წინა სტატიაში უკვე განვმარტეთ, რა არის სექსუალური შევიწროება და განვიხილეთ ისიც, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა სივრცეში. მიმოვიხილეთ სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაც, მათ შორის, კონკრეტული საქმეები საქართველოში. ამჯერად საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე ვისაუბრებთ.
წინა სტატიებში უკვე ვისაუბრეთ, რა არის სექსუალური შევიწროება და განვიხილეთ ისიც, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვაგან, მათ შორის, სამუშაო ადგილას, საჯარო სივრცეში და ა.შ. გარდა ამისა, მიმოვიხილეთ კონკრეტული საქმეები საქართველოში.
- რა არის სექსუალური შევიწროება?
- სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე
- სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
დღეს მოგიყვებით სექსუალური შევიწროებისგან დაცვის მექანიზმებზე.
სამოქალაქო სამართალწარმოების მექანიზმი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3632-ე მუხლის თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს, უფლება აქვს, სასამართლოში შეიტანოს სარჩელი იმ პირის/დაწესებულების წინააღმდეგ, რომელმაც, მისი ვარაუდით, მის მიმართ დისკრიმინაცია განახორციელა და მოითხოვოს მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვა შესაძლებელია 1 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც პირმა გაიგო ან პირს უნდა გაეგო იმ გარემოების შესახებ, რომელიც მას დისკრიმინაციულად მიაჩნია. პირს უფლება აქვს, სარჩელით მოითხოვოს დისკრიმინაციული ქმედების შეწყვეტა ან/და მისი შედეგების აღმოფხვრა; მორალური ან/და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
ადმინისტრაციული სამართალწარმოება
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლის თანახმად, სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალულია და სექსუალური შევიწროების ჩამდენი პირი დაჯარიმდება პოლიციის მიერ.
ჯარიმა 300 ლარია, ხოლო ერთი წლის განმავლობაში სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოების 1 თვემდე ვადით.
სექსუალური შევიწროების ჩადენა: არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 800 ლარამდე ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით ან გამოსასწორებელ სამუშაოებს 1 თვემდე ვადით.
სახალხო დამცველის მექანიზმი
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მე-141მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის და დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის თანახმად:
- საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს იმ ფიზიკური ან იურიდიული პირის ან პირთა ჯგუფის განცხადებას და საჩივარს, რომელიც თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევს.
- აღნიშნული ასევე მოიცავს სექსუალური შევიწროების შემთხვევებს.
- დისკრიმინაციასთან, მათ შორის, სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ ფაქტებს საქართველოს სახალხო დამცველის თანასწორობის დეპარტამენტი განიხილავს.
სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტის შესწავლის მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი მიმართავს, მათ შორის, შემდეგ აქტივობებს:
- პირადად ხვდება სავარაუდო მსხვერპლს და სექსუალური შევიწროების ჩამდენს;
- ინფორმაციას წერილობით გამოითხოვს სავარაუდო მსხვერპლისგან და სექსუალური შევიწროების ჩამდენისგან;
- ორივე მხარის თანხმობის შემთხვევაში, მხარეების მონაწილეობით მართავს ზეპირ მოსმენას, რომლის დროსაც, მხარეებს ასევე შეუძლიათ ერთმანეთისთვის კითხვების დასმა;
- პირადად ხვდება საქმესთან დაკავშირებულ მესამე პირებს;
- ინფორმაციას წერილობით გამოითხოვს საქმესთან დაკავშირებული მესამე პირებისგან და ორგანიზაციებიდან;
- საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ორგანოს მეშვეობით, ამოწმებს მხარეების მიერ წარმოდგენილი ვიდეო ან აუდიოჩანაწერის ნამდვილობას.
- მხარის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი იცავს მის კონფიდენციალურობას მესამე პირებისგან.
- მესამე პირების მიერ მოთხოვნის შემთხვევაში, საქართველოს სახალხო დამცველი იცავს მათ კონფიდენციალურობას მხარეებისგან და მესამე პირებისგან.
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება:
საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-18 მუხლის „ბ“ და „გ“ პუნქტის თანახმად, მათ შორის, სექსუალური შევიწროების ფაქტის შესწავლისას, საქართველოს სახალხო დამცველს უფლება აქვს, ნებისმიერ საჯარო თუ კერძო სამართლის პირს ან ორგანიზაციას მოსთხოვოს, რომ არაუგვიანეს 10 დღის განმავლობაში, წარუდგინონ ნებისმიერი ინფორმაცია — დოკუმენტი ან სხვა მასალა და ასევე, მიიღოს წერილობითი ახსნა-განმარტება, რომელიც მას საქმის შესწავლისთვის სჭირდება.
სამართლებრივი დაცვის მექანიზმების ურთიერთდამოკიდებულება
მსხვერპლმა შესაძლოა გამოიყენოს რამდენიმე სამართლებრივი დაცვის საშუალება — სასამართლო და საქართველოს სახალხო დამცველი, თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვები. კერძოდ, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი აჩერებს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო დავას სასამართლო განიხილავს. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით კი, საქართველოს სახალხო დამცველი წყვეტს საქმის წარმოებას, თუ სავარაუდო დისკრიმინაციის იმავე ფაქტის გამო საქმეზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
ავტორი: თამარ ავალიანი
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
სექსუალური შევიწროება საჯარო სივრცეში
წინა სტატიაში უკვე განვმარტეთ, რა არის სექსუალური შევიწროება და განვიხილეთ ისიც, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა სივრცეში. მიმოვიხილეთ სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებაც, მათ შორის, კონკრეტული საქმეები საქართველოში. ამჯერად საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებაზე ვისაუბრებთ.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს არასასურველ კომენტარებს, ჟესტებს, დასიგნალებას, სტვენას, შეურაცხმყოფელ წამოძახილებს, ინტიმური ადგილების ჩვენებას, ადევნებას, დაჟინებულ სექსუალურ ჟესტებს, შეხებას უცხო ადამიანების მიერ, საჯარო ადგილებში, როგორიცაა, მაგალითად, ქუჩები, სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი ტრანსპორტი.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება საკმაოდ ფართოდ გავრცელებული შევიწროების ფორმაა, რომელსაც ქალები ხშირად აწყდებიან. ქუჩაში შევიწროების ფაქტს ხშირად უმნიშვნელოდ მიიჩნევენ და მას ნაკლები ყურადღება ეთმობა (“The Woman in the Street:”t Reclaiming the Public Space from Sexual Harassment, Deborah M. Thompsont, Yale Law Journal). ქუჩაში შევიწროების მსხვერპლი ძირითადად არის ქალი, ხოლო შევიწროების განმახორციელებელი — კაცი. სექსუალური შევიწროების განმახორციელებელი პირი, როგორც წესი, სამიზნეს არ იცნობს, შეხვედრა ხდება პირისპირ და იგი არის საჯარო ხასიათის. შემვიწროებლის კომენტარები არის ობიექტური თვალსაზრისით დამამცირებელი, ახდენს ქალის ობიექტივაციას, არის შეურაცხმყოფელი და ხშირად შეიცავს მუქარას (Bowman, Street Harassment and the Informal Ghettoization of Women, 106 Harvard Law Review, 517).
საჯარო სივრცის განმარტება
საჯარო სივრცედ მიიჩნევა:
- სასტუმროები და სხვა დროებითი საცხოვრებელი ადგილები;
- რესტორნები და ბარები;
- თეატრები, სპორტული სტადიონები და სხვა გასართობი ადგილები;
- მაღაზიები და სხვა სავაჭრო დაწესებულებები;
- მომსახურების დაწესებულებები, მაგალითად, სამრეცხაოები, ბენზინგასამართი სადგურები, ადვოკატების ან ბუღალტრების ოფისი;
- საავადმყოფოები, სამედიცინო და სტომატოლოგიური კლინიკები და სხვა სამედიცინო დაწესებულებები;
- ტრანსპორტი ან სადგურები;
- მუზეუმები, ბიბლიოთეკები და სხვა საჯარო საგამოფენო ადგილები;
- პარკები, სპორტული დარბაზები, სანაპიროები და სხვა რეკრეაციული ადგილები
- სკოლები, კოლეჯები და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები;
- საბავშვო ბაღები, ხანდაზმულთა ცენტრები და სხვა სოციალური დაწესებულებები
- საჯარო ქუჩები და გზატკეცილები;
- საჯარო სივრცეები, როგორიცაა, მაგალითად, სასამართლო დარბაზები და პოლიციის განყოფილებები.
ვირტუალური სივრცე, როგორც საჯარო სივრცე
რაც შეეხება ვირტუალური სივრცის, სოციალური ქსელების საჯარო სივრცედ მიჩნევას, უნდა აღინიშნოს, რომ მაგალითად, თუ შემავიწროებელმა სექსუალური ხასიათის მესიჯი ან ფოტო გაუგზავნა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პირს, ეს არ ჩაითვლება საჯარო სივრცეში სექსუალურ შევიწროებად (Sexual Harassment in Public Place – Existing Administrative Regulation and Problematic Aspects, Nati Gelovani, Law and World, 10). სახალხო დამცველის განმარტებით “საზოგადოებრივი ადგილის განმარტებისას, გვერდს ვერ ავუვლით სხვადასხვა სოციალურ სივრცეში გამოკვეთილ სექსუალურ შევიწროებას. დღესდღეობით, არსებობს მოსაზრება, რომ ვირტუალური სივრცეები, რომლებიც ხელმისაწვდომია ინტერნეტის მეშვეობით, ახალი ტიპის საჯარო სივრცეა” (სახალხო დამცველის პრაქტიკული სახელმძღვანელო სექსუალური შევიწროების შესახებ).
საქართველოს კანონმდებლობა
2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხი დარეგულირდა და მასზე რეაგირების მექანიზმები განისაზღვრა. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლის თანახმად “საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს”. ამავე მუხლით გათვალისწინებულია საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების ჩადენისთვის შესაბამისი სანქციები.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების შემთხვევების იდენტიფიცირება და მასზე რეაგირება პოლიციის ფუნქციას წარმოადგენს. პოლიცია შევიწროების ფაქტზე ადგენს სამართალდარღვევათა ოქმს, რომელიც სასამართლოს დასამტკიცებლად წარედგინება.
საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხებს ასევე აწესრიგებს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი.
ავტორი: თამარ ავალიანი
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე
წინა სტატიაში უკვე განვმარტეთ, რა არის სექსუალური შევიწროება და განვიხილეთ ისიც, რომ ეს შეიძლება ხდებოდეს სხვადასხვა სივრცეში. ამჯერად სამუშაო ადგილას სექსუალურ შევიწროებას მიმოვიხილავთ.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1992 წლის #19 რეკომენდაცია კი გენდერული ნიშნით ძალადობას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს და განმარტავს, რომ “სამუშაო ადგილას თანასწორობა შესაძლოა სერიოზულად დაირღვეს, როდესაც ქალი ექვემდებარება გენდერული ნიშნით ძალადობას, როგორიც არის სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე”.
სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა (CEDAW, Recommendation #19):
- ნებისმიერი შეურაცხყოფა, გამონათქვამები, ხუმრობები, ინსინუაციები ან კომენტარები ადამიანის ჩაცმულობასთან, გარეგნობასთან, ასაკთან, ოჯახურ მდგომარეობასთან და ა.შ. დაკავშირებით;
- ქედმაღლური ან დამამცირებელი დამოკიდებულება, რომელსაც აქვს სექსუალური სახის შინაარსი და შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას;
- არასასურველი შეთავაზებები ან მოთხოვნები, რომელსაც თან ახლავს პირდაპირი ან ირიბი მუქარა;
- ვნების გამომხატველი მზერა და ჟესტები, რომელიც სექსუალობასთან ასოცირდება;
- ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა, მაგალითად, შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ძალადობა.
2019 წელს, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ILO) მიიღო #190 კონვენცია, რომელმაც პირველად შექმნა საერთაშორისო სტანდარტი სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ (Violence and Harassment Convention, 2019 No. 190). კონვენციის მიზანი სამუშაო ადგილზე ძალადობისა და შევიწროების წინააღმდეგ ბრძოლაა.
საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს სექსუალურ შევიწროებას და მას აღიარებს დისკრიმინაციის ფორმად. “დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-32 პუნქტის თანახმად, სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას.
სამუშაო ადგილზე სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლი, რომელიც სექსუალურ შევიწროებას განმარტავს, როგორც პირის მიმართ არასასურველ სექსუალური ხასიათის ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს. საქართველოს შრომის კოდექსის მიზნებისთვის, სექსუალური შევიწროების გამოხატულებად მიიჩნევა სექსუალური ხასიათის ფრაზების თქმა ან/და მიმართვა, გენიტალიების ჩვენება ან/და სექსუალური ხასიათის სხვა ნებისმიერი არასიტყვიერი ფიზიკური ქცევა (საქართველოს შრომის კოდექსის მე-4 მუხლი).
თბილისის სააპელაციო სასამართლომ განავითარა სექსუალური შევიწროების სამართლებრივი ტესტი და მიიჩნია, რომ ადამიანის მიმართ არასასურველი ქცევა სახეზეა, თუ იგი მის რომელიმე ნიშან-თვისებას მიემართება; ქცევის მიზანია ან იწვევს ადამიანის ღირსების შელახვას; ქმნის დამაშინებელ, მტრულ, შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს (თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება No 2ბ/1609-18, გვ. 4).
იმ შემთხვევაშიც კი, თუ მსხვერპლი არ აფიქსირებს, რომ მისთვის ქცევა არასასურველია, ეს არ გამორიცხავს შემავიწროებელი პირის პასუხისმგებლობას, ვინაიდან, გონივრულობის ფარგლებში, შემავიწროებელს უნდა სცოდნოდა (ought to have known), რომ კონკრეტული სექსუალური ხასიათის ქცევა მიუღებელი იქნებოდა მსხვერპლისათვის (სახალხო დამცველის რეკომენდაცია).
სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება ორ კატეგორიად იყოფა:
- Quid pro quo (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ);
- მტრული სამუშაო გარემოს შექმნა.
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Meritor Savings Bank FSB v Vinson სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების ორი ფორმა განავითარა. Quid pro quo-ის შემთხვევაში, იერარქიულად მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანი დაქვემდებარებული პირისგან მოითხოვს სექსუალურ ქმედებას, იმისთვის, რომ დაქვემდებარებულმა პირმა მოიპოვოს ან შეინარჩუნოს სამსახურებრივი სარგებელი. მტრული სამუშაო გარემოს შექმნის ფორმა გულისხმობს არასასურველ ქცევას ან სხვა სექსუალური ხასიათის სიტყვიერ ან ფიზიკურ ქმედებას, რომლის მიზანი ან ეფექტი არის ზიანის მიყენება ინდივიდის სამუშაოზე ან ქმნის მტრულ, დამაშინებელ, შეურაცხმყოფელ სამუშაო გარემოს (Women, Gender and Work what is equality and how we get there ? Edited my Martha Fetherolf Loutfi, international labor organization 2001, international labor office Geneva page 513).
Quid Pro Quo (მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ)
მომსახურება მომსახურების სანაცვლოდ ძალაუფლების დისბალანსით განპირობებული ქცევაა, როდესაც ერთ ადამიანს სამუშაო გარემოში მეორე ადამიანისთვის რაიმეს შეთავაზების შესაძლებლობა აქვს (ILO, Fact Sheet on Sexual Harassment at Work). სექსუალური შევიწროების Quid pro quo კატეგორია ითვალისწინებს სექსუალური ხასიათის მოთხოვნის არსებობას ქმედებაში (ILO, Fact Sheet on Sexual Harassment at Work, p. 1). პირი მეორე ადამიანს სექსუალური ქცევის სანაცვლოდ დასაქმებასთან/შრომითი ურთიერთობის პირობებთან დაკავშირებული სარგებლის მიღებას სთავაზობს. ეს ასევე გულისხმობს დასაქმებასთან დაკავშირებული რაიმე უარყოფითი შედეგის თავიდან აცილებას სექსუალური სარგებლის სანაცვლოდ (ILO, Fact Sheet on Sexual Harassment at Work).
მტრული სამუშაო გარემო
მტრული სამუშაო გარემოს პირობებში, ერთი ან მეტი დასაქმებული სამუშაო ადგილზე განიცდის შევიწროებას ან შეურაცხყოფას, შეურაცხმყოფელი სიტყვების ან ქმედებების გამო. მტრული გარემოს შესაქმნელად არ არის საჭირო, რომ ქმედებები/სიტყვები ძალაუფლების მქონე პირისგან მომდინარეობდეს (Women, Gender and Work what is equality and how we get there ? Edited my Martha Fetherolf Loutfi, international labor organization 2001, international labor office Geneva page 513).
აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ საქმეზე Meritor Savings Bank FSB v Vinson განმარტა, რომ გარდა იმ შემთხვევისა, როცა ქცევა არის მწვავე და შეურაცხმყოფელი, სექსუალური ქცევის ან გამონათქვამის ერთი შემთხვევა არ ქმნის მტრული გარემოს შემადგენლობას. ამისთვის საჭიროა სისტემატური შეურაცხმყოფელი ქცევა. აშშ-ს უზენაესმა სასამართლომ მითითებულ საქმეში განმარტა, რომ მტრული გარემოსგან განსხვავებით, quid pro quo-ს შემთხვევაში, სექსუალური ჟესტის ერთი შემთხვევაც კი შესაძლოა სექსუალური შევიწროების შემადგენლობას ქმნიდეს.
სექსუალური შევიწროების ინტერსექციური ხასიათი
ქვიარ ადამიანები მეტად ხშირად ექვემდებარებიან სექსუალურ შევიწროებას და ჩაგვრას (“Policy on preventing sexual and gender-based harassment”, Ontario Human Rights Commission, 2011). მაგალითად, ერთ-ერთ საქმეში დამსაქმებელი მიიჩნევდა, რომ ჯგუფური სექსუალური კავშირი მისაღები იქნებოდა მისი დასაქმებულისთვის, ვინაიდან ის ლესბოსელი იყო და მას სექსუალური კავშირის სანაცვლოდ, საზღვარგარეთ ნუდისტურ სანაპიროზე დასვენებას სთავაზობდა (სახალხო დამცველის პრაქტიკული სახელმძღვანელო, 35). ერთ-ერთ საქმეში, როდესაც შემავიწროებელმა შეიტყო, რომ ქალი ლესბოსელი იყო, მეტად აგრესიული მეთოდებით ცდილობდა ის ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაზე დაეყოლიებინა (“Policy on preventing sexual and gender-based harassment”, Ontario Human Rights Commission, 2011).
სექსუალური შევიწროების საქმეები
ფრესკოს საქმე
2017 წელს, საქართველოს სახალხო დამცველმა სუპერმარკეტების ქსელ ფრესკოს წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებით გამოხატული სქესის ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა. 2017 წლის 11 აპრილს, ცნობილი გახდა ფრესკოს ქალებისათვის განკუთვნილ გასახდელებში ფარული ვიდეო კამერების არსებობის შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველმა საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო.
სუპერმარკეტების ქსელის ყოფილი თანამშრომლების განცხადებით, სუპერმარკეტების ქსელის ყველა ფილიალის გასახდელ ოთახებში მიმდინარეობდა ვიდეო მონიტორინგი, აღნიშნულ ოთახებში შესვლა კი შეუძლიათ კაცებსა და ადმინისტრაციის ნებისმიერ წარმომადგენელს, მათ შორის, დაცვის უფროსსა და მის მოადგილეს, რომელთაც წვდომა აქვთ ვიდეო ჩანაწერებზე; ამასთან, ხელმძღვანელი პირები, სამსახურში არყოფნის დროს, საცხოვრებელი ადგილიდანაც ახორციელებდნენ მონიტორინგს. ფრესკოს განმარტებით, ვიდეო კამერები მხოლოდ ქალი დასაქმებულების გამოსაცვლელ ოთახებში იყო დამონტაჟებული, უსაფრთხოების ნორმების დაცვის მიზნით.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ კომპანიის მიერ გამოსაცვლელ ოთახებში ვიდეოთვალთვალის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით გაუმართლებლად მოხდა დასაქმებულ ქალთა პირადი ცხოვრებით დაცულ სფეროში ჩარევა. ომბუდსმენის აზრით, კომპანიის მიერ დასახელებული მიზანი ვერ იქნება მიჩნეული ლეგიტიმურად, ვინაიდან, არსებული პრაქტიკა დასაქმებულ ქალებს უქმნიდა შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ გარემოს, გაუმართლებლად ახდენდა მათი პირადი სივრცის კონტროლს და უხეშად ერეოდა ინტიმურ სფეროში.
სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯერული ჯგუფის, ემ გრუპის საქმე
2022 წლის 29 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება დაადგინა. კომპანიის მენეჯერი სექსუალური შინაარსის ტექსტურ შეტყობინებებს უგზავნიდა თავის ახლად დასაქმებულ თანამშრომელს, რაც განმცხადებლისთვის არასასურველი და მტრული გარემოს შემქმნელი იყო. გარკვეული პერიოდის შემდგომ, მოპასუხემ შეწყვიტა შეტყობინებების გაგზავნა და თავისი ქცევა ხუმრობად წარმოაჩინა. სახალხო დამცველმა განმარტა, რომ კომპანიის მენეჯერის მხრიდან ადგილი ჰქონდა სექსუალურ შევიწროებას. სახალხო დამცველმა მოპასუხეს განუმარტა, რომ სექსუალური ხასიათის ქცევის შეწყვეტა არ წარმოადგენს სექსუალური შევიწროების გამომრიცხავ გარემოებას, ამასთან, ხუმრობაც, თუკი იგი სექსუალური შინაარსის შემცველი და ადრესატისთვის მიუღებელია, სექსუალურ შევიწროების გამოხატულებას წარმოადგენს.
წყაროები:
- https://www.ombudsman.ge/res/docs/2021020311331174244.pdf
- http://netgazeti.ge/news/186433/
- http://www.ombudsman.ge/geo/191127024229seksualuri-shevitsroeba/saqartvelos-saxalxo-damcvelma-freskos-winaagmdeg-seqsualuri-sheviwroebit-gamoxatuli-sqesis-nishnit-diskriminacia-daadgina
- http://www.ombudsman.ge/geo/191127024229seksualuri-shevitsroeba/saqartvelos-saxalxo-damcvelma-freskos-winaagmdeg-seqsualuri-sheviwroebit-gamoxatuli-sqesis-nishnit-diskriminacia-daadgina
- https://www.ombudsman.ge/geo/191127024229seksualuri-shevitsroeba/220909033646sakhalkho-damtsvelma-samushao-adgilze-seksualuri-shevitsroeba-daadgina
- https://www.ombudsman.ge/geo/191127024229seksualuri-shevitsroeba/220909033646sakhalkho-damtsvelma-samushao-adgilze-seksualuri-shevitsroeba-daadgina
ავტორი: თამარ ავალიანი
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ
რა არის სექსუალური შევიწროება
სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის შეურაცხყოფას, აშინებს ან ამცირებს მას.
სექსუალური შევიწროება შეიძლება იყოს სამსახურში, საჯარო სივრცეში და ონლაინაც კი.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კომიტეტის (CEDAW) 1989 წლის #12 ზოგადი რეკომენდაცია სექსუალურ შევიწროებას ქალთა მიმართ ძალადობის ფორმად განიხილავს.
გაეროს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ 1992 წლის #19 რეკომენდაცია კი გენდერული ნიშნით ძალადობას სქესის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმად მიიჩნევს.
უფრო კონკრეტულად, სექსუალურ შევიწროებად მიიჩნევა (CEDAW, Recommendation #19):
- ნებისმიერი შეურაცხყოფა, გამონათქვამები, ხუმრობები, ინსინუაციები ან კომენტარები ადამიანის ჩაცმულობასთან, გარეგნობასთან, ასაკთან, ოჯახურ მდგომარეობასთან და ა.შ. დაკავშირებით;
- ქედმაღლური ან დამამცირებელი დამოკიდებულება, რომელსაც აქვს სექსუალური სახის შინაარსი და შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას;
- არასასურველი შეთავაზებები ან მოთხოვნები, რომელსაც თან ახლავს პირდაპირი ან ირიბი მუქარა;
- ვნების გამომხატველი მზერა და ჟესტები, რომელიც სექსუალობასთან ასოცირდება;
- ნებისმიერი ფიზიკური კონტაქტი, როგორიცაა, მაგალითად, შეხება, მოფერება, ჩქმეტა ან ძალადობა.
2019 წელს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც სხვადასხვა სივრცეში სექსუალური შევიწროების საკითხი დარეგულირდა და მასზე რეაგირების მექანიზმები განისაზღვრა. ცვლილება ოთხ კანონში შევიდა: შრომის კოდექსი, სახალხო დამცველის შესახებ კანონი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი და სამოქალაქო საპროცესო კოდექსი. შესაბამისად, განისაზღვრა სექსუალური შევიწროების დეფინიციაც. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს არის არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს ღირსების შელახვას და ქმნის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.
სხვადასხვა სივრცეში სექსუალური შევიწროების შესახებ საკანონმდებლო განმარტებებსა და პრაქტიკაზე მომდევნო სტატიებში ვისაუბრებთ.
ავტორი: თამარ ავალიანი
Don't Miss
წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია ისეთი სამყაროს შექმნა, სადაც არც
28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს
1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელთა კრებამ ქვეყნის პირველი ძირითადი კანონი დაამტკიცა. ქვეყნის უზენაესი კანონი სახელმწიფოს პოლიტიკურ წყობად დემოკრატიულ რესპუბლიკას
არ გაგიკვირდეთ თუ ამ პუბლიკაციაში ზოგიერთი ტერმინის განმარტება ან ჟღერადობა კარგად ნაცნობისგან განსხვავებული აღმოჩნდება. ადამიანის სექსუალობის, სქესის და გენდერის შესახებ