ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილი მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გაამართლა. მან დასაბუთებისას „არასაკმარისი მტკიცებულებებზე” ისაუბრა. ნელი დოროყაშვილის დაცვის მხარე სააპელაციო სასამართლოში აპირებს გასაჩივრებას.
ქვიარი გთავაზობთ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც პროკურატურამ და ბასილაშვილის ადვოკატებმა 19-20 ოქტომბერს, საქმის დასკვნით ეტაპზე შეაჯამეს.
ბრალდების მხარის განმარტებით, ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალად ედებოდა „გენდერული დისკრიმინაციის მოტივით მეუღლისა და შემდეგში უკვე ყოფილი მეუღლის მიმართ ფსიქოლოგიური ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფსიქოლოგიური ტანჯვა გამოიწვია, ასევე ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდი, მათ შორის, ძალადობა არასრულწლოვანის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ძალადობამ თითოეულ შემთხვევაში გამოიწვია დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი“.
ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდება — პროკურატურის მტკიცებულებები
პროკურორმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმამდე ოჯახში ძალადობის საქმეების სპეციფიკის შესახებ განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ „ოჯახში ძალადობის საქმეები წარმოადგენს სპეციფიკური კატეგორიის დანაშაულებს, რადგან მათ ლატენტური ხასიათი გააჩნიათ და, როგორც წესი, დახურულ კარს მიღმა ხორციელდება, არ ჰყავს ბევრი თვითმხილველი — ეს არც სასამართლოსთვის არის უცნობი და არც დაცვის მხარისთვის. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, დანაშაულის სპეციფიკური ხასიათის მიუხედავად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის მიმართ ძალადობდა ფსიქოლოგიურად, აღნიშნულ ძალადობას ჰქონდა სისტემატური ხასიათი და ძალადობის შედეგად ნელი დოროყაშვილმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა“.
ნიკოლოზ ბასილაშვილმა და ნელი დოროყაშვილმა ერთმანეთი 2011 წელს გაიცნეს და 2013 წელს დაქორწინდნენ. დაზარალებული ჩვენების თანახმად, ბასილაშვილს ძალადობრივი ქცევა ქორწინებამდე არ გამოუვლენია, თუმცა პირველი ასეთი ფაქტი ქორწილის დღეს, მას შემდეგ მოხდა, რაც დოროყაშვილმა გააჟღერა, რომ ქორწილის გარკვეული მომენტიდან სჯობდა, მხოლოდ ახალგაზრდები დარჩენილიყვნენ. აღნიშნულს ბასილაშვილის დედის, ნატალია ნაჭყებიას უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა ქორწილი დატოვეს. პროკურატურის ინფორმაციით, ფაქტით გაბრაზებულმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა საქორწინო სუფრასთან დაბრუნების შემდეგ ნელი დოროყაშვილს ხელი ძლიერად მოუჭირა, რამაც დაზარალებულს ფიზიკური და მორალური ტკივილი მიაყენა.
პროკურორმა საბოლოოდ შეაჯამა ჩანაწერები, რომლებიც საქმეში არსებობს. ამ ჩანაწერების თანახმად, ძალადობრივი შემთხვევები სიტყვიერი შეურაცხყოფითა და დამცირებით იწყება და ბევრად მასშტაბურ, მათ შორის, ფიზიკური ძალადობის სახეს იღებს.
2017 წლის 8 ივლისის ჩანაწერი: „შენ თავში რა დაგარტყამს მე არ ვიცი, შენ მთელი დღე გაქვს თავისუფალი, ვიღაცა გიდებს ბანკში ანგარიშზე ფულს და შენ კიდევ [უცენზურო სიტყვა] რაღაცას ნუ აქანავებ და კიდევ რაღაც სურათებს დებ“, — ნელი დოროყაშვილის განმარტებით. აღნიშნული სიტყვებით ნიკოლოზ ბასილაშვილი დაზარალებულის მხრიდან სამოდელო კარიერის გაგრძელების მცდელობას ეპასუხება და აგრძელებს — „საერთოდ არაფერს არ აკეთებ ამ ქვეყნად, ერთადერთი გყავს ლუკასი მისახედი. შენ ხარ უსაქმური ადამიანი“, რასაც დოროყაშვილი ეწინააღმდეგება, პასუხად კი ბასილაშვილი ამბობს, რომ მისმა თავმა და ხასიათმა მიიყვანა აქამდე. ამავე დიალოგში ის ცოლისგან მოითხოვს, რომ მანქანიდან გადავიდეს, დოროყაშვილი კი ეუბნება, რომ მანქანა ორივესია, რასაც ბასილაშვილის მხრიდან გინება მოჰყვება.
2018 წლის 20 აგვისტოს ჩანაწერი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის მხრიდან მისი ოჯახის ფინანსური ოპერაციებით დაინტერესების საპასუხოდ ნელი დოროყაშვილს მიმართავს — „აღარაფერს აღარ გეტყვი, შე სოფლელო, შე უმადურო სოფლელო“.
2018 წლის 28 აგვისტოს ჩანაწერში ნიკოლოზ ბასილაშვილის სიტყვები ძნელად აღქმადია, თუმცა ქონოსკოპიურმა ექსპერტიზამ სიტყვიერი შეურაცხყოფა გაშიფრა.
2018 წლის 8 ოქტომბრის ჩანაწერი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს მიმართავს — „უბრალოდ პრეტენზია გამოვთქვი მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან [ტერმინი შემსუბუქებულია ბრალდების მხარის მიერ] ნუ გაქვს თქო ურთიერთობა და შენი თავი არ დაიმახინჯო სახეზე მაინც თქო. სიმახინჯის განსახიერება“.
2018 წლის 31 დეკემბრის ჩანაწერი: ნელი დოროყაშვილი კონტრაქტის დადებას აპირებს სამოდელო საქმიანობის გაგრძელების მიზნით, რაზეც ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს: „მოტყლარწული ტანი გაქვს, რა მოდელობას აპირებ“.
ნელი პასუხობს: „შენს გარეგნობას მიხედე“.
ბასილაშვილი: „შენ თვითონ გაზარდე და მოუარე [გინება ორივეს მისამართით] მე დავამთავრე და ამ ბავშვზე ვამბობ უარს“.
2019 წლის 9 იანვრის ჩანაწერი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „შემარცხვენელი, გაუნათლებელი და ტუპი, იმენა შტერი ქალი, არარაობა ხარ“.
2019 წლის 9 თებერვალი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „ფეკალიებში [სხვა სიტყვებით] გაყავი თავი, თანაც ღრმად“. ნელი ბოდიშს უხდის, რაზეც ნიკოლოზი პასუხობს: “უკანალში შეიტენე, შე [სასქესო ორგანოს სახელს უწოდებს], შენი ბოდიში. [შეურაცხმყოფელი სიტყვები]“.
2019 წლის 10 მარტი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „ჩემზე, მით უმეტეს ჩემზე ფინანსურად ხარ დამოკიდებული“. პასუხად ნელი ამბობს, თუ რამდენჯერ უნდა წამოაძახოს ეს.
2019 წლის 10 აპრილი: ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს: „ეგ სურათები ცოტა ზედმეტია, პროსტა ან ნათესავების არ გიტყდება ან რა ვიცი, ლუკასის სურათის გვერდით როგორ გიდევს“.
ფსიქოლოგიური ძალადობის ბრალდება — ბასილაშვილის ადვოკატების მტკიცებულებები
ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარეს 3 ადვოკატი წარმოადგენს, რომელთაგან ერთ-ერთმა, თეონა გვაზავამ პროკურორის მტკიცებულებების საპასუხოდ ფსიქოლოგიურ ტერორში ნელი დოროყაშვილი დაადანაშაულა და განიხილა ნელი დოროყაშვილის მხრიდან ეჭვიანობის შესახებ არსებული მტკიცებულებები.
თეონა გვაზავამ ქორწილის ეპიზოდზე საუბრისას აღნიშნა, რომ ბუნებრივია, ნელი დოროყაშვილის მოთხოვნა, რომ ბასილაშვილის ოჯახის წევრების ქორწილი დაეტოვებინათ, გამოიწვევდა მათ განაწყენებას, თუმცა ქორწილის ფოტო-ვიდეო მასალაზე ფიზიკური ძალადობის კვალი არ არის ასახული. მისი შეფასებით, დაზარალებულმა ძალადობად ჩათვალა ბრალდებულის კომენტარი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ დოროყაშვილს მეჯვარეებთან ფოტოს გადაღება არ უნდოდა.
ადვოკატმა გვაზავამ ტყუილი უწოდა დოროყაშვილის ჩვენებაში კარიერულ სირთულეებზე აღნიშნულ ინფორმაციას და განაცხადა, რომ ნელი დოროყაშვილი ქორწინების დასრულებიდან წლების შემდეგაც არ არის პროფესიონალი მოდელი და ტყუილია, თითქოს ბასილაშვილის პროფესიულ განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობდა, რადგან მას ჩოგბურთის წესების შესახებ ცოდნა არ აქვს. მისივე მტკიცებით, 2018 წლის აგვისტოს ეპიზოდიც ადასტურებს, რომ დოროყაშვილი ბასილაშვილს ხელს უშლიდა წინსვლაში.
ბასილაშვილის დაცვის მხარე ნელი დოროყაშვილის მხრიდან სავარაუდო მრავალწლიანი ძალადობის მედიასთან საუბარსაც შეეხო და აღნიშნა: „[ნელი დოროყაშვილი] პროცესებზე გვეუბნება, ის, რაც მატრავმირებელი იყო ჩემთვის, ჩავკეტეო. გონებას არ ვაძლევო იმის უფლებასო, რომ ამით ვიცხოვროო. კი, მაგრამ, კაი, სასამართლოში ვილაპარაკეთ, ვილაპარაკეთ, ვალდებულება გვაქვს, უნდა ვთქვათ, რატომ მივდივარ საჯაროდ ტელევიზიებში ან იქამდე ან სასამართლოში დაკითხვის შემდგომ და რატომ მაქვს იმის უნარი, თუ ეს მატრავმირებელია და რაღაცა ჩავკეტე ჩოგბურთთან დაკავშირებით, მაშინ იმ მატრავმირებელ გარემოებებზე ესე საჯაროდ ვილაპარაკო, ესეც შეუსაბამოა“.
ეკონომიკური ძალადობის ბრალდებაზე გვაზავამ აღნიშნა, რომ დაცვის მხარის წარმოდგენელი მტკიცებულებებით, ბარათის დაბლოკვა არცერთ ამონაწერში არ ფიქსირდება. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ნელი დოროყაშვილი ჩანაწერებს აკეთებდა, ბრალდების მხარემ ბარათების დაბლოკვის შესახებ მტკიცებულებები არ წარმოადგინა.
„ნელი დოროყაშვილის წარდგენილი ჩანაწერით დგინდება, რომ მან ნიკოლოზ ბასილაშვილს ასესხა $50 ათასი, რათა ნიკოლოზ ბასილაშვილს თანაცხოვრების შეწყვეტის შემდეგ შეეძინა ბინა. როგორც ნელი დოროყაშვილი გვეუბნება, ნიკოლოზ ბასილაშვილი მას ზღუდავს, არ ამუშავებს… $50-ათასიანი დანაზოგი როგორ შეაგროვა ადამიანმა იმ ფონზე, როცა ის არის ეკონომიკური ძალადობის მსხვერპლი. მე და თქვენ რამდენი წელი უნდა ვიმუშავოთ, რომ არათუ $50 ათასის დანაზოგი შევქმნათ, არამედ $50 ათასი მივიღოთ ანაზღაურების სახით“, — აღნიშნა თეონა გვაზავამ.
მან განიხილა სიტყვიერი შეურაცხყოფის ეპიზოდი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს სიტყვით „სოფლელო“ მიმართავს. გვაზავამ აღნიშნა — „ცხოველი ხარო, ნიკა ეუბნება? ნელი არ ეუბნება, ცხოველი ხარ და ცხოველებთან ერთად უნდა იცხოვროო? როგორ შეიძლება, ადამიანი და ქალი ამბობდეს, რომ ფსიქოლოგიურ ტანჯვას განიცდის და უყვიროდეს მოძალადეს მანქანაში, აყენებდეს სიტყვიერ შეურაცხყოფას. ძალადობის არ ეშინია ამ დროს?”.
გვაზავამ დასკვნით სიტყვაში მოიშველია 2017 წლის 8 ივლისის საუბრის ჩანაწერი, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ამბობს: „შენ ბევრჯერ გამოავლინე ისეთი რაღაცები, ძალიან დიდი ტყუილები, შენ თავთან ტყუილები, შენ უკვე ყველანაირ საზღვრებს გაცდი. მეშინია შენნაირ ადამიანთან ერთად ყოფნის“. ადვოკატის თქმით, აღნიშნული ჩანაწერი მიანიშნებს, რომ აღნიშნულ ქორწინებაში შიში ბასილაშვილს აქვს და არა ნელი დოროყაშვილს.
ბასილაშვილის ადვოკატმა განიხილა იმ ჩანაწერის შინაარსის, რომელშიც ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს ეუბნება, რომ „მოტყლარწული ტანი“ აქვს. თეონა გვაზავამ აღნიშნა, რომ ეს ნელი დოროყაშვილის ცხოვრების წესის შესახებ გაკეთებული შენიშვნაა [გააგრძელე სიგარეტის მოწევა, შენნაირი მოტყლარწული ტანი მე არ მინახავს, რა მოდელობას აპირებ, სახის კანი გაქვს ისეთ მდგომარეობაში], რადგან ნელი დოროყაშვილის სამომავლო მიზნები სამოდელო კარიერას უკავშირდება.
ადვოკატმა პროკურატურის მიერ წარდგენილ ჩანაწერებში ნეკა დოროყაშვილის მხრიდან ხმის აწევაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მოძალადე დაზარალებულს ყვირილის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, არადა “ეს პირიქით უნდა ყოფილიყო”. ჩანაწერებში, რომლებზეც გვაზავამ ისაუბრა, ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილის კარიერაზე საუბრობს, რაც ნელი დოროყაშვილის გაღიზიანებას იწვევს და იმ დროს ქმარს ეუბნება, რომ მის კარიერაში ჩარევის უფლება არ აქვს.
ფიზიკური ძალადობის ბრალდება — პროკურატურის და ადვოკატების მტკიცებულებები
შესაძლო ფიზიკური ძალადობის პირველი ეპიზოდი, რომელიც ბრალდების მხარემ განიხილა, 2018 წლის აგვისტოში, აშშ-ში, ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა.
ბასილაშვილის ადვოკატის თქმით, ნელი დოროყაშვილი საქართველოში იმყოფებოდა და ბასილაშვილების ოჯახის მიერ ძვირადღირებული უძრავი ქონების შესყიდვის ფაქტით დაინტერესდა, რის შესახებაც დედამთილს ჰკითხა კიდეც. მისივე ინფორმაციით, იმ დროისთვის ნიკოლოზ ბასილაშვილი აშშ-ში ტურნირში მონაწილეობის მიზნით იმყოფებოდა და ნელი დოროყაშვილმაც ჩააკითხა. ბასილაშვილი სასტუმროს ნომერში გვიანობამდე არ დაბრუნდა. ნელი დოროყაშვილი აღელდა, რადგან მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებდა, ამიტომ მის ოჯახის წევრებს დაუკავშირდა.
შემთხვევაზე საუბრისას პროკურორი აღნიშნავს, რომ ბასილაშვილი სასტუმროში გვიან ღამით დაბრუნდა და მალევე ნელი დოროყაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფის მიაყენა, თუ როგორ ბედავდა მის ქონებებზე ინფორმაციის მოძიებას, რის შემდეგაც ფიზიკური ძალადობა დაიწყო.
“თმაში ხელი მოჰკიდა, თმით ათრია. ნელი სთხოვდა, რომ თავი დაენებებინა, თუმცა ნიკოლოზმა ხელი ურტყა სხეულზე და წაქცეულს, მას შემდეგ, რაც თმაზე მოქაჩა, ფეხები ურტყა მუცლის არეში. ნელი დოროყაშვილი დაწვა საწოლში და ვინაიდან იმყოფებოდა უცხო ქვეყანაში და ბრალდებულის აგრესიიდან გამომდინარე, გაუჩნდა შიში, რომ შესაძლოა ნიკოლოზს მისთვის უარესი გაეკეთებინა, გადაწყვიტა, რომ ტელეფონით ჩაეწერა კონფლიქტის ფრაგმენტი. დაზარალებულის განმარტებით, შესაძლოა მათი ურთიერთობის იმიჯიდან გამომდინარე, მეგობრებსაც კი არ დაეჯერებინათ მონათხრობი. მისივე განმარტებით, რამე რომ მოსვლოდა, სადმე ხომ უნდა ყოფილიყო ამის შესახებ ინფორმაცია. ნელი ნამტირალევი ხმით უკმაყოფილებას გამოთქვამდა ნიკოლოზის ძალადობასთან დაკავშირებით, ნიკოლოზი ამ დროს ტანსაცმლის ჩალაგებას განაგრძობდა და მოგვიანებით ჩოგნების ჩანთა, რომელშიც ნივთები ეწყო, საწოლში მისი მიმართულებით ისროლა და თავისა და ტანის არეში ჩაარტყა, რის შემდეგაც ბასილაშვილი გაურკვეველი მიმართულებით წავიდა“, — აღნიშნა პროკურორმა.
ბასილაშვილის ადვოკატმა ბრალდების მიერ აღწერილი გარემოებების გაბათილება სცადა და აღნიშნა, რომ ვიდეო სპეციალურად არის დადგმული ისე, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ძალადობის შთაბეჭდილება შექმნას. გარდა ამისა, გვაზავამ აღნიშნა ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს ჩოგნების ჩანთა ნელი დოროყაშვილის მიმართულებით საერთოდ არ უსვრია. ადვოკატმა სასამართლოს წარუდგინა ფოტოებიც, რომლებიც, მისი მტკიცებით, 28 აგვისტოს არის გადაღებული და მათზე გამოსახული ნელი დოროყაშვილი იღიმის, რაც “ძალადობის გამოვლის ფაქტს გამორიცხავს”. (გავრცელებული მცდარი შეხედულებაა, რომ თუ ადამიანი იღიმის, ის ძალადობის მსხვერპლი ვერ იქნება — ავტორის შენიშვნა)
2019 წლის პირველი აპრილის შესაძლო ძალადობრივი შემთხვევა ნიკოლოზ ბასილაშვილის დედისა და შვილის თანდასწრებით მოხდა. პროკურორის თქმით, მას შემდეგ, რაც ბავშვმა შემთხვევით ლარნაკი გატეხა, დედამთილმა, ნატალია ნაჭყებიამ შვილის არასათანადო აღზრდის გამო უსაყვედურა, რაზეც ნელი დოროყაშვილმა უპასუხა, რომ ლარნაკის გატეხვა არ ადარდებდა და ბავშვი მომხდარს ისედაც განიცდიდა.
პროკურორის განმარტებით, ბასილაშვილი გააბრაზა იმან, რომ დოროყაშვილი მის დედას “შეეპასუხა”, რის შემდეგაც მან ცოლს ხელი ძლიერად გადაუგრიხა და აღნიშნულის ფოტომასალა საქმესაც აქვს დართული.
ბასილაშვილის ადვოკატის მტკიცებით კი, აღნიშნულ ეპიზოდთან თანდართული ფოტომასალა ფრაგმენტულია, მხოლოდ სხეულის ნაწილი ჩანს და მისი ავთენტურობის დადგენა შეუძლებელია.
სავარაუდო ფიზიკური ძალადობის მესამე შემთხვევა 2019 წლის 30 აპრილს მოხდა. პროკურორმა აღნიშნა, რომ ამ დღეს დოროყაშვილი და ბასილაშვილი ერთმანეთს მანქანაში შეხვდნენ, რადგან ბასილაშვილმა დოროყაშვილს აცნობა, რომ მეგობარი ქალი ჰყავდა და აღნიშნულის განხილვა უნდოდა. პროკურორის ინფორმაციით, ბასილაშვილს ჰქონდა ეჭვი, რომ ცოლს ტელეფონში ძალადობის ამსახველი მასალა ჰქონდა და ტელეფონის წართმევა სცადა, რაც ვერ შეძლო. მან “ნელი დოროყაშვილს ხელები და ფეხები სხეულის სხვადასხვა არეში დაარტყა. დოროყაშვილმა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა შეძლო”.
პროკურორის განმარტებით, საქმეში მომდევნო დღეებში გადაღებული ფოტომასალაც არის, სადაც დაზარალებულის მკლავზე არსებული დაზიანება ჩანს და მოყვანილია იმ მოწმეების ჩვენებებიც, რომლებსაც დოროყაშვილმა გაქცევის შემდეგ დაურეკა.
ბასილაშვილის მტკიცებით, საქმეში თანდართული ფოტომასალა და დაზიანებების მიყენება, რომლებიც დოროყაშვილს აღენიშნებოდა, მანქანის გაბარიტებიდან გამომდინარე ძნელად წარმოსადგენია. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ დოროყაშვილის ჩვენების გადამოწმების მიზნით შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის კონსულტანტებიც არ დაკითხულან, რომელშიც დაზარალებული ძალადობის შემდეგ შევიდა. ამასთან, თეონა გვაზავას თქმით, სატელეფონო საუბრის ჩანაწერები არ არსებობს და „რაც უფრო მეტი ეპიზოდი იქნებოდა, ეს აწყობს დაზარალებულს, რათა განავითაროს თავისი მოსაზრება — განა ამდენ ტყუილს ამბობს ნელი დოროყაშვილი? სწორედ ესაა მისი მიზანი“.
სავარაუდო ფიზიკური ძალადობის ბოლო ეპიზოდი 2020 წლის 21 მაისს მოხდა.
პროკურატურის განმარტებით, ნელი დოროყაშვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ერთად აღარ ცხოვრობდნენ, ბავშვი მამის ოჯახში იყო და დოროყაშვილი იქ შვილის წამოსაყვანად მივიდა, თუმცა ბასილაშვილი სახლიდან გამოვიდა და ბავშვი მანქანაში ჩასვა. როგორც პროკურორი ამბობს, მას შემდეგ, რაც ბავშვმა გააცნობიერა, რომ დედა მათთან ერთად არ მიდიოდა, ტირილი დაიწყო. მისივე განცხადებით, ამ პროცესის პარალელურად, შელაპარაკება ჰქონდათ ნატალია ნაჭყებიასა და ნელი დოროყაშვილს.
პროკურორმა თქვა, რომ დედამ ბავშვის მანქანიდან გადმოყვანა ისევ სცადა, მაგრამ ნიკოლოზ ბასილაშვილი მასთან მივიდა, მკლავზე ხელი მოუჭირა და თავში ჩაარტყა. მისივე ინფორმაციით, დოროყაშვილმა ბავშვის მანქანიდან გადმოყვანა შეძლო და ატირებული ბავშვი ბასილაშვილების ეზოში წყლის დასალევად შეიყვანა, სადაც მამამთილი დახვდა და შეურაცხყოფის მიყენება დაუწყო. პროკურორის თქმით, ბასილაშვილი ბავშვის დაბრუნების მიზნით დოროყაშვილს გაჰყვა, მკლავში გასაღებიანი ხელი მოუჭირა, თავში ხელი ჩაარტყა და სახლში შებრუნდა, ხოლო დოროყაშვილმა მანქანა გააჩერა და შემთხვევის ადგილი დატოვა.
პროკურატურამ სასამართლოს წარუდგინა ხმოვანი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ნელი დოროყაშვილი 112-ში რეკავს და დახმარებას ითხოვს:
ნელი დოროყაშვილი: ჩემს ქმარს ჰყავდა ბავშვი წაყვანილი და შეთანხმებულები ვიყავით, რომ უნდა წამომეყვანა. ბავშვი ტიროდა და მინდოდა წყალი დამელევინებინა. გამომივარდა მამამთილი ჯოხით, გინებით, ჩემმა ქმარმა დამარტყა. არ ვიცი, მართალს გეუბნებით, სრულიად შოკში ვარ. იქნებ, მოხვიდეთ
112: კი, აუცილებლად.
ნელი დოროყაშვილი: არ ვიცი, უბრალოდ, რა ვქნა?! [დაზარალებულის ტირილის ხმა].
112: არ ინერვიულოთ, მალე მოვა პოლიცია.
პროკურორის თქმით, დოროყაშვილს მკლავზე დაზიანება ჰქონდა, რასაც სასწრაფოს ექიმებიც ადასტურებენ, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, მას მარჯვენა ხელზე სისხლნაჟღენთი დაზიანება ჰქონდა, რომელიც ხანდაზმულობით მომხდარის დროს შეესაბამება.
ბასილაშვილის ადვოკატმა კი აღნიშნა, რომ კონფლიქტური სიტუაციისას, თანაც, როცა ბავშვი ტიროდა, ნელი დოროყაშვილი ნატალია ნაჭყებიასთან კამათისთვის ვერ მოიცლიდა. ადვოკატებმა წარადგინეს ნაწყვეტი იმ ადამიანის ჩვენებიდან, რომელმაც ნელი დოროყაშვილი და ბავშვი ადგილს გაარიდა. ჩვენების თანახმად, ბავშვმა მანქანაში ჩაჯდომისას ტირილი დაიწყო და თქვა, რომ მამასთან უნდოდა.
თეონა გვაზავამ წარადგინა სასწრაფოს ექიმების ჩვენებაც, რომელიც მიანიშნებს, რომ დაპირისპირებას, მათ შორის, ფიზიკურს ადგილი მართლაც უნდა ჰქონოდა.
„დავამშვიდეთ პატარა დამამშვიდებლით, მკლავზე ჰქონდა განაკაწრი… რომ ვკითხეთ, საიდან ჰქონდა, თქვა, რომ მიჭერდაო ხელსო, მაგრამ კონკრეტულად როდის მოხდა, ვერ გაიხსენა. დაზიანება მცირედი ექსკორიაციის [კანის ზედაპირის დაზიანება] სახით იყო, გაქერცლილი და შეწითლებული. მამამთილმა მიაყენა მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ფიზიკურზე მეუღლეზე იძახდა, რაც გაჯანჯღარებაში გამოიხატა. მას არ დაუკონკრეტებია ჩვენთან დანარჩენი, შემდეგ უკვე პატრულმა დააკონკრეტებინა ყველაფერი, თავში ხო არ დაგარტყაო და კიო, უპასუხა პატრულს”, — აღნიშნულია ჩვენებაში.
სასამართლო განხილვების ბოლო დღეს სასამართლოს წინაშე სიტყვით ნიკოლოზ ბასილაშვილიც გამოვიდა, თუმცა მისი მოთხოვნით სხდომის ეს ნაწილი დაიხურა. პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ დასწრებია ნელი დოროყაშვილი.
პროკურატურის მოწმეების ჩვენებები
ბრალდების მხარემ სასამართლოს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაც წარუდგინა, რომლის თანახმადაც, „ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფისა და დამცირების შედეგად ნელი დოროყაშვილმა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. ექსპერტის ჩვენების თანახმად, ნელი დოროყაშვილს ჰქონდა პოსტტრავმულ სტრესთან მიახლოებული მდგომარეობა, ასევე, დათრგუნულობიდან თავის დაღწევის სურვილის მდგომარეობა“.
ექსპერტიზის დასკვნას ფსიქოლოგიური ძალადობის შესახებ ამყარებს პროკურატურის მიერ წარდგენილი მოწმეთა ჩვენებებიც.
ცოტნე მოხევიშვილი ნელი დოროყაშვილთან 2018 წლის ბოლოდან, უფრო კი 2019 წლის დასაწყისიდან მეგობრობდა და მასთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. მოხევიშვილი დაზარალებულის ხშირი უგუნებობით დაინტერესდა და გაიგო, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი დოროყაშვილზე ფსიქოლოგიურად ძალადობდა. მოწმის თქმით, შესწრებია სატელეფონო საუბრებს, რომლის დროსაც ბასილაშვილი დოროყაშვილს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა და აგინებდა.
კიდევ ერთი მოწმის, ნელი დოროყაშვილის მეგობრის, მარინე ებანოიძის თქმით, შესწრებია სატელეფონო საუბრებს, რომლის დროსაც ბასილაშვილი დოროყაშვილს უშვერი სიტყვებით ლანძღავდა და ერთ-ერთი ასეთი ზარის შემდეგ ნელი დოროყაშვილს დასამშვიდებლად შესაბამისი მედიკამენტებიც კი დასჭირდა. მარინე ებანოიძემ აღნიშნა ისიც, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს დასჯის მიზნით საბანკო ბარათებს უბლოკავდა და აღნიშნულის დამადასტურებელი შეტყობინებებიც უნახავს.
ნელი დოროყაშვილისა და ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახის მეგობარს, ეკა ფირცხალაიშვილს წყვილთან ახლომეგობრული ურთიერთობა არ ჰქონია. თუმცა, მოწმემ გაიხსენა 2016 ან 2017 წელს მომხდარი ერთ-ერთი შემთხვევა, როცა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის, ბასილაშვილის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი ბასილაშვილისა და დოროყაშვილის სახლში იყვნენ სტუმრად. ფირცხალაიშვილის ჩვენებით, ნელი შვილის დაძინებას ცდილობდა, თუმცა მისაღები ოთახიდან შემომავალ ხმაურში ამას ვერ ახერხებდა და საძინებელ ოთახში შესულ ბასილაშვილთან გასაუბრების შემდეგ, ბასილაშვილმა სტუმრებს ალტერნატივად მოშორებულ ოთახში, სამზარეულოში გადასვლა ან საჭმელად გარეთ გასვლა შესთავაზა. აღნიშნულმა ფაქტმა თენგიზ ბასილაშვილი და მისი მეგობარი გააღიზიანა და ბინა დატოვეს. ამის შემდეგ ბასილაშვილი საძინებელში შევიდა და ნელი დოროყაშვილის ლანძღვა დაიწყო. ფირცხალაიშვილი, რომელმაც ბავშვის კონფლიქტისგან გარიდება სცადა, აღნიშნავს, რომ დოროყაშვილს ბავშვის დასაძინებლად შესვლისას თმა შეკრული ჰქონდა, ხოლო კამათის შემდეგ — აწეწილი. მოწმე აღნიშნავს იმასაც, რომ ნიკოლოზმა ნელის თენგიზისთვის ბოდიშის მოხდა მოსთხოვა და შეტყობინება მიაწერინა.
ბრალდების მხარის თანახმად, წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან სისტემატურ ფსიქოლოგიურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, ის ნელი სოციალურად უთანასწოროდ აღიქვამდა და საკუთარი უპირატესობის დამტკიცებას, მისი უნარების დაკნინებას ცდილობდა.
დაზარალებულის დედის, მაკა სიმონიშვილის ჩვენების თანახმად, ნელი დოროყაშვილი ცდილობდა, რომ ოჯახური ცხოვრების პრობლემები დაეფარა და იდეალური ოჯახის იმიჯი შეენარჩუნებინა, თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი მის შვილს ამცირებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. მისივე თქმით, შემჩნეული აქვს შვილის სხეულზე არსებული დალურჯებებიც. სიმონიშვილის განმარტებით, ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტს შესწრებია კიდეც, ერთხელ ნელის მშობლების ოჯახში დარჩენილი ნიკოლოზ ბასილაშვილი დაზარალებულს უყვიროდა და მაგიდას ხელებს ურტყამდა, ეუბნებოდა გაუზრდელი შვილი გყავსო. მაკა სიმონიშვილმა აღნიშნა, რომ შესწრებია სხვა შემთხვევებსაც, მათ შორის, 2019 წელს სახლიდან გამოგდების შემთხვევის მოწმეა, თუმცა ცდილობდა, რომ არ ჩარეულიყო და ნიკოლოზ ბასილაშვილი კიდევ უფრო არ გაეღიზიანებინა. მისი თქმით, ნელი დოროყაშვილმა თანაცხოვრებისას არსებული მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია მშობლებს 2020 წელს გაუზიარა, ბოლო ფიზიკური ძალადობის შემთხვევის შემდეგ გაუზიარა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარის მოწმეები
ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარემ 20 ოქტომბერს დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა. ბრალდებულის ერთ-ერთმა ადვოკატმა, თეონა გვაზავამ ფოტო, ვიდეო და აუდიო ჩანაწერები განიხილა და ზოგადად მოიშველია მოწმეთა ჩვენებებში გაჟღერებული ინფორმაცია.
5 ოქტომბერს, სასამართლოს წინაშე ჩვენებით წარსდგა ბასილაშვილის დედა, ნატალია ნაჭყებია, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილ რძალთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
„ძალიან დიდი სიყვარული და ზედმეტი თანაგრძნობაც კი იყო ნელისადმი ჩემი მხრიდან. ჩვენს მიმოწერაში ყველა სიტყვა იწყება “ჩემო საყვარელო, მიყვარხარ”. დღემდე მინდა შევინარჩუნო ის განცდა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს ურთიერთობაში იყო, მაშინ იყო გულწრფელი და რაღაც გარემოებებმა გამოიწვია ეს შედეგი“, — აღნიშნა ნატალია ნაჭყებიამ და დასძინა, რომ ნელი დოროყაშვილის შრომასთან დაკავშირებულ ინიციატივებს, „თუგინდ ყოფილიყო სამოდელო“ მხარს უჭერდნენ, ნიკოლოზ ბასილაშვილი კი სამოდელო საქმიანობას „პროფესიული თვალით უყურებდა“.
აღსანიშნავია, რომ 20 ოქტომბერს თეონა გვაზავას მიერ წარდგენილი მტკიცებულების მიხედვით, ნელი დოროყაშვილი მიმოწერისას ნატალია ნაჭყებიას შვილიშვილის [ბასილაშვილისა და დოროყაშვილის შვილი] ოჯახის დანგრევაში ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 21 მაისის ეპიზოდამდე ცოტა ხნით ადრე, შვილიშვილზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოტივით ნაჭყებიას წინააღმდეგ შემაკავებელი ორდერი გამოიცა.
13 ოქტომბერს სასამართლოს წინაშე ჩვენებით წარსდგა ბრალდებულის ძმა, თენგიზ ბასილაშვილი, რომელმაც აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილთან განქორწინებაზე 2017 წლიდან ფიქრობდა, რის მიზეზადაც ძმის მიერ ნახსენები ეჭვიანობის შემთხვევები დაასახელა.
“ძალიან ბევრ რაღაცას მაბრალებსო. ღალატს მაბრალებსო. სხვათაშორის, ნელის ჩემთანაც აქვს მოწერილი, რომ ძალიან დიდი ხელშემწყობი ჰყავხარ ნიკას ჩემს ღალატშიო. ჩემი ხელშეწყობა ნიკას ღალატს რაში სჭირდება? ნიკას წელიწადში 1 კვირით თუ ვნახავდი ხოლმე. მაშინ ნიკამ მითხრა, რომ [ნელი] მემუქრება სასამართლოში წაგიყვან და პასუხს გაგებინებ ყველაფერზეო, დედას გიტირებ, დაგაჩოქებ. ნიკამაც არ იცოდა, რაზე ემუქრებოდა ნელი“, — თქვა თენგიზ ბასილაშვილმა.
თენგიზ ბასილაშვილის თქმით, 2018 წლის აგვისტოს, ამერიკის ეპიზოდის შემდეგ ძმამ უთხრა, რომ „ნელიმ ძალიან სერიოზული ისტერიკა“ მოუწყო, რის გამოც სასტუმროს სხვა ნომერში გადავიდა და ძმასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ნელი დოროყაშვილსა და მას შორის „ყველაფერი მორჩა“.
როგორ დაასაბუთა მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ გამამართლებელი გადაწყვეტილება
მოსამართლე ხათუნა ხარჩილავა გამამართლებელი გადაწყვეტილების გამოცხადების დასაწყისში დაზარალებულის ადვოკატის მხრიდან სხდომაზე გაჟღერებულ ინფორმაციას შეეხო, რომლის თანახმადაც, 20 ოქტომბრის სხდომის შესვენებაზე სასამართლოს თანამშრომლებმა ნიკოლოზ ბასილაშვილთან ფოტოები გადაიღეს.
„ცხადია, იმ დროს, როცა სასამართლომ ეს განცხადება მოისმინა, არ ვიყავი საქმის კურსში… როგორც კი სხდომა დასრულდა, სასამართლომ მოიკვლია ეს საკითხი, დავადგინე, რომ ნამდვილად ჰქონდა აღნიშნულს ადგილი და ჩავთვალე, რომ ეს იყო არაეთიკური ქცევა ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად, ამიტომ დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება და ამ ყველაფერს მიეცემა სამართლებრივი შეფასება“, — აღნიშნა ხათუნა ხარჩილავამ.
ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნულის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც ნიკოლოზ ბასილაშვილი ფსიქოლოგიური ძალადობისა და ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდში უდანაშაულოდ იქნა ცნობილი და 2020 წლის 21 მაისის შემდეგ დაკისრებული გირაოც გააუქმდა.
მოსამართლემ თითოეული ბრალდების გამამართლებელი გადაწყვეტილების დასაბუთება სცადა. ხარჩილავას თქმით აუდიო-ვიდეო ჩანაწერებში ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან „არაეთიკური“ სიტყვების გამოყენება და „ბილწსიტყვაობა“ დასტურდება, თუმცა ამის საპირწონედ ნელი დოროყაშვილიც იყენებდა “შეურაცხმყოფელ”, “დამამცირებელ” სიტყვებს და „სამწუხაროდ, იყო უკიდურესად უხამსი სიტყვებით მოხსენიება“. გარდა ამისა, მოსამართლემ მოიშველია დაცვის მხარის დამოუკიდებელი ფსიქოლოგიური ექსპერტიზის მონაცემები, რომლის მიხედვითაც, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნელი დოროყაშვილის მხრიდან განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა. მოსამართლის თქმით, აღნიშნული მონაცემებიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის ტვირთი გაიზარდა:
- ერთი მხრივ, პროკურატურას უნდა დაედასტურებინა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნამდვილად ჩაიდინა ფსიქოლოგიური ძალადობა;
- მეორე მხრივ, ბრალდების, პროკურატურას უნდა გაებათილებინა ის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაცვამ სასამართლოს წარმოუდგინა.
ხათუნა ხარჩილავამ აღნიშნა, რომ სიტყვიერ შეურაცხყოფას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი მცირე დროში, რათა სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად დასჯადი იყოს და „თუ პირმა პირს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა 2017-ში, შემდეგ 2018 წლის ბოლოს, 2019 წლის დასაწყისში თუ ისევ აქვს ადგილი სიტყვიერ შეურაცხყოფას, ეს არ არის დასჯადი ქმედება სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე. შესაბამისად, გამოკვლეული მტკიცებულებებით ეს სისტემატური ჯაჭვი უტყუარად დადასტურებული არ არის“.
ეკონომიკური ძალადობის ნაწილში მოსამართლემ აღნიშნა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის დაცვის მხარის მიერ ჩატარებული დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად საბანკო ბარათების დაბლოკვის ფაქტი არ ფიქსირდება. მისი თქმით, ბრალდების მხარესაც არ წარმოუდგენია აღნიშნულის მტკიცებულება და აქედან გამომდინარე, მტკიცებულებები საკმარისი არ აღმოჩნდა.
„ამასთან, ნელი დოროყაშვილს, რომელიც აგროვებს ჩანაწერებს, აარქივებს, მას შეეძლო მინიმუმ მობაილბანკიდან ამოეღო ეს ინფორმაცია, ყველანი ვსარგებლობთ მობაილბანკით და ბარათის დაბლოკვის შემთხვევაში ეს ინფორმაცია ცხადად ჩანს ამ მობაილბანკში. თუმცა, ეს ასე არ მოხდა სამწუხაროდ“, — დასძინა მოსამართლე ხარჩილავამ.
გენდერული დისკრიმინაციის ბრალდებაზე საუბრისას ხარჩილავამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, ძირითადად ბრალდებულის დედის, ნატალია ნაჭყებიას მიერ წარდგენილი მიმოწერის საფუძველზე ცხადი ხდება, რომ ბრალდებული დოროყაშვილს მუშაობას კი არ უკრძალავდა, „იგი სისტემატურად დაჰყვება მეუღლეს ტურნირებზე სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა კონტინენტზე, სწორედ აქედან გამომდინარე, იგი იძულებულია, რადგან ხელშეწყობა არ აქვს სამსახურში, წამოვიდეს აღნიშნული სამსახურიდან“. ხარჩილავა შეეხო ნელი დოროყაშვილის 2-თვიან კონტრაქტს თურქეთში და აღნიშნა, რომ ერთ-ერთ მოწმესთან დაზარალებულის მიმოწერით დასტურდება, რომ ნელი დოროყაშვილმა კონტრაქტი იმიტომ გაწყვიტა, რომ მცირეწლოვანი შვილი და ნიკოლოზ ბასილაშვილი ენატრება, თანაც კონტრაქტის პირობები არ მოსწონს და იძულებულია ასე მოიქცეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ნიკოლოზ ბასილაშვილი გენდერული დისკრიმინაციის ნაწილშიც უდანაშაულდო ცნეს.
მოსამართლის თქმით, ნელი დოროყაშვილის განცხადება, რომ ქმარი სიგარეტის მოწევას უკრძალავდა, ასევე არ დასტურდება, თანაც „ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასკვნით სიტყვაშიც აგვიხსნა, რომ სპორტსმენია და არ უნდოდა მანქანაში სიგარეტის კვამლში ჯდომა”. (შეგახსენებთ, რომ ზემოთჩამოთვლილ მტკიცებულებებში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი ჩანაწერის ნაწყვეტი ჩანს, რომელშიც ბასილაშვილი სიგარეტის მოწევას ახსენებს და ამასთან, ნელი დოროყაშვილის ფიზიკურ მონაცემებს განსჯის — ავტორის შენიშვნა).
ფიზიკური ძალადობის ეპიზოდებზე საუბრისას ხათუნა ხარჩილავა აღნიშნავს, რომ სასამართლო 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდზე ყველაზე მეტ მტკიცებულებებს ელოდა, რადგან ეს შემთხვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ, იურისტები განსაკუთრებით ვთანხმდებით, რომ კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერების გაკეთება გამართლებულია მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, თუ ეს ემსახურება თვითდახმარების მიზანს და განსაკუთრებით, ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებში, თუ მსხვერპლი ჩანაწერს აკეთებს იმის გამო, რომ შექმნას მტკიცებულება და წარადგინოს პოლიციის განყოფილებაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში არის დასაშვები კერძო პირის მიერ ფარული ჩანაწერის გაკეთება, თუმცა ჩვენ შემთხვევაშ,ი სამწუხაროდ ასე არ მოხდა.
დაზარალებულმა განაცხადა, რომ ჩოგნებით სავსე, თითქმის 20 კილოგრამამდე ჩანთა ესროლა ბრალდებულმა და მაჩვენა, რომ სახის მარჯვენა მხარეს თითქმის ბოლო კიდურამდე. შესაბამისად, სასამართლოს გაუჩნდა გონივრული მოლოდინი, რომ თვითდახმარების მიზნით დაზარალებული ჩანაწერის გაკეთების შემდგომ წაბრძანდებოდა ამერიკაში, პოლიციის განყოფილებაში და ამ ჩანაწერს წარადგენდა, მაგრამ ვხედავთ რას? ამ ჩანაწერის წარმოდგენა ხდება 2 წლის შემდეგ საქართველოში, სახეზეა დაგვიანებული მიმართვიანობა“, — აღნიშნა მოსამართლემ და ისაუბრა სავარაუდო ძალადობის შემდგომ ეტაპზეც. მისი თქმით, ბასილაშვილმა დაზარალებული მართლაც მარტო დატოვა ნომერში, თუმცა ნელი დოროყაშვილი განყოფილებაში წასვლის ნაცვლად ნიკოლოზ ბასილაშვილის მეგობრის დაბადების დღეზე წავიდა, სადაც მეგობრის შეყვარებულიც იყო, რომელსაც კარგად იცნობდა (ძალიან ხშირად, ძალადობა გამოვლილი ქალები პოლიციას ძალადობის ფაქტიდან მალევე ვერ მიმართავენ. ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, განმეორებითი ძალადობის შიში, პოლიციისადმი უნდობლობა და ა.შ. ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დაბადების დღეზე წასვლა/არ წასვლა ვერ იქნება ძალადობის დასტური ან უარყოფა — ავტორის შენიშვნა)
„ნელი დოროყაშვილს არ უთქვამს, რომ ის იყო ძალადობის მსხვერპლი, ის მთელი დაბადების დღის განმავლობაში საუბრობდა, რომ ჰყავს ცუდი დედამთილი, რომელიც უხეშად ერევა მისი და მისი მეუღლის ურთიერთობაში, უნგრევს ოჯახს და იქვე ითხოვს, რომ იქნებ ნიკოლოზ ბასილაშვილის ადგილსამყოფელი დაედგინათ, რამეთუ ისე დატოვაო ნომერი, არ ვიცი სად წავიდა, ვღელავ, რაიმე არ დაემართოსო“, — აღნიშნავს ხათუნა ხარჩილავა და კიდევ ერთხელ აკონკრეტებს — „დაზარალებული საათნახევრიანი ძალადობის შემდეგ მიდის დაბადების დღეზე და იქ ინტერესდება, სად იმყოფება ნიკოლოზ ბასილაშვილი. იგივე მოწმე ამბობს, რომ ნელი დოროყაშვილს ტანსაცმლის დაუფარავ ადგილზე დაზიანების არანაირი კვალი არ ეტყობა“.
ხათუნა ხარჩილავამ სავარაუდოდ აშშ-ის ეპიზოდის შემდეგ გადაღებული ფოტოს შესწავლის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა, რომ „ამ ფოტოს მიხედვით, შესაძლო ძალადობის შემდეგ ნელი დოროყაშვილი იმყოფება ერთ-ერთ დაწესებულებაში, ჩანს კარგად თითქმის მთელი მისი სხეული, სახე, ყელი, ხელები, აცვია მოკლე ქვედაბოლო, ჩანს თითქმის მთელ რაკურსში მისი კიდურები, თუმცა არც ამ ფოტოზე ჩანს ძალადობის კვალი“.
იმავე ეპიზოდის ვიდეომტკიცებულებაზე საუბრისას ხათუნა ხარჩილავამ განაცხადა — „სიმართლე გითხრათ, ობიექტური დამკვირვებლის თვალში ძალადობის კვალი არ ჩანს. გვქონდა მოლოდინი, რომ ექსპერტიზა დაადგენდა ჩანს თუ არა ძალადობის კვალი, თუმცა საქმეში ამგვარი ექსპერტიზა არ გვაქვს“.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2019 წლის პირველი აპრილის ეპიზოდზე თანდართულ ფოტოზე სისხლნაჟღენთი მართლაც ჩანს, თუმცა პიროვნების იდენტიფიცირება შეუძლებელია, ამიტომ, ხათუნა ხარჩილავას თქმით, ეს მტკიცებულება საკმარისი არ არის. ამავე ნაწილზე საუბრისას მოსამართლე ისევ მიუბრუნდა ნიკოლოზ ბასილაშვილის დასკვნით სიტყვას.
„ნიკოლოზ ბასილაშვილმა დასკვნით სიტყვაშიც ახსენა, რომ ნელი დოროყაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა და ის ტოტალურად აკონტროლებდა, ეჭვიანობდა ყველაზე, მათ შორის, მეგობრებზე, უმოწმებდა მიმოწერას“, — აღნიშნა მან.
2020 წლის 21 მაისის ეპიზოდის შემთხვევაში მოსამართლე ხარჩილავამ აღნიშნა, რომ ნელი დოროყაშვილს ნიკოლოზ ბასილაშვილის საცხოვრებელ მისამართზე მისვლის სურვილი არ უნდა ჰქონოდა, რადგან მისივე „მოთხოვნითა და ინიციატივით, გამოწერილი იყო შემაკავებელი ორდერი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მისამართით“. ამასთან, იმ დროს ნიკოლოზ ბასილაშვილის სახლში მისი მეგობარი გოგო იმყოფებოდა და „რადგან ნელი დოროყაშვილი მუდმივად ეჭვიანობდა“, ნიკოლოზ ბასილაშვილს გაუჩნდა ეჭვი, რომ „შესაძლოა ნელი დოროყაშვილი რამეს გეგმავდეს, ამიტომ კონსულტაციას გადის ადვოკატთან და ძმას სთხოვს, რომ იყიდოს სათვალთვალო კამერა ბინასთან დამონტაჟების მიზნით, რადგან აქვს ეჭვი, რომ ნელი დოროყაშვილი სახლში მოსვლის დროს პროვოკაციას მოაწყობს“.
მოსამართლის თქმით, ნელი დოროყაშვილი ამ ეპიზოდში ფიზიკურ ძალადობაზე საუბრობდა, რასაც ბრალდებული უარყოფდა, ამიტომ ნეიტრალურ წყაროს უნდა დაყრდნობოდნენ, ასეთი კი სათვალთვალო კამერა იყო. ხათუნა ხარჩილავა აღნიშნავს, რომ კამერის მონაცემებით „ცალსახა ძალადობის“ ფაქტი არ გამოვლინდა, თუმცა როგორც სასწრაფო დახმარების ექიმმა და ექსპერტიზამ დაადასტურა, ნელი დოროყაშვილს მკლავზე სისხლნაჟენთი მართლაც ჰქონდა, რომელიც აღნიშნული ეპიზოდის დროსთან წინააღმდეგობაში არ მოდის.
ხათუნა ხარჩილავამ განიხილა სისხლნაჟღენთის გაჩენის ორი შესაძლებლობა: „ისევ სათვალთვალო კამერების ინფორმაციას რომ დავუბრუნდეთ — ნელი დოროყაშვილს ბავშვი სისხლნაჟღენთის მხარეს ხელში ეჭირა და ბავშვი მოძრაობდა, შესაძლოა, სწორედ ბავშვის მოძრაობის შედეგად გაჩნდა სისხლნაჟღენთი. არ არის გამორიცხული, რომ როცა ნიკოლოზ ბასილაშვილი ნელი დოროყაშვილს ბავშვს აწოდებს, გარკვეული კონტაქტიც არის არაძალადობრივი, სწორედ ამ მომენტში მას მიეღო ეს სისხლნაჟღენთი, თუმცა ვიდეოჩანაწერში არსად არ ჩანს განზრახ ფიზიკური ძალადობის ფაქტი. შესაბამისად, ამ ნაწილშიც არ არსებობდა ობიექტური ფაქტი, რომელიც ცხადყოფდა ძალადობის ფაქტს“.
ხათუნა ხარჩილავამ შემაჯამებელი სიტყვის ბოლოს ძალადობის მსხვერპლ ქალებს “რჩევებიც” მისცა:
„მინდა, თითოეულ მსხვერპლს ან პოტენციურ მსხვერპლს მოვუწოდო, რომ მათ მყისიერად უნდა მიმართონ პოლიციას, თუ თავად ვერ მიმართავენ, სხვა პირებს სთხოვონ, რომ მათი დახმარებით როგორმე მოხდეს შეტყობინების მიღება პოლიციის განყოფილებაში. ნებისმიერ მოქალაქეს, რომელიც ხედავს ფიზიკური ძალადობის ფაქტს, მისი პირდაპირი მოქალაქეობრივი მოვალეობაა, ეს შეატყობინოს 112-ს ან პოლიციას. სასამართლო ძალიან მგრძნობიარეა ამ საკითხებისადმი და ამის ნათელი მაგალითია სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც საჯაროა და შეგიძლიათ გამოითხოვოთ სასამართლოდან“.