ეპისკოპალური-ანგლიკანური ეკლესია საქართველოში – ადგილი, სადაც ყველა თანასწორია

24 წლის თომა ლიპარტიანი ეპისკოპალური-ანგლიკანური ეკლესიის ღვთისმსახურების ლიდერია და მსახურებას თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ეპისკოპალურ მისიონში აღასრულებს. დაიბადა ქუთაისში. სკოლის დამთავრების შემდეგ, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა და კავკასიის უნივერსიტეტში ფსიქოლოგიის სწავლა დაიწყო. ახლა თეოლოგიას სწავლობს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, რომელიც რომის კათოლიკე ეკლესიის დაარსებულია.

„რასაც ეკლესიაში ვაკეთებ, ჩემი ცხოვრების ბირთვია და, ზოგადად, თუკი ვინმე საზოგადოებაში მიცნობს, სწორედ ეკლესიიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ ჩვენი ეკლესია საქართველოში არსებული ერთადერთი ტრადიციული ეკლესიაა, რომელიც ძალიან არატრადიციულ წინადადებებს ამბობს ჩვენი ქვეყნის კონტექსტისთვის. პირველ რიგში, იმას, რომ ყველა ადამიანი თანასწორია.“

 

როდიდან გაგიჩნდა რელიგიის მიმართ ინტერესი?

სიმართლე რომ ვთქვა, ვერ ვიხსენებ ჩემი ცხოვრების ვერც ერთ ეტაპს, რომელიც  სულიერების გარეშე იყო. ყველაფერი, რაც ღმერთთან იყო დაკავშირებული, თუნდაც ზღაპრებსა და ფილმებში, სახლშიც თუ რამეს მოვკრავდი ყურს, ჩემში აღფრთოვანებასა და ინტერესს იწვევდა. რაც შეეხება რელიგიურობას, ის 10 წლის ასაკიდან გაჩნდა, როცა დედასთან ერთად პირველად მოვხვდი ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში. ამ დღემ სრულიად შეცვალა ჩემი ცხოვრება, მომცა მთავარი საყრდენი, დამაყენა რელსებზე, რომელზეც დღემდე დავდივარ – ეს არის ქრისტიანული ცხოვრება ეკლესიის წიაღში. აქედან დაიწყო ჩემი ღრმა რელიგიურობა.

ჩემი ოჯახის არცერთი წევრი არ ყოფილა დიდად რელიგიური, მე კი 10 წლის ასაკიდან, მათგან დამოუკიდებლად, რელიგიურ ცხოვრებაში ჩავები. აქედან მოყოლებული, ყოველ კვირა დღეს დავდიოდი წირვაზე ქუთაისის კათოლიკურ ეკლესიაში. ასევე, ძალიან დიდ სიამოვნებას მგვრიდა, კვირის განმავლობაში, სკოლიდან სახლამდე კათოლიკურ ეკლესიაში მისვლა და 10-15-წუთიანი მდუმარე ლოცვა. ალბათ, ეს აუცილებელიც კი იყო ჩემი სულიერების განვითარებისთვის.

 

როგორ აღმოჩნდი კათოლიკური ეკლესიიდან ეპისკოპალურ ეკლესიაში?

მე ვიყავი კათოლიკე და, შეიძლება ითქვას, ვიყავი კარგი კათოლიკე იმის გათვალისწინებით, რომ ბედნიერად ვგრძნობდი თავს ამ ეკლესიის წევრად, ასევე ვმსახურობდი მინისტრანტად და ვცდილობდი, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ეკლესიას გამოვდგომოდი, თუმცა, ამავდროულად, სხვა რელიგიებითა და სულიერი ტრადიციებითაც ვიყავი დაინტერესებული. ეს არ ნიშნავდა იმას, რომ მსურდა, სხვა რელიგიის წევრი გავმხდარიყავი. რელიგიის ძიება შევწყვიტე, რადგან უკვე ნაპოვნი მქონდა ჩემი სულიერი სახლი, მაგრამ თეოლოგიისა და რელიგიების ინტერესი ყოველთვის მქონდა – ვკითხულობდი სხვა რელიგიებზე, ვეცნობოდი მათ წარმომადგენლებს. ასევე მქონდა ინფორმაცია იმ ეკლესიების შესახებ, რომლებიც პრაქტიკით, თეოლოგიითა და სწავლებებით ახლოს იდგნენ კათოლიკურ ეკლესიასთან, მაგრამ, ამავდროულად, ეს ეკლესიები საკმაოდ პროგრესულები იყვნენ სოციალური სწავლებებიდან გამომდინარე. პირველ რიგში, ასეთი იყო ძველკათოლიკური ეკლესია, რომელიც ვატიკანის პირველი კრების დროს გამოეყო კათოლიკურ ეკლესიას, და ანგლიკანური ეკლესია, რომელიც რეფორმაციის ხანაში მოწყდა პაპის იურისდიქციას.

მე ვიცნობდი ამ ეკლესიებს, როგორც კათოლიკურ ეკლესიასთან ახლოს მდგომებს, მაგრამ ასევე ვიცოდი მათი დამოკიდებულება ქალთა ხელდასხმის, ქვიარ ადამიანების, განქორწინების, მეორედ ჯვრისწერასთან და, ზოგადად, თანამედროვე გამოწვევებთან დაკავშირებით. ეს იყო ძალიან მიმზიდველი, მაგრამ ამ ეკლესიების წევრობა არ მსურდა. პირველი პრობლემა იყო ის, რომ ეს ეკლესიები საქართველოში საერთოდ არ არსებობდა. 18 წლის ასაკში, როდესაც ფსიქოლოგიის სტუდენტი გავხდი, ბევრ რამესთან მიმართებაში მქონდა დოგმატური დამოკიდებულება, ბევრ რამეზე ლიბერალურადაც ვფიქრობდი, მაგრამ ჩემს გონებაში ჯერ კიდევ იყო გადაუჭრელი პრობლემები. რა თქმა უნდა, არ ვიყავი ფუნდამენტალისტი. ვთვლიდი, რომ ადამიანებს ჰქონდათ სოციალური თანასწორობის სრული უფლება, მათ შორის, სამოქალაქო დონეზე ქორწინების, მაგრამ ვფიქრობდი იმასაც, რომ ეკლესიაში ერთი და იმავე სქესის წყვილთა ჯვრისწერის შესრულება შეუძლებელი იყო. ამ მხრივ, ეკლესიაში რეფორმის შესაძლებლობას ვერ ვხედავდი, რადგან კათოლიკური ეკლესია დიდი და ამ კუთხით მკაცრი ინსტიტუციაა.

სწავლის პერიოდში, გენდერის ფსიქოლოგიის, სექსოლოგიისა და იმ დისციპლინების გავლის შემდეგ, რომლებიც სექსუალობას,  სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერს შეისწავლის, მივხვდი, რომ ლგბტქი ადამიანებიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან და თუკი ღმერთი ამ ადამიანებს ჩვეულებრივებად ქმნის, რატომ უნდა ეცადოს რელიგია მათ მარგინალიზებას?! ეს გამოიხატება იმაში, რომ თუკი ერთი ტიპის ადამიანებს აძლევ ჯვრისწერის უფლებას, რატომ არ ანიჭებ იმავე უფლებებს მეორე ტიპის ადამიანთა ჯგუფს? ეს კითხვები ჩემთვის უფრო დიდ შინაგან პრობლემებში გადაიზარდა და დავიწყე ფიქრი, შევერთებოდი იმ ეკლესიას, რომელზეც უკვე მქონდა წარმოდგენა, კონკრეტულად, ანგლიკანურ ეკლესიას. მაშინ ახალგაზრდული შემართება მქონდა და გავბედე, ადამიანთა პატარა ჯგუფი შემეკრა – ერთად ვილოცებდით საერთო მიზნისთვის და, საბოლოო ჯამში, დავაარსებდით ეპისკოპალურანგლიკანურ ეკლესია საქართველოში. 2018 წლის 21 აპრილს ჩვენი პირველი ლოცვითი შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც 17 ადამიანი დაესწრო. ამის შემდეგ დავუკავშირდით ეპისკოპალურ ეკლესიას და მისი წევრები გავხდით.

ეპისკოპალური ეკლესია აბსოლუტურად პროგრესულია, როგორც ქალთა ხელდასხმების კუთხით, ასევე ლგბტქი თემის წევრთა მიმართ. 1970-იან წლებში ჩვენმა ეკლესიამ პირველად აკურთხა ქალ მღვდლებ და მალევე – ქალი ეპისკოპოსები. პირველი ქალი ეპისკოპოსი იყო შავკანიანი ბარბარა ჰარისი. ეს მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იყო როგორც ქალთა უფლებებისთვის, ასევე რასიზმის წინააღმდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და სკანდალური განაცხადი იყო. ამერიკის ყველა მნიშნველოვანი გამოცემა ამაზე წერდა, რადგან იმ პერიოდში რასიზმი ჯერ კიდევ მძვინვარებდა. ჩვენი ეკლესია ასევე იყო პირველი, რომელმაც ღიად გეი ადამიანი ეპისკოპოსის რანგში აიყვანა (2003 წელს, ეპისკოპოსი ჯინ რობინსონი) და ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ერთი და იმავე სქესის წყვილების ჯერ დალოცვა, შემდეგ კი ჯვრისწერა დაიწყო.

 

 

გიგრძვნიათ თუ არა უარყოფითი დამოკიდებულება სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან?

რეალურად, საქართველოში სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან არასდროს გვიგრძვნია ცუდი დამოკიდებულება. მეტიც, რუსთავში ევანგელურ-ლუთერული ეკლესია ეკლესიას გვითმობს და ღვთისმსახურების ჩატარების უფლება გვაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ეკლესიის ეპისკოპოსმა იცის ჩვენ შესახებ. ასევე, თბილისში ჩვენ ვიყენებთ ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალს, რისთვისაც მადლიერები ვართ. მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი – ჩვენ სახალხო დამცველის აპარატთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრობა გვინდა, თუმცა ისინი არ არიან თანახმა, რადგან ამ საბჭოს წევრთა უმრავლესობა კონსერვატიულია. საბჭოს წევრობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან გვინდა, გამოვიყენოთ ყველა არსებული ტრიბუნა, სადაც შესაძლებელი იქნება ჩვენი ხმის გაჟღერება. ჩვენნაირი პატარა ეკლესიისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა ფართო საზოგადოებას ხმა გავაგონოთ.

 

2018 წლიდან რამდენად გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ღვთისმსახურებას ესწრებიან?

როგორც უკვე ვთქვი, ჩვენს პირველ შეკრებას 17 ადამიანი ესწრებოდა, მაგრამ დროდადრო გავიზარდეთ. დღესდღეობით, საქართველოში 100-ზე მეტი ადამიანია, რომლებიც სხვადასხვა ფორმით არიან დაკავშირებული ჩვენს სამრევლოსთან. რა თქმა უნდ, ყოველ კვირას 100 ადამიანი არ დადის, მაგრამ დადის მნიშვნელოვანი რაოდენობა იმისათვის, რომ აქტიური, ლიტურგიული თუ სხვა სოციალური შეხვედრები შედგეს და სამრევლომ არსებობა გააგრძელოს. ჩვენ ყოველწლიურად ვგრძნობთ მნიშვნელოვან ზრდას მრევლის რაოდენობის მხრივ და ვგულისხმობ  როგორც ქართველებს, ასევე უცხოელებსაც. თავიდან მხოლოდ ქართველები ვიყავით, მაგრამ თანდათან თბილისში მცხოვრები უცხოელებიშემოგვემატნენ, რომლებიც სტუდენტები და საერთაშორისო ორგანიზაციების თანამშრომლები არიან.

 

თუ არიან მათ შორის ქვიარ ადამიანები და რამდენად დიდია მათი რიცხვი?

ყოველთვის ვერიდები, გამოვყო კონკრეტული ჯგუფები მრევლში. რა თქმა უნდა, ვიცი, რომ ჩვენს სამრევლოში არიან ქვიარ ადამიანები და მახარებს მათი არსებობა ჩვენ გვერდით, თუმცა ასე გამოკვეთილად არასდროს აღვნიშნავ ამას. არსებობენ ისეთებიც, რომლებიც ამასთან დაკავშირებით ღიად საუბრობენ, არ მალავენ და, დიახ, შემიძლია ვთქვა, რომ ქვიარ ადამიანები არიან ჩვენს რიგებში, რაც ძალიან გვაბედნიერებს.

 

რას იტყვი ეპისკოპალური ეკლესიის სამომავლო გეგმების შესახებ?

ამჟამად ეპისკოპალური ეკლესია საქართველოში მიმართულია იმისკენ, რომ სახარება, ანუ სასიხარულო უწყება, რაც ქრისტემ 2000 წლის წინ მოიტანა და რაც დღესაც აქტუალურია, მივიტანოთ ყველა იმ ადამიანამდე, ვისთან მიტანის საშუალებაც გვექნება.

ჩვენი მთავარი მისიაა, მარგინალიზებულ ადამიანებს მივუტანოთ სიტყვა, რომ ღმერთი სიყვარულია, ეს 16-ჯერ მეორდება მხოლოდ იოანეს სახარებაში. რადგანაც ჩვენი ეკლესია არის ერთადერთი, რომელსაც ქვიარ ადამიანების სრული მიმღებლობა აქვს, თავს ვალდებულად ვთვლით და ასევე, პატივია, რომ პირველ რიგში, სახარება მათთან ვიქადაგოთ, რადგან, გამომდინარე იქიდან, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება და რასაც დომინანტი რელიგიური ჯგუფი, საქართველოს საპატრიარქო მათ წინააღმდეგ აკეთებს, ამ ადამიანებს ხშირად ეკარგებათ რწმენა ქრისტეს მიმართ. ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მათ ვუთხრათ, რომ ქრისტიანობა სხვაგვარია. ჭეშმარიტი ქრისტიანობა მათ სხვა რამეს ეუბნება და სხვა პერსპექტივებს სთავაზობს. ჩვენი მიზანი არ არის, გავიზარდოთ და მთელი საქართველო მოვიცვათ, ჩვენი მიზანია, რომ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი მსახურება ესაჭიროებათ, ვემსახუროთ.

ჩვენი სამომავლო გეგმაა, მოვაგროვოთ თანხა იმისათვის, რომ გვქონდეს საკუთარი ეკლესიის შენობა, სადაც შევიკრიბებით საკვირაო ღვთისმსახურებებისთვის და გამოვიყენებთ მას სხვადასხვა დანიშნულებისთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ შენობა არ გვაქვს, დღესაც ვეწევით საგანმანათლებლო მსახურებას – ვატარებთ ინგლისურის უფასო გაკვეთილებს, ქართულის უფასო გაკვეთილებს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც აქ ცხოვრობენ და ქართულის შესწავლა სურთ, ასევე, ვატარებთ ბიბლიის გაკვეთილებს მათთვის, ვისაც წმინდა წერილი აინტერესებს.

 

რამეს ხომ არ დაამატებდი?

ალბათ, ადამიანები ჩვენი ეკლესიის ადგილმდებარეობით დაინტერესდებიან და ვიტყვი, რომ დიდი ღვთისმსახურებებისთვის ვიკრიბებით მშვიდობის კათედრალში, რომელიც კედიას 6 ნომერში მდებარეობს. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დამიკავშირდეს, როგორც სამრევლოს პასტორალურ ლიდერს და მე მივაწვდი ამომწურავ ინფორმაციას, თუ როგორ მოვიდნენ ჩვენამდე.

აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო „ქვიარს“ გვერდში დგომისთვის. იმისთვის, რომ ჩვენით ინტერესდება და გვაშუქებს.

წინა

ლგბტქი უფლებების დაცვის კუთხით საქართველო ევროპაში 32-ე ადგილზეა

შემდეგი

აივ-ინფიცირების ახალი შემთხვევები ჰეტეროსექსუალებში უფრო ხშირია, ვიდრე გეი და ბისექსუალ კაცებში

ბოლო სიახლეები

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

FacebookTweetLinkedInEmail 17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ