„ჩვენ ყველამ ერთდროულად ვიგრძენით – კმარა! არავინ შეთანხმებულა წინასწარ. უბრალოდ, ამდენი წლის მანძილზე მუდმივი დამცირების გამო, ყველას, ვინც იმ ღამით იქ ვიყავით, მეტის მოთმენა აღარ გვინდოდა. ეს არ იყო ორგანიზებული პროტესტი… ყველამ ვიგრძენით, რომ უკან გზა აღარ იყო… ეს ბოლო წვეთი იყო… იქ სხვადასხვა ადამიანები შევიკრიბეთ, მაგრამ ყველას ერთი რამ გვაერთიანებდა: აღარ გვინდოდა პოლიციის განუკითხაობასთნ შეგუება. ჩვენ შევეცადეთ, დაგვებრუნებინა თავისუფლება. ჩვენ ვითხოვდით თავისუფლებას და აღარ გვინდოდა ღამის სიბნელეში მალვა. თავისუფლების სული ტრიალებდა ჰაერში და ვიგრძენით, რომ უნდა გვებრძოლა თავისუფლებისთვის. ჩვენ აღარ ვაპირებდით უკან დახევას.“.
. . .
ნიუ იორკში. მანჰეტენი. ბოჰემურ „გრინვიჩ ვილიჯი“. კრისტოფერ სთრით 51-53…
აქ, ძველ თავლებში, წინა საუკუნის 60-იანების დასაწყისში, ერთი ჩვეულებრივი რესტორანი მუშობდა, ვიდრე ხანძარი არ გაჩნდა. ხანძრის შემდეგ შენობაში ბარი გაიხსნა. როგორც ამბობენ, ბარი ჯენოვეზეს ოჯახს ეკუთვნოდა. იმ ეპოქაში ჰომოსექსუალური ურთიერთობები სასტიკად იკრძალებოდა. გეი ბარები თითქმის არ იყო. ჩვეულებრივ ბარებშიც ხშირი იყო პოლიციის მიერ მოწყობილი შემოვლები. ეს ის ეპოქაა, როცა შენივე სქესის ადამიანთან ცეკვის გამოც კი დაპატიმრებას ვერ ასცდებოდი. ასევე, მოქმედებდა ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში მიღებული კანონი სქესის შესაბამისი სამი სამოსის ტარების აუცილებლობის შესახებ.
ბიზნესის თვალსაზრისით, გეი ბარი, სხვა ასეთი ბარების თითქმის არარსებობის პირობებში, მეტად მომგებიანი საქმიანობა იქნებოდა. ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანები, და არა მხოლოდ, ასეთი ტიპის ბიზნესისთვის სოლიდურ შემოსავალს მოიტანდენ. ალბათ, ეს გათვლა ჰქონდა ნიუ იორკის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან კლანს (თუ გავითვალისწინებთ კლანის ახლო კავშირებს პოლიციასთან, ხელისუფლებასთან, ასევე, ზოგად კორუფციულ გარემოს), როცა იმ დროისთვის სოლიდური კაპიტალი, 3500 დოლარი კრისტოფერ სთრით 51-53-ში დააბანდა.
ასე დაიბადა „სთოუნვოლი“…
კრისტოფერ სთრით 51-53-ში პარასკევ საღამოს იკრიბებოდნენ გეი და ლესბოსელები, ტრანსგენდერები და ქროს-დრესერები, 42 ქუჩის უსახლკარო სექს მუშაკები და დრეგ ქუინები. მოკლედ, ყველა კანის ფერის, „სექსუალური ორიენტაციის“ და სოციალური ფენის ადამიანები დილამდე ცეკვავდნენ და ერთობოდნენ.
ბარში შესვლა სამი დოლარი ღირდა. ფეის კონტროლი კი კარის სათვალთვალო ჭუჭრუტანიდან ხდებოდა. ბარში, რაიმე გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად, საეჭვო და უცხო პირებს არ უშვებდნენ.
პოლიცია, როგორც წესი, ბარებში გეგმიურ შემოვლებს თვეში ერთხელ ატარებდა. კარგა ხნის მანძილზე, შემოვლები „სთოუნვოლში“ ფორმალური ხასიათის იყო. პოლიცია „კუთვნილ“ კონვერტს ჩაიჯიბავდა, ზრდილობის გამო პირადობებს შეუმოწმებდა რამოდენიმე „საეჭვო“ სტუმარს და ბარს ბედნიერი ტოვებდა.
არადა, ბარს ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობის ლიცენზიაც კი არ ჰქონდა.
ბარის ფანჯრები შიგნიდან ფანერით იყო დაგმანული. ინტერიერი კი შავად შეეღებათ. ორ საცეკვაო მოედანს მკრთალი მოციმციმე ნათურები ძლივს ანათებდა. აი, პოლიციის შემოვლამდე, სულ ცოტა ხნით ადრე, უცებ ინთებოდა რამპები. ეს ნიშანი იყო – ბარმენები, ალკოჰოლური სასმელების გადამალვას ასწრებდნენ, წყვილები პარტნიორების გაცვლას, ქროს-დრესერები და დრეგ ქუინები მაკიაჟის მოცილებას.
ასე გრძელდებოდა კარგა ხანს.
. . .
1969 წლის 28 ივნისის ღამის 1:30-ზე პოლიცია, წინასწარი გაფრთხილების გარეშე, ბარში შემოწმების ჩასატარებლად შეიჭრა. მოგვიანებით, როგორც გაირკვა, პოლიციის შეჭრამდე, იქ უკვე იმყოფებოდა ოთხი გადაცმული პოლიციელი და აკვირდებოდა სტუმრების „უზნეო საქციელს“. ზოგის თქმით, იმ ღამით ბარში 200 ადამიანი იყო. როდესაც რამპები აინთო, გვიანი იყო – პოლიციას სტრატეგიული წერტილები უკვე დაკავებული ჰქონდა. ბარიდან გაქცევა შეუძლებელი აღმოჩდა. რამდენიმე ადამიანმა სცადა ტუალეტის სარკმლიდან გაქცეულიყო, მაგრამ პოლიცას ეს გზაც გადაკეტილი ჰქონდა.
ამოღებული უკანონო ალკოჰოლური სასმელი პოლიციამ გარეთ გაიტანა.
როგორც უწინდელი შემოვლებისას, პოლიციამ ბარში მყოფები ერთ რიგად მოაწყო და საბუთების წარდგენა მოსთხოვა. ყველაფერი ისე მიდიოდა, როგორც სხვა დროს – ვისაც პირადობა თან ჰქონდა, მათ სახლში უშვებდნენ, დანარჩენებს კი პოლიციის განყოფილებაში გადაყვანას უპირებდნენ.
მაგრამ ამჯერად ისინი, ვისაც საბუთები წესრიგში ჰქონდათ, სახლებში არ წავიდნენ, ბარის წინ დარჩნენ!
ქროსდრესერებმა და დრეგ-ქუინებმა უარი განაცხადეს პირადობის მოწმობების წარდგენაზე!
პოლიცია დაიბნა და დამატებითი ძალები გამოიძახა.
გარეთ გასულ ბარის სტუმრებს ცნობისმოყვარეები და მეზობლები შეუერთდნენ. ამასობაში, როგორც ჩანს, მომხდარის შესახებ მანჰატენზე გავრცელდა და ბარის წინ 1500-ზე მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი. მათ შორის, იყვნენ ისინიც, ვინც იმ დროისთვის ჯერ არ იყო ბარში მისული.
პოლიციელებმა ჯერ ბარის მომსახურე პერსონალი გაიყვანეს ქუჩაში და მათი ძალით შეტენვა დაიწყეს პოლიციის ფურგონში.
ამ დროს გარეთ შეკრებილებიდან გაისმა:
„Gay power!“ ,,გეების ძალა!“
„We Shall Overcome!“ ,, ჩვენ ამას შევძელბთ!“
. . .
ზუსტად არავინ იცის, რა დროს დაიწყო შეტაკება.
ზოგის გადმოცემით, ცნობილმა ლათინო-ამერიკელმა ტრანსგენდერმა ქალმა, სილვია რივერამ, ბოთლი თუ ჭიქა ესროლა პოლიციელს!
სხვები ყვებიან, რომ როცა პოლიცია ლესბოსელ გოგონას, რომლის სახელიც დღესაც უცნობია, ფურგონისკენ მიათრევდა, შეკრებილებს გასძახა: „ხალხო, რატომ არაფერს შვებით“
და დაიწყო…
შეკრებილების ერთმა ჯგუფმა პოლიციის ფურგონი გადაატრიალა, სხვები კი, რაც ხელში მოხვდებოდათ პოლიციის მიმართულებით ისროდნენ. ზოგიც ხურდა ფულს ისროდა და უყვიროდა: „აიღეთ, გაუმაძღრებო!“
ათამდე პოლიციელებმა უკან დახევა და ბარში გამაგრება სცადა.იქ მათთან ერთად რამდენიმე დაპატიმრებულიც აღმოჩდა, მათ შორის ცნობილი ფოლკ-არტისტი, ჰეტეროსექსუალი დეივ ვან რონკი, რომელიც თავისთვის მიდიოდა ქუჩაში, პოლიციელებმა ხელი სტაცეს, ბარში შეათრიეს და სცემეს.
ბარის მიმართულებით სანაგვე ურნებს, ქვებს, აგურებს ისროდნენ, მოლოტოვის კოკტეილებიც კი დაუშინეს. ერთმა ჯგუფმა ბოძით შელეწა მინის კარი და პოლიციელები გარეთ გამოიყვანა.
პოლიციამ ბრანდსპოტიდან წყლის ჭავლით გაბრაზებული ხალხის დაშლა სცადა, მაგრამ იმის გამო, რომ სთოუნვოლში წყლის გაყვანილობა არ იყო (ბარში ჭიქებს კასრებში დამდგარ წყალში რეცხავდნენ), ჭავლის ნაცვლად ძლივს წვეთავდა წყალი, რამაც შეკრებილები ძალიან გაამხიარულა.
პოლიციის მიერ გამოძახებულმა დამხმარე სპეციალურმა რაზმმა, ე.წ. „ტაქტიკური საპატრულო ჯგუფი“, რომელიც საპროტესტო აქციების დაშლაზე სპეციალიზირდებოდა, ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა. ბარის წინ ძალიან ბევრი ადამიანი იყო შეკრებილი და არავინ აპირებდა უკან დახევას. ბევრმა პოლიციელმა თავს გაქცევით უშველა. ვითრება, მხოლოდ დილის ოთხი საათისთვის დამშვიდდა.
გამთენიისას ქუჩაზე სამარისებური სიჩუმე იდგა, თუმცა, დაძაბულობა კვლავ იგრძნობოდა. დღის მანძილზე ბევრი ადამაიანი, მათ შორის ისინიც, ვინც წინა ღამით იქ იყვნენ, ასევე ცნობისმოყვარეები და ტურისტები, მიდიოდნენ გადამწვარი გეი ბარის სანახავად. ბარის კედლებზე გაჩნდა გრაფფიტი: ,,გეი ბარების ლეგალიზაცია“, „Support gay power“ (მხარი დაუჭირეთ გეების ძალას), „They invaded our rights“ (ისინი თავს დაესხნენ ჩვენს უფლებებს)… ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი ქუჩაში. გადაიკეტა საავტომობილო გზები. 100-მდე პოლიციელი ცდილობდა წესრიგის დამყარებას. ცნობილი მარშა ჯონსონი, განათების ბოძზე აძვრა და პოლიციის მანქანას თავისი მძიმე ხელჩანთა ესროლა და საქარე მინა ჩაუმსხვრია . ისევ იწვოდა სანაგვე კონტეინერები და პოლიციის მისამართით კვლავ მიფრინავდა ქვები, აგურები, რკინის ნაგლეჯები…
პოლიციასთნ ლოკალური შეტაკებები რამდენიმე დღის მანძილზე გრძელდებოდა.
უკვე ყველასათვის ცხადი იყო, რომ ძველებურად აღარ და ვეღარ გაგრძელდებოდა – ადამიანებმა, რომლებსაც წლების მანძილზე აბუჩად იგდებდნენ, ამცირებდნენ, სცემდნენ, აპატიმრებდნენ, შეძლეს საკუთარი უფლებების დაცვა!
ვეღარ გაგრძელდებოდა ძველებური და დამკვიდრებული ჰომოფობიური დამოკიდებულება პოლიციის და ხელისუფლების მხრიდან.
ნათელი გახდა, რომ სრულიად არაეფექტური და არასაკმარისი იყო მანამდე არსებული სათემო ორგანიზაციების პოლიტიკა, რომლებიც ძირითადად საზოგადოებაში საგანმანათლებლო და თემის წევრთათვის ფსიქოლოგიურ დახმარებას ეწეოდნენ.
როდესაც ერთ-ერთმა ძველმა აქტივისტმა მოუწოდა, ყოფილიყვნენ „მეგობრულები და მშვიდობიანები“ და პროტესტი ანთებული სანთლებით გამოეხატათ, ხალხში გაისმა: ეშმაკსაც წაუღია თქვენი მშვიდობა! ზუსტად ამას ელის საზოგადოება! თქვენ გგონიათ, გეებს არ შეუძლიათ აჯანყება?!
თემის შიგნით არსებული განსხვავებული დამოკიდებულებების მიუხედავად, რუბიკონი გადალახული იყო!
ახალი ორგანიზაციები იქმნებოდა: გეების, ლესბოსელების, ტრანსგენდერების, ქროსდრესერების და სხვათა უფლებების დასაცავად და დამალვას აღარავინ აპირებდა!
1970 წლის 28 ივნისს, სთოუნვოლის მოვლებიდან ზუსტად წლისთავზე, გრინვიჩ ვილიჯში გაიმართა პირველი პრაიდ აღლუმი – ღირსების მარში „კრისტოფერ სთრთის გათავისუფლების დღე“! მიუხედავად იმისა, რომ ქალაქის მერიამ ნებართვა მარშის დაწყებამდე ორი საათით ადრე გასცა და საზოგადოების გარკვეული ნაწილი აპროტესტებდა ამ მარშის ჩატარებას, მარშის მონაწილეებმა კრისტოფერ სთრითი სრულად შეავსეს.
პარალელურად მარშები გაიმართა ჩიკაგოსა და ლოს-ანჟელესში.
მომდევნო წელს პრაიდ აღლუმები გაიმართა, ასევე, დალასში, ბოსტონში, მილუოკიში, ლონდონში, პარიზში, დასავლეთ ბერლინსა და სტოკჰოლმში.
“ეს დღე თავისი მნიშვნელობით ,,ბასტილიის აღების დღეს შეიძლება შევადაროთ!” – მაიკლ ფეიდერის გამონათქვამის თავისუფალი თარგმანი.
ავტორი – ვ. ფ.