თბილისი პრაიდის თანამშრომელს BAR 34-ის მფლობელმა ჰომოფობიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ,,ქვიართან” საუბარში ის მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ ბარში მყოფ გოგოს გამოექომაგა, რომელიც, სავარაუდოდ, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა ბარში მყოფი ერთ-ერთი სტუმრის მხრიდან. მას შემდეგ, რაც მან თქვა, რომ პატრულს გამოიძახებდა, ბარის მეპატრონე ფიზიკურად გაუსწორდა და ჰომოფობიური სიძულვილის შემცველი სიტყვებით ლანძღავდა.
,,აღნიშნული ბარი ყოველ კვირა მიწვევს, რომ მივიდე მათთან, Grindr-ით აკეთებენ რეკლამას და გვთავაზობენ ქვიარ-გეი მეგობრულ გარემოს. ვინაიდან მე უკვე ვმუშაობ ყველასთვის საყვარელ და უკარგეს გეი-ბარ საქსეს ბარში, გამიჩნდა სურვილი, ახალი გეი ბარი აღმომეჩინა და მხარდაჭერის მიზნით, მივედი. მინდოდა, თავი მეგრძნო როგორც სახლში, სამწუხაროდ, გვაკლია სივრცეები სადაც კომფორტულად ვიგრძნობთ ქვიარ ადამიანები თავს.
15 წუთში გარეთ გამოვედი, რადგან ხმაური იყო. გავედი თუ არა, დავინახე ჩემი ნაცნობი, რომელსაც სახეზე სისხლი ჰქონდა. გამიჩნდა სურვილი, გამერკვია, რა ხდებოდა, ბარის სტუმრები ამბობდნენ, რომ ეს მისი შეყვარებულის სისხლი იყო. ვკითხე, სად იყო ის გოგო და როგორ იყო. ამაზე პასუხი ვერ მივიღე, მერე ტონს ავუწიე და ვკითხე გოგოს ნომერი, რომ გამეგო, სჭირდბოდა თუ არა სასწრაფო დახმარება. ამაზეც არ გამცა პასუხი და ხმამაღლა ვუთხარი, რომ თუ ქალზე იძალადა, დავიჭერდი და პატრულს გამოვიძახებდი, რა დროსაც ბარის მეპატრონე ჩემკენ წამოვიდა და ხელი დამარტყა, გაოგნებული ვიყავი, ვერ ვხვდებოდი რა უნდოდა ჩემგან, ვეკითხებოდი, რატო მირტყამ, რა შუაში ვარ-მეთქი, ის კი აგრძელებდა და დამყვიროდა: ,,ლომჯარიების და თაბაგრების *****!” ვეუბნებოდი, რომ ამას ასე არ დავტოვებდი და გავერიდე იქაურობას, რაზეც ბარის პერსონალისგან მივიღე შეურაცხმყოფელი პასუხი.
გამოვიძახე საპატრულო ეკიპაჟი, როდესაც პოლიცია მოვიდა, ბარის პერსონალი ჩემ წინააღმდეგ გამოვიდა, მაგრამ არ გამოუვიდათ, პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა და პროცესები სამართლიანად წარიმართა. გადაგვიყვანეს განყოფილებაში, დავწერე განცხადება, ადმინისტრაციული ჯარიმით შემოვიფარგლე, რადგან ვფიქრობ, ეს კარგი მაგალითი იქნება მისთვის და მიხვდება, რომ ძალადობა არ შერჩება.”
ფეისბუქზე გავრცელდა BAR 34-ის შიდა ჯგუფის სქრინიც, რომელშიც წერენ, რომ თბილისი პრაიდისა და მასთან დაკავშირებული პირებისთვის, ბარის სივრცე დახურულია.