დღიური

ქვიარ ემიგრანტის დღიური ნიუ-იორკიდან

დედა და მამა ხშირად ჩხუბობდნენ. მამას საჭმლის ფულის დატოვება ენანებოდა, რის შემდეგაც დედას ისტერიკა ემართებოდა და გულწასული არაერთხელ გამხდარა ჩემი მოსასულიერებელი. სადღაც იქვე იყო მშიშარა დეიდა და პრობლემური უფროსი ძმა. ბავშვობიდანვე ვიცოდი,

ქვიარ ემიგრანტის დღიური ნიუ-იორკიდან

დედა და მამა ხშირად ჩხუბობდნენ. მამას საჭმლის ფულის დატოვება ენანებოდა, რის შემდეგაც დედას ისტერიკა ემართებოდა და გულწასული არაერთხელ გამხდარა ჩემი მოსასულიერებელი. სადღაც იქვე იყო მშიშარა დეიდა და პრობლემური უფროსი ძმა. ბავშვობიდანვე ვიცოდი, რომ მარტო ვიყავი. ეს განცდა მუცელში ჩაბუდებულ დიდ შავ ხვრელს ჰგავს, რომლის არსებობასაც სულ ვგრძნობ. თითქოს შენთვის არავის სცალია, შენი აზრები არავის აინტერესებს, გადასარჩენად არავინ მოვა, რასაც გეტყვიან, უნდა გააკეთო, ბავშვი ხარ, შენ ვინ გეკითხება.

ოჯახში ნასწავლი მორჩილება და თავის მოწონების ისტერიული სურვილი ეზოშიც გამყვა და ყველაზე დაბალ საფეხურზე დამაყენა. ორიენტაციამ ბულინგი გააორმაგა. ხანდახან არ ვიცოდი, ორიენტაციის უფრო მრცხვენოდა, მოძალადე მამისა და უსუსური დედის თუ იმის, რომ ყველა კაცში გადამრჩენელის პოვნა მინდოდა.

ტელევიზორში ნანახმა გადამარჩინა — სადღაც იქ, შორს, ქალაქ ნიუ-იორკში თურმე ცხოვრება დუღს და ჩემნაირი “უცნაური” ტიპებითაა სავსე. ყოველ შემთხვევაში, მე ეს ვნახე MTV-ზე და როგორც კი კონფლიქტის, ჩაგვრის ქარიშხალი ჩაივლიდა, ტელევიზორთან მივდიოდი და გაზრდაზე, გაქცევაზე ვოცნებობდი.

მომენტებში სამყარო ცოტა უფრო ნათელი ხდებოდა. ზრდასთან ერთად, ახალი აღმოჩენა გავაკეთე — შეიძლება ადამიანებს შეაყვარო თავი, თუ მათ მოსაწონად მოიქცევი: მამასთან გაჩუმდი და “ქალურად” არ მოიქცე, დედასთვის ყველაზე გამგები შვილი გახდი, ეზოსა და სკოლაში ისე მოიქეცი, რომ ძალიან არ გააღიზიანო და სადღაც ამ ყველაფერში შენი ინდივიდუალიზმიც გაურიე, რომ ძალიან უბედურიც არ იყო. ომს და წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. არ შემიძლია.

ეს დამოკიდებულება სამსახურებზეც გადავიტანე: ყველაზე დიდ ტირანებს უსიტყვოდ დაემორჩილე, გამგებიან უფროსებთან ხუთოსანი იყავი, დანარჩენებთან ისე მოიქეცი, რომ არ გაღიზიანდნენ. ნიჭიერი აღმოვჩნდი და კარიერის შენებას შევუდექი. გამოვიდა.

ყველგან “თითქმის ლიდერი” ვიყავი — ნიჭიერი, მაგრამ მეორე. ჩემი წარსულის ადამიანისთვის ესეც კარგ შედეგად ითვლება, მადლობელი უნდა ვყოფილიყავი. მაგრამ რაღაც ვერასდროს ვერ იყო სწორად, შინაგანად სულ მაწუხებდა ეს სიცარიელე, შავი ხვრელი, გატეხილობის შეგრძნება და ვერ ვხსნიდი, რა იყო. ახლა, როცა ასე შორს ვარ საქართველოდან, ვხვდები, რაც — არ ვიყავი მართალი. უფრო ზუსტად რომ ვთქვა, არსად ბოლომდე არ ვიყავი მე: სახლისთვის სასახელო და სამაგალითო უნდა ვყოფილიყავი, სამსახურში რადიკალური აზრებისგან თავს ვიკავებდი, მეგობრებისთვის ისეთი კარგი ვიყავი, რომ ყოველ წუთს დავჭირვებოდი, ბოიფრენდებთან ისეთი გამგები, საინტერესო და მრავალფეროვანი, რომ ვერასდროს მივეტოვებინე. ახლა უკვე მეორე წელია არ მტოვებს შეგრძნება, რომ არაფერი ჩემს წინა ცხოვრებაში ნამდვილი არ იყო, იმიტომ, რომ მე არ ვიყავი არავისთან ნამდვილი.

დრომ ყველაფერი შეცვალა: მშობლები გარდაიცვალნენ, მეგობრებმა საკუთარი ოჯახები შექმნეს და ჩემთან გართობამ სიის ბოლოში გადაინაცვლა, სიყალბე გარეული პირადი ცხოვრება არ გამოვიდა, პანდემიამ სამსახურები შეაჩერა და “მეორე კაცობამ”, სხვების ხათრით თავშეკავებამ არ მომცა იმდენი შემოსავალი, რომ ყველასგან დამოუკიდებლად მეარსება. მოკვდა ოცნება, რომ ჩემი მონდომებით ერთ დღესაც ყველაფერს დავალაგებდი; ადამიანებს თავს ისე შევაყვარებდი, რომ ჩემი ორიენტაცია აღარ იქნებოდა მნიშვნელოვანი; რომ დამინახავდნენ, მიმიღებდნენ. მარტო დავრჩი და ავიაბილეთიც ვიყიდე.

დღეს იქ ვარ, საიდანაც გადარჩენის ოცნება დაიწყო — შორეულ ქალაქში, სადაც ქორწინების უფლებაც მაქვს და შვილიც შემიძლია მყავდეს, სადაც ხშირად მესმის, რომ ძალიან ნიჭიერი, საინტერესო და სიმპათიური ვარ, სადაც ადამიანებს ძალიან უკვირთ ჩემი რთული ხასიათი, ორჭოფობა სამსახურებში CV-ის გაგზავნისას, ჩემი ცვალებადი განწყობები და ვერაფრით გაუგიათ, ასეთ წარმოსადეგს, აქამდე როგორ არ მაქვს საკუთარი საქმე, რატომ ვიკეტები რამდენიმე დღით ჩემს ოთახში და რა მიშლის ხელს იმაში, რომ ცხოვრებით დავტკბე.

ღამ-ღამობით საწოლზე ვზივარ, საკუთარი თავისთვის პატიების ძალის პოვნას ვცდილობ და ერთსა და იმავე შეკითხვებს ვუმეორებ თავს: რატომ არ გადავალეწე ყველაფერი თავზე მამაჩემს? რატომ არ წამოვედი უთავმოყვარეო დედისგან, რომელმაც თავისი განუხორციელებელი სურვილები მე მომახვია თავზე? რატომ ვუთმინე გარშემომყოფებს ამდენი შეურაცხყოფა? რატომ ვიჯექი და ვითვალისწინებდი სხვების აზრებს იმის ნაცვლად, რომ აქტივიზმში ჩავრთულიყავი და ჩემი უფლებებისთვის მებრძოლა? რატომ დავხარჯე ამდენი დრო ჩემს მეგობრებზე და არა საკუთარ თავზე?

ვიცი, ჩემი ბრძოლაში ჩართვა გამარჯვებით არ დასრულდებოდა, მაგრამ საკუთარი თავის პატივისცემას მომიტანდა, რაც ნებისმიერი ჯანსაღი და ნორმალური არსებობის საფუძველია — იყო ის, ვინც ხარ, უკომპრომისოდ, მოუბოდიშებლად, ჩხუბით, თუნდაც ფიზიკური შეურაცხყოფით, მაგრამ ხისტად, ხმაურიანად, ბოლომდე, თავაწეული, ამაყად. იმიტომ, რომ ბოლოს, საკუთარ თავებთან ისევ ჩვენ გვიწევს ცხოვრება და თუ საკუთარ თავთან მართალი არ ხარ, ყველაფერი წყალში გადასაყრელი ხდება.

როცა ჩემი ბოიფრენდი მის მეგობრებს მაცნობს, გაოცებული ვისმენ მათ პრობლემებს და სულ ვფიქრობ: ეს ჩემი მძიმე წარსული, ჩემი მსოფლმხედველობა და წინა ცხოვრება ტრავმაა, რომელსაც გადავლახავ და მეც ასე ხალისიანად მოვივლი ბარებსა და კლუბებს სისულელეებზე სიცილსა თუ წუწუნში? თუ უკვე ჩემი პიროვნების ნაწილია, რითიც რაღაც მნიშვნელოვანის გაკეთება და სხვებისთვის გზის გაადვილება შემიძლია?