20 ნოემბერი ტრანსგენდერთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა, ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანები პატივს მიაგებენ იმ ტრანსგენდერ ადამიანებს, რომლებიც ტრანსფობიას/ჰომოფობიას ემსხვერპლნენ.
გთავაზობთ 7 ფილმს, რომელიც სხვადასხვა კუთხით წარმოაჩენს ტრანსგენდერი ადამიანების ცხოვრება, მათ ბრძოლას ლგბტ+ უფლებებისთვის და თანასწორობისთვის.
Ma Vie en Rose (ჩემი ცხოვრება ვარდისფერში) 1997
Ma Vie en Rose (ჩემი ცხოვრება ვარდისფერში) ბელგიელი რეჟისორის, ალენ ბერლინერის ფილმია. ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი გვიამბობს ერთი ოჯახის ისტორიას. ჰანა და პიერი დიდი ხნის ოცნებას იხდენენ და ახალ სახლში გადადიან პატარა ლუდოვიკოსთან ერთად, რომელიც არ ემორჩილება გენდერულ ნორმებს და ყველას ეცნობა, როგორც გოგონა.
90-იანი წლების საკულტო ფილმში ძალიან კარგად არის ნაჩვენები, როგორ შეიძლება დააზიანოს გენდერულმა ჩარჩოებმა და განსაზღვრებებმა მცირეწლოვანი ადამიანი. ლუდოვიკოს წინააღმდეგ მთელი დასახლება განეწყობა. თუმცა, ამასთან ერთად, ფილმი ბავშვური გულუბრყვილობით აღწერს ლუდოვიკოს ცხოვრებას ვარდისფერ ფერებში.
Tangerine (მანდარინი) 2015
,,მანდარინი” 2015 წლის ფილმია, რომელშიც თანაბარი ადგილი ეთმობა კომედიისა და დრამის ჟანრებს. ფილმი ტრანსგენდერი სექსმუშაკი ქალის, სინ-დი რელას ისტორიას გვიამბობს, რომელიც 28-დღიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გამოვა და თავისი მეგობარი ტრანსგენდერი ქალისგან, ალექსანდრასგან გაიგებს, რომ მისი ბოიფრენდი ღალატობს. გოგონები შურისძიებას გადაწყვეტენ და უცნაურ თავგადასავლებშიც გაებმებიან.
ფილმი იმითაც არის გამორჩეული, რომ მასში არაპროფესიონალი მსახიობები მონაწილეობენ და მთელი ფილმი 3 iPhone 5S-ით არის გადაღებული, ხოლო შემდგომი მონტაჟი და ფერების კორექცია კი მთლიანად მობილური აპლიკაციების საშუალებით გაკეთდა. ფილმმა არაერთი პრესტიჟული ჯილდო აიღო.
Todo sobre mi madre (ყველაფერი დედაჩემის შესახებ) 1999
„ყველაფერი დედაჩემის შესახებ“ პედრო ალმოდოვარის ფილმია, რომელმაც დიდი წარმატება მოუტანა ესპანელ რეჟისორს. ნათელი ფერებით და უცნაური დეკორაციებით სავსე ფილმი გვიამბობს მანუელას ისტორიას, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ გადაწყვეტს, მადრიდიდან ბარსელონაში გაემგზავროს და შეხვდეს მანუელის მამას, ტრანსგენდერ ქალს, რომელმაც ჯერ არ იცის, რომ მას შვილი ჰყავდა.
პედრო ალმოდოვარის ოსკარის მფლობელი ფილმი ერთდროულად დრამატულიც არის და საოცრად სასაცილოც, ფილმში მრავლად შეხვდებით ტრანსგენდერებს, გეებს, ლესბოსელებს, სექსმუშაკებს. რეჟისორი თავისთვის დამახასიათებელი ხელწერით ეხმიანება 80-იანი წლების შიდსის აფეთქებას, ქვიარ სიყვარულისა და ადამიანად დაბადების პრობლემებს.
Growing Up Coy (კოის აღზრდა) 2016
,,კოის აღზრდა“ დოკუმენტური ფილმია, რომელიც 2013 წლის მომხდარ გახმაურებულ ფაქტს ეხმიანება. ჯერემი და კეტრინი 5 შვილის მშობლები არიან, ერთ-ერთი შვილი, 7 წლის კოი, მეტისი ტრანსგენდერი გოგონაა, ბავშვმა ქამინგაუთი საბავშვო ბაღში გააკეთა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თუმცა მოვლენები დრამატულად სკოლაში წასვლის შემდეგ განვითარდა. გოგონას სკოლის პირველი დღეს პრობლემები ექმნება და დირექტორს მშობლების გაფრთხილება უწევს, რომ ბავშვმა მხოლოდ ბიჭების ტუალეტით უნდა ისარგებლოს.
დირექტორის განცხადებას ძალიან დიდი ცვლილებები მოჰყვა, ბავშვის მშობლებმა სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის დახმარებით დაიწყეს ბრძოლა უსამართლო სასკოლო წესდების წინააღმდეგ და საბოლოოდ მიაღწიეს იმას, რომ დღეს ყველა ბავშვი კალიფორნიაში თვითონ ირჩევს, რომელი ტუალეტით ისარგებლებს და სპორტის რომელ ჯგუფში ითამაშებს.
In a Year of 13 Moons (13 მთვარის წელიწადს) 1978
,,13 მთვარის წელიწადი” ლეგენდარული გერმანელი რეჟისორის, რაინერ ვერნერ ფასბინდერის ერთ-ერთი უკანასკნელი ფილმია, რომელიც რეჟისორმა თავის შეყვარებულს, არვინ მეიერის ხსოვნას მიუძღვნა. ფილმში მოთხრობილია ტრანსგენდერი ქალის, ელვირას ისტორია, რომელიც საყვარელი მამაკაცის გამო სქესის შეცვლას გადაწყვეტს.
მრავალი კინოკრიტიკოსის აზრით, ფასბინდერის 1978 წლის ფილმი რეჟისორის შემოქმედების მწვერვალს წარმოადგენს. პოეტური კადრებით, დრამატული სიუჟეტით და ვოლკერ შპინგლერის უზადო შესრულებით, ფილმი შესანიშნავად წარმოაჩენს ტრანსგენდერი ადამიანის ცხოვრებასა და სირთულეებს.
The Adventures of Priscilla Queen of the Desert (უდაბნოს დედოფალი პრისცილას თავგადასავალი) 1994
„უდაბნოს დედოფალი პრისცილას თავგადასავალი“ კიდევ ერთი ფილმია, რომელიც გვიამბობს სამი მეგობრის მოგზაურობის ისტორიას. ტრანსგენდერი, ქროსდრესერი და დრაგ ქვინი მეგობრები, დრაგ ქვინების საღამოზე დასასწრებად უდაბნოში მანქანით გამგზავრებას გადაწყვეტენ.
კლასიკად აღიარებული ფილმი შესანიშნავად ახერხებს მარგინალიზებული ჯგუფების წარმოჩენას კომედიის დახმარებით, ფილმში ყველა პერსონაჟი სტერეოტიპებისგან არის დაცლილი, თუმცა, ამასთან ერთად, არ კარგავენ სიკაშკაშეს და მაყურებელში დადებით ემოციებს იწვევენ.
Wild Side (ველური მხარე) 2004
,,ველური მხარე” თანამედროვე ფრანგი რეჟისორის, სებასტიან ლიფშიტზის ფილმია, სადაც მოთხრობილია სექსსამუშაოში ჩართული სტეფანის ისტორია. სტეფანი პარიზიდან მშობლიურ ქალაქში დაბრუნდება, რათა ავადმყოფ დედას მოუაროს. ერთი შეხედვით სევდიანი ისტორია მას შემდეგ იცვლება, რაც სტეფანის მისი ფლეთმეითების, ალჟირელი ჯამალისა და რუსი მიხაილის მიმართ გრძნობები უჩნდება.
ფილმში ძალიან ოსტატურად და მარტივად ენაცვლება სიყვარულისა და სიკვდილის თემები, სტეფანი, ერთის მხრივ, ცდილობს, გაუმკლავდეს ავადმყოფ დედას, რომელთანაც ბევრი უთქმელი საკითხი დარჩა და მეორეს მხრივ, ცდილობს, თავი გაართვას ორ მამაკაცთან წამოწყებულ ახალ ურთიერთობას. ფილმის სათაური ლუ რიდის ცნობილი სიმღერიდან არის ნასესხები.