17 მაისი ჩემთვის სოლიდარობის და იმ ადამიანების ხსოვნის დღეა, ვინც სიძულვილს ემსხვერპლა. ეს ერთი დღე გვაქვს წელიწადში, როცა შეგვიძლია ვიყოთ ის, ვინც ვართ – წესით ყველა დღე ეგეთი უნდა გვქონდეს, მაგრამ სამწუხაროდ ასე არ გამოდის.
ქვიარ თემს 17 მაისი, როგორც ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე იმისთვის გვჭირდება, რომ სხვებს, ვინც ჯერ ისევ მარტოა, გაურკვევლობაშია ან არ იცის თავი როგორ დაიცვას, ვაჩვენოთ, რომ მარტო არ არის, ჩვენ მისთვისაც ვიბრძვით, როცა გარეთ გავდივართ.
ძირითადად ჩვენს მიმართ ნეგატიური განწყობები ჩვენს წინააღმდეგ მიმართული პროპაგანდის და არასწორი ინფორმაციის ბრალია. 17 მაისის, როგორც ჰომოფიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის ჩანაცვლებაც ოჯახის სიწმინდის დღით ამ პროპაგანდის ნაწილია. პოლიტიკური აქტორები, ვინც მართავს ამ პროპაგანდისტულ მანქანას, ძლიერები და მდიდრები არიან, ოჯახის სიწმინდე მათ საერთოდ არ აინტერესებთ, ოჯახის სიწმინდე მათთვის მხოლოდ იარაღია ჩვენს განსადევნად.
2013 წლის 17 მაისი ჩვენთვისაც კარგი გაკვეთილი იყო, რომ ადამიანის სიცოცხლე საფრთხის ქვეშ არ უნდა დავაყენოთ თუნდაც ყველაზე კეთილშობილი მიზნებისთვის. ამავე დროს ის, რომ მაშინ დაგვარბიეს და სახელმწიფომ არ დაგვიცვა, არ ნიშნავს იმას, რომ უარი ვთქვათ ბრძოლაზე, ჩვენ მიზნებზე და არ ვეძებოთ ახალი და ნაკლებ მტკივნეული ფორმები ჩვენი უფლებების დაცვის მოთხოვნისთვის.
მხოლოდ გამოსვლა არ არის საქმე, მნიშვნელოვანია რომ გამოსვლიდან გამოსვლამდე დრო ნაყოფიერად გამოვიყენოთ. ისიც კი შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ მოვატრიალოთ, დღე დღეზე რომ დაგვიმთხვია საპატრიარქომ და ვთქვათ, რომ ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია ოჯახის სიწმინდე, ჩვენც გვყვავს ოჯახები, ჩვენც გვიყვარს ოჯახის წევრები და რაც არ უნდა ამტკიცონ, არც გარყვნილები ვართ და არც უწმინდურები, ჩვეულებრივი ადამიანები ვართ. პირიქით, გარყვნილება და უსამართლობა ისაა, როცა სხვა ადამიანებს ჩაგრავ და იმ უფლებას ართმევ, რაც შენ გაქვს.
ყველა შიში უცოდინრობისგან მოდის და ჩვენ გვჭირდება სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ ადამიანებს ჩვენს შესახებ. როგორც ჩვენ ვართ სიძულვილის მსხვერპლები, ზუსტად ასე არიან ცრუ ინფორმაციის და სიძულვილის კამპანიების მსხვერპლები ის ადამიანებიც, მათ შორის ჩვენი ოჯახის წევრები ან მეგობრები, ვისაც ლგბტქ ადამიანების ეშინია ან ჩვენი განადგურება უნდა.
თუ ამ შიშებს ვერ დავამარცხებთ, მთელი საზოგადოება ვიქნებით დამარცხებული და მოიგებენ სიძულვილის ჯგუფები და ის პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ პროპაგანდით არიან დაკავებულები. ჩვენს მიმართ სიძულვილს და ჩაგვრას ეს პოლიტიკური აქტორები ხალხის სამართავ იარაღად იყენებენ, ძალაუფლების გასაზრდელად, გასამდიდრებლად, მხარდამჭერების შემოსაკრებად, რეალური პრობლემებისგან ყურადღების გადასატანად.