მე ვარ მკრტიჩ შახდინარიანი, თუმცა ოჯახის წევრები და მეგობრები მიკოს მეძახიან. დავიბადე თეთრიწყაროში, გავიზარდე სამგორში, დავამთავრე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტი. ახლა რამდენიმე სამსახური და უთვალავი ჰობი მაქვს.
ჩემი აზრით, თანასწორობა ჯანსაღი საზოგადოების ნაწილია და ის ყველას გვეხება. თუ თანასწორობა არ არის, ნებისმიერი პრივილეგირებულიც კი, შეიძლება, გარკვეულ სიტუაციაში დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდეს. გასათვალისწინებელია, რომ ინდივიდებს შეიძლება ჰქონდეთ კონკრეტული საჭიროებები, მათ უნდა მიეცეთ რესურსები განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის.
აქტივისტად თავს 2019 წლიდან მოვიხსენიებ, ზუსტად მაშინ ჩავერთე ,,თბილისი პრაიდის” საქმიანობაში, ხოლო პირველი აქცია, რომელშიც მონაწილეობა მივიღე, იყო „არა თეოკრატიას“, 2013 წლის 24 მაისს.
რაც შეეხება ოჯახს, საკმაოდ ტრადიციულ და კონსერვატიულ ოჯახში გავიზარდე. ჩემს ოჯახს საზოგადოება თითქოს ირიბად ავალდებულებდა, რომ ორმაგად სამაგალითო ყოფილიყო, რადგან ქართული გვარით დაჯილდოებულები არ ვიყავით, ყოველ შემთხვევაში, ამ მოცემულობას დღემდე ასე აღვიქვამ.
17 წლის ვიყავი, როცა მივხვდი, რომ ბიჭებიც მომწონდა. სადღაც 3 თვე იმისთვის დამჭირდა, რომ ამას შევგუებოდი, მაგრამ ათჯერ მეტი დრო – სხვებისთვის რომ მეთქვა.
ეთნიკური კუთხით, იმისთვის, რომ ადამიანებს გააგებინო, რომ შენც სრულფასოვანი მოქალაქე ხარ, მეტი შრომა და მტკიცება გიწევს, მეტი ლაპარაკი. იყო დრო, საქართველოში გეი კაცების „გაჩენას“ (ვითომ ადრე არ ყოფილა), ზოგადად, სომხებს აბრალებდნენ, იყო ასეთი ეპიზოდები. ეს ორი კულტურა ათასწლეულებია თანაცხოვრობს და ვერ გამიგია, როგორ ვერ დალაგდა პოზიტიური დამოკიდებულებები ისტორიის მხრიდან. სტერეოტიპები სომხებზე ახლაც ბევრია და სათითაოდ აღარ ჩამოვთვლი, მაგრამ შემიძლია სახალისო ისტორია მოგიყვეთ. ერთ-ერთ რეისზე, როცა სტამბოლიდან თბილისში ვბრუნდებოდი, გვერდით შუა ხნის ქალბატონი მეჯდა და ბევრი სხვადასხვა კითხვის მერე დაჟინებით მკითხა გვარი, როცა პასუხი მიიღო, უბრალოდ მითხრა – „მერე რა, არა უშავს, შვილო“. მე არ მრცხვენია ჩემი იდენტობების, აი, ზოგ ადამიანს კიდე ეს ნაკლად მიაჩნია. ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება გამოვყო, არის ქართველი სომხების სათვისტომო, რომელიც თვითონ ჯგუფის შიგნით ტოლერანტობით არ გამოირჩეოდა, ბევრი წელია, არ მქონია მათთან კონტაქტი და არ ვიცი, ახლა რა სიტუაციაა იქ.
ბოლოს, რაც მინდა გითხრათ, სანამ თავს სამყაროს გააცნობთ, გაიცანით საკუთარი თავი. არ დათმოთ თქვენი ბედნიერება. შეიძლება რეინკარნაცია მართლაც არსებობს, მაგრამ ამის დამამტკიცებელი საბუთი არ გვაქვს, შესაბამისად, ეს ერთი სიცოცხლე სიყვარულითა და ბედნიერებით უნდა გავატაროთ, ვეცადოთ მაინც.