ქვიარ ფლამენკო

/

ქვიარ ფლამენკო

ავტორი: ნინო ბექაია ”ჩაბნელებული სცენა, მაყურებლისკენ სახით გრძელ, წითელ ტრადიციულ კაბაში გამოწყობილი მოცეკვავე დგას. ისმის გიტარის ხმა, Eres una rosa – ”შენ ხარ ვარდი”- გაისმის სიმღერა და მოცეკვავე ოდნავ ირხევა, თითქოს ენერგიას

ქვიარ ფლამენკო

/

ავტორი: ნინო ბექაია

”ჩაბნელებული სცენა, მაყურებლისკენ სახით გრძელ, წითელ ტრადიციულ კაბაში გამოწყობილი მოცეკვავე დგას. ისმის გიტარის ხმა, Eres una rosa – ”შენ ხარ ვარდი”- გაისმის სიმღერა და მოცეკვავე ოდნავ ირხევა, თითქოს ენერგიას იკრებს. სიმღერა გრძელდება, ცეკვა დაიწყო. მაყურებელი კი ხედავს ერთდროულად ძალიან ნაცნობ და ამავე დროს მოულოდნელ სცენას – ფლამენკოს მოცეკვავე წითელ კაბაში, მკაცრი მზერითა და ჰაეროვანი მოძრაობით, ქალი არ არის. ეს მოცეკვავე მანუელ ლინიანია, შოუ ”Viva!”-ს შემქმნელი და ვარსკვლავი.” – წერს ნიუ-იორკ თაიმსი.

აღნიშნულ შოუს არა მხოლოდ ესპანეთმა, სხვა ქვეყნების სცენებმაც უმასპინძლა. ცნობილი ესპანური ჟურნალის, ”El Pais”- ის კრიტიკოსი, როჯერ სალასი, შოუს აღწერს, როგორც ”ერთ-ერთი საუკეთესო რამ, რაც დღეს ხდება ფლამენკოს ისტორიაში.”

ფლამენკო უნიკალურია თავისი არსითა და გამოხატვის ფორმით. მას აქვს დიდი ისტორია მრავალსაუკუნოვანი მუსიკითა და ცეკვით, სადაც კაცებს აქვთ მკაცრად განსაზღვრული მოძრაობები, ტანისა და ტორსის დაჭერის წესი კონკრეტულ პოზიციაში, ხელების ნაკლები მოძრაობის შესაძლებლობა. ქალებს კი პირიქით, შეუძლიათ, მეტად გამოიყენონ ხელის მტევანი და თეძო, სხვაგვარად დაიჭირონ ტორსი.

მანუელ ლინიანი აღნიშნავს, რომ მისთვის ბავშვობიდან არაბუნებრივი იყო კაცისთვის განსაზღვრული მკაცრი წესების დაცვა ცეკვაში. პატარაობიდან ასწავლიდნენ, რომ ეცეკვა ”como un hombre” – როგორც კაცს. ფლამენკო კი მხოლოდ მოძრაობა არ არის, ეს არის მდგომარეობა, ემოცია და საკუთარი თავის ექსპრესია. მოგვიანებით, მანუელს შემოაქვს ცეკვის დროს ქალის მოძრაობებიც, რაც მის ცეკვას მეტად ემოციურსა და თავისუფალს ხდის. შოუში კი, მის გარდა რამდენიმე კაცია გამოწყობილი ტრადიციულ ფლამენკოს კაბებში, თმაზე უკეთიათ პიენეტა – ქალის თმის აქსესუარი და ყვავილები.

როსიო მოლინა – ლესბოსელი მოცეკვავეა, რომელიც ასევე გასცდა არსებულ წესებს. მოლინამ სტუდენტობის ასაკიდან შემოიტანა საკუთარ ცეკვაში ცვლილებები. კერძოდ, თეძოს განსაზღვრული მოძრაობა, რაც მისთვის ხელოვნური აღმოჩნდა, ჩაანაცვლა კაცის თეძოს მოძრაობით და ტორსის შეცვლილი მანერით, რაც, ასევე, კაცებისთვის იყო დამახასიათებელი. ”მე შემიძლია, ვიცეკვო იგივე ან უფრო მეტი ძალით, ვიდრე ნებისმიერ კაცს” – ამბობს მოლინა. მისი ყოველი ცეკვა იმდენად ემოციურია, იმდენად ძლიერი და ექსტრემალური, როდესაც უყურებ, გგონია, მისგან წამოსული ენერგია წაგლეკავს და გრძნობ მის ყველა ემოციას. უყურებ ამ მოცეკვავე ქალს და იგი თითქოს ტრანსშია, ჩადის საკუთარ ქვეცნობიერში და გიყვება ამბავს.

თავის სოლო შოუში – ”Caída del cielo”, რომელიც ნიუ-იორკში ჩატარდა, მოლინა ცეკვის დროს იყენებს ერთგვარ ჭურჭელს, რომელიც წითელი სითხით არის სავსე, რომელსაც შემდეგ ღვრის სცენაზე. აღნიშნული პერფორმანსი გამოხატავს მისი სამყაროსა და სხეულის გამოცდილებას. ”მენსტრუაციიდან დაწყებული, ორსულობის ჩათვლითა და პოსტმშობიარობის პერიოდში, ქალები ერთგვარ ბინძურ მონსტრებად განიხილებიან დღესაც კი. მე მსურდა ამ მდგომარეობებისმშვენიერება მეჩვენებინა” – ამბობს მოლინა.

თანამედროვე ფლამენკოს არტისტი და თეორიტიკოსი – ფერნანდო ლოპეს როდრიგესი მიიჩნევს, რომ ფლამენკოს ყოველთვის ჰქონდა ქვიარ ელემენტები. მე- 20 საუკუნის დასაწყისში ქროს-დრესერი (საპირისპირო სქესის ტანსაცმლში ჩაცმული) მოცეკვავეები ხშირად მართავდნენ შოუს სხვადასხვა სცენაზე. ფრანკოს მმართველობის პერიოდში ქვიარ ფლამენკო ანდგერგრაუნდ სცენებზე გადავიდა 1960 წლამდე. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული კი, ჯერ ქვიარ წვეულებებზე ჩნდებოდნენ ქროს-დრესერი მოცეკვავეები, შემდეგ კი ფართო აუდიტორიის წინაშეც. კაცების გამოჩენა ტრადიციულ ქალის კაბაში თავიდან საშიშიც კი იყო, რადგან კანონი დევნიდა ჰომოსექსუალებს ”არაზნეობრივი საქციელის გამო.” ქალებისთვის ნაკლებად სახიფათო გამოდგა ქვიარ ფლამენკო, რადგან შარვალში ჩაცმული ქალი ნაკლებად საშიში იყო ჰეტერონორმატიული გარემოში იმ პერიოდის ესპანეთისთვის. მეტიც, შარვალში კარგად ჩანდა მოცეკვავის ფეხები, რაც საამური საცქერი იყო კაცებისთვის და ქალებს აქცევდა სექსუალურობის ობიექტად.

გავიდა დრო და ესპანეთი შეიცვალა. 16 წელია, რაც გეი ქორწინება ლეგალიზებულია მიუხედავად კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგობისა. დღესაც ქვიარ ფლამენკოს მოცეკვავეები დროდადრო ხვდებიან ჰომოფობიური შინაარსის კომენტარებს და როგორც მანუელ ლინიანი ამბობს ”ეს არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ.” მიუხედავად ყველაფრისა, ფლამენკოს სამყარო მზად არის ქვიარ მოცეკვავეებისთვის. მათი შოუ სრული ანშლაგით მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

ხელოვნება იცვლება სოციუმთან ერთად და თუ არ იცვლება, ხდება არარელევანტური. ხელოვნებას კი ცვლიან ისეთი არტისტები, როგორებიც მანუელ ლინიანი და როსიო მოლინა არიან.

გამოყენებული მასალა:

A Dancer’s Disruption of Conservative Flamenco Culture”, Fergus Mclfosh, The New-Yorker Documentary, 2021

”Flamenco Dancers who ‘Move Between Genders”, Camila falquez, New-York Times, 2020