20 ნოემბერი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1999 წლიდან აღინიშნება და პატივს მიაგებს ტრანსფობიური გარემოსა და სისტემის გულგრილობის გამო გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას. ბოლო ათწლეულში საქართველოში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებსა და სისტემურ გულგრილობას
20 ნოემბერი ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის საერთაშორისო დღეა, რომელიც 1999 წლიდან აღინიშნება და პატივს მიაგებს ტრანსფობიური გარემოსა და სისტემის გულგრილობის გამო გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას.
ბოლო ათწლეულში საქართველოში არსებულ ტრანსფობიურ განწყობებსა და სისტემურ გულგრილობას არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მკვლელობის შემთხვევების გამოძიების გაჭიანურებული პროცესი, ჯანდაცვის სისტემის გულგრილობა და ტრანსგენდერი ადამიანების წინაშე არსებული ფინანსური გამოწვევები არაერთ ადამიანს გაუსაძლის, სიცოცხლისთვის საშიშ გარემოს უქმნის, რომლის გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯები არ იდგმება.
სტატიაში კიდევ ერთხელ გავიხსენებთ გარდაცვლილ ტრანსგენდერ ქალებს, რომელთა სიცოცხლე სახელმწიფო ნების არარსებობას შეეწირა.
საბი
ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს, საკუთარ ბინაში, შსს-ის ინფორმაციით შელაპარაკების ნიადაგზე მოკლეს. 2015 წლის 7 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლოშვილი ნაწილობრივ გაამართლა და სხივის ნივთის დაზიანებისა [ბრალდებულმა საბი ბერიანის ბინაში ხანძარი გააჩინა] და ტრანსგენდერი ქალის, ბიანკა შიგუროვას ცემისთვის თავისუფლების 4 წლით აღკვეთა მიუსაჯა.
2016 წლის 25 მაისს, სააპელაციო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობასთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. 2016 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, ლევან კოჭლაშვილი დამნაშავედ ცნო და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ბიანკა
2016 წლის 4 თებერვალს, 22 წლის ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა საკუთარ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-მ მიზეზად გაზის გაჟონვა დაასახელა და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
ზიზი
2016 წლის 16 ოქტომბერს, ზიზი შეყილაძეს თავს დაესხნენ და ყელისა და თავის არეში დაზიანებები მიაყენეს. მისი მდგომარეობა მძიმე იყო და კომაში იმყოფებოდა. 23 ნოემბერს, მიღებული დაზიანებების შედეგად, ზიზი გარდაიცვალა.
2017 წლის 3 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს, განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულისთვის დაკისრებული მსჯავრის შეკრების პრინციპის გათვალისწინებით, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეში სიძულვილის მოტივი არ ფიგურირებდა და დანაშაული შეფასდა, როგორც ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მომხდარი დანაშაული.
ლიკა
24 წლის ტრანსგენდერი ქალი, ლიკა 2018 წლის 19 ივლისს ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის ცენტრში გარდაიცვალა. ლიკას აივ-ინფექცია/შიდსი და ტუბერკულოზის ის ფორმა ჰქონდა, რომელიც გადამდები არ არის. გარდაცვლილის ბებიის თქმით, „გარდაცვლილისგან ბაქტერიების გავრცელების საშიშროება“ არსებობდა, ამიტომ ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან გადაასვენეს და დაკრძალეს, თუმცა ბათუმის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის საავადმყოფოს ფიზიო-პულმონოლოგიური დეპარტამენტის უფროსმა, დიმიტრი ცეცხლაძემ იმ დღეებში რადიო თავისუფლებასთან განაცხადა, რომ ბაქტერიების გავრცელების საშიშროების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
ტრანსგენდერ ქალზე სიცოცხლის ბოლო დღეებში ბაბუა ზრუნავდა. აქტივისტების თქმით, ლიკას გარდაცვალება სისტემური გულგრილობის შედეგი იყო.
„იმის გამო, რომ სისტემა მათ საჭიროებებს სათანადოდ ვერ ხედავს, ეს ადამიანები ჯანმრთელობის მრავალი გამოწვევის წინაშე დგებიან და იმ პროგრამებშიც კი, რომლებიც მეტნაკლებად ხელმისაწვდომია ადამიანებისთვის, ვერ ახერხებენ სათანადო ჩართულობას. მკურნალობის მიღებისას მრავალი ხილული თუ უხილავი ბარიერი იქმნება ხოლმე, რის გამოც ხშირად ადამიანები მკურნალობას წყვეტენ და სისტემა მათ იმ დრომდე ვეღარ ხედავს, სანამ ისინი სტაციონარში არ მოხვდებიან. რის შემდეგაც მათ სათანადოდ არ მკურნალობენ, რის გამოც ფატალური შედეგებიც დგება ხოლმე. ტრანსგენდერ ადამიანებს იმ სერვისებშიც კი უწევთ თანხის გადახდა, რაც უფასოდ ეკუთვნით, რადგან სწორი პროფილის გადამისამართება არ ხდება ხოლმე და ყველამ არ იცის, რისი უფლება აქვს და რა უნდა მოითხოვოს ჯანდაცვის კონკრეტული უწყებებისგან“, — აღნიშნავდა გოჩა გაბოძე რადიო თავისუფლებასთან საუბრისას.
ტრანსგენდერი ქალი ტაილანდიდან
2021 წლის პირველ ნოემბერს, ვერაზე, მასაჟის სალონში ტაილანდის მოქალაქე ტრანსგენდერი ქალი მოკლეს, მეორე ქალი კი დაჭრეს.
მოკლულსა და ბრალდებულს შორის დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც მომხმარებელმა მასაჟის სპეციალისტს, მასაჟის გარდა, დამატებითი სექსუალური ხასიათის მომსახურება მოსთხოვა, რაზეც უარი უთხრეს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის კაცი ცხელ კვალზე დააკავა და ბრალი განზრახ მკვლელობისთვის წარუდგინა.
Don't Miss
1907 წელს ნიუ-იორკში 3000-მდე ადამიანი დაინფიცირდა სალმონელას ტიფით. ეპიდემია სწრაფად გავცელდა, ხოლო სიკვდილიანობის მაჩვენებელი 10% იყო. ექიმი, რომელმაც დააიდენტიფიცირა ეპიდემიის
ქვიარ ადამიანები აღბეჭდილი არიან ფოტოებზე ბევრად უფრო ადრე, ვიდრე ლგბტქი უფლებები იქნებოდა ლეგალური, აღიარებული და დაცული. სტატიაში თავმოყრილია ისტორიული ფოტოები,
ჯოან ბირენი (Joan E. Biren) ფოტოგრაფი და ლგბტქი აქტივისტია, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა როგორც ფოტოგრაფიაში, ისე აქტივიზმში. მან ხელოვნებისა და
ინგლისურ ენაში მე-16 საუკუნეში გაჩენილი სიტყვა ქვიარი (queer) „უცნაურს“, „თავისებურს“, „ექსცენტრულს“ ნიშნავდა და ხშირად შეურაცხმყოფელ კონტექსტში გამოიყენებოდა იმ ადამიანების