საფრანგეთში სკოლებში ბულინგი სისხლის სამართლის დანაშაული გახდება, რომელიც, შესაძლოა, 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთითაც დაისაჯოს. პარლამენტმა ახალ კანონს კენჭი მას შემდეგ უყარა, რაც ბოლო წლებში ბულინგის რამდენიმე ტრაგიკული შემთხვევა გასაჯაროვდა.
ახალი კანონი, რომელსაც მხარს პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მმართველი კოალიციის უმრავლესობა უჭერს, ეხება ბავშვებსა და მოზარდებს არა მხოლოდ სკოლებში, არამედ უნივერსიტეტებშიც. კანონი 3-წლიან პატიმრობას და 45 000 ევრომდე (38 300 ფუნტი) ჯარიმას ითვალისწინებს, მაგრამ თუ მსხვერპლი თავს მოიკლავს, შესაძლოა, სასჯელი 10 წლამდეც გაიზარდოს, ხოლო ჯარიმა – 150 000 ევრომდე. ცნობილია, რომ ყოველწლიურად ბულინგის მსხვერპლი 700 000 ფრანგი მოსწავლე ხდება.
ოქტომბერში, 14 წლის გოგონამ ელზასის რეგიონიდან, თავი მას შემდეგ მოიკლა, რაც თანაკლასელებს უთხრა, რომ გეი იყო და ამის გამო შეურაცხყოფა მიაყენეს. 2020 წლის დეკემბერში კიდევ ერთმა ტრანსგენდერმა თინეიჯერმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით. სავარაუდოდ, სკოლის თანამშრომლებმა სკოლაში ქვედაბოლოს ჩაცმის გამო დაამცირეს, რაც, მათი აზრით, სხვა მოსწავლეების გაღიზიანებას იწვევდა.
დროთა განმავლობაში ბულინგის ფორმები შეიცვალა. მჩაგვრელები მსხვერპლის დასამცირებლად მობილურებსა და სოციალურ ქსელებს იყენებენ. ეს ხდება არა მხოლოდ სკოლის პერიოდში, არამედ არასასკოლო დროს და სკოლის საზღვრებს გარეთაც.
ბრეტანის დეპუტატმა, ერვან ბალალანტმა, რომელმაც კანონი შეიმუშავა, განაცხადა, რომ ის საზოგადოებაში „შოკური ტალღის“ ასაგორებლადაა შექმნილი ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობის შესახებ. „ეს არ არის ბავშვების ციხეში გაგზავნა. არასრულწლოვანთათვის არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომელიც ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს.” – თქვა მან.
განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა, რომელმაც კანონს მხარი დაუჭირა, თქვა, რომ ეს „რესპუბლიკის ღირებულებების განმტკიცების გზა“ იყო.
„არასდროს დავუშვებთ, ჩვენი შვილების სიცოცხლეს საფრთხე შეექმნას“ – განაცხადა მინისტრმა.