თვითგადარჩენა, ემიგრაცია და პირველი სიყვარული — ლესბოსელი ქალის ისტორია

„37 წლის ასაკში პირველად ვარ დარწმუნებული, რომ ბედნიერი ვარ. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მშობლების მოლოდინების არგამართლება, განქორწინება, საბოლოოდ ემიგრაცია და შვილის მარტო გაზრდა აქამდე მომიყვანდა, მაგრამ ყველაფერი ასე უნდა მომხდარიყო, ან ბევრად უარესად“, – ამბობს ნათია, ლესბოსელი ქალი, რომელიც უკვე 16 წელია საბერძნეთში ცხოვრობს, იქამდე კი ოჯახური ძალადობის მძიმე გზა გაიარა და ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ თავიც უნდა გადაერჩინა და ერთადერთი შვილიც.

„15 წლის ვიყავი, როცა ბიჭმა, რომელსაც კარგად არც კი ვიცნობდი, დაქორწინება შემომთავაზა და მაშინვე დავთანხმდი. სახლში მამაჩემი იყო, რომელიც მეც და დედასაც ყველა დათრობაზე გვცემდა და ვიფიქრე, რატომაც არა, თავს გადავირჩენ-მეთქი. არც კი ვიცი, იმ დროს სხვა რა შეიძლებოდა მექნა. დაქორწინების შესახებ დედას ვუთხარი, ორივემ ვიტირეთ, მაგრამ ისიც ფიქრობდა, რომ უკეთესი იქნებოდა ოჯახს თუ გავეცლებოდი. როცა ბიჭის ოჯახი ხელის სათხოვნელად მოვიდა, მამაჩემმა სახლში არ შემოუშვა, ავდექით და გავიპარეთ. მამა სიკვდილამდე აღარ დამლაპარაკებია, მეტიც, დედაჩემთან ურთიერთობას მიკრძალავდა – ხან მეზობლებისგან ვიგებდი დედის ამბავს, ხან – ნათესავებისგან. 5-წლიანი ქორწინებისას, ალბათ, დედა სულ 2-3-ჯერ ვნახე“, – იხსენებს ნათია და ჰყვება, რომ მამისგან თავის დაღწევის სურვილმა ბევრად მძიმე მდგომარეობამდე მიიყვანა – „სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი, ეგ უკვე ვიცოდი, მაგრამ თავიდან არც მიფიქრია, რომ მაგის სურვილი მექნებოდა, ახლანდელი მოზარდები, თუნდაც ჩემი შვილი, 15 წლის ასაკში ბევრად წინდახედულები არიან, მაგრამ იმ დროს ვიღაცას იტაცებდნენ, ვიღაც თავისი ნებით თხოვდებოდა და ჩემ გარშემო ბევრს დედა, მამა ან ორივე ერთად სცემდა, არჩევანი დიდად არც გვქონია. ჩემი ქმარი და მამა ერთმანეთს როდის დავუკავშირე, არც მახსოვს, პირველად ორსულობისას დამარტყა ხელი, მაგრამ გინება იქამდეც ბევრჯერ ამიტანია. მეზობელთან თუ გავიდოდი ხოლმე, სულ სახლში ვიყავი, მაგრამ ყვირილის მიზეზი სულ იყო, თავიდან სულ იმას ვფიქრობდი, ასე უმიზეზოდ ხომ არაფერი ხდება-მეთქი, მერე მიზეზების ძებნასაც შევეშვი. ვიცოდი, რომ არც სხვა გზა მქონდა და თან, რთულია იმის ახსნა, როგორ მივეჩვიე ყვირილსაც, ცემასაც, როგორ ვახერხებდი, რომ მორიგი დიდი ჩხუბის შემდეგ საჭმელს ვუკეთებდი, არც საპასუხოდ ვამბობდი რამეს.’’

„გავიდოდა სახლიდან და იმას ვფიქრობდი, იქნებ ცოცხალი ვეღარ დაბრუნდეს-მეთქი, ერთადერთი ეგ თუ შეცვლიდა რამეს. მოდიოდა, მოიყვანდა ძმაკაცებს და სუფრას ვშლიდი. ყველა დალურჯებისთვის ახალ-ახალ ტყუილს ვიგონებდი, მაგრამ სიმართლე ისედაც ყველამ იცოდა. ერთადერთი ნორმალური ადამიანი დედამთილი იყო, ჩხუბის მერე გამომართმევდა ბავშვს და დასამშვიდებლად დროს მაძლევდა, ერთი საყვედური არასდროს უთქვამს, მეტს ვერც ვთხოვდი“, – იხსენებს ნათია და გვიყვება მომენტზე, რომელმაც მიახვედრა, რომ თავი კიდევ ერთხელ უნდა გადაერჩინა – „ბავშვი 4 წლის იყო, როცა პირველად საცემად გაიწია, მაგ დროს პირველად შევეწინააღმდეგე და ჩხუბის მერე დანით გამომეკიდა. მეორე სართულიდან ბავშვით ხელში გადავხტი, მერე სულ იმაზე ვფიქრობდი, ფეხი რომ მომეტეხა ან მეზობლებს სახლში რომ არ შევეშვით, რა მოხდებოდა.“

„რუსთავში წავედი ნათესავთან, მაშინ გზის ფულიც კი არ მქონდა, ბაზარში ვმუშაობდი რამდენიმე წელი, შესარიგებლად მოვიდა, მაგრამ პირადად არ შევხვდი, დიდად არც უცდია ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ მაინც აღარ მივბრუნდებოდი. ბავშვს ხელი მოვკიდე და საბერძნეთში წავედი, ერთ-ერთ კუნძულზე დამაწყებინა ნაცნობმა მუშაობა. მძიმე სამუშაო იყო, მაგრამ მაინც კარგად მახსენდება, მაშინ ამოვისუნთქე, ყველაფერი უკეთ გავიაზრე, ბევრი ტრავმა გადავლახე და ვალების გასტუმრების შემდეგ, ფულის გადადება დავიწყე. წლები არ მიფიქრია არც ახალ ურთიერთობაზე, ვინმეს ნდობაც რთული იყო და სექსი ხომ საერთოდ არ მინდოდა“, – გვიყვება ნათია და პირველ სიყვარულს და ახალ აღმოჩენებზეც საუბრობს – „3 წლის წინ გავიცანი, უკვე ათენში ვიყავი და კვირაში ერთხელ ვნახულობდი, დავმეგობრდით, ყველაფრის მოყოლა პირველად მასთან შევძელი, ერთმანეთზე ახლობელი არავინ გვყოლია, მასე დაიწყო და ნელ-ნელა მივხვდი, რომ მხოლოდ მეგობარი არ იყო, ისიც იგივეს იტყვის, საუბრებიდან კოცნამდე მივედით, მერე სექსამდე და არცერთ მომენტში მიფიქრია, რომ რამე არასწორს ვაკეთებდი, პირველ სექსზე ყოველთვის ის გამახსენდება. ჩვენი ურთიერთობის შესახებ რამდენიმე ახლო მეგობარმა იცის, თავიდან არავის ვეუბნებოდით, შვილს ვერ ვეტყოდი, მაგრამ ერთ დღეს პირდაპირ მოვიდა და მითხრა, რომ გოგოები მოსწონს და მეც ვეღარ დავუმალავდი.“

„საქართველოში 2021 წელს პირველად ჩამოვედი, ამდენი წლის შემდეგ დედა პირველად ვნახე, იმ წლებზე არც კი გვილაპარაკია, არც ურთიერთობაზე მითქვამს რამე, ვერ გაიგებს და მინდა სიბერე მშვიდად გაატაროს. ახლა ვფიქრობ, რომ ერთ დღეს საქართველოში მინდა ცხოვრება, წლების წინ ამას ვერც კი ვიფიქრებდი, მაგრამ ახლა გეგმებს მანდ ცხოვრებისთვის ვაწყობ. რამდენი წელი შევალიე იმის გამო ტანჯვას, რომ ცხოვრება დანის მუქარამდე მივიყვანე, მაგრამ, რაც მთავარია, ის ამბები მტკივნეული აღარ არის და ახლა ისე კარგად ვარ, როგორც არასდროს“, – გვეუბნება საუბრის დასასრულს ნათია.

ილუსტრაცია: NJ

წინა

საბერძნეთში გეი და ბისექსუალი კაცები სისხლის დონაციას შეზღუდვის გარეშე შეძლებენ

შემდეგი

სამოქალაქო აქტივისტი და პოეტი მაია ენჯელოუ მონეტაზე გამოსახეს

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,