მსოფლიო მუდმივად გვახსენებს, რომ არსებობს ერთი უნივერსალური რამ, რაც ყველას გვაერთიანებს: რომანტიკული სიყვარული. მაგრამ რა ხდება, თუკი ამას არავის მიმართ არ გრძნობთ? ეს შეიძლება ნიშნავდეს, რომ თქვენ არომანტიკულობის სპექტრზე ხართ — სხვების მიმართ რომანტიკულ მიზიდულობას არ გრძნობთ ან რომანტიკული შეგრძნებების ცვალებადი დონეები და ფორმები გაქვთ. არომანტიკული ადამიანი ამავდროულად შეიძლება იყოს ან არ იყოს ასექსუალი.
თუკი არომანტიკული ხართ, ისეთი დღესასწაულები, როგორიც ვალენტინობაა, შეიძლება იმის ყოველწლიური შემახსენებელი გახდეს, რომ სხვებისგან განსხვავდებით. თუმცა, არომანტიკული და ასექსუალი ადამიანები საკმაოდ ჰგვანან ერთმანეთს და მათ შესახებ საერთო მითები და მცდარი წარმოდგენები არსებობს.
ამ სტატიაში მოცემულია 7 ფაქტი, თუ რას ნიშნავს, იყო არომანტიკულობის სპექტრზე და რა უნდა ვიცოდეთ არომანტიკულობის შესახებ:
1. არომანტიკულობა არის ორიენტაცია, რომლის დროსაც ადამიანი არ გრძნობს რომანტიკულ მიზიდულობას. არომანტიკულობა ხშირად ეშლებათ ასექსუალობაში, თუმცა ასექსუალობა მხოლოდ სექსუალური მიზიდულობის ნაკლებობა ან არქონაა და არა — რომანტიკულის. ყველა ასექსუალი არ არის არომანტიკული და ყველა არომანტიკული ადამიანი არ არის ასექსუალი.
2. ყველა არომანტიკული ადამიანი სულაც არ არის მარტოსული. ბევრ ალორომანტიკულ ადამიანს (იმ ადამიანებს, რომლებიც არომანტიკულობის სპექტრზე არ არიან) მიაჩნია, რომ ადამიანის ბედნიერებისთვის აუცილებელია რომანტიკული სიყვარული, რადგან მათ ამის სურვილი თავად გააჩნიათ. მიუხედავად ამისა, არომანტიკულ ადამიანებს, როგორც წესი, ამის მოთხოვნილება არ აქვთ და მათთვის საკმარისია ის სიყვარული, რომელსაც ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისა თუ შინაური ცხოველებისგან იღებენ.
3. ზოგ არომანტიკულ ადამიანს ჰყავს პარტნიორი. ასეთი პარტნიორობები შეიძლება მოიცავდეს საზიარო სახსრებს, ერთად ცხოვრებას, რესურსების გაერთიანებას, ზოგჯერ კი, სულაც, ქორწინებასა და ბავშვების ერთად აღზრდას. ეს ურთიერთობები შეიძლება იყოს ნებისმიერი ორიენტაციის ადამიანთან, მათი ფორმა კი შეიძლება იყოს მონოგამიური ან პოლიამორიული. ზოგი ადამიანი ამ ურთიერთობების აღსაწერად ტერმინ „ქვიარპლატონურს“ ან „კვაზიპლატონურს“ იყენებს. ქვიარპლატონური ურთიერთობები შეიძლება ალორომანტიკულ და ალოსექსუალ (არაასექსუალ) ხალხსაც ჰქონდეს.
4. არომანტიკულობა სპექტრია! მართალია, ზოგი ადამიანი პირდაპირ არომანტიკულად იდენტიფიცირდება, თუმცა სხვებმა შეიძლება საკუთარი გამოცდილების აღსაწერად სხვა ტერმინი გამოიყენონ. ყველაზე ხშირად გამოყენებად ტერმინებს შორისაა:
- დემირონატიკული: ადამიანი, რომელიც რომანტიკულ მიზიდულობას მხოლოდ მას შემდეგ განიცდის, რაც ვინმესთან ძლიერ ემოციურ კავშირს დაამყარებს.
- ლითრომანტიკული ან აკოირომანტიკული: ადამიანი, რომელიც რომანტიკულ მიზიდულობას გრძნობს, თუმცა არ აქვს იმის სურვილი, რომ იგივე გრძნობით უპასუხონ, ან გრძნობს ისეთ რომანტიკულ მიზიდულობას, რომელიც ქრება, თუკი იმავეთი უპასუხებენ.
- გრეი-არომანტიკული: უფრო ზოგადი ტერმინი იმის აღსანიშნავად, რომ ადამიანი იშვიათად ან მხოლოდ სპეციფიკური პირობების არსებობის შემთხვევაში განიცდის რომანტიკულ მიზიდულობას.
- კვორომანტიკული (ინგლ. Quoiromantic): ადამიანი, რომელიც რომანტიკულ და პლატონურ მიზიდულობას ერთმანეთისგან ვერ ასხვავებს.
- კუპიორომანტიკული: არომანტიკული ადამიანი, რომელსაც მაინც სურს რომანტიკული ურთიერთობა.
5. მართალია, ასექსუალობაზე ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული და არცერთი ოფიციალური კვლევა სპეციფიკურად არომანტიკულობაზე არ ფოკუსირდებოდა, თუმცა ასექსუალი თემის 2015 წლის აღწერის მიხედვით, ასექსუალი რესპონდენტების 25% არომანტიკულად იდენტიფიცირდებოდა. ამგვარად, არომანტიკულობა ყველაზე პოპულარული რომანტიკული ორიენტაციაა ასექსუალ რესპონდენტებს შორის. მას მოსდევს ჰეტერორომანტიკული (23.9%) და პან/პოლირომანტიკული (22.22%) ორიენტაციები. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ არომანტიკული ადამიანები ასექსუალთა თემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ.
6. იმ იდეას, თითქოს რომანტიკული მონოგამიური ურთიერთობა აუცილებელია ბედნიერებისთვის და ის ყველას სურს, ამატონორმატიულობა ეწოდება. ამატონორმატიულობა არამხოლოდ არომანტიკული ადამიანებისთვის, არამედ ყველასთვის საზიანოა, რადგან ის უბიძგებს ხალხს, დაიწყონ ან დარჩნენ არაჯანსაღ ურთიერთობებში და იწვევს მათ დისტანცირებას სხვა ადამიანებისგან, როდესაც ისინი ურთიერთობაში არიან. ის ასევე ხელს უწყობს დეპრესიას და სოციალურ იზოლაციას ყველა იმ ადამიანში, რომელიც არ არის რომანტიკულ ურთიერთობაში, იქნება ეს საკუთარი სურვილით თუ გარემოებებიდან გამომდინარე.
7. არომანტიკული ადამიანები უემოციოები სულაც არ არიან. არომანტიკული ადამიანები არ არიან ცივები და უგრძნობები. რომანტიკულ მიზიდულობას არავითარი კავშირი არ აქვს ადამიანის პიროვნულ თვისებებთან. არომანტიკული ადამიანები შეიძლება ბედნიერებას პოულობდნენ სხვა ადამიანებთან ურთიერთობებში, თავიანთ ჰობებსა თუ ინტერესებში და მათ შეიძლება გაუხარდეთ სხვა ადამიანების რომანტიკული ურთიერთობები. უნდა გვახსოვდეს, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და არომანტიკულად ყოფნა არ ნიშნავს, რომ ავტომატურად რაიმე პიროვნული თვისება გაქვს ან რაიმენაირად იქცევი.
წყარო: Them.us