როგორი იყო 2022 წელი ქართული ლიტერატურისთვის, რა განაპირობებს საქართველოში წიგნის წარმატებას, არსებობს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ქვიარ პერსპექტივა და როგორია ქართული საგამომცემლო საქმიანობა პოსტ პანდემიურ რეალობაში — ამ თემებზე მწერალ და დრამატურგ
როგორი იყო 2022 წელი ქართული ლიტერატურისთვის, რა განაპირობებს საქართველოში წიგნის წარმატებას, არსებობს თუ არა ქართულ ლიტერატურაში ქვიარ პერსპექტივა და როგორია ქართული საგამომცემლო საქმიანობა პოსტ პანდემიურ რეალობაში — ამ თემებზე მწერალ და დრამატურგ დავით გაბუნიას ვესაუბრეთ, რომელმაც Queer.ge-ის ბოლო რამდენიმე წლის ლიტერატურულ პროცესებზე და ლიტერატურაში მიმდინარე დადებით ცვლილებებზე თავისი დაკვირვებები გაუზიარა
— როგორი იყო 2022 წელი ქართული ლიტერატურისთვის, რა თემები ჭარბობდა წელს გამოცემულ ქართულ ტექსტებში და როგორია ბოლო რამდენიმე წლის ლიტერატურული ტენდენციები?
— ბოლო 2-3 წლის ლიტერატურულ პროცესებს რომ დავაკვირდეთ, ვიგრძნობთ, რომ განსხვავებები გამოიკვეთა. გაჩნდა ბევრი ახალი თემა, ბევრი ახალი ხმა. ეს შეიძლება არ იყოს კონკრეტულად 2-3 წლის ამბავი, უბრალოდ, ბოლო წლებმა ეს კარგად აჩვენა — ლიტერატურა უფრო მრავალფეროვანი გახდა, გვხვდება სხვადასხვა ტიპის გამოცდილების აღწერა, სექსუალური პრაქტიკიდან დაწყებული, ცხოვრებისეული ფართო ფილოსოფიით დამთავრებული. ეს ყველაფერი ძალიან ვიწრო იყო 90-იან წლებში, 2000-იანების დასაწყისში, როცა ლიტერატურის ყურადღების ფოკუსში იყო ასეთი ზოგადი პერსონაჟი – თბილისის ცენტრალურ უბანში მცხოვრები ახალგაზრდა ან არც თუ ისე ახალგაზრდა კაცი. ეს კაცი არსად წასულა, ისევ ძალიან კარგად გრძნობს თავს ქართულ ლიტერატურაში, თუმცა მის გვერდით სრულიად განსხვავებული პერსონაჟები გაჩნდნენ — პირველ რიგში – ქალები, ასევე, გეი პერსონაჟები, ლესბოსელები, სხვადასხვა იდენტობისა და გამოცდილების მქონე ადამიანები, ქართულის გარდა სხვა ეთნიკური ჯგუფები, სოციალური, რელიგიური იდენტობები და ა.შ.
იგივე ადამიანები, იგივე რედაქტორები, რომლებიც რაღაც ტექსტებს 2005 წელს არ დაბეჭდავდნენ, იმიტომ, რომ ქვიარ ტექსტი იყო, ამას ასე არ გააკეთებენ დღეს. თითქოს ეტიკეტი გკარნახობს, რომ ასე არ მოიქცე. რაღაც თემების მიმართ ეს მოჩვენებითი მიმღებლობა სულ არ ნიშნავს, რომ ემპათიურები არიან. ისინი გრძნობენ ვალდებულებას თანამედროვე ტენდენციების მიმართ, ბნელებად რომ არ გამოჩნდნენ თავიანთ გარემოცვაში და საერთოდ, საზოგადოებაში
2022 წლის ლიტერატურულ პროცესებზე საუბარი ჯერ ადრეა, რადგან ჩემი დაკვირვებით, მიმდინარე წლის ლიტერატურული ტექსტების შეფასება, როგორც წესი, მომდევნო წლის შუაში იწყება, როცა იდება ლიტერატურული კონკურსების გრძელი სიები. თანაც, ჩვენს გამომცემლობებს ძალიან უყვართ იანვარ-თებერვალში დაგვიანებული გამოცემების მოყრა და წინა წლის ზედ მიწერა, ასე რომ, დაველოდოთ. გამორჩეული წელი თითქოს არ ყოფილა — თარგმანებს თუ არ ჩავთვლით, რომელიმე ქართულ ტექსტს დიდად არ უხმაურია. რაც შეეხება ბოლო წლების ტენდენციებს, რთული სათქმელია, რადგან ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც ყველაფერი იბეჭდება და წიგნის ბაზარი არ არის ისე განვითარებული, რომ სტაბილურ ტენდენციებზე ვისაუბროთ. ძირითადად, ხდება თვითაღიარებები მწერლების მხრიდან და არა ბაზრის მიერ, ბაზრის ტენდენციებს ხშირ შემთხვევაში არ ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას, რადგან მეტწილად არის დაბალი ხარისხის მასობრივი ლიტერატურა. მაგრამ არის ერთი ტენდენცია, რაც ბოლო დროს გამოიკვეთა და შეუიარაღებელი თავლითაც კარგად ჩანს — ქართველი ავტორების წიგნები იყიდება უკეთ, არ აქვს მნიშვნელობა კარგია, ცუდია თუ საშუალო ხარისხისაა ეს წიგნები (ზოგი კარგია, ზოგიც – საშინელი). თანამედროვე ქართული ლიტერატურის მიმართ ინტერესი გაზრდილია, ბესტსელერებში ხშირად ნახავთ ქართველ ავტორებს და ეს ინტერესი უფრო და უფრო იზრდება.
— რამ გამოიწვია ეს ცვლილება?
— ამის ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ ავტორების რაოდენობის ზრდა. ბაზარიც გაიზარდა. თუ გადავხედავთ თარგმანების, გამოცემული წიგნების რაოდენობას და შევადარებთ 10-15 წლის წინანდელ მონაცემებს, მივხვდებით, რომ მათი რაოდენობა ძალიან გაზრდილია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიამ უარყოფითად იმოქმედა ზოგად პროცესებზე, მაინც ბოლომდე ვერ შეუშალა ხელი ამ დინამიკას. ამასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებლური დამოკიდებულება ლიტერატურის მიმართ, ადამიანები ისევ იყენებენ ლიტერატურას რეკრეაციული მიზნით. ეს დამოკიდებულება იგრძნობა ახალ თაობაშიც, რაც დიდწილად თარგმანების დამსახურებაა. მოზარდები უკვე კითხულობენ მათთვის განკუთვნილ, თავისნაირ პერსონაჟებზე დაწერილ წიგნებს. არ შეიძლება, ამ და კიდევ ბევრ ფაქტორს არ ემოქმედა ქართველი ავტორების პოპულარობის გაზრდაზე. როცა ზოგადად ბევრს კითხულობ, ხელთ შენი თანამემამულეებიც მოგხვდებიან.
— გასულ წელს შენ იყავი ლიტერატურული პრემია საბას ჟიურის წევრი. როგორ შეაფასებ ამ გამოცდილებას?
— ეს იყო ძალიან ინტენსიური წელი, რადგან ვკითხულობდი ყველაფერს, რაც ქართულ ენაზე გამოიცა — თარგმანს, ქართული ტექსტს… ისეთ ჟანრებსაც, რომლებიც დამოუკიდებლად შეიძლება არც წამეკითხა, მაგალითად, არასდროს წავიკითხავდი ამდენ დოკუმენტურ პროზას, მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე ძლიერია თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში და ყველაზე დიდი არჩევანი ამ ჟანრში გვაქვს. განვაახლე ჩემი წარმოდგენები თანამედროვე ქართულ ლიტერატურაზე. ანათალს რომ აკეთებენ მიკროსკოპისთვის, დაახლოებით მაგ პროცესს ჰგავდა. ძალიან ახლოდან დავინახე ბევრი რამე, შევივსე ყველა ის დანაკლისი, რომელიც მქონდა და ეს მწერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ კარგად იაზრებ საკუთარ თავს, სად ხარ, რა ვითარებაში ხარ, რას წერენ შენი თანამედროვეები. ვიღაცის შემთხვევაში გრძნობ, რომ ამაზე შენ უკეთ დაწერდი, ვიღაცების შემთხვევაში აღფრთოვანდები, რა კარგად ეხერხება წერა.
— ქვიარ ლიტერატურა ერთგვარ ქვეჟანრად ჩამოყალიბდა, წამყვანი გამომცემლები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აქტიურად გამოსცემენ წიგნებს ლგბტქი+ თემატიკაზე. რა ხდება ამ მხრივ ჩვენს ქვეყანაში, არსებობს თუ არა ქართული ქვიარ ლიტერატურა და რა მახასიათებლები აქვს მას?
— ქართულ ლიტერატურაში ქვიარ თემები ბოლო წლების მონაპოვარია, მანამდე მხოლოდ თუ გაკრთებოდა, ისიც არაქვიარ პერსპექტივიდან (უფრო პაროდიულ-გროტესკული პერსონაჟების სახით). საერთოდ, სადავოა, რას ნიშნავს ქვიარ ლიტერატურა — ეს არის ლიტერატურა, რომელსაც წერს ქვიარ ადამიანი, რომელიც გარკვეულწილად არის აქტივისტიც და უფლებებისთვის იბრძვის, თუ ტექსტი, რომელშიც ჩნდება ქვიარ პერსონაჟი ან თემატიკა, როგორიც არის, მაგალითად, აკა მორჩილაძის „მათადოვი“ . მიუხედავად დეფინიციის სირთულისა, ასეთი ტექსტები იქმნება. მართალია, ბევრი არაა, თუმცა თითქმის ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ბოლო პერიოდის გამორჩეული ქვიარ ტექსტი იყო მაგდა კალანდაძის „მეორე ოთახი“, რომელმაც განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ ლიტერატურაში. ქალების რეპრეზენტაცია ქვიარ ლიტერატურაში ნაკლებია და ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი და თამამი განაცხადი იყო ქალი ავტორის და ქალი პერსონაჟების ასე უბოდიშოდ შემოჭრა ამ სივრცეში. აქტივისტურ გამოცდილებაზეც არის ეს წიგნი და ძალიან არაკონვენციურია ამ თვალსაზრისით, ძალიან სადავოც. კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქტივიზმს — თან კი, თან არა. გაცილებით სცდება უბრალო კეთილშობილურ განზრახვას, იბრძოლოს მეტი თანასწორობისთვის. არ არის მხოლოდ იმისთვის დაწერილი, რომ ადამიანებს მეტი ემპათია გაუჩნდეთ და ამიტომაც არის საინტერესო, არ გემათხოვრება თანაგრძნობას, არამედ თავს გაკითხებს.
— თეატრზეც რომ ვისაუბროთ, რა ხდება ქართულ თეატრებში, ეთმობა თუ არა თეატრის სცენა უმცირესობების თემებს, ქალთა საკითხებს?
— რაც 10-15 წლის წინ სრულიად წარმოუდგენელი იყო გვენახა ან მოგვესმინა თეატრის სცენიდან, დღეს უკვე ლამის ჩვეულებრივი ამბავია. ადრე ეს იყო ერთი ან ორი დასის ექსკლუზივი, იშვიათად ხდებოდა და ფრაგმენტული ხასიათი ჰქონდა, დღეს კი, თითქოს მეინსტრიმში გაჟონა და რეგულარულად შეგიძლია ნახო სპექტაკლები აქტუალურ საკითხებზე ბევრ თეატრში. ქვიარ რევოლუცია, რა თქმა უნდა, არ მომხდარა ამ ყველაფრით, მაგრამ ამ გაჟონვას აუცილებლად მოჰყვება უფრო სერიოზული პროცესები. თუმცა ეს გადააზრების მცდელობები თეატრისთვის ჯერ მაინც არ არის ისეთი წარმატებული და ეფექტური, როგორც, ვთქვათ, ლიტერატურისთვის.
— შენი აზრით, ვის და რატომ ეშინია ქვიარ და ფემინისტური თემების ლიტერატურაში, კინოში, თეატრში და ა.შ. რატომ მოჰყვება ამ თემების გაჟღერებას ხშირ შემთხვევაში სირთულე და ერთგვარი უხერხულობა?
— მე ძალიან მარტივად ვუყურებ ამ საკითხს, შეიძლება მეტისმეტად მარტივადაც. ერთი არის მოჩვენებითი ტოლერანტულობა, როდესაც საზოგადოებრივი წესრიგი ან მოწყობა, ტენდენციები თუ მოდა, რაც გინდა ის დაარქვი, გკარნახობს, რომ იყო ტოლერანტული — იგივე ადამიანები, იგივე რედაქტორები, რომლებიც რაღაც ტექსტებს 2005 წელს არ დაბეჭდავდნენ, იმიტომ, რომ ქვიარ ტექსტი იყო, ამას ასე არ გააკეთებენ დღეს. თითქოს ეტიკეტი გკარნახობს, რომ ასე არ მოიქცე. რაღაც თემების მიმართ ეს მოჩვენებითი მიმღებლობა სულ არ ნიშნავს, რომ ემპათიურები არიან. ისინი გრძნობენ ვალდებულებას თანამედროვე ტენდენციების მიმართ, ბნელებად რომ არ გამოჩნდნენ თავიანთ გარემოცვაში და საერთოდ, საზოგადოებაში და კოჭს უგორებენ ტენდენციას, მაგრამ როდესაც მათგან კოჭის გაგორებაზე მეტს ვითხოვთ, როდესაც ხვდებიან, რომ ეს „თემა“ არ სრულდება, რადგან არსად მიდის ქვიარ თუ ფემინისტური საკითხები, გაბრაზება ეტყობათ და ამბობენ, რომ უკვე მეტისმეტია, ერთხელ ხომ გამოვეცით ამ თემაზე, მეტი რა გინდა, ერთხელ ხომ გადაგისვით თავზე ხელი, ახლა საკმარისია. თუ დავუკვირდებით მსგავსი ფრაზების შინაარსს, ძალიან მარტივია მიხვდე მათ აბსურდულობას — რანაირად შეიძლება მოგეჩვენოს მეტისმეტად ქვიარ „საკითხები“, როცა არ გეჩვენება მეტისმეტად ქართველი კაცების დაუსრულებელი მცდელობა ლიტერატურაში, რომ დაამტკიცონ, რამდენად მაჩოები არიან. თითქოს გეუბნებიან — დასაშვებ ნორმაში ჩაჯექი და შენი ნიშა დაიკავე, თანამედროვე ცხოვრებამ მოიტანა, რომ შენც საჭირო ხარ რაღაც დოზითო. როგორც მდიდარ გართობის მოყვარულ ქალს სჭირდება გეი მეგობარი, რომელიც ბევრ რამეში ერკვევა, ასეა ეს ამბავიც — „ჩვენ ვართ ტოლერანტული საზოგადოება და არა უშავს ერთი-ორი ავტორი თუ გვეყოლება გეი, ლესბოსელი, ტრანსგენდერი, თუმცა ძალიანაც ნუ გამოეჩხირებიან და წერონ ლიმიტირებულად“. ვითარება თითქოს შეიცვალა, მაგრამ კიდევ ბევრი რამე გვაქვს გადასააზრებელი.
ქართულ რეალობაში ავტორის და წიგნის პოპულარობას ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ავტორის პარალელური საქმიანობა. ავტორი არ „მომკვდარა“, პირიქით, თანამედროვე წიგნის ბაზარზე, ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც, ავტორი, როგორც სოციალურად აქტიური ან რაიმე სხვა სახელოვნებო დარგში პოპულარული და წარმატებული ფიგურა, ძალიან ფასობს.
— რის ნაკლებობას განიცდის ქართული ლიტერატურა ყველაზე მეტად და პირიქით, რა ჭარბობს?
— თემატური თვალსაზრისით, უახლესი ქართული ლიტერატურა დიდად ნაკლებობას არ განიცდის. თუ გაინტერესებს რაიმე თემა, რომელიმე ჯგუფის რეპრეზენტაცია, ამ ყველაფერს აუცილებლად იპოვი წიგნის თაროებზე. შეიძლება მეტი გინდოდეს, უფრო მრავალფეროვნად, მაგრამ აუცილებლად იპოვი რაღაცას მაინც. ჩვენი პრობლემა უფრო ის არის, რომ ჩვენი მწერლობა, საგამომცემლო საქმიანობა, წიგნების გაყიდვა, მკითხველამდე მიტანა მაინც არის ძალიან სუსტი და ხშირ შემთხვევაში არაპროფესიონალური. არსებობს რედაქტირების პრობლემაც. ტექსტების უმრავლესობა, მათ შორის, ძალიან პოპულარულებიც და ახალგაზრდა ავტორებისაც, არის არაპროფესიონალურად დაწერილი. ძალიან რთულია მათი წაკითხვა. არადა, მგონია, რომ პროფესიონალიზაციის შესაძლებლობა არსებობს და ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს. ისეთი საეჭვო ხარისხის არაქართული წიგნებიც კი, რომელთაც აეროპორტების წიგნის მაღაზიებში ვყიდულობთ, ენის ფლობის მინიმალურ სტანდარტებს აკმაყოფილებს, იგრძნობა ნამუშევარი. მიუხედავად იმისა, კომერციულია პროდუქტი თუ არა, ქართული ტექსტების უდიდესი ნაწილი ამ ხარისხიდან ძალიან შორს დგას. დამწყებმა ავტორმა შეიძლება იცოდეს სიუჟეტის აგება, მაგრამ წერის გამოცდილება არ ჰქონდეს და ეს დიდი პრობლემაა. ასეთი წიგნები ჩვენთან პოპულარული ხდება და ამკვიდრებს ცუდ ტენდენციებს. მე არ ვერჩი პოპულარულ წიგნებს, პირიქით, კარგია, უნდა იყოს, ყველგან არის და ჩვენც გვჭირდება, მაგრამ ასეთი წიგნების გამოცემას პროფესიონალიზმი სჭირდება. რაც ყველაზე მეტად ჭარბობს, ალბათ ამორფული ტექსტებია, ტექსტები, რომლებსაც ვერ გაიგებ, რატომ დაიბეჭდა. ამას მაშინ მივხვდი, როცა საბას პრემიის დროს მომიწია ამდენი წიგნის ერთად წაკითხვა და სულ მქონდა კითხვა, ესა თუ ის წიგნი საერთოდ რატომ გამოიცა, ვისთვის არის განკუთვნილი, ვინ უნდა წაიკითხოს. ძირითადად მცირე ტირაჟით იბეჭდება და მერე რეკლამა, გაყიდვა, მკითხველამდე მიტანა, რასაც უნდა აკეთებდეს გამომცემლობა, სრულიად გაუაზრებელია. ეს არ ეხება მხოლოდ პატარა გამომცემლობებს, დიდ გამომცემლობებშიც შემიმჩნევია ასეთი რამ, როცა წიგნს კითხულობ და ფიქრობ, რომ სავარაუდოდ, ეს წიგნი გამოცემამდე არავის არ წაუკითხავს, მოიტანა ავტორმა და პირდაპირ დაუბეჭდეს, ყოველგვარი გააზრების გარეშე. ცხადია, ასეთი წიგნები სხვებთან კონკურენციაში ვეღარ გადარჩებიან, თუმცა ამაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გამომცემლობების ამგვარი ნაბიჯები საერთო პროცესს აზარალებს. ამ პრინციპით გამოსცემენ ცნობილი ავტორების წიგნებსაც, რომლებსაც მხოლოდ მათი ფანების არმია, 20-30 ადამიანი წაიკითხავს.
— როგორია ქართველი მკითხველი, რა თვისებები აქვს მას, რისთვის არის და რისთვის არ არის მზად?
— ეს ძალიან რთული საკითხია, რომელსაც ბევრი სხვა საკითხის მსგავსად, დიდი კვლევა სჭირდება და ამას ქართველი გამომცემლები უნდა აკეთებდნენ. ჩვენ მაინც არ ვიცით, ვინ არის ჩვენი მკითხველი, თუმცა შეუიარაღებელი თვალით თუ შევხედავთ, მკითხველი ძირითადად არის ახალგაზრდა ქალი. ამას მოწმობს აქტივობები სოციალურ ქსელებში, ძირითადად მაინც ქალები გამოირჩევიან აქტიურობით სხვადასხვა ლიტერატურულ პლატფორმაზე. თუმცა, ამის გარდა, რთულია თქმა, რა მახასიათებლებით გამოირჩევა ქართველი მკითხველი. ასევე შესამჩნევია, რომ გაიზარდა მკითხველების ახალი თაობა, რომელესაც თავის დროზე მიეწოდა ძალიან ბევრი ჟანრული, დასავლური ლიტერატურა, მათთვის განკუთვნილი ე.წ. young-adult (საყმაწვილო) წიგნები. დროსთან ერთად, ასეთი მკითხველის რიცხვი უფრო გაიზრდება და ამ ფაქტის დადებითი შედეგები უფრო და უფრო ნათელი გახდება. ქართველი მკითხველიც ისეთივე ხდება, როგორიც რიგითი დასავლელი მკითხველი, იმავე გამოცდილებაზე გაზრდილი ადამიანი, რომელიც უფრო მეტად არის ახლოს გლობალურ თემებთან და ესთეტიკასთან. ეს ყველაფერი, პირველ რიგში, თარგმანების მომრავლებამ განაპირობა. ამა თუ იმ წიგნის თარგმნას დიდი დრო აღარ სჭირდება და ქართველი მოზარდიც სწრაფადვე იღებს იმას, რასაც რიგითი 19 წლის ამერიკელი მოზარდი კითხულობს.
https://www.youtube.com/watch?v=YvWTUY_getA
— რა განაპირობებს ქართულ რეალობაში ავტორის პოპულარობას? როგორ ჩნდება ბესტსელერები ჩვენს ქვეყანაში?
— ქართულ რეალობაში ავტორის და წიგნის პოპულარობას ხშირ შემთხვევაში განაპირობებს ავტორის პარალელური საქმიანობა. ავტორი არ „მომკვდარა“, პირიქით, თანამედროვე წიგნის ბაზარზე, ჩვენთანაც და სხვა ქვეყნებშიც, ავტორი, როგორც სოციალურად აქტიური ან რაიმე სხვა სახელოვნებო დარგში პოპულარული და წარმატებული ფიგურა, ძალიან ფასობს. პარალელური სახელი, რომელიც მას აქვს სამწერლო საქმიანობასთან ერთად, აუცილებლად განაპირობებს მის პოპულარობას. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ თემურ ბაბლუანი — მისი რომანი დღემდე პოპულარულია და ეს იმანაც განაპირობა, რომ რეპუტაციამ, რომელიც კინოდან აქვს შექმნილი, ავტომატურად გაზარდა მოლოდინი რომანის მიმართ. რა თქმა უნდა, წიგნის ხარისხიც მნიშვნელოვანია, მარტო რეპუტაცია არ არის საკმარისი, თუმცა პარალელური საქმიანობა ავტორისთვის მნიშვნელოვანი სასტარტო ბიძგი შეიძლება აღმოჩნდეს. სხვადასხვაგვარი შემთხვევა არსებობს — ავტორის ფიგურა, მისი საინტერესოობა, ხანდახან მისი „კაი ტიპობა“ ან პირიქით, „ცუდი ტიპობა“. საინტერესო შემთხვევაა ნინო ხარატიშვილი, რომელიც მიუხედავად მისი წარმოშობისა, არ არის ქართველი ავტორი, გერმანელი ავტორია, რომელიც გერმანულად წერს. ის ფაქტი, რომ ნინო არის ძალიან პოპულარული გერმანიაში და მისი პოპულარობა იზრდება და იზრდება, ქართულ ბაზარზე ძალიან დადებითად მოქმედებს. ის რეპუტაცია, რაც მას მოჰყვა გერმანიიდან, უკვე ამუშავდა საქართველოში. 5-6 წლის წინ ეს ასე არ მუშაობდა, კი, კითხულობდნენ მის წიგნებს, უყურებდნენ მის სპექტაკლებს, თუმცა დღეს მის გარშემო არის ბუმი. დასავლურ სამყაროში წარმატება ჩვენს ქვეყანაშიც გადმოითარგმნა ქართულ წარმატებად. მხოლოდ ცალკე ტექსტი თითქოს აღარ არსებობს, მას აუცილებლად სჭირდება რამე გამაძლიერებელი ავტორის ბიოგრაფიიდან.
— „დაშლის“ გერმანულენოვან გამოცემაზე რომ ვისაუბროთ, რა მოიტანა ამ გამოცდილებამ? ხომ არ მუშაობ ახალ რომანზე?
— „დაშლის“ გერმანულენოვანი გამოცემა შეიძლება მივიჩნიოთ საშუალოდ წარმატებულად. ეს არ იყო უდიდესი წარმატება, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო, რადგან გერმანული მასშტაბები ქართულთან შედარებით წარმოუდგენელია. გარდა ამისა, უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ამ წიგნს გერმანიაში პარალელურად სხვა შლეიფი მოჰყვება, მაგალითად, როცა გერმანიიდან მთხოვენ, რომ დავწერო სტატია გერმანული ჟურნალისთვის ან თეატრთან დაკავშირებით რაიმე პროექტში ჩავერთო, ეს ყველაფერი უკავშირდება ჩემი წიგნის გერმანულენოვან თარგმანს, რადგან მათ იციან, რომ შენი წიგნი არსებობს, წაკითხული აქვთ და გიცნობენ, როგორც ავტორს. თავიდან უფრო მეტი შეფასება იყო და სხვადასხვა გერმანულ ლიტერატურულ პლატფორმაზე დაკვირვებით, ყოველი 10 შეფასებიდან ერთი იყო უარყოფითი. ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო, განსხვავებული და დასაკვირვებლად საინტერესო. ჩვენი სივრცისგან განსხვავებით, გერმანიაში პროცესი არის ბევრად დიდი. ჩვენთან წიგნის გამოცემას დიდი-დიდი ორი რეცენზია მოჰყვეს, აქედან ერთმან რეცენზენტმა, როგორც წესი, წერა-კითხვა ცუდად იცის, მეორე თავისთვის გადაშვებულია ბოდვებში, არსებითს და არაარსებითს ვერ ასხვავებს ტექსტში. და მორჩა. მეტი არაფერი.- იქ ბევრი იყო, სულ მხვდებოდა თაგები ინსტაგრამზე, ბლოგებზე.
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, ამ ეტაპზე მთლიანად ვარ დაკავებული „ხელოვნური სუნთქვის“ მესამე სეზონის სცენარის წერით და ამის პარალელურად სხვა რამის კეთება არის სრულიად წარმოუდგენელი, მთლიანად იკავებს ჩემს დროს. 2 რომანი, რომელზეც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ვმუშაობდი, გაჩერებულია და ჯერ-ჯერობით არ ვიცი, როდის გავაგრძელებ.
Don't Miss
ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე წლის წინ შედგა რომანით
Otaaraant Queer – თავისუფლება და კემპი დრეგი ჩემთვის ყოველთვის იყო თავისუფლების მთავარი წყარო, გამოხატვის ყველაზე ეფექტური გზა. ყოველთვის, როცა დრეგ
თბილისის კულტურის კვირეული ევროპის დღეებს ეძღვნება და 9-დან 12 მაისის ჩათვლით Factory Tbilisi-ში, კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში იმართება. კვირეულზე წარმოდგენილია 30-ზე
კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების