ლგბტქი უფლებების ადვოკატირების საერთაშორისო გაერთიანების ევროპის ფილიალმა (ILGA Europe) 2021 წლის ლგბტქი უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობის შესახებ კვლევა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, საქართველო ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით ევროპის რეგიონში 32-ე ადგილზეა და 17 ქვეყანას უსწრებს.
ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით არსებული კოეფიციენტი 27%-ს შეადგენს – საუკეთესო მდგომარეობა თანასწორობისა და დისკრიმინაციისგან თავისუფალი გარემოს (56%) კუთხით გვაქვს, ყველაზე დიდი სამუშაო კი ლგბტქი თავშესაფრის (0%), გენდერის სამართლებრივად აღიარების (5%) და ოჯახში მიმღებლობის (13%) კუთხით გვაქვს.
ILGA Europe-ის ანგარიში დეტალურად მიმოიხილავს სიძულვილის ენის გამოყენებისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების შემთხვევებს, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენელთა მხრიდან დისკრიმინაციული განცხადებების გავრცელებას. ანგარიშში ნათქვამია, რომ ივლისში დაგეგმილი ღირსების მარშის კვირეულისას, ხელისუფლებამ მშვიდობიანი შეკრების დაცვა ვერ შეძლო და მეტიც, ძალადობრივი ქმედებების წამხალისებლად იქცა, რის მაგალითადაც ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვაა მოყვანილი, რომელშიც პრემიერმინისტრმა მარშის ჩატარება მიზანშეწონილად არ მიიჩნია.
ანგარიშში განხილულია ლგბტქი სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი სხვა დანაშაულებიც, მათ შორის, აპრილში, ივნისსა და სექტემბერში ტრანსფობიურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობის, აპრილში, ლესბოსელი ქალებისა და წყვილების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის და სხვა შემთხვევები, რომელთა ძირითად ნაწილთან დაკავშირებით სამართალდამცავ უწყებებს დანაშაულის ჩადენის მოტივად დისკრიმინაციული საფუძველი არ განუხილავთ.
ანგარიშში პანდემიური რეალობის ლგბტქი ადამიანზე საზიანო გავლენაზეც არის საუბარი, რომელიც WISG-ის კვლევას ეყრდნობა: აღმოჩნდა, რომ ლგბტქი ადამიანების თითქმის ნახევარს პანდემიის პერიოდში დაბალანსებულ კვებაზე წვდომის პრობლემა შეექმნა; კვლევისას გამოკითხული რესპონდენტების 13%-ს პანდემიის პერიოდში საცხოვრებლის პრობლემა შეექმნა, გამოკითხულთა მესამედს კი ქირის გადახდასთან დაკავშირებით ჰქონდა გართულებები, თუმცა სამოქალაქო საზოგადოების მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებას საცხოვრებლის პრობლემის გადასაჭრელად გონივრული გეგმა კვლავაც არ შეუმუშავებია.
ანგარიშში განხილული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი გენდერის სამართლებრივად აღიარების ნაწილია, რომელშიც გენდერის სამართლებრივი ცვლილების პირველ პრეცედენტზეა საუბარი, თუმცა ნათქვამია, რომ ოფიციალურ უწყებებს არ აქვთ სამართლებრივი და ადმინისტრაციული წესდება, რომლის საფუძველზეც გენდერის სამართლებრივად აღიარება შესაძლებელი გახდებოდა, გენდერის მარკერის შეცვლა კი მხოლოდ ქირურგიული ჩარევის მტკიცებულებით არის შესაძლებელი.