პანდემიურმა რეალობამ სოციალური ურთიერთობების უნარი მეტ-ნაკლებად ყველას დაგვიქვეითა. Ზოგიერთი ჩვენგანი იმასაც მიხვდა, რომ ჩვენი სახლის კომფორტიდან სამყაროსთან ურთიერთობა ბევრად მარტივია, ზოგისთვის კი პირიქით – ემოციების, სათქმელის რეალურ სივრცეში გაზიარების ნაკლები შესაძლებლობაა დამღლელი.
ქვიარ ადამიანებისთვის საკუთარი იდენტობის ღიად დაფიქსირებისთვის კიდევ უფრო ნაკლები სივრცე არსებობს და ხშირად, ყველაზე უსაფრთხო ონლაინ საუბრებია, ამიტომ იმ მცირე თავშეყრის ადგილების არსებობა, სადაც თავისუფლად არსებობას შეძლებ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა.
ქართული საკლუბო სივრცეები ის უსაფრთხო ადგილებია, სადაც თანასწორი გართობის შესაძლებლობა ყველაზე მეტად იყო, სანამ კორონავირუსის გამო ყველაფერი თავდაყირა არ დადგა. 17 დეკემბრიდან კლუბების კარი ისევ იხსნება და ერთად ცეკვის, კომუნიკაციის შესაძლებლობაც ისევ გვექნება, მაგრამ 2 წლით შეწყვეტილი ღამის ცხოვრებისთვის ხელახლა ფეხის აწყობა შეიძლება მარტივი სულაც არ იყოს.
ფოტო: Electronic Beats
საკლუბო ცხოვრების მოყვარულ ახალგაზრდებთან და ფსიქოთერაპევტ, ლიკა ბარაბაძესთან ერთად, ვეცდებით, უკეთ გავიაზროთ ის შიშები, მოლოდინები და თავშეყრის ადგილებში უშფოთველად შეკრების ხერხები, რომელიც, შესაძლოა, ბევრ ადამიანს დაეხმაროს, ხელახლა გავიდეს სახლიდან და საცეკვაო მოედანზე თამამად შეაბიჯოს.
ლიკა ბარაბაძის თქმით, გასულმა ორმა წელმა გაგვიმძაფრა საფრთხის შეგრძნება, რაც მცირე დოზით გასაგებია, თუმცა შიშების გადალახვა რესოციალიზაციისთვის აუცილებელია.
„განვლილმა დრომ სოციალური უნარ-ჩვევები შეცვალა, ხალხთან ურთიერთობას გადავეჩვიეთ და ახლა უკვე საფრთხედ აღვიქვამთ თავშეყრის ადგილებს. შესაძლოა, ვერც ვაცნობიერებდეთ, რომ სოციალური ურთიერთობები საფრთხის შემცველია, რადგან ეს ერთგვარ ავტომატურ მექანიზმად იქცა, რაც რესოციალიზაციაში ხელს გვიშლის. Ზოგმა ისიც აღმოაჩინა, რომ სახლში ყოფნა და ადამიანების მცირე ჯგუფთან ურთიერთობა მისი კომფორტის ზონაა, რასაც პატივი უნდა ვცეთ და საკუთარ თავს აღარ მოვუწოდოთ იმისკენ, რომ აღმოვჩნდეთ ისეთ სივრცეებში, რომელიც სტრესულია“, – ამბობს ლიკა.
ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი თვლის, რომ ინტროვერტია და ამბობს, რომ პანდემიურმა რეალობამ, მხოლოდ ახლო მეგობრებთან ურთიერთობამ და დისტანციურად მუშაობამ, სასურველი კომფორტი მიანიჭა, თუმცა თავშეყრის ადგილებში პერიოდულად გასვლის შესაძლებლობის არქონის გამო ნებისმიერი სოციალური ურთიერთობის უნარი დაკარგა.
„ისედაც ყოველთვის სახლში მეჩქარებოდა და პანდემიის დასაწყისში სახლში ყოფნა გამიხარდა კიდეც. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ ახალი სიტუაცია, ცეკვა, ფლირტი, ემოციებისგან დაცლა მინდოდა და მხოლოდ მეგობრებთან ჭორაობა საკმარისი არ იყო. მაგ დროს ვერსად გავდიოდი, ამიტომ სრულ ჩაკეტილობას როგორღაც შევეჩვიე. მერე, როცა ბარები გაიხსნა და მეგობარმა ერთ-ერთ მუსიკალურ ღონისძიებაზე ფეისბუქ მოწვევა გამომიგზავნა, შფოთვა დამეწყო. არ ვიცოდი, რა მოლოდინები უნდა მქონოდა, რა სიტუაცია დამხვდებოდა ან ისევ შევძლებდი თუ არა ჩემი პერიოდული გასართობად გასვლები ძველებურად გამეგრძელებინა. პირველი შიშები გადავლახე, საკუთარ თავს ვუთხარი, რომ სულ სახლში ჯდომას ვერ გავაგრძელებდი და წავედი, მაგრამ ხალხთან ურთიერთობა ბევრად რთული აღმოჩნდა, ვიდრე ვიფიქრებდი. ვაქცინირებული ვიყავი, მაგრამ უბრალო ჩახველებაც კი მაშინებდა. ფლირტი არც კი მახსოვდა, თავისუფლად ცეკვაც ვერ შევძელი, ამიტომ მალევე სახლში წამოვედი“, – გვეუბნება ანა.
ფოტო: Barclay Bram / Dazed
ლექსოსთვის ყველაფერი პირიქით იყო, ჩაკეტილობის ყოველი დღე უმძიმდა და ერთი სული ჰქონდა, როდის დაუბრუნდებოდა ყველაფერი ძველებურ მდგომარეობას, თუმცა თვლის, რომ თავშეყრის ადგილებისთვის მაინც უფრო მეტად მომზადებული უნდა ყოფილიყო.
„პირველი ლოქდაუნის დროს, ალბათ, 3-4 დღე ვიყავი კარგად, მერე მივხვდი, რომ გარეთ მალე თუ არ გავიდოდი, სახლში ვეღარ ვძლებდი. ჯერ სეირნობა დავიწყე, მეგობრებს ვნახულობდი, მარტო ყოფნისას ვცეკვავდი ან ვინმეს ვურეკავდი და საათობით ველაპარაკებოდი. ზაფხულში, როცა ბარებში გასვლა შევძელი, ამოვისუნთქე, სასურველ ყოველდღიურობას მარტივად დავუბრუნდი, მაგრამ ისევ ყველაფერი ჩაიკეტა, თანაც, ბევრად დიდი ხნით და მაგ პერიოდს როგორ გავუძელი, არც კი ვიცი. ნელ-ნელა რაღაც ფესტივალები რომ განახლდა, თითქმის არცერთი გამომიტოვებია, მაგრამ ცოტა ხნის წინ ანდერგრაუნდში ჩატარებულ ღონისძიებას დავესწარი და იქ მივხვდი, რომ რაღაცები მაინც შეიცვალა – სხვებთან ცეკვა, ხალხისთვის გვერდის ავლა და რაც მთავარია, ახალი ნაცნობების გაჩენა უცებ ბარიერად იქცა. მეგობრებთან უშუალო, მსუბუქ საუბარზე, უკბილო ხუმრობებზე ვიყავი გადართული, მაგის გამო თავიდან უცხო ადამიანებთან საერთო ენას ვეღარ ვპოულობდი. მუსიკის მოსასმენად და მეგობრებთან დროის გატარების ხათრით, მაინც განვაგრძე გარეთ გასვლა და ნელ-ნელა ყველაფერი დალაგდა”, – გვიხსნის ლექსო.
ლიკა ბარაბაძე გვეუბნება, რომ სოციალურ სივრცეებში რეინტეგრაცია ძალდატანების გარეშე, ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ და გავიაზროთ – რომელიმე თავშეყრის ადგილი იმდენად სტრესული ხომ არ იქნება, რომ უკან დაგვხიოს.
„კომფორტის ზონიდან გამოსვლა განვითარებისთვის აუცილებელია, მაგრამ აუცილებელია, ჩვენთვის კომფორტული გარემოებები კარგად გვქონდეს გააზრებული და ამ წერტილიდან დავიწყოთ ათვლა. რეინტეგრაციის პროცესი ნელ-ნელა უნდა წარიმართოს, უნდა განვსაზღვროთ სტრესის ის დონე, რომლის დაძლევაც შეგვიძლია. რესოციალიზაციისას არ უნდა მოვინდომოთ ერთბაშად იმდენი, რომ ამ პროცესში უფრო დავზიანდეთ. ჯერ მცირე ჯგუფებში უნდა დავტესტოთ ჩვენი უნარები, შემდეგ კი უფრო დიდ თავშეყრის ადგილებში ვეცადოთ გასვლას, მაგრამ გავაცნობიეროთ ახალი სიტუაციის მასშტაბები და საკუთარ თავს არცერთ ეტაპზე ვაიძულოთ რაიმე ისეთის გაკეთება, რისი ამტანობაც არ გვაქვს. თუ სასურველ ღონისძიებაზე წასვლამდე ერთი კვირა ვშფოთავთ და გასვლის შემდეგ ერთი კვირა გონზე მოსასვლელად გვჭირდება – იქნებ, ეს მცდელობა ამად არც ღირს. ჯერ მცირე საუბრებით უნდა დავიწყოთ რეინტეგრაცია, შემდეგ მსუბუქი შიშების გადალახვაზე ვიზრუნოთ და ნელ-ნელა დავუბრუნდეთ იმ სოციალურ სივრცეებს, რომელში ყოფნის გამოცდილებაც დიდი ხანია შეწყვეტილია”, – გვირჩევს ლიკა.
ლექსო იმ ადამიანებს, რომლებიც ჯერ კიდევ ვერ ბედავენ გასართობად გასვლას, მოუწოდებს, „ჯერ მცირე ნაბიჯები გადადგან ან ცოტა ხნით მაინც გაიარონ სხვადასხვა ღონისძიებაზე და ნელ-ნელა გაიხსენონ დროის სასიამოვნოდ გატარების შეგრძნება“.
ანა კი გვეუბნება, რომ თავშეყრის ადგილებს ერთ შანსს ისევ მისცემს, მაგრამ ეცდება, მეგობრები შემოიკრიბოს და ასე ნაბიჯ-ნაბიჯ განაახლოს დავიწყებული უნარ-ჩვევები.
17 დეკემბერს საკლუბო სივრცეები ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. თუ ცეკვა და ადამიანებთან ურთიერთობა მოგინდებათ, შეგიძლიათ, სახლის კომფორტს მოსწყდეთ და სხვა ადამიანების რჩევების გამოყენებით, ხელახლა დაიწყოთ სოციალური ცხოვრება, რომელიც მეტ-ნაკლებად ყველასთვის საჭიროა.
ავტორი: გიორგი ბასხაჯაური
მთავარი ფოტო: Barclay Bram / Dazed