The Trevor Project-ის ახალმა კვლევამ ლგბტქი ახალგაზრდებში ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და სუიციდის რისკების კუთხით არსებული მდგომარეობა შეისწავლა. აღმოჩნდა, რომ ის გამოწვევები, რომლებთან გამკლავებაც ქვიარ ახალგაზრდებს უწევთ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების, მენტალური ჯანმრთელობის გაუარესებისა და სუიციდის რისკს ზრდის. ექსპერტების აზრით, ახალი კვლევა პოზიტიური ნაბიჯია იმ კავშირის დანახვისკენ, რაც ნარკოტიკების მოხმარებასა და მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევების შორის არის. მიღებული მონაცემები, შესაძლოა, გარშემომყოფებზე ზრუნვასა და მეტი სიფრთხილის გამოჩენაში დაგვეხმაროს.
მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებსა და ქვიარ ადამიანების წინაშე არსებულ გამოწვევებს შორის კავშირი აქამდე ჩატარებული კვლევებითაც დადგინდა, მაგრამ ინფორმაცია ძირითადად ლესბოსელი, გეი და ბისექსუალი ახალგაზრდების გამოკითხვას ემყარებოდა და არ ფარავდა გენდერული იდენტობის საკითხებს, რაც პრობლემის საფუძვლიან შესწავლას ართულებდა. 2021 წლის გამოკითხვა, რომელმაც ამერიკელი ლგბტქი ახალგაზრდების მენტალური ჯანმრთელობის საკითხები შეისწავლა, ბევრად ინკლუზიურია.
„როცა ლგბტქი ახალგაზრდების გამოკითხვის შედეგად მიღებული ინფორმაცია შევისწავლეთ, აღმოვაჩინეთ, რომ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და გამოცდილებების შესწავლის ბევრად მრავალფეროვანი ასახვაა მნიშვნელოვანი, ვიდრე აქამდე ხდებოდა. კერძოდ, ტრანსგენდერი და არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდების გამოკითხვა აჩვენებს, რომ გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებული გამოწვევები სუიციდის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის, რაც სისგენდერ – გეი, ლესბოსელ, ბისექსუალ და ქვიარ ადამიანებთან შედარებით ბევრად კომპლექსურ გამოწვევებთან ბრძოლის ბრალია“, – აღნიშნა ჯონა დეჩანტმა, The Trevor Project-ის მკვლევარმა.
კვლევის ფარგლებში 34,759 ლგბტქი ახალგაზრდა გამოიკითხა. ახალგაზრდების 56% ალკოჰოლს მოიხმარს და ამ ადამიანების 47% 21 წელზე ნაკლების არის, რაც აშშ-ში ალკოჰოლის ლეგალური მოხმარების ასაკია. გამოკითხულთა მესამედი მარიხუანას მოიხმარს, მათ შორის, 29% 21 წელს მიღწეული არაა. ახალგაზრდების 11% კი რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს დანიშნულების გარეშე მოიხმარს. გარდა ამისა, გამოკითხულთა 11% ალკოჰოლსა და მარიხუანას რეგულარულად მოიხმარს.
არაბინარული იდენტობის მქონე ახალგაზრდები, რომელთაც დაბადებისას „მამრობითი“ გენდერი მიანიჭეს, მარიხუანას რეგულარული მოხმარების ბევრად მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევიან. შეისწავლეს ისიც, გარე ფაქტორები და ზეწოლა ნივთიერებების მოხმარების მაჩვენებელზე როგორ აისახება. გარდაქმნის თერაპიაში მონაწილე ახალგაზრდები და ლგბტქი ადამიანები, რომელთაც ფიზიკური ჩაგვრა გამოუცდიათ, ნივთიერებებს ბევრად აქტიურად მოიხმარენ.
ის ახალგაზრდები, რომლებიც მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებთან გამკლავების სირთულის გამო რეცეპტით გასაცემ მედიკამენტებს მოიხმარენ, სუიციდის მცდელობის სამჯერ მაღალი რისკის წინაშე არიან, ალკოჰოლის მომხმარებლები – 50%-ით მაღალი რისკის წინაშე, ასევე, ბევრად მაღალი რისკის წინაშე არიან მარიხუანას მომხმარებლებიც.
წყარო: Healthline
ილუსტრაცია: The Daily Beast