფლებების დაცვისა, თემი ბოლდუინს საზოგადოება ჰუმანური პოლიტიკის გატარებით იცნობს. ის არჩევის დღიდან ღიად უპირისპირდებოდა ბრალდებულთა სიკვდილით დასჯას. აღსანიშნავია, რომ ვისკონსინი სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმებისას ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ კანონის არსებობის ისტორიაში, შტატში სიკვდილით დასჯის მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება.

2012 წელს, დემოკრატების კანდიდატმა მხარდამჭერებს სენატის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ აცნობა და წინასაარჩევნო რესურსი ჯანდაცვაში არსებული პოლიტიკის გადასააზრებლად, საგადასახადო პოლიტიკასა და თანასწორობაზე სასაუბროდ გამოიყენა. ბოლდუინის იდეები განსაკუთრებულად იყო ორიენტირებული ჯანდაცვის რეფორმასა და სამუშაო ადგილების რაოდენობის ზრდაზე. ცნობილია, რომ ის 2010 წელს პრეზიდენტ ობამას ჯანდაცვის სისტემის განახლების აქტიური მხარდამჭერი იყო.

წინასაარჩევნო კამპანიისას, თემიმ დაფინანსება ორგანიზაციისგან “დემოკრატია ამერიკისთვის” და ფონდ EMILY’s List-სგან მიიღო. მისი ოპონენტი, რესპუბლიკელი ტომი ტომპსონი აცხადებდა, რომ თემის გამოსვლები და იდეოლოგია ქვეყნისთვის მეტისმეტად მემარცხენე იყო და საფრთხეში აყენებდა ვისკონსინის მოსახლეობას. ბოლდუინმა ოპონენტთან დებატებში მონაწილეობა 3-ჯერ მიიღო და ტონი არჩევნებშიც დაამარცხა.

მისი სექსუალობა და ლესბოსელობა არჩევნების პერიოდში კამპანიის ამოსავალი წერტილი არ ყოფილა. CNN-ის ცნობით, არჩევნების მიმდინარეობისას თემიმ განაცხადა, რომ ის კენჭს ცვლილებებისთვის იყრიდა და არა იმისთვის, რომ თავისი პრეცედენტული გამარჯვებით ისტორია შეექმნა. თემის თქმით, ის იმედოვნებდა, რომ სენატი მეტად ასახავდა ამერიკასა და ქალების ცხოვრებისეულ გამოცდილებას.

“როცა მაგიდასთან ადგილი გაქვს, ეს მნიშვნელოვანია და მგონი, ჩვენ დავინახავთ, რომ სენატი მეტად ასახავს ამერიკას. ჩვენ ჯერ მანდ არ ვართ, მაგრამ ეს ის ცვლილება იქნება, რომელიც წინ წაგვიყვანს”, — განაცხადა თემიმ.

ბოლდუინმა ლგბტქი უფლებების ადვოკატირება გამარჯვების შემდეგაც განაგრძო ქვიარ ადამიანების დაცვა და მათი მუდმივი რეპრეზენტაცია ჰეტერონორმატიულ საზოგადოებებში. 

CNN

2016 წელს, ორლანდოში მომხდარ მასობრივ მკვლელობას, როცა გეი კლუბზე თავდასხმის შედეგად 50 ადამიანი დაიღუპა, სენატორმა ბოლდუინმა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული უწოდა და განაცხადა, რომ მთავარი კითხვა, რომელიც საკუთარ თავებს უნდა დავუსვათ, ისაა, ვაპირებთ თუ არა გაერთიანებასა და სიძულვილის, იარაღისა და ტერორიზმის  წინააღმდეგ ბრძოლას.

2017 წლის მაისში ბოლდუინი ხელმძღვანელობდა თანასწორობის აქტის კვლავ შემოღებას, რომელიც, წარმატებით გასვლის შემთხვევაში, აშშ-ში ლგბტქი+ ამერიკელებს დისკრიმინაციისგან დაიცავდა.

გარდა უზარმაზარი სიმბოლური მნიშვნელობისა, რომელიც ქვიარ თემისთვის ლესბოსელი პოლიტიკოსის გამარჯვებას ჰქონდა, პროგრესული ლიდერის გამარჯვება დემოკრატებს სენატის კონტროლშიც დაეხმარა.

2013 წელს ბოლდუინი სენატის შვიდი წევრიდან, რომლებმაც ლიბერალურ რეიტინგში მეხუთე ადგილი დაიკავეს, ერთ-ერთი იყო. თუმცა, როგორც თავად აღნიშნავს, ის პროგრესული უფროა და ცდილობს, იბრძოლოს მათი სახელით, ვისაც ეს არ შეუძლია. 

თემი ბოლდუინი ფემინისტია, იბრძვის ქალების ემანსიპაციისთვის. მისი იდეოლოგიაც თანასწორობის პოლიტიკას ეფუძნება. იგი იბრძოდა ცვლილებების განსახორციელებლად, როდესაც აშშ-ში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის ცნების გაფართოება მოხდა. თემის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, სამსახურებრივი ანაზღაურება გენდერისგან დაცლილი იყოს და აღიკვეთოს კაცებისათვის მეტის გადახდის პრაქტიკა.

აღსანიშნავია 2022 წელს ბოლდუინის ლიდერობა, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ორად გახლეჩილი სენატისთვის ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების კანონპროექტთან მიმართებით. რამდენიმე საათით ადრე, სანამ სენატი კანონპროექტს დააკანონებდა, რომელიც ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინების უფლების დაცვის შენარჩუნებას გულისხმობდა, თემიმ ორჯერ დააკაკუნა ხის მაგიდაზე:

“ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ ეს მაინც უნდა გავაკეთო!” განუცხადა თემიმ CNN-ს.

თუმცა მისი შფოთვა უსაფუძვლო იყო — სენატმა კანონპროექტს მხარი დაუჭირა