პოპულარული სერიალის, Euphoria-ს მსახიობმა, ზენდაიამ, საკუთარ მისწრაფებებსა და იმაზე ისაუბრა, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი, როგორც მსახიობმა.
მან თქვა, რომ კარიერული თვალსაზრისით განსაკუთრებული გეგმები არ აქვს და სურს, ყურადღება ისეთ საკითხებს დაუთმოს, რომელიც მას, როგორც მსახიობს, ახარებს, ავსებს და სიამოვნებას ანიჭებს. ასევე, აღნიშნა, რომ რეჟისორობის იდეამ მასში დიდი ინტერესი გამოიწვია.
„რეჟისორობის მცდელობის იდეა ჩემში მღელვარებას იწვევს, ამიტომ ვატარებ გადასაღებ მოედანზე დიდ დროს. მაშინაც კი, როდესაც მე არ მიღებენ, ვცდილობ, იქ ვიყო და ვისწავლო. იმედი მაქვს, ერთ დღესაც შევძლებ, შევქმნა ისეთი რამ, რისი ნახვაც თავად მსურს“, – ამბობს ზენდაია.
მსახიობის სურვილია, გადმოსცეს უბრალო სიყვარულის ისტორია ორ ფერადკანიან გოგონაზე – რაღაც მარტივი და მშვენიერი, რაც გააბედნიერებს და თავს შეაყვარებს ნებისმიერ ადამიანს – „მომეწონა მოზარდების ისტორია, რომელშიც უხერხული და სასაცილო მომენტები იქმნება, როგორც ნებისმიერი ახალგაზრდის ცხოვრებაში, რომელიც საკუთარი თავის აღმოჩენას ცდილობს.“
ზენდაიამ აღიარა, რომ სოციალურ ქსელებში აქტიური არ არის, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თვლის, რომ მსახიობობითა და თავისი სიუჟეტებით ხმა შეიძლება უფრო მეტ ადამიანს მიაწვდინოს.
მან აღნიშნა, რომ ,,ეიფორიაში’’ რუს როლის შესრულებამ დიდი გამოცდილება შესძინა და დააფიქრა ადამიანებზე, რომლებიც ებრძვიან დამოკიდებულებებს. ის იმედოვნებს, რომ სერიალი ბევრ ადამიანს დაეხმარება, თავი ნაკლებად იგრძნონ მარტო და საჭიროების შემთხვევაში, არ მოერიდოთ, ითხოვონ დახმარება.
ზენდაიამ გაიხსენა გულშემატკივრებიც, რომლებიც ხშირად აღნიშნავდნენ, რომ ,,ეიფორია’’ მათ ბევრ რამეში დაეხმარა.
„ჩვენ ვცვლით სამყაროს. ხელოვნებას ნამდვილად შეუძლია, გავლენა მოახდინოს ადამიანების ცხოვრებაზე – ესაა მისი მთავარი მიზანიც“, – აღნიშნა მან.
თინეიჯერული დრამის, Euphoria-ს მეორე სეზონი 2022 წლის იანვარში გამოვა.