ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია ადამიანის უფლებათა დარღვევებს შორის. ქალების მიმართ ჩადენილი ძალადობა დღესაც ხშირად რჩება დაუსჯელი დუმილის, სტიგმისა და სირცხვილის გამო.
25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია იწყება, რომელიც 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. კამპანიის მიზანია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.
ვინ არიან დები მირავალები?
ქალთა უფლებების აქტივისტები 25 ნოემბერს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის დღედ 1981 წლიდან აღნიშნავენ. ეს თარიღი დები მირავალების, სამი პოლიტიკური აქტივისტი ქალის პატივსაცემად შეირჩა. დები – პატრია, მინერვა და მარია ტერეზა, დომინიკის რესპუბლიკაში რაფაელ ტრუჰიოს დიქტატორული რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდნენ, რასაც 1960 წლის 25 ნოემბერს, სამივეს სიცოცხლე შეეწირა.
დებ მირავალებს ,,პეპლებს” (“Las Mariposas”) ეძახდნენ. ისინი დომინიკელთა რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინციიდან – სალსედოდან იყვნენ, მიღებული ჰქონდათ საუნივერსიტეტო განათლება, ჰქონდათ კარიერა, იყვნენ დაქორწინებული და ჰყავდათ შვილები. გარდაცვალებამდე დებმა 10 წელი გაატარეს ტრუჰიოს რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ორი მათგანი, მინერვა და მარია ტერეზა, რამდენჯერმე ციხეშიც კი მოხვდნენ აქტივიზმის გამო.
„თუ მომკლავენ, ხელს საფლავიდან ამოვყოფ და უფრო ძლიერი ვიქნები“ – ამ სიტყვებით პასუხობდა მინერვა მირავალი ყველას, ვინც მას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებდა. 1960 წლის 25 ნოემბერს, მისი ცხედარი იპოვეს ხევში, ჯიპში, მის ორ დასთან, პატრიასა და მარია ტერეზასთან ერთად. ნახევარ საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ, მინერვას დაპირება შესრულდა – დების სიკვდილი განიხილება, როგორც ძირითადი ფაქტორი, რამაც ტრუჰიოს რეჟიმის დაცემა გამოიწვია, დების მირავალების სახელი კი ქალთა ბრძოლის გლობალურ სიმბოლოდ იქცა.
რა არის ქალთა მიმართ ძალადობა?
1993 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ გამოცემული დეკლარაცია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის შესახებ, ქალთა მიმართ ძალადობას განსაზღვრავს, როგორც „გენდერული ძალადობის ნებისმიერ აქტს, რომელიც იწვევს ან შესაძლოა გამოიწვიოს ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ზიანი ან ტანჯვა, მათ შორისაა, მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა საჯარო თუ პირად ცხოვრებაში.”
საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, ქალთა მიმართ ძალადობა გულისხმობს საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში ქალების მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობისათვის დამახასიათებელ ყველა ქმედებას, რომელთაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, ფსიქოლოგიური ან სექსუალური ტანჯვის ან ეკონომიკური ზიანის მიყენება, მათ შორის, ასეთი ქმედებების ჩადენის მუქარა, ქალების იძულება ან მათთვის თავისუფლების თვითნებური აღკვეთა.
ფიზიკური ძალადობა – ცემა, წამება, ჯანმრთელობის დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან ტანჯვას; ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა, რაც იწვევს ოჯახის წევრის ჯანმრთელობის დაზიანებს ან სიკვდილს;
ფსიქოლოგიური ძალადობა – შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, მუქარა ან სხვა ისეთი მოქმედება, რომელიც იწვევს ადამიანის პატივის და ღირსების შელახვას;
სექსუალური ძალადობა – სექსუალური კავშირი ძალადობით, ძალადობის მუქარით ან მსხვერპლის უმწეობის გამოყენებით; სქესობრივი კავშირი ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედება ან გარყვნილი ქმედება არასრულწლოვნის მიმართ;
ეკონომიკური ძალადობა – ქმედება, რომელიც იწვევს საკვებით, საცხოვრებლით და ნორმალური განვითარების სხვა პირობებით უზრუნველყოფის, საკუთრების და შრომის უფლებების განხორციელების, აგრეთვე თანასაკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და კუთვნილი წილის განკარგვის უფლების შეზღუდვას;
იძულება – ადამინის ფიზიკური ან ფსიქოლოგიური იძულება, შეასრულოს ან არ შეასრულოს მოქმედება, რომლის განხორციელება ან რომლისგან თავის შეკავება მისი უფლებაა, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს თავისი ნება–სურვილის საწინააღმდეგო ზემოქმედება;
სტატისტიკის მიხედვით, მსოფლიოში სამიდან ერთ ქალს სიცოცხლეში ერთხელ მაინც განუცდია ძალადობის რომელიმე ფორმა. მიუხედავად იმისა, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ქალი, ნებისმიერ ადგილას, ზოგიერთი ქალი და გოგო განსაკუთრებით დაუცველია. ესენი არიან ახალგაზრდა გოგონები, ხანდაზმული ქალები, ქალები, რომლებიც იდენტიფიცირდებიან, როგორც ლესბოსელები, ბისექსუალები, ტრანსგენდერები ან ინტერსექსები, მიგრანტები და ლტოლვილები, ისინი, ვინც წარმოადგენენ ეთნიკურ უმცირესობებს და ქალები, რომლებიც ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობებით.
ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიის სლოგანი, მსოფლიოს მასშტაბით, წელს შემდეგია: „გაანარინჯისფრე მსოფლიო! დაასრულე ქალთა მიმართ ძალადობა ახლავე!“. ნარინჯისფერი ქალებისა და გოგონების ნათელი, ძალადობის გარეშე მომავლის სიმბოლოა.
16-დღიანი კამპანიის ფარგლებში საქართველოში უკვე ჩატარდა რამდენიმე ღონისძიება: ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია ,,საფარმა” გამართა კონფერენცია – “სქესობრივი დანაშაულები: გამოწვევები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში”, რომლის მიმდინარეობის დროსაც განიხილებოდა როგორც სქესობრივი დანაშაულების გამოძიებასა და დევნაში პრაქტიკაში არსებულ პრობლემები, ასევე თემები, რომელიც სქესობრივი დანაშაულების თავში საკანონმდებლო ცვლილებებს ეხებოდა.
26 ნოემბერს გაიმართა ონლაინ პლატფორმა ,,ფემინა+”-ის პრეზენტაცია, რომელიც ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ფემინამ” შექმნა. პლატფორმის მიზანია, მულტიმედიური კონტენტის მეშვეობით, ცნობიერების ამაღლება იმ პრობლემების და აქტუალური საკითხების შესახებ, რასაც ქალები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან: უფლებები და თავისუფლებები, დისკრიმინაცია, ქალთა მიმართ ძალადობა, ძალადობის სხვადასხვა ფორმები, გენდერული სტერეოტიპები, შუშის ჭერი, სახელფასო სხვაობა ეგრეთ წოდებული Pay Gap, რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობა, ეკოფემინიზმი, გენდერი, მშვიდობა და უსაფრთხოება და სხვა.
დღეს, 29 ნოემბერს კი, გაიმართება კატო მიქელაძის პრემიის რიგით მეცხრე დაჯილდოება.