17 სექტემბერს დაგეგმილი ევროპრაიდის მარში პოლიციამ ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ დაგეგმილი პროტესტის გამო აკრძალა, რის საპასუხოდაც ბელგრად პრაიდი საჩივრის დაწერას და გადაწყვეტილების შეცვლის მოთხოვნას აპირებს. აღნიშნული აკრძალვა ევროპრაიდის საწინააღმდეგო 3-კვირიანი გამოსვლების შედეგია, რომელიც სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდარ ვუჩიჩის განცხადებით დაიწყო. ალექსანდარ ვუჩიჩმა ღონისძიების გაუქმება დააანონსა.
“პოლიციამ ბოლო შესაძლო მომენტამდე იცადა, რათა ევროპრაიდის მარში აეკრძალა. ბელგრადში მუდამ ასე ვითარდებოდა სიტუაცია და სასამართლო გადაწყვეტილებას არაკონსტიტუციურად მიიჩნევდა. ეს ევროპრაიდის აკრძალვის პირველი მცდელობაა და დაუშვებელია. ეჭვი არ მეპარება, რომ სასამართლო ამ ჯერზეც სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, — აღნიშნა კრისტინ გარინამ, ევროპული პრაიდის ორგანიზატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.
გარინას თქმით, სერბეთის პრემიერმინისტრ ანა ბრნაბიჩს, რომელიც ევროპრაიდის ადამიანის უფლებათა კონფერენციაზე სიტყვით უნდა გამოვიდეს, მოუწევს ახსნა, რატომ არ დაიცვა მხარდაჭერის პირობა, რომელიც 2019 წელს, ევროპრაიდის სამომავლო პარტნიორის შერჩევის პროცესისას დადო.
“ეს აკრძალვა პოლიტიკური ნების სრულ არარსებობას ცხადყოფს და სერბეთის უუნარობას, რომ საკუთარი მოქალაქეების ფუნდამენტური თავისუფლებები დაიცვას. თავმოყვარე ქვეყანა ბულერებს არ დანებდებოდა”, — აღნიშნა ევროპული EPOA-ს პრეზიდენტმა და დაამატა, რომ შაბათს მარშის უფლების ვერმოპოვების შემთხვევაშიც შეიკრიბებიან.
მან ყველა მხარდამჭერს იმავესკენ მოუწოდა:
“ცვლილების დროა. ბელგრადის დროა. აქ ვართ და შევიკრიბებით”.
ევროპრაიდი 2022 ბელგრადში 12 სექტემბერს ლგბტქი დროშის აღმართვის ცერემონიით დაიწყო და 18 სექტემბერამდე გასტანს. კვირეულის ფარგლებში 100-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი.