Elliott Morgan / The Guardian

ბენ უიშოუ საკუთარი თავის მიღების, ქამინგაუთისა და ლგბტქი როლების შესახებ

პადინგტონის ფილმების სერიის, Fargo-სა და London Spy-ს ბრიტანელმა ვარსკვლავმა, ბენ უიშოუმ, Guardian-თან ინტერვიუში ქამინგაუთის, საკუთარი თავის მიღებისა და ჰეტერო მსახიობების მიერ ლგბტქი როლების შესრულებაზე ისაუბრა.

მსახიობმა პირველად ისაუბრა საკუთარი სექსუალური იდენტობის მიღების სირთულეზე და აღნიშნა, რომ მეგობრებთან და ოჯახთან ქამინგაუთი 26-27 წლამდე დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა, არც საკუთარ თავთან გამოტყდომა ყოფილა ადვილი.

Elliott Morgan / The Guardian

„მახსოვს, საკუთარი სექსუალობა ტვირთად მაწვა. ყველაფერი ზედმეტად ჩახლართული იყო. საინტერესოა, რა ხდება, როცა იზრდები იმის შეგრძნებით, რომ შენს თავს რაღაც არასწორი ხდება, რადგან მიზიდულობას განიცდი რაიმე კონკრეტულის მიმართ. დიდი დრო და მიმღებლობა სჭირდება ყველაფრის გადალახვას და სხვებთან ღიად საუბარი, გახსნა საკუთარი თავის გაგების ერთადერთ წყაროდ ვერ იქცევა. დიდი დრო დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ჰომოსექსუალობის და სისუსტის ერთმანეთთან გათანაბრების საფუძველი არ არსებობს. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ იდეაზე საბოლოო გამარჯვებას ახლაღა ვიწყებ. მაოცებს ჩვენში არსებული მასკულინური და ფემინური ენერგიის ნაზავი, მაგრამ წლების განმავლობაში ვთვლიდი, რომ რაიმეს უარყოფა მჭირდებოდა. ამის მიზეზი ის იყო, რომ ეს „რაღაც“ იმ სამყაროში, რომელშიც გავიზარდე, სისუსტედ ითვლებოდა. მაშინაც კი, როცა ეს „რაღაც“ თავს კარგად მაგრძნობინებდა“, – აღნიშნა მსახიობმა.

2008 წელს, ბენ უიშოუ ჯეინ კემპიონის Bright Star-ში ჯონ კიტსის როლს ასრულებდა, როცა ავსტრალიელ კომპოზიტორ მარკ ბრედშოუსთან ურთიერთობა დაიწყო. 2012 წელს წყვილმა სამოქალაქო ქორწინება გააფორმა, თუმცა უიშოუს საჯარო ქამინგაუთი კიდევ ერთი წელი არ გაუკეთებია და მერეც მცირე განცხადება გაავრცელა პუბლიცისტის დახმარებით. ინტერვიუებში ბრედშოუზე საუბარს ერიდებოდა. დღეს კი კითხვაზე – „რა ისწავლა 10-წლიანი ურთიერთობისას?“ უბრალოდ ამბობს, რომ „ბევრი რამ“.

8 თებერვალს, BBC One-ზე სერიალი This Is Going to Hurt იწყება, რომელშიც მთავარ როლს უიშოუ ასრულებს. სერიალის სიუჟეტი 2006 წელს ვითარდება და მსახიობის თქმით, ფილმზე მუშაობისას მიხვდა, რამდენად არ ჰქონდა ხალხს მიმტევებლობა სულ რაღაც 15 წლის წინ, როცა საქმე ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სინაზის გამოვლინებებს ეხებოდა.

„საკუთარი გამოცდილებაც რომ გავიხსენო, გეი პარტნიორებთან გახსნა ბევრად მიჭირდა. მაოცებს, როგორ შეიძლება კაცებს შორის სინაზის ნიშნები ვინმესთვის იმდენად გამაღიზიანებელი იყოს, რომ ნივთების სროლაც კი დაიწყონ ან პირდაპირ მომმართონ: „დაწყევლილი ოთახი მონახეთ!“ მსგავსი დამოკიდებულება ზოგჯერ საშიშია, მაგრამ არ მახსოვს, ოდესმე გავბრაზებულიყავი. ალბათ, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ თუ გეი ადამიანებთან პრობლემა გაქვს, საკუთარ თავში ჯერ კიდევ არ გადაგილახავს ძირეული პრობლემები“, – თქვა უიშოუმ.

Elliott Morgan / The Guardian

მსახიობმა Danish Girl-ზე მუშაობის პერიოდიც გაიხსენა, რომელშიც ედი რედმეინი ტრანსგენდერი ქალის როლს ასრულებს. რედმეინმა როლზე დათანხმებამდე ბევრი იფიქრა და სულ ცოტა ხნის წინ ისიც თქვა, რომ როლის შესრულება შეცდომა იყო, რადგან სჯობდა, ის ტრანსგენდერ ადამიანს შეესრულებინა. უიშოუს აზრით, რედმეინმა როლი შესანიშნავად შეასრულა, თუმცა სამომავლოდ, სჯობს, ლგბტქი როლები იმ მსახიობებს მისცენ, რომელთაც გამოცდილება უკეთ ესმით.

„ედიმ საქმეს თავი შესანიშნავად გაართვა და ეს ამბავი წარსულს ჩაჰბარდა. სამომავლოდ მეტი როლი იქნება, რომლებსაც ისეთ მსახიობებს მისცემენ, პერსონაჟის გამოცდილებასთან მეტი საერთო რომ აქვთ. რატომ არ უნდა ერგოს როლი მას, ვინც უკეთ იცის, როგორია პერსონაჟის განცდები? რა თქმა უნდა, ამას მხარს ვუჭერ. ზოგჯერ, როცა ჰეტერო მსახიობები გეი როლებს ასრულებენ, ბევრად კრიტიკული ვარ, თუ ვთვლი, რომ შესრულება ჩემს სუბიექტურ გამოცდილებას არ ერგება. შეიძლება, ისიც ვიფიქრო – „შენი არ მჯერა“ და მცირე გაუმართავმა მომენტმაც კი მომწყვიტოს ისტორიას. ამიტომ სხვების კრიტიკული კითხვები და ეჭვები გასაგებია“, თქვა მსახიობმა და დაამატა, რომ „დროა, შავზე და თეთრზე დავა შევწყვიტოთ, ყოველივეს პოლარიზებას შევეშვათ, რადგან ეს ასე არ უნდა იყოს. დისკუსია კარგია, უთანხმოებაც კარგია, საკითხის სხვადასხვა რაკურსიდან დანახვა – მნიშვნელოვანი!“.

უიშოუმ საუბრის დასასრულს ისიც აღნიშნა, რომ მიტევებისა და ერთმანეთის მოსმენის მხარეს დგას: „ურთიერთსაწინააღმდეგო რაღაცები მიზიდავს, მრავალგვარი ინტერპრეტაცია. თუ საკუთარ თავში ჩავიხედავთ, ამისთვის დროს გამოვნახავთ, გავაანალიზებთ, რატომ და როგორ ვფიქრობთ სხვადასხვა თემაზე, ყველა შეუსაბამობას უკეთ აღმოვაჩენთ. ამიტომ ერთმანეთის მოსმენის, მიტევების მხარეს ვდგავარ. სჯობს, მოსმენის და მიტევების ძალა ვირწმუნოთ – არ მეთანხმებით?“.

წყარო: The Guardian

 

წინა

მოდერნამ აივ-ვაქცინის კლინიკური გამოცდა დაიწყო

შემდეგი

მიმღებლობა ლგბტქი ახალგაზრდებში სუიციდის რისკს ამცირებს – კვლევა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,