აუდიტის სამსახურის მიმართვის საფუძველზე, პრორუსულ, ძალადობრივ დაჯგუფება ალტ-ინფოს სასამართლომ 216 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ალტ-ინფოს ბრალად 2021 წლის დეკლარაციის არასწორად შევსება და არაფულადი შემოწირულებების დამალვა ედება. ალტ-ინფო გასული წლის დეკლარაციაში აღნიშნავდა, რომ 2021 წლის დეკემბერში ფულადი ბრუნვა არ ჰქონიათ. გარდა ამისა, დაჯგუფებამ დეკლარაციაში არ აღნიშნა ის არაფულადი შემოწირულება, რაც ბრენდირებული მასალის ბეჭდვის, საოფისე და სხვა ინვენტარის სახით მიიღეს.
დაჯგუფების არადეკლარირებულმა თანხებმა 72 ათასი ლარი შეადგინა, ამიტომ ალტ-ინფოს ამ თანხის ოდენობის ორმაგი ჯარიმა და დამატებით, არადეკლარირებული თანხის ბიუჯეტში გადარიცხვა დაეკისრა.
ალტ-ინფოს ერთ-ერთმა ლიდერმა, კოკა მორგოშიამ TV პირველთან საუბარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.