რამდენიმე კვირის წინ რუსულ სატელევიზიო სივრცეში Rupaul’s Drag Race-ის ანალოგიური შოუ გაჩნდა. შოუს სახელია „სამეფო კობრები“ და განსხვავებით სხვა მრავალი ქვეყნისგან, სადაც კონკურსანტები, შოუს წამყვანი, მენტორები და ჟიურის წევრები საუბრობენ LGBT+ საზოგადოების პრობლემებზე და გამოწვევებზე, რუსული ანალოგი უარს ამბობს, ილაპარაკოს მათზე, ვინც შექმნა რუპოლის გადაცემა და, ზოგადად, დრაგ კულტურა.
რუსულ ანალოგში ამერიკული Rupaul’s Drag Race-ის მსგავსად, შეხვდებით Lip Sync შეჯიბრებებს, კომედიურ სკეტჩებს და მოდურ, ფანტასტიკურ ლუქებს, თუმცა შოუს შემქნელმა გადაწყვიტა, ზურგი აქციოს რუსი ლგბტ+ ადამიანების წარმოჩენას და მათი პრობლემების გაჟღერებას.
შოუს შემქნელი ბლოგერი და ინსტაგრამ ინფლუენსერი ნასტია ივლევაა, რომელიც ასევე წამყვანის როლში გვევლინება შოუში. გადაცემაში 36 დრაგ ქვინი მონაწილეობს, შოუ 7 ეპიზოდისგან შედგება და თითო სერიაში 6 დრაგ ქვინი ეჯიბრება ერთმანეთს, მათგან გამარჯვებული 1 დრაგ ქვინი კი ფინალურ ეპიზოდში გადადის და გამარჯვებისთვის აგრძელებს ბრძოლას. შოუს გამარჯვებული დრაგ ქვინი 1 000 000 რუბლს მიიღებს. შოუს პირველი ეპიზოდის შესავალში წერია, რომ „შოუ არ არის მიმართული არატრადიციული სექსუალური დამოკიდებულებების პოპულარიზაციაზე“
The Moscow Times-თან მიცემულ ინტერვიუში ლგბტ+ აქტივისტი ნიკიტა ანდრიანოვი ამბობს, რომ რუპოლის დრაგ რეისის რუსული ანალოგი არ არის შექმნილი იმისთვის, რომ გააძლიეროს ლგბტ+ ადამიანები, რადგან შოუში არსად არ არის ნახსენები, რომ დრაგ კულტურა და მსგავსი შოუსები ლგბტ+ ადამიანების მიერაა შექმნილი.
კრიტიკა გაჩნდა ასევე შოუს შემქმნელის, ნასტია ივლეევას გარშემო, რომელიც არის ჰეტეროსექსუალი და რომლის გარშემოც არის შოუს დრამატურგია აწყობილი. ბლოგერი, მოდელი და ინფლუენსერი Nikita Hi ერთ-ერთ რუსულ პუბლიკაციასთან საუბარში ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ივლევა დიდი ხანია მუშაობს რუს დრაგ ქვინებთან, ეს მაინც არ ამართლებს იმ ფაქტს, რომ შოუში ცენტრალური ფიგურა ნასტიაა და ჟიური დაკომპლექტებულია ჰეტეროსექსუალებისგან, რომლებსაც არ გააჩნიათ სათანადო კვალიფიკაცია შეაფასონ დრაგ ქვინების ნამუშევრები.
აქტივისტის შეფასებით, შოუში ზედაპირულად არის წარმოჩენილი დრაგ კულტურა და ჰეტეროსექსუალი ადამიანები ცდილობენ, მიიტაცონ ის, რაზეც მრავალი წელი შრომობენ ქვიარ ადამაინები.
Rupaul’s Drag Race ამერიკული რეალითი შოუა, რომლის შემქნელი და წამყვანია რუპოლი. შოუში თითოეულ სეზონში 15-მდე დრაგ ქვინი მონაწილეობს, მონაწილეები თითოეულ ეპიზოდში სხვადასხვა შეჯიბრებებში მონაწილეობენ, მაყურებელმა დღემდე შოუს 13 სეზონი იხილა. რეალითი შოუს ანალოგიური შოუ შეიქმნა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის კანადაში, დიდ ბრიტანეთში, ტაილანდში, ჰოლანდიაში, ახალმა ზელანდიაში, ესპანეთში, იტალიაში და ბრაზილიაში. შოუს ძალიან დიდი როლი აქვს ქვიარ საზოგადოების გაძლიერებაში და დრეგ კულტურის განვითარებაში.
უყურეთ რუსული „სამეფო კობრების“ პირველ ეპიზოდს: