რუსეთი ყოველთვის გამოირჩეოდა დაუნდობლობითა და ბოროტებით. ამას არაერთი ფაქტი თუ მოვლენა ამტკიცებს. ლიტერატურაშიც მრავლად შეხვდებით წიგნებს, რომლებიც რუსეთის სასტიკ რეჟიმზე მოგვითხრობენ. ამ სტატიაში ცნობილი და წარმატებული ქართველი ქალი მწერლების 5 ნაწარმოებს გაგაცნობთ, რომელთა წაკითხვაც ნამდვილად ღირს.
გათვლა – თამთა მელაშვილი
„გათვლა“ თამთა მელაშვილის სადებიუტო რომანია, რომელმაც 2011 წელს ლიტერატურული პრემია „საბა“ მოიპოვა. 2012 წელს ნომინირებული იყო გერმანიის დამოუკიდებელ გამომცემელთა პრიზზე, ხოლო 2013 წელს გერმანიის ახალგაზრდული ლიტერატურის ეროვნული პრემია მოიპოვა. რომანი რამდენიმე ენაზეა თარგმნილი.
ის 13 წლის გოგოების თვალით დანახულ ომსა და ძალადობაზე მოგვითხრობს, რომლებმაც კონფლიქტურ ზონაში 3 დღე გაატარეს. იქ, სადაც სიკვდილი ჩვეულებრივ ამბად არის ქცეული და მუდმივ დაძაბულობასა და შიშში მხოლოდ გადარჩენაზე ფიქრი არსებობს. რომანში მოთხრობილი ამბავი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ შეიარაღებულ კონფლიქტს არასდროს აქვს გამართლება.
კატა და გენერალი – ნინო ხარატიშვილი
„კატა და გენერალი“ დაძაბული, ღრმა ფსიქოლოგიური რომანია დანაშაულსა და სასჯელზე, სახელმწიფოებისა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ბრძოლაზე, მშვიდობისა და გადარჩენისკენ სწრაფვაზე.
ნინო ხარატიშვილის ამ რომანში პერსონაჟთა ბედი ერთანეთზეა გადაჯაჭვული, რომლებიც თავს იყრიან სიყვარულისა და სიძულვილის ღერძზე. ისინი არიან კლასიკური ტრაგედიის რანგში აყვანილი მომაკვდინებელი თამაშის ნაწილი. წიგნი ჩეჩნეთის ომის ისტორიას გადმოგვცემს და მასში ერთადერთ მთხრობელად გერმანელი ჟურნალისტი გვევლინება.
„კატა და გენერალი“ 2018 წელს გერმანურ ენაზე დაიბეჭდა. ერთ-ერთმა გამომცემლობამ წიგნის ქართულად თარგმნის საავტორო უფლებაც შეიძინა, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული თარგმანი ჯერ არ მოიპოვება. მწერალს მასზე სამუშაოდ 2 წელი დასჭირდა.
მერვე სიცოცხლე (ბრილკას) – ნინო ხარატიშვილი
ნინო ხარატიშვილმა „მერვე სიცოცხლე“ თავდაპირველად გერმანულ ენაზე დაწერა და გამოცემიდან მალევე ბესტსელერადაც იქცა. მან გერმანიაში პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო – ბერტოლდ ბრეხტის პრემია მიიღო. ქართულად თარგმნის შემდეგ, 2019 წლის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. წიგნის მიხედვით სპექტაკლიც დაიდგა. აღსანიშნავია, რომ „მერვე სიცოცხლეში“ მთავარ როლს საქართველო ასრულებს და მისი მთავარი ძალა ქალები არიან.
რომანში ყოველ ახალ თავს ეპიგრაფებად საბჭოთა ლოზუნგები, დისიდენტი პოეტების და მოაზროვნეების ციტატები, პოლიტიკოსების რეპლიკები, სოციალისტური სიმღერების ტექსტის ფრაგმენტები უძღვის.
ამბავი 1900-იან წლებში, სიმონ ჯაშის და შოკოლადის ფაბრიკანტის ქალიშვილის ქორწინებით იწყება და 2007 წლის 7 ნოემბრის დრამატული ეპიზოდით მთავრდება. თუმცა, როგორც რომანის პირველივე ფრაზაში ვკითხულობთ, ამ ამბავს რამდენიმე დასაწყისი აქვს და საერთოდაც, ყველაფერი პირიქითაც შეიძლება – ბოლოდან დაწყება. კერძოდ, 2006 წლიდან, როცა ერთ არც ისე მშვენიერ დღეს, ევროპაში გადაცხოვრებულ ნიცა ჯაშს მოულოდნელად ატყობინებენ საქართველოდან, რომ მისი 12 წლის დისშვილი ბრილკა, ცეკვის ანსამბლთან ერთად ევროპაში გასტროლებზე მყოფი, ამსტერდამის სასტუმროდან მარტო გამოვიდა და სადგურისკენ გაემართა. გაურკვეველია, სადაა ან რა ჩაიფიქრა ობოლმა მოზარდმა…
რეკვიემი – ზაირა არსენიშვილი
„რეკვიემი ბანის, სოპრანოსა და შვიდი ინსტრუმენტისთვის, ანუ ახალგაზრდა მთხზველის პორტრეტი“ ზაირა არსენიშვილის პირველი რომანია.
XX საუკუნის 30-იანი წლების საშინელი სტალინური რეპრესიებიდან თითქმის 25 წელია გასული. დადგა ე. წ. „ოტტეპელი“. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ახალგაზრდა მევიოლინე ცდილობს, დაინახოს, როგორი იყო მისი უფროსი კოლეგა მუსიკოსების ცხოვრება მეოთხედი საუკუნით ადრე, დიდი ტერორის დროს. იგი თვითმხილველთა მონაყოლით აღადგენს სურათს, რით სუნთქავდნენ ისინი, რა იმედებით ცოცხლობდნენ, რა გეგმები ჰქონდათ, როგორ უყვარდათ, როგორ სძულდათ…
ცხოვრება თითქოს შეცვლილია, აღარავის აკრთობს ღამის სიჩუმეში მოახლოებული მანქანის ხმა, როგორც გარდაუვალი დაღუპვის ნიშანი… თუმცა ადამიანებს მაინც თან სდევს იმ საშინელი შიშის აჩრდილი. ავტორი გვეკითხება, შეიცვალა კი თავად ადამიანის ბუნება?
ვა, სოფელო – ზაირა არსენიშვილი
ზაირა არსენიშვილის რომანში „ვა, სოფელო“ მოქმედება თელავში, XX საუკუნის 20-50-იან წლებში ვითარდება. პატარა ქალაქისა და მისი მკვიდრი სამი ქალის ცხოვრების ისტორიის მაგალითზე მკითხველი დაინახავს საქართველოს იმდროინდელ ისტორიას: თელაველებისა და ზოგადად, ქართველი ხალხის ყოფას, ქალაქის კულტურულ ცხოვრებას, გლობალურ პოლიტიკურ ძვრებსა და 20-30-იანი წლების სტალინურ ტერორს.
რომანის მცირე ნაწილი საბჭოთა პერიოდში „ლიტერატურულ საქართველოშიც“ გამოქვეყნდა, თუმცა მწერალს გაგრძელების დაბეჭდვაზე უარი უთხრეს.