Pusseidon – ქართველი ქვინი, რომლის ცხოვრებაც დრეგმა მთლიანად შეცვალა

დრეგ კულტურის ისტორია მეცხრამეტე საუკუნის 80-იანი წლებიდან, აფროამერიკული საზოგადოებიდან იღებს სათავეს, პირველ დრეგ ქვინად უილიამ დორსი სვანს, მონობაში დაბადებულ აფროამერიკელ მამაკაცს მიიჩნევენ, რომელსაც სიცოცხლის განმავლობაში თავისი საქმიანობის გამო გამუდმებით სდევნიდნენ.

დრეგ ქვინები საპირისპირო სქესისთვის „დამახასიათებელი“ ვარცხნილობით, მაკიაჟით, ტანსაცმლით და სხვადასხვა საცეკვაო თუ მუსიკალური ნომრით, ჩაგრულთა ხმის გაძლიერებას და დაუვიწყარი სანახაობის შექმნას ცდილობენ. დრეგმა უფრო მეტი ადამიანი გასული საუკუნის 50-60-იან წლებიდან გააერთიანა, ხოლო რუპოლის შოუმ ქვინები მიწისქვეშა სივრცეებიდან პოპულარულ კულტურაში გადმოიყვანა.

Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ჩემინავა, ვატო კერძაია, დავით გოგიშვილი, Matt Shally) ორგანიზებით, რამდენიმე თვის წინ, თბილისში, კლუბ მტკვარზე, The Drag Ball-ის პირველი მასშტაბური სერია დაიწყო, სადაც ქართველი დრეგ ქვინები სხვადასხვა სანახაობრივი შოუს საშუალებით, მაყურებლების და ჟიურის მოხიბვლას ცდილობენ.

„ქართული დრეგ ბოლის პირველივე შოუს შემდეგ გამიჩნდა კითხვა, შემდეგი რა იქნება? ახლა რა უნდა გავაკეთო? ისეთი განცდა მაქვს, რომ რაღაც მნიშვნელოვანი მოხდა, თითქოს წინსვლა დაიწყო, რომელიც აღარ გაჩერდება. ნაპერწკალი მარტივად ვეღარ ჩაქრება, უფრო გაიზრდება და შესაძლოა, ცეცხლად იქცეს. ბოლო პერიოდი სულ ის განცდა მქონდა, რომ განვითარება შევწყვიტე, რაც დრეგ ქვინობა დავიწყე, გაჩერებული კი არა, მგონია, რომ დავფრინავ“, – ჰყვება 21 წლის ქართველი დრეგ ქვინი, პუსეიდონი, რომელიც დრეგ მეჯლისის მესამე ღამის გამარჯვებულია.

გთავაზობთ პუსეიდონის ისტორიას:

დრეგ კულტურა და ძალა, რომელიც გარდასახვამ მომცა

გადაწყვეტილება, რომ დრეგ ქვინი გავმხდარიყავი, სამი წლის წინ მივიღე. მაშინ არ იყო დრეგი ისეთი მასშტაბური, როგორიც დღეს არის, ყოველთვის ვესწრებოდი და ვგულშემატკივრობდი სხვა ქართველი ქვინების პატარ-პატარა შოუებს, რომლებიც Success ბარში იმართებოდა და მაშინ გამიჩნდა სურვილი, რომ მეც მიმეღო მონაწილეობა, თუმცა პანდემიამ ხელი შემიშალა ამ სურვილის ახდენაში. საბოლოოდ, ჩემი სურვილი Tbilisi Pride-ისა და საინიციატივო ჯგუფის ორგანიზებულ ბოლზე ავიხდინე მარტში.

დრეგი ჩემთვის, პირველ რიგში, ხელოვნება და ძალაა,  ამასთან ერთად, შესაძლებლობა, რომ გარდავისახო და ვიყო ის, ვინც მინდა, რომ ვიყო. ეს გარდასახვის შესაძლებლობა მაძლევს ძალას და თავდაჯერებას. ბავშვობიდან დაინტერესებული ვარ მუსიკით, პერფორმანსის ხელოვნებით, make up-ით, დრეგმა შესაძლებლობა მომცა, ყველა ჩემი ინტერესი ერთ რამეში გამეერთიანებინა და გავმხდარიყავი ქართული ქვიარ კულტურის ნაწილი.

პუსეიდონის დაბადება და საზღვრები, რომლის გარღვევასაც ვცდილობ

როცა დრეგ ქვინობა გადავწყვიტე და მეჯლისში ჩართვა დავაპირე, პირველი ამოცანა სახელის მოფიქრება იყო, თავს არაბინარული იდენტობის მქონე ადამიანად ვაიდენტიფიცირებ, შეიძლება, დღის განმავლობაში ერთდროულად ვგრძნობდე მამაკაცურ და ქალურ ენერგიებს და მომწონს ამ ორი, ერთი შეხედვით, საწინააღმდეგო ენერგიების კომბინაცია. ჩემი დრეგ სახელიც – Pusseidon-იც, სწორედ აქედან მოდის, ერთი კვირის განმავლობაში ვფიქრობდი, ბოლოს გონება გამინათდა და მივხვდი, რომ ეს სახელი ზუსტად გამოხატავს იმას, რისი თქმაც მსურს, როგორც დრეგ ქვინს. ჩემს სახელში Pussy ქალის სასქესო ორგანოს აღნიშნავს, ორგანოს, რომელიც შობს სიცოცხლეს და პოსეიდონი, როგორც ზღვის ღმერთი, რომლისგანაც ძალიან დიდი მამაკაცური ძალა მოდის. იდეამ ელვასავით დამკრა და ვკიოდი, მაშინვე მივხვდი, რომ ის არის, რაც მინდა.

ვთვლი, რომ დრეგს არ აქვს საზღვრები, ჩემი შოუები, ძირითადად, მეტალის ჟანრის მუსიკაზეა გაკეთებული, მე არსად მინახავს დრეგ ქვინი, რომელიც ამ მიმართულებით აკეთებს შოუებს, პირველი პერფორმანსი წვერით მქონდა და მინდოდა, ამითაც ახალი სიტყვა მეთქვა დრეგის კულტურაში. მიუხედავად იმისა, რომ ქვიარ საზოგადოებაში ყველაზე ნაკლებად არის საზღვრები, მაინც არსებობს სტერეოტიპები, რომლებსაც ვემორჩილებით. დრეგშიც ასეა, თითქოს დრეგ ქვინი რომ ხარ, არ უნდა გქონდეს წვერი, უნდა დგამდე შოუებს კონკრეტული შემსრულებლების კომპოზიციებზე, უნდა ჰგავდე ქალს და ა.შ. მინდა, ჩემი დრეგი ამ საზღვრების წინააღმდეგ გალაშქრა იყოს. მინდა, ახალი სიტყვა ვთქვა დრეგის ისტორიაში.

 

დრეგი, რომელიც არ რჩება მხოლოდ სცენაზე

მთავარი ინსპირაცია, შეიძლება ითქვას, რომ ჩემი ის ნაწილია, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში წარმოვიდგენდი, ნაწილი, რომელიც ყოველთვის მიმალული იყო, ჩემი ინსპირაცია არის ის ოცნებები, რომელთა განხორციელებაც ჩვენს რეალობაში არ არის მარტივი. პუსეიდონი მაძლევს საშუალებას, ვიყო ის, ვინც ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი – ძლიერი, დამოუკიდებელი, სანახაობრივი, სიხარულის მომტანი. ჩემს დრეგში სულ ვცდილობ, ეს ყველაფერი ავსახო და ამ გზით გავაძლიერო რეალური ჩემი თავი, რადგან დრეგი არ რჩება მხოლოდ სცენაზე, დრეგი გვეხმარება, რომ ცხოვრებაში ისეთივე გაბედულები, ძლიერები და თამამები ვიყოთ, როგორც ეს ხდება მაშინ, როცა ვიკეთებთ მაკიაჟს, პარიკს და სცენაზე ვდგამთ ფეხს.

ჩემი საყვარელი  ქვინი Gerylin Stone-ია, ქართველი ქვინი, რომელსაც წლებია ვიცნობ და ამ დროის განმავლობაში ძალიან მეხმარება, მაძლევს სწორ შენიშვნებს, რჩევებს, მასთან ერთად ვიზრდები და ხანდახან ვხუმრობ, რომ ჩემი დეიდაა. მისი შესაძლებლობები ამოუწურავია.

 

ერთიანობა, რომელსაც ქართველი დრეგ ქვინები ქმნიან

პირველი ბოლის პირველ რეპეტიციაზე ძალიან მორიდებული ვიყავი, ვიჯექი ჩემთვის კუთხეში მარტო, ხმას არ ვიღებდი, მაგრამ ისეთი სასიამოვნო ატმოსფერო იყო, რომ რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ უკვე ყველასთან დამეგობრება მოვახერხე. ეს არის სახალისო პროცესი, თუმცა ძალიან დამღლელი, როგორც ფიზიკურად, ასევე ემოციურად, თან ჩემს მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ პირველად ვიდექი ქუსლებზე და ეგრევე ცეკვა დავიწყე, სიარულიც კი არა.

ხანდახან რეპეტიციები უამრავი საათის განმავლობაში გრძელდება, დილის ხუთ საათზეც გამოვსულვართ რეპეტიციიდან, თან ქვინების უმეტესობა, მათ შორის, მეც, სხვა სამსახურშიც ვმუშაობთ და ხანდახან წარმოუდგენლად მიჭირს ამ ორის შეთავსება, თუმცა ის სიყვარული, რომელსაც სხვა ქვინებისგან და ორგანიზატორებისგან ვიღებ, ყველანაირ დაღლაზე მეტია. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი ჰაუსი და ეს არის ყველაზე ძვირფასი ჩემთვის.

რეპეტიციების მერეც სულ ერთად დავდივართ, ერთად ვატარებთ დროს, ვაძლიერებთ ერთმანეთს და გვერდში ვუდგავართ. პირველი ბოლის გენერალური რეპეტიციის მერე ისეთი დაღლილი ვიყავი, რომ მეჯლისის ღამეს პანიკური შეტევა დამეწყო და სცენაზე ავტირდი, მართალია, შოუს ჩემი ცრემლები მოუხდა (იცინის), მაგრამ მე ძალიან გავნადგურდი.

 

ქართული დრეგის მომავალი და რჩევები იმ ადამიანებს, რომლებსაც დრეგის კეთება უნდათ

აქამდე დრეგი არსებობდა საქართველოში, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, კიდევ უფრო მასშტაბურია, ეს ყველაფერი დრეგ მეჯლისის და ქართველი ქვინების დამსახურებაა, თითქოს ბეჭედი დავარტყით იმას, რომ ქართულ კულტურაში დრეგიც შემოვიდა. მგონია, რომ ეს ნაბიჯი და ჩვენი შრომა აუცილებლად დაატყობს კვალს ქართულ ქვიარ და არა მარტო ქვიარ კულტურას.

თუ გინდა, რომ დრეგ კულტურის ნაწილი იყო და ვერ დგამ ამ ნაბიჯს, ჩემი რჩევა იქნება, რომ დაივიწყო ყველაფერი და უბრალოდ გააკეთო. მოიხსენით ფემინურობის კომპლექსი, ვიცი, რომ არ არის ამის დაძლევა მარტივი, იმ საზოგადოებაში განსაკუთრებით, სადაც ქალურობა სისუსტესთანაა ასოცირებული. ნუ შეუშინდებით ნორმებს, დაარღვიეთ გაბატონებული წესები და გააკეთეთ ის, რაც გინდათ. უნდა გადავაბიჯოთ შინაგან ბრძოლებს, უნდა მოვრჩეთ საკუთარი თავის და ერთმანეთის შერცხვენას ჩვენი ოცნებების გამო და ვაკეთოთ ის, რისი გაკეთებაც მართლა გვინდა.

დრეგ კულტურაში ჩართვამ ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა, ძალიან დიდი თავდაჯერება მომცა, სხვანაირად გაბედული ვარ, სხვანაირ ძალას ვგრძნობ, პრეტენზია გამიჩნდა, რომ იმაზე მეტი უფლებები მაქვს, ვიდრე ამას მე მანიჭებენ, მე იმაზე მეტი ვარ, ვიდრე აქამდე ვხედავდი. მგონია, რომ შეუძლებელი აღარაფერია, ჩემს ცხოვრებაში უცებ ძალიან ბევრი მხარდამჭერი გამოჩნდა, რომლებიც მაძლევენ სიყვარულს, მეგობრობას, ძალას. ვფიქრობ, საკმარისი მიზეზია, რომ ჩვენს კომპლექსებზე მაღლა დავდგეთ და ვაკეთოთ ის, რაც მართლა გვინდა.

 

ფოტოების ავტორი: Kerosene on ice 

 

წინა

კრიტიკული პოლიტიკის პლატფორმა სექსუალობის, გენდერისა და ქვიარ პოლიტიკის თემაზე დისტანციურ კურსს იწყებს

შემდეგი

აბორტზე ხელმისაწვდომობა — ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ძალადობის ნებისმიერ ფორმას გმობს და ქვეყნებს მოქმედებისკენ მოუწოდებს

ბოლო სიახლეები

Tbilisi Pride-ის ოფისში შეჭრაში ბრალდებულები სასამართლომ 5 000 ლარით დააჯარიმა

Facebook11Tweet0Shares11 Tbilisi Pride-ის თანადირექტორის, მარიამ კვარაცხელიას მიერ ფეისბუკზე გავრცელებული ინფორმაციით, სასამართლომ ორგანიზაციის ოფისში შეჭრაში ბრალდებულ 3

ალტ-ინფოს ცნობით, შოთა მარტინენკო და ზურაბ მახარაძე დააკავეს

Facebook55Tweet0Shares55 2 ივლისს, პოლიციამ ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქციის მონაწილეები, მათ შორის, ჰომოფობიური, პრორუსული დაჯგუფება ალტ-ინფოს ლიდერები, შოთა

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ დასრულებულა — თურქი აქტივისტები პრაიდის მონაწილეთა დაკავებას გმობენ

Facebook14Tweet0Shares14 26 ივნისს, მას შემდეგ, რაც თურქმა პოლიტიკოსებმა პრაიდთან დაკავშირებული ღონისძიებების აკრძალვის შესახებ განაცხადეს, სტამბულში გამართულ

კაფე მზიურთან ლგბტქი დროშის ჩამოხსნის მოთხოვნით ულტრა-მემარჯვენე ჯგუფის აქცია მიმდინარეობს

Facebook163Tweet0Shares163 კაფე მზიურმა პრაიდ კვირეულის მხარდაჭერის მიზნით კაფეს ვიტრინაში ლგბტქი დროშა გამოფინა, რასაც ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფის