/

 Brevolution – ანტვერპენ პრაიდის მე-16 გამოცემა 

ბელგიის ქალაქ ანტვერპენში პრაიდი (Antwerp Pride) 9 აგვისტოდან 13 აგვისტომდე მიმდინარეობდა სხვადასხვა ღონისძიებების სახით და 14 აგვისტოს გრანდიოზული მარშით დასრულდა. წელს ანტვერპენ პრაიდის წამყვანი მესიჯი ორგანიზატორებმა გამბედაობას და ცვლილებებს დაუკავშირეს, რაც Braveolution-ის კონცეფციით იყო წარმოდგენილი. ანტვერპენ პრაიდის სპიკერის,  ვილფრედ ეტეზონის განცხადებით : “მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრს მივაღწიეთ, სინამდვილეში ჯერ კიდევ ბევრი მარტივი ნაბიჯის გადასადგმელად, არც თუ ისე ცოტა გამბედაობა გვჭირდება”. 

ქვიარი დაუკავშირდა ანტვერპენში მცხოვრებ ქვიარებს, ვინც მიიღო მონაწილეობა ანტვერპენ პრაიდის მარშში. გთავაზობთ მათგან მიღებულ კომენტარებს, ფოტო-ვიდეო მასალას, ასევე ინფორმაციას ბელგიაში ცხოვრების თუ საქმიანობის შესახებ. 

ეგო 

ვარ არტისტ-კრეატორი, პროფესიით ფერმწერი მხატვარი. უკვე ოთხი წელია, რაც ბრიუსელში ვცხოვრობ. ამ ქვეყნის ძალიან მადლიერი ვარ, რადგან მომცა შესაძლებლობა მივყვე ჩემ საყვარელ საქმიანობას, მოვაწყო გამოფენები, მათ შორის ჩემი პერსონალური გამოფენა, მქონდეს სახელოსნო, ვიცხოვრო სავსე და საინტერესო ცხოვრებით.

შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ცხოვრების შემდეგ, აქ პირველად ვიგრძენი თავი ადამიანად, ვიგრძენი, რომ უფლებები მაქვს და შემიძლია ვიყო ის, ვინც ვარ. ძალიან გაძლიერებს შეგრძნება, რომ შენ ამ ქალაქის ნაწილი ხარ, შეგიძლია განვითარდე, აკეთო ის, რაც გიყვარს. 

ცხადია ეს არ ნიშნავს იმას, რომ აქ არ არის პრობლემები. აქაც ხდება ისე, რომ ქვიარები კარგავენ ოჯახის მხარდაჭერას, აქაც შეიძლება სიტყვიერი, თუ ფიზიკური თავდასხმის მსხვერპლი გახდე, როგორც წესი, ემიგრანტების მხრიდან, მაგრამ განსხვავება მაინც ძალიან დიდია. აქ იცი, რომ პოლიცია დაგიცავს და ვიდრე პოლიცია მოვა ირგვლივ მყოფი ადამიანების დაგეხმარებიან. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ თუ შავკანიანი ტრანსგენდერი ქალი ხარ, შეიძლება გარშემომყოფი საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერა ვერ მიიღო. ასეთი რამ ნანახი მაქვს, სამწუხაროდ. სექსმუშაკების მიმართაც ქვიარების მხრიდან დამოკიდებულება ხშირად მიუღებელია. წელს პრაიდ მარშის დროს სექსმუშაკების მხარდამჭერი პოსტერი მეჭირა წარწერით – “პლეშკა არ არის კრიმინალი”. პლეშკა ქვიარ საზოგადოების ცხოვრების ნაწილია. მეც და ჩემი ბევრი მეგობარიც გადის პლეშკაზე,  არ შეიძლება ადამიანები დავყოთ კატეგორიებად – ისინი ვინც გადიან პლეშკაზე არავისზე ნაკლებები არ არიან. მე მხარს ვუჭერ ლეგალურ სექს-სამუშაოსაც. 

პრაიდის თემას რომ დავუბრუნდეთ, ბრიუსელის პრაიდიც ძალიან მიყვარს, მაგრამ ანტვერპენის პრაიდს მეტად განსხვავებული მუხტი აქვს. აქ ნახავთ უზარმაზარ, მორთულ ტრაილერებს, სადაც არიან დრეგ ქვინები, ქვიარები, არის დიჯეი, განსაკუთრებული მესიჯები, სხვადასხვა რეკლემებსაც ნახავთ. 

პრაიდია ადგილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დააფიქსიროს საკუთარი აზრი. სიყვარულს, პოზიტიურ ემოციებს ვუზიარებთ ერთმანეთს. ჩემი აზრით, პრაიდის ჩატარება ძალიან ბევრს გვაძლევს ქვიარებს. პირველ რიგში პრაიდი ზრდის ქვიარ თემის ხილვადობას და რაც მთვარია პოზიტიურ ხილვადობას, რომელიც ამცირებს სტიგმას, ხელს უწყობს სხვა ადამიანების მხრიდან ქვიარ თემის მიღებას. 

პრაიდი გვაძლევს შესაძლებლობას ქვიარებმა დავინახოთ ჩვენნაირი ადამიანები. ყველა საკუთარ გზას გადის. ზოგს ამ გზაზე უკვე მიღებული ჰყავს საკუთარი თავი და ამაყობს საკუთარი თავით. ასეთი ადამიანის დანახვა აძლიერებს მას, ვინც ჯერ გზის დასაწყისშია, ძალიან ეხმარება ადვილად გადალახოს სირთულეები, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, იყოს თავდაჯერებული და ბედნიერი. პრაიდს აქვს დიდი შემეცნებითი რესურსიც, ისე არ არის რომ უბრალოდ მიდიხარ, ერთობი და ამით ყველაფერი სრულდება.

ეს არის გაძლიერების შესაძლებლობა ქვიარებისთვის და მათი მხარდამჭერებისთვისაც, საზოგადოებისთვის განვითარების, ზრდის შესაძლებლობა. იმის დანახვის შესაძლებლობა, რომ აქ არაფერი ცუდი არ ხდება. მე ვფიქრობ, რომ პრაიდი ყველა ქვეყანაში უნდა ტარდებოდეს, თუნდაც იმისთვის რომ მთავრობამ, საზოგადოებამ დაინახოს რამდენი ვართ, რამდენს სჭირდება უფლებები და რომ პოლიტიკურ დონეზე გასათვალისწინებელი ჯგუფი ვართ. 

პირადად მე პრაიდი დიდ ინსპირაციას მაძლევს როგორც არტისტს, სასიცოცხლო ძალებს როგორც ქვიარ ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის მიმართ ბევრი სიძულვილი უგრძვნია სხვადასხვა სიტუაციაში. პრაიდის მარშის დროს კოლონა გადის ცენტრალური ქუჩით, გასწვრივ კი უამრავი, ათასობით მოქალაქე დგას. ისინი გვიღიმიან, კეთილგანწყობის, სიყვერულის, მხარდაჭერის საჩვენებლად არიან მოსულები. ამდენი განსაცდელის, ზიზღის, სიძულვილის, არმიღების შემდეგ ამას საოცარი ეფექტი აქვს. უზომოდ ბედნიერი ხარ, აი ვერც კი აღვწერ სიტყვებით. საოცარი ემოციები მოაქვს ამ ყველაფერს. 

მართალია, არიან ქვიარები, ვისაც ეს არ აინტერესებს, არ სჭირდება, არ უნდა და არც მიდის პრაიდზე, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინც მიდის ისინი ლანძღონ. აქ ასეთი რამე არ ხდება. ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია. ჩემი შეყვარეული ბიჭიც, მაგალითად, პრაიდზე არ მომყვება. არაა აუცილებელი ყველას ერთნაირი დამოკიდებულება ჰქონდეს პრაიდის მიმართ, მაგრამ ისევ, აქ მე არ შემხვედრია ქვიარ თემის წევრი, რომელიც ამბობს, რომ პრაიდი ცუდია და არ უნდა ჩატარდეს.

ბელგიას და საქართველოს შორის განსხვავება, ცხადია, იმაში მდგომარეობს, რომ აქ არავინ ცდილობს პრაიდის ჩაშლას და მიუხედავად ამისა, პრაიდი ძალიან დაცული ღონისძიებაა. უამრავი პოლიციელი იცავს მსვლელობას და არც ფსევდო რელიგიური ჯგუფები აპროტესტებენ და არც ულტრა მემარჯვენე ჯგუფები არიან. ყველაზე მაგარი ისაა, რომ გეი პოლიციელების კომუნაც მონაწილეობს მსვლელობაში.   

ამ ყველაფრის შემხედვარე კიდევ უფრო მეტად ვწუხვარ იმაზე, რაც საქართველოში ხდება.

საქართველოში მყოფ ქვიარებს რას ვეტყოდი და ძლიერები იყავით დებო. ვიცი, რომ ეს ძალიან რთულია, რთულია მუდმივი წნეხის ქვეშ ცხოვრება. მეც გადამიტანია, დამცირება, ჩხუბი, ცემა, მაგრამ მნიშვნელოვანია საკუთარი თავი არ დავკარგოთ, ვიყოთ ძლიერები. არავინ დაგვაჯეროს რომ იმდენად კარგები არ ვართ, როგორც უნდა ვიყოთ, არავინ დაგვაკომპლექსოს ისე, რომ არ გავაკეთოთ ჩვენი პრეზენტაცია ამ სამყაროში. საკუთარი თავის პრეზენტაციაც უნდა გავაკეთოთ და რეალიზებაც, რადგან ყველა ჩვენთაგანი არის უნიკალური, ერთი და განუმეორებელი პიროვნება, რომლის მსგავსი არ არის და არც იქნება. ჩვენ ვიმსახურებთ სიყვარულს და ყველაფერ კარგს.

 

წინა

კინემატოგრაფისტები კინოცენტრს ბოიკოტს უცხადებენ

შემდეგი

კასპში კაცმა ცოლი მოკლა

ბოლო სიახლეები

რუსული კანონის წინააღმდეგ დაგეგმილი აქციების განრიგი საქართველოს მასშტაბით

FacebookTweetLinkedInEmail რუსული კანონის წინააღმდეგ მოქალაქეები ყოველდღე იკრიბებიან სხვადასხვა ლოკაციებზე. უწყვეტი აქციების ფონზე გთავაზობთ სტუდენტებისა და ორგანიზაციების

არავის დავტოვებთ მარტო უსამართლობის პირისპირ

FacebookTweetLinkedInEmail წელს მსოფლიოს მასშტაბით 17 მაისის წამყვანი გზავნილი ერთობისკენ მოწოდებაა, რადგან მხოლოდ ერთმანეთის მიმართ სოლიდარობითაა შესაძლებელია

საპროტესტო აქციების განრიგი საქართველოში და ფარგლებს გარეთ

FacebookTweetLinkedInEmail მიმდინარე დღეებში რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებია დაგეგმილი როგორც საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთაც.

კვლევის თანახმად ორსული ქვიარ ქალები უფრო ხშირად განიცდიან დეპრესიას, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები

FacebookTweetLinkedInEmail 5 თებერვალს გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც შეისწავლიდა სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებულ უთანასწორობას ორსულ ქვიარ ქალებში. კერძოდ, მათი