გიგა ბერიაშვილი, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, მშვიდობის კათედრალი
(წინამდებარე ესსე მიმოხილვაა დევიდ გაშის წიგნის – “სხვაგვარად ვფიქრობთ”, ქართული თარგმანისა. მთარგმნელი: გიგა ბერიაშვილი. გამომცემლობა: ახალი ეონის ბიბლიოთეკა)
ქრისტიანულმა ეკლესიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა თავისი უღმერთო მხარე და სიძულვილის ქადაგებას შეუდგა ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ, როგორც ასე ერთხელ უკვე მოექცა ებრაელებს თუ მონად გაყიდულ აფრიკელ ხალხს. ამ უღმერთო მხარესაც საფუძვლად ახალი აღთქმისა და ებრაული საღმრთო წერილის ზოგიერთი მუხლი დაუდეს, რომელიც შესაძლოა, სულაც სხვა რამეზე აკეთებდეს აქცენტს, თუმცა საუკუნეების განმავლობაში ამ თეზისებს იმდენად დიდი გავლენა და მნიშვნელობა შესძინეს, რომ ეკლესიის მიერ იდეოლოგიურად დამუშავებულმა მრევლმა, ლგბტქ ადამიანები არა მხოლოდ ეკლესიაში, არამედ საჯარო სივრცეშიც თავიანთ თავად ყოფნის გამო შეიზიზღეს და მათ დემონიზირებას ეწევიან. ეკლესიამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ლგბტქ ადამიანების არა მხოლოდ სექსუალური სწრაფვებისა და რომანტიული ურთიერთობების უარყოფის მხრივ, არამედ მათი პიროვნების განდევნასა და მოძულებაშიც. ეკლესია, რომლის უმთავრესი მიზანი ადამიანებს შორის სიყვარულის გავრცელება უნდა იყოს, ანტიქრისტედ გადაიქცა და იმ სიძულვილის თესვა დაიწყო, რომლის გამოც არაერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დღემდე საფრთხის ქვეშ დგას.
ეკლესიას დიდი როლი მიუძღვის იმ დანაშაულში, რასაც ოჯახების მიერ შვილების სახლიდან გამოყრა და ქუჩაში ცხოვრებისთვის გაწირვა ჰქვია. სამწუხაროდ, რიცხვი იმ ადამიანებისა, რომლებიც თავიანთი სექსუალური იდენტობის გამო ოჯახებმა უარყვეს, ძალიან დიდია. ქეითლინ რაიანი, რომელიც ხელმძღვანელობს პროექტს, რომელიც ორიენტირებულია ოჯახებმა თავიანთი შვილები მიიღონ და მათი იდენტობა აღიარონ (Family Acceptance Project), აქვეყნებს კვლევას, რომლის მიხედვით, მხოლოდ ამერიკაში, ლგბტქ ადამიანად თვითიდენტიფიცირების გამო ხშირია ოჯახის წევრების მხრიდან მოზარდის ცემა, სხვადასხვა სახის ფიზიკური დამცირება, სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაცინვა, აგდებული მიმართვა, დამამცირებელი სახელების ძახილი, კაცურობის ან ქალურობის დაძალება, ღვთისგან მოვლენილი სასჯელით დამუქრება, ლოცვის იძულება, ლგბტქ იდენტობის შეცვლისთვის ეკლესიაში იძულებითი მსახურება, ოჯახის, მეზობლებისა და მეგობრების წინაშე შერცხვენა ან მათი იდენტობის ტაბუირება და ამაზე საუბრის აკრძალვა. ამავე კვლევებმა აჩვენეს, რომ ოჯახისგან განდევნილმა ლგბტქ თინეიჯერებმა, რომლებსაც საცხოვრებელი არ აქვთ და ძირითადად ქუჩაში ცხოვრობენ, რვაზე მეტჯერ სცადეს თვითმკვლელობა, ექვსჯერ ან მეტჯერ ებრძოდნენ დეპრესიას, სამჯერ ან მეტჯერ გამოიყენეს არალეგალური მძიმე ნარკოტიკები, ხუთჯერ ან მეტჯერ ყოფილან სექსუალური თავდასხმის მსხვერპლი, ერთხელ ან მეტჯერ გაუუპატიურებიათ… ოჯახებისგან მოძულებული ლგბტქ ადამიანების დიდი ნაწილი თავს პროსტიტუციით ირჩენს, არ აქვს მუდმივი საცხოვრებელი, ვერ იღებს საშუალო განათლებასაც კი, ხშირად იყენებს ნარკოტიკულ საშუალებებს ან ალკოჰოლს და საბოლოოდ, ცხოვრებას თვითმკვლელობით ასრულებს. ეს მხოლოდ ერთი პატარა ჩამონათვალია, რომელზეც აღნიშნული კვლევა საუბრობს და რომელზე უფრო ვრცლად დევიდ გაში საუბრობს წიგნში “სხვაგვარად ვფიქრობთ”. ამ ჩამონათვალს დასასრული თითქმის არ აქვს.
ცხადად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სიძულვილი ნაწარმოებია იმ ინსტიტუციის მიერ, რომელიც საზოგადოებრივი მორალისა და ქცევის წესების დადგენაში უდიდეს როლს თამაშობს; ინსტიტუციის მიერ, რომელსაც განუზომლად დიდი გავლენა აქვს თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაზე. დიახ, თავისი უღმერთო რიტორიკის გამო ლგბტქ ადამინების ტანჯვაზე პასუხისმგებლობა უპირველესად ეკლესიას ეკისრება. ეკლესიამ ამ სიძულვილს წმინდა წერილის მუხლები დაუდო საფუძვლად, მაგრამ როგორ მოიქცევი, როდესაც აღმოაჩენ, რომ შენთვის კარგად ცნობილი ბიბლიური იგავები სრულებით დაცლილია ანტი-გეი შინაარსისგან? რა ხდება მაშინ, როდესაც წლების განმავლობაში განმტკიცებული ჰომოფობიური პოზიციები უცაბედად ჩამოიშლებიან? ამ ძალიან რთულ და მძიმე პროცესებზე ლამის აღსარებად დაწერილ წიგნში – “სხვაგვარად ვფიქრობთ”, ამერიკელი თეოლოგი, მერსერის უნივერსიტეტის პროფესორი, ოცამდე თეოლოგიური შრომის ავტორი და არაერთი აკადემიური ჯილდოს მფლობელი, დევიდ გაში გვიყვება.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნი დაწერილია ამერიკელი საზოგადოებისთვის, ის, რაზეც დევიდი საუბრობს, ქართველი ხალხისთვისაც ძალიან ნაცნობი და ახლობელია. პრობლემა, რომელსაც დევიდი ახმოვანებს, საერთოდ არ არის უცხო ჩვენთვის და სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი პირველი მიზეზი ამ წიგნის თარგმნისა. თეოლოგიური ნაშრომების მკითხველები განებივრებულები არა ვართ ამის მსგავსი შინაარსის მქონე ლიტერატურითა და თარგმანებით, რადგან დაგვაჯერეს, რომ სახარება და ებრაული საღმრთო წერილი ცალსახად ჰომოფობიურია, შესაბამისად დიდად არც არავინ ცდილობს აკადემიურ მსჯელობას აღნიშნულ თემებთან მიმართებაში, რაც ინფორმაციულ სიმწირეს იწვევს და აღვივებს განწყობას, რომ ვერ გადავწონით კონსერვატორების არგუმენტებს, თუმცა დევიდ გაშის “სხვაგვარად ვფიქრობთ”, აი, ამ კარგად ცნობილი იგავების, თეზისებისა და მოწოდებების აბსოლუტურად სხვა მხარეს გვაჩვენებს, რომლითაც გვეუბნება, რომ სინამდვილეში ყველაფერი ისე არ არის, როგორც ეკლესიის კონსერვატორმა მამებმა დახატეს, რომ ამ თემაზე ლგბტქ ადამიანების სასარგებლოდ იმდენი არგუმენტი მოიძებნება, რამდენიც კონსერვატორ მხარეს არ აქვს. ამ ესსეს მიზანიც სწორედ ესაა: მოკლედ მიმოვიხილო წიგნი და რამდენადაც შევძლებ, ჯეროვნად მოგახსენოთ ზოგიერთი არგუმენტის შესახებ, თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ აქ მოყვანილი ინფორმაცია ვერანაირად ვერ ამოწურავს წიგნს და უფრო გაშლილი მსჯელობისთვის, აუცილებლად უნდა მიმართოთ უშუალოდ ნაშრომს.
დევიდ გაში ჩვეულებრივ, ტრადიციულ ბაპტისტურ ოჯახში გაიზარდა. სანამ ატლანტაში გადავიდოდა საცხოვრებლად და დეკატურის ეკლესიაში დაიწყებდა სიარულს, მისი შეხება ლგბტქ ადამიანებთან თითქმის ნულოვანი იყო. დევიდის დამოკიდებულება რადიკალურად უარყოფითი არ ყოფილა და მათ ფიზიკურ განადგურებას ან საზოგადოებიდან განდევნასა და მოძულებას არ უჭერდა მხარს, თუმცა რელიგიურ პრიზმაში გატარება მაინც მოახერხა და მათ ცოდვის მატარებლებად, ღვთისგან მოწყვეტილ ადამიანებად თვლიდა. შესაბამისად, მომდევნო წლებში მისი ქადაგებებიც სწორედ ამით იყო გაჯერებული: ლგბტქ ადამიანები არიან ცოდვილები, რომლებმაც უნდა მოინანიონ თუკი ქრისტეს ეკლესიის წიაღში დაბრუნება სურთ.
ამ პოზიციიდან მისი ლგბტქ ადამიანების აქტიურად მხარდამჭერ სასულიერო პირად ტრანსფორმაცია, ძალიან საინტერესო პროცესია. მისი ისტორია არის ამბავი, რომელიც მაგალითსა და იმედს იძლევა, რომ პიროვნების და შემდგომში საზოგადოების, გარდასახვა შესაძლებელია, რომ ცვალება ნამდვილად ხდება და ამ ცვალების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი ლგბტქ ადამიანების მხრიდან მასობრივი გამხელაა თავიანთი სექსუალური იდენტობის შესახებ. ყველაზე დიდი როლი, რამაც დევიდის გონების გადასხვაფერებას შეუწყო ხელი, მისი დის, ქეითის, ისტორიაა. ქეითი წლების განმავლობაში დეპრესიით იტანჯებოდა. სიტუაცია იმდენად მძიმე იყო, რომ თვითმკვლელობის მცდელობების გამო სტაციონარულ-მედიკამენტოზურ მკურნალობას გადიოდა და სპეციალურ ყურადღებას საჭიროებდა. ხოლო როდესაც სიტუაცია გაუსაძლისი გახდა და მკურნალობასაც აღარ გამოჰქონდა შედეგი, ქეითიმ თავისი ცხოვრების ყველაზე დიდი საიდუმლო გაამხილა, საიდუმლო, რომელსაც გულით დაათრევდა და რომელიც ამდენი წლის განმავლობაში სტანჯავდა: ქეითიმ გაამხილა, რომ ლესბოსელია. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი გამოჯანმრთელების პროცესი.
გასაკვირი სულაც არ არის, რომ კონსერვატორების პროპაგანდირებული მოსაზრებები და მიდგომები სასოწარკვეთილებას იწვევს ლგბტქ ადამიანებში. როდესაც კონსერვატორები თავიანთი ძალაუფლებისა და გავლენის განმტკიცებისთვის ლგბტქ ადამიანების წინააღმდეგ გამოდიან, ისინი შეგნებულად ან შეუგნებლად ადამიანების ტანჯვის გახანგრძლივებას, სიცოცხლეშივე მათ სულიერ დაცემასა და ხშირ შემთხვევაში, ფიზიკურ სიკვდილამდე მიყვანას უწყობენ ხელს და აქეზებენ. როცა ქეითიმ თავისი სექსუალობის შესახებ აღიარა, დევიდისთვის ეს სრული შოკი იყო. მიხვდა, როგორი მტკივნეული იქნებოდა თავისი ქადაგებები მისთვის. ახსენდებოდა თითოეული სიტყვა, რომელსაც ამბიონიდან ამაყად, ხმამაღლა გაიძახოდა, თანაც ღმერთის სახელით, თავის სიტყვებს ღვთის ნების საბურველში ახვევდა და უამრავ ადამიანს ტკივილისთვის სწირავდა, უპირველესად კი საკუთარ დას. იმ სიმწარის განცდა, რასაც ლგბტქ ადამიანები კონსერვატორი ფრთის მხრიდან გაჟღერებული სიძულვილით სავსე რიტორიკის შედეგად ყოველდღიურად განიცდიან, კონსერვატორებს მხოლოდ მაშინ შეუძლიათ აღიქვან, როდესაც ეს ყველაფერი მათი ოჯახის წევრს მიემართება და მაშინღა ხვდებიან, რომ თურმე მგლები არიან ცხვრის ტყავში. დევიდი მიხვდა, რომ ეს იყო მომენტი, როდესაც იმის თქმა აღარ შეეძლო, რასაც აქამდე ამბობდა. ასე დაიწყო მისი ძალიან რთული და მძიმე ტრანსფორმაცია. ამ ტრანსფორმაციის პერიოდში, როდესაც ხმამაღლა ამბობდა, რომ უკვე სხვაგვარად ფიქრობს, რომ მისი შეხედულებები გარდაისახა, რადგან უფალი მას ლესბოსელი დის სახით მოევლინა და სამყაროს ახალი მხარეები აჩვენა, დევიდმა მეგობრების უმეტესობა დაკარგა, მიატოვეს მოსწავლეებმა და საჯაროდ დაუპირისპირდნენ, გარიცხეს ევანგელური საზოგადოებიდან, ჩამოართვეს აკადემიური ჯილდოები, უარი უთხრეს წიგნების გამოცემაზე, განდევნეს ეკლესიიდან და სცადეს სრულ იზოლაციაში მოექციათ. დევიდმა საკუთარ თავზე განიცადა ის ყველაფერი, რასაც ლგბტქ ადამიანები განიცდიან.
იგი იხსენებს, რომ მისი დის ამბავი არ იყო ერთადერთი მოვლენა, რომელმაც შეძრა. მის ცხოვრებაში რამდენიმე ისეთ ტრანსფორმაციულ შეხვედრას ჰქონდა ადგილი, მისი ხედვები ფესვებშივე რომ შეარყია. ერთ-ერთი მოხსენების დროს, რომელიც სრულებით არ იყო კავშირში ლგბტქ თემასთან, დარბაზში უცხო ადამიანი შემოვიდა და მაშინვე მიიპყრო ყურადღება. მიშელ გოლდი, რომელიც ებრაელია და გეი, დევიდ გაშს ღიად, ხმამაღლა მიმართავდა. მიშელმა ყოველგვარი ცერემონიების გარეშე თავისი და კონსერვატორ წრეებში აღზრდილი სხვა ჰომოსექსუალების ამბის თხრობა დაიწყო. ამბობდა, რომ 21-ე დაბადების დღეზე, როდესაც ცხადად გაიაზრა, რომ გეია, დევიდის მიერ წახალისებულ სიძულვილს ვერ გაუძლო და დღისით, მზისით, არაერთი თანატოლის წინაშე, თავის მოკვლა სცადა. დევიდი წერს: “შემდეგ, მიშელი ფეხზე წამოდგა, სახელით მომმართა და ჩემი ერთ-ერთი წიგნიდან ციტატები ამოიკითხა, სადაც ლგბტქ ადამიანების დევნასა და ჩაგვრას ვახალისებ. ბოლოს, ჰოლოკოსტზე დაწერილი ჩემი სადისერტაციო ნაშრომი გაიხსენა, სადაც ადამიანების სიყვარულის რღვევაზე ვწერ და ორი ურთიერთსაწინააღმდეგო დამოკიდებულებისა და ჩემს გონებაში მიმდინარე სერიოზული ჯახის შედეგად, მთელი ჩემი სიტყვები, ყველა ჩემი ფიქრი, როგორც ისრები, ისე მესობოდა გულში. საშინელება იყო, მაგრამ ნაწილი ჩემი ცვალებისა.” (დევიდ გაში, სხვაგვარად ვფიქრობთ, თავი 19, გვ. 129)
ეს და მრავალი სხვა შემთხვევა, რომელზეც უფრო დაწვრილებით წიგნში წაიკითხავთ, გახდა მიზეზი, რომ ძიება უფრო სერიოზულ საფეხურზე ასულიყო და დევიდმა წმინდა წერილის კვლევა ამ კუთხით დაიწყო.
უმეტესად, როდესაც ლგბტქ ადამიანების კავშირებზე საუბრობენ, მას ცოდვად განიხილავენ და ამის მიზეზად ყველასთვის ცნობილი სოდომისა და გომორას ამბავი მოჰყავთ, მაგრამ რეალურად რა ხდება ამ იგავში?
ებრაულ საღმრთო წერილში, დაბადების მე-19 და მსაჯულთა მე-19 თავებში მოთხრობილი ამბები, შინაარსობრივად ერთმანეთის იდენტურია. ორივე ისტორიაში მოთხრობილია კაცების ჯგუფებზე, რომლებიც პატივისცემით მიღებული სტუმრების გაუპატიურებას ლამობენ და რომლებსაც კაცების ნაცვლად გასაუპატიურებლად ქალებს სთავაზობენ: დაბადების წიგნში მასპინძლის ასულებს, რომლებზეც ისინი უარს ამბობს, ხოლო მსაჯულთა წიგნში, – დაუცველ ხარჭას, რომელსაც კაცები დიდი სიამოვნებით მიიღებენ, სექსუალურად ძალადობენ და თითქმის სიკვდილამდე მიჰყავთ. მოგვიანებით, მასზე აღარავინ დარდობს, აღარც კი ახსენდებათ. ადამიანის ღირსების შელახვის მსგავსი ისტორია წმინდა წერილში სხვაგან არ გვხვდება. მკვლევარები თანხმდებიან, რომ ამ ორი წიგნის ეს ორი პასაჟი საშინელ ადამიანურ სიმხეცეებს აღწერს და უმძიმეს ნაშრომებადაა მიჩნეული.
სოდომისა და გომორას ამბავი ყველას სმენია, მაგრამ დეტალებში თუ ვინმეს გაურჩევია, პირველი კითხვა, რაც მას უთუოდ გაუჩნდება არის: “რა შუაშია აქ ჰომოსექსუალობა?”
“ყველაზე საინტერესო, რაც ამ ამბავში ხდება, ქალაქების აოხრებისგან დასახსნელად გამართული მოლაპარაკებებია აბრაამსა და ღმერთს შორის. აბრაამი განსაკუთრებული ხვედრის მტვირთველია, როდესაც ღმერთთან შეთანხმებისთვის მიდის; იმ ღმერთთან, რომელიც ერთთავად სამართლიანობასა და ხსნას განასახიერებს.
აბრაამი ეკითხება, თუკი ქალაქში 50, 40, 30, 20 ან 10 მართალი მაინც აღმოჩნდება, დაიხსნის თუ არა სოდომს სასჯელისგან (18:22-33) და ღმერთი ცალსახად პასუხობს: „ჰო!“. უფალი თანახმაა, რომ შეიწყალოს მრავალი მცირეთა სიმართლის გამო.
მაგრამ როდესაც სოდომს მივა ორი ანგელოზი, 10 მართალსაც ვერსად ჰპოვებენ. ლოტი, აბრაამის ძმისწული, რომელიც სოდომში ცხოვრობს, ამ ორ „კაცს“ სახლში შეიპატიჟებს. შუაღამისას, ლოტის სახლთან შეიყრებიან ქალაქის მაცხოვრებელი კაცები, ანთებულნი სურვილით, „შეიცნონ“ მისი სტუმრები. გამოვა ლოტი კარის ზღურბლზე და უარს ეტყვის მათ, შემდეგ ბრბოს ყიჟინის დასამშვიდებლად თავის ქალწულ ასულებს შესთავაზებს მათ, მაგრამ კაცები უარზე არიან და ეტყვიან: „მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? ახლა მათზე უარეს საქმეს დაგმართებთ.“ (დაბადება 19:9) როდესაც კაცები შეტევაზე გადადიან, საქმეში ანგელოზები ერევიან. მომდევნო დღეს, როდესაც ანგელოზები ლოტსა და მის ოჯახს სამშვიდობოზე გაიყვანენ, სოდომი და გომორა სრულად აღიგვება.” (დევიდ გაში, სხვაგვარად ვფიქრობთ, თავი 11. გვ. 77)
სოდომისა და გომორას ცოდვილობის შესახებ ცნობები, ჯერ კიდევ მე-19 თავამდე გვხვდება, მაგრამ დაზუსტებით არაფერი ვიცით თუ რაში მდგომარეობს მათი ცოდვიანობა. როდესაც კაცები ლოტსა და მის სტუმრებს ესხმიან თავს, აქ უკვე ვიგებთ ამის შესახებ. დევიდი ამბობს, რომ ეს არის ამბავი, სადაც ძალმომრეობაზეა საუბარი, ადამიანებისთვის ტკივილისა და ტანჯვის მიყენების ვნებაზე, რადგან ამ პატარა ისტორიაში აღწერილია გაუპატიურების მძვინვარე სურვილი, დაუოკებელი სექსუალური ჟინი. მსაჯულთა 20:5 დაახლოებით ასეთივე ამბავს აღწერს და ბევრად უფრო ნათლად გვიჩვენებს, რომ ის დანაშაული, რომლის ჩადენაც კაცებს სურდათ, სექსუალური და ფიზიკური ხასიათის ძალადობაა.
აუცილებელია ითქვას, რომ წმინდა წერილში, სადაც კი სოდომისა და გომორას ამბავია ნახსენები, იგი ყოველთვის ადამიანური ბოროტების, ღვთით მოვლენილი სასჯელისა და ზეციერი მრისხანების ნიშნადაა გამოყენებული. მიუხედავად იმისა, რომ ებრაულ საღმრთო წერილში სოდომი და გომორა ბევრგანაა ნახსენები, საერთოდ არსად გვხვდება ერთნაირსქესიანი ურთიერთობების ან ლტოლვების აღსაწერად, შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ: მეორე რჯული 29:23, 32:33; ესაია 1:9, 3:9, 13:19; იერემია 23:14, 49:18, 50:40; ეზეკიელი 16:46-50; ამოსი 4:11; მათე 10:15; ლუკა 10:10-12; რომაელთა 9:29; მეორე პეტრესი 2:6-10; იუდეველთა 6-7. ერთადერთი შედარება სოდომისა სექსუალურ ურთიერთობებთან მეორე პეტრესი 2:6-7 და იუდა 6-8 მუხლებია, სადაც საუბარია სხვისი სხეულის მიმართ უწმინდური ლტოლვის შესახებ, რაც მრუშობის ცოდვაზე აკეთებს აქცენტს.
დევიდი წერს: “სოდომისა და გომორას ისტორიაში აღწერილი ამბავი, თავისი ძალადობრივი მიზნებითა და გარემოთი, ერთთავად ციხეში მომხდარ ჯგუფურ გაუპატიურებას მოგვაგონებს. სოდომელი კაცებიც ამ სურვილით არიან ანთებულნი. ისინი კაცის მიმართ ლტოლვით უფრო მეტად არიან სავსენი, ვიდრე ლოტის ქალიშვილებით, რადგან პატრიარქალურ საზოგადოებაში კაცს ბევრად მეტი ღირებულება გააჩნდა და ამიტომ მათი დამცირება ქალის დამცირებაზე უფრო „ფასეული“ იყო. ვფიქრობ, ამ კაცებს სურდათ სტუმარ კაცებზე დომინირება, მათი დამცირება, ტკივილის მიყენება და სწორედ ამიტომაც ითხოვენ მათ და არა დაუცველ ქალებს. როდესაც სექსისტურ საზოგადოებაში კაცს ამცირებ, ამით მის კაცობას ამდაბლებ და ქალთან ათანაბრებ. სოდომის ისტორია კაცების პირის შეკვრაა გააუპატიურონ სტუმრად მოსული კაცები, რადგან ისინი უცხოები არიან, დაუცველები არიან, დამცირებისა და შეურაცხყოფის ადვილი სამიზნეები. ეს არის ამბავი ქალაქზე, რომელიც ციხის კანონებსა და სისასტიკეს გვახსენებს.
დაბადება 19-ისა და მსაჯულთა 19-ის ძირითადი საზრისი ომისა და ციხის კანონებზე, სქესთა შორის ჯახსა და დანაშაულზე გადის. არც ერთ მათგანს არ აქვს კავშირი ჰომოსექსუალობასთან, ერთნაირსქესიან ურთიერთობებთან ისევე, როგორც არანაირი კავშირი არ აქვთ ჰეტეროსექსუალობასთან, საწინააღმდეგო სქესების მქონე ადამიანთა სექსუალურ და რომანტიულ ურთიერთობებთან.” (დევიდ გაში, სხვაგვარად ვფიქრობთ, თავი 11. გვ. 77)
ეკლესიის დამოკიდებულება ცოდვის, როგორც ასეთის მიმართ, ძალიან კარგადაა ასახული მომაკვდინებელ ცოდვებში. ცოდვის ბუნების გასარკვევად ავიღოთ შური. როგორც ყველაფერს, შურსაც ორი მხარე გააჩნია. გშურდეს, ნიშნავს მოგწონდეს სხვისი კარგი და იგივე გინდოდეს შენთვის. შურის კეთილი გამოვლინებაა, როდესაც მოგწონს ვინმეს მიღწევა რაიმე საქმეში და მის შემხედვარეს შენც გიჩნდება მოტივაცია, იგივეს მიაღწიო. შურის მეორე მხარეა, როდესაც მოგწონს ვინმეს მიღწევა რაიმე საქმეში და მისი შემხედვარე ბრაზდები, გული რისხვით გევსება, მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება გიჩნდება და განცდა: “ის ვინაა, რომ მაჯობა და ამას მიაღწია!” ერთიანად მძიმე სულიერ მდგომარეობაში გაგდებს. ეს არის შურის უარყოფითი გამოვლინება. ეკლესია მიუთითებს ამ ორს შორის ჯანსაღი პოზიციის დაჭერაზე და ცოდვად მიიჩნევს ისეთ საქმეებს, რასაც შეუძლია ადამიანში ქაოსის შეტანა და მის ბუნებაში დეკადენსის წამოწყება. ეს დამოკიდებულება ეკლესიისა, ერთადერთ რამეს ისახავს მიზნად: გადაარჩინოს ადამიანი ცოდვაში ჩავარდნას. ცოდვის ბუნება ადამიანის მოწყვეტაა ღვთიურისაგან და მისი გადასროლაა უკონტროლო ცხოველურ ბუნებაში. სწორედ ეს იგულისხმება, როდესაც ეკლესიას საუბარი აქვს მრუშობაზე. სწორედ ეს ხდება სოდომისა და გომორას ამბავში. აღტყინებული ბრბო თავიანთ ველურ ბუნებაში არიან გამოკეტილები და სტუმრად მოსული ადამიანის გაუპატიურება სწადიათ, რათა მათზე ძალადობით დომინირების განცდა დაიკმაყოფილონ. დომინირების სურვილი მოძალადე ბუნებისგანაა წარმოებული და მასში ღვთიურის პოვნა წარმოუდგენელია, ვინაიდან დომინირება გაუკუღმართებული შეგნებიდან მოდის და ბუნებაში არსებულ დისბალანსზე მეტყველებს.
ეკლესიის დამოკიდებულება მრუშობისა და სიძვის მიმართ ცალსახად უარყოფითია და მას ცოდვად განიხილავს, თუმცა ეს სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ ეკლესია სექსუალური ურთიერთობების წინააღმდეგია. პირიქით, იგი აღიარებს, რომ სექსუალური ცხოვრება ადამიანური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი მოშთობა არის მიზეზი სექსუალური გაუკუღმართებებისა, ძალადობისა, სიძვისა. მრუშობა და სიძვა არის სწორედ ეს, როდესაც ადამიანს არ შეუძლია აკონტროლოს თავისი სექსუალური ლტოლვები, როდესაც ამ მხეცური სურვილების განხორციელების მომენტში არა სრულყოფას და სავსებას განიცდის ან მიელტვის, როგორც ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანებს ურთიერთობა აქვთ სიყვარულით, არამედ სრულიად იცლება და ცარიელდება. მრუშობას შეუძლია ადამიანს არა მხოლოდ ღვთიური ბუნება წაჰგვაროს, არამედ ადამიანურიც წაართვას, მისგან დაცალოს და სოდომელად აქციოს.
როდესაც ეკლესია ამბობს, რომ ადამიანი უნდა განეშოროს თავის მეძავ ბუნებას და მისგან განთავისუფლდეს, ეს ეხებათ არა მხოლოდ ჰეტეროსექსუალ, არამედ ლგბტქ ადამიანებსაც. ღვთის კანონები ყველა ადამიანზე ვრცელდება, ამიტომ აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ვერც ერთი ეკლესია ვერ აკურთხებს ისეთ ურთიერთობას, რომელიც სიყვარულზე არ იქნება დაფუძნებული და რომელიც ცალსახად ფიზიკური ლტოლვების შედეგია, ვის შორისაც არ უნდა იდგას ეს კავშირი, გინდა ჰეტეროსექსუალ, გინდა – ლგბტქ ადამიანთა შორის. ასევე, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სიყვარული, რომელიც ადამიანებს შორის იბადება, ყოველთვის კურთხეულია ზეციერი ეკლესიის მიერ, რადგან სიყვარული არის ის, რაზეც მიწიერი ეკლესიაა დაშენებული, შესაბამისად, თუკი იგი აკურთხებს ჰეტეროსექსუალთა ურთიერთობას, უნდა აკურთხებდეს ლგბტქ ადამიანების ურთიერთობებსაც. თუ ეკლესია არ აკურთხებს ლგბტქ ადამიანთა ურთიერთობებს, მაშინ ის არ უნდა აკურთხებდეს არც ჰეტეროსექსუალ ადამიანთა ურთიერთობებს, რადგან რომელიმე ერთისთვის უარის თქმით, იგი სიყვარულის კურთხევაზე ამბობს უარს, ხოლო ვის შეუძლია განსაზღვროს ვის ვინ რამდენად უყვარს? ეს საკითხი დგას იმ ინტიმურ საკითხთა შორის, რომელიც შეყვარებულ ადამიანებს შორის რჩება. თუკი წყვილი ითხოვს ეკლესიისგან დალოცვას, ეკლესია მზად უნდა იყოს ამისთვის, რადგან მას, როგორც უფლის ნების განსხეულებას, უფლება არა აქვს სიყვარულის კურთხევაზე უარის თქმისა, “რადგან სიყვარული ღვთისაგან არის, ვისაც უყვარს, ღვთისგანაა შობილი და იცნობს ღმერთს.” (პირველი იოანესი 4:7)
სიყვარულს ყოველი ადამიანის გულის აღვსება შეუძლია. თითოეული ჩვენგანი, ვინც არ უნდა ვიყოთ, განურჩევლად ეროვნებისა, მრწამსისა, სოციალური სტატუსისა, სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობისა, უფალი მხსნელად გვევლინება, ღმერთს ვუყვარვართ, ცოდვებს მოგვიტევებს, ბრძოლის ძალით აღგვავსებს და ჭრილობებს გვიშუშებს, ამიტომაც ეკლესიამ, თუკი მას ღვთის წიაღში ყოფნაზე აქვს პრეტენზია, ფართოდ უნდა გაუღოს თავისი კარი თითოეულ ადამიანს და ისეთებად მიიღოს ისინი, როგორებიც არიან. ეკლესიამ უნდა გააცნობიეროს, რომ დევნილი და მოძულებული ადამიანების, პირველ რიგში, ფიზიკური გადარჩენაა მისი ვალი, ხოლო კარის გაღება, მათი სატკივარის მოსმენა და ვარამის გაზიარება არის ის სულიერი მალამო, რომლის გაცემის ვალდებულება მას აკისრია, რადგან სწორედ ეს არის ის, რაც ეკლესიით უფლის წიაღში გვაბრუნებს. როდესაც ეკლესია გაიაზრებს და განახორციელებს თავის უპირველეს მოვალეობას, რომელიც მან ეკლესიად შედგომით მოყვასისა და ღვთის წინაშე აიღო, შემდეგ უკვე შეიძლება სასულიერო პირების დასხდომა და იმ ეგზეგეტიკური საკითხების ჯეროვანი განხილვა, რომელზეც ამ ესსეში ძალიან მოკლედ ვისაუბრეთ.
უფალმა დაგვიხსნას ჩვენი უმეცრებისაგან, სიბრძნე შეგვძინოს და სიცოცხლის სიყვარულითა და ნებით აღგვავსოს, რათა ერთ დღესაც, ყველამ ერთად, სიყვარულის გამარჯვება ვიზეიმოთ. ამინ.