რამდენიმე კვირის წინ, მთელი მსოფლიო ალაპარაკდა ახალი სუპერმენის ბისექსუალობაზე, ლუის ლეინისა და Kal-El-ის შვილის ქვიარობამ ძალიან დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია ფანებში და კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად არის მზად სამყარო, ყველაზე ძლიერის როლში დაინახოს ქვიარ ადამიანი, რომელიც მრავალი წელია, მიიჩნევა, როგორც ჩაგრული და მოწყვლადი.
კომიქსი Superman: Son of Kal-EL ნოემბერში გამოვა გაყიდვაში და მასში მოთხრობილი იქნება სუპერმენის შვილის, ჯონათან კენტის ამბავი, რომელიც ქალაქ გოთემის დაცვასთან ერთად, რომანტიკულ ურთიერთობას გააბამს მამაკაცთან,
გთავაზობთ 10 გმირს მარველისა და DC-ის სამყაროდან, რომელიც ასევე ლგბტ+ ოჯახს მიეკუთვნება.
Tom Drake/Robyn
სუპერმენის შვილი არ არის ერთადერთი ქვიარ პერსონაჟი DC-ის სამყაროში, სულ ახლახანს გახდა ცნობილი, რომ ლეგენდარული რობინი ასევე ქვიარია. ბეტმენის პროტეჟეს ქვიარობაზე ფანები დიდი ხანია საუბრობენ, მისი სცენები კომიქსებიდან და ადაპტაციებიდან ყოველთვის ატარებდა დაფარულ ქვიარ ქვეტექსტებს და დადგა ის დროც, როცა ეკრანზე კიდევ ერთ ქვიარ სუპერგმირულ ისტორიას ვიხილავთ.
Iceman
Iceman X-men-ების ერთ-ერთი პოპულარული და მთავარი პერსონაჟია, ეჭვგარეშეა, რომ ის მანამდე იქნება მარველის სამყაროში, სანამ მარველი იარსებებს. მართალია, კომიქსებში Iceman-ის ქამინგაუთის შემდეგ ეკრანებზე ჯერ არ გამოსულა X-Men-ების მორიგი სერია, თუმცა უახლოეს წლებში აუცილებლად ვიხილავთ სერიალს.
Poison Ivy და Harley Quinn
Harley Quinn და Poison Ivy ერთ-ერთ პირველ ქვიარ წყვილად ითვლება კომიქსების ისტორიაში. გოთემში მცხოვრები ჯოკერის ყოფილი შეყვარებული Harley Quinn და ბეტმენის დაუძინებელი მტერი – Poison Ivy, ათწლეულებია, იდეალურ მეგზურობას უწევენ ერთმანეთს, მათი მეგობრობა კი 2017 წელს კოცნით დაგვირგვინდა. მართლაც, უკეთესს ვერ ვინატრებით, Harley Quinn-ისთვის, რომელიც მრავალი წელია ტოქსიკურ ურთიერთობაში იმყოფება.
Wiccan
მარველის სამყაროს გაზრდასთან ერთად, ქვიარ პერსონაჟების რაოდენობაც იზრდება. 2020 წლის WandaVision-ში ვანდა ქმნის სამყაროს, სადაც აჩენს ტყუპ ბიჭებს, ტყუპებიდან ერთ-ერთი, ბილი, რომელიც კომიქსებში იზრდება და Wiccan-ის სახელითაც ვიცნობთ, კიდევ ერთი ქვიარ პერსონაჟია, რომელიც შეყვარებულია კრიის უცხოპლანეტელ Hulkling-ზე.
წყვილი ახალგაზრდა Avengers-ის ჯგუფშია და როგორც მარველი ამბობს, სწორედ ისინი ჩაანაცვლებენ მთავარ Avengers-ებს.
Apollo და Midnighter
Apollo და Midnighter DC-ის სუპერგმირები არიან, დაქორწინებული წყვილი The Authority-ში გამოჩნდა 1990-იან წლებში და არაერთი დაუვიწყარი ისტორია შემოგვთავაზა, მათგან ყველაზე გამორჩეული კი, 2016-2017 წლის კომიქსების სერიაა, რომელიც მთლიანად წყვილის რომანტიკულ ურთიერთობებზე კონცენტრირდება და რომელშიც Midnighter-ი მოგზაურობს ჯოჯოხეთში, რათა იხსნას თავისი მიჯნურის სული.
Batwoman
Batwoman კიდევ ერთი ლესბოსელი პერსონაჟია DC-ის სამყაროდან, რომელიც 1956 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ ამ პერსონაჟმა უამრავი სახეცვლილება განიცადა. აღსანიშნავია, რომ გარდა ქვიარობისა, Batwoman გადამწყვეტ როლს ასრულებს DC-ის სამყაროში და ბეტმენის ისტორიებში.
John Constantine: Hellblazer
ჯონ კონსტანტინი, კიდევ ერთი ბისექსუალი პერსონაჟი, 1990-იან წლებში გამოჩნდა, ის სუპერნატურალური ძალებით დაჯილდოებული დეტექტივია, რომელიც Vertigo-ს კომიქსებში გვხვდებოდა, თუმცა, მას შემდეგ, რაც DC-მ შეიძინა ჯონ Hellblazer-ის გამომცემლობა, ქვიარ პერსონაჟი DC-ის ოჯახს შეუერთდა. პერსონაჟს ვხვდებით CW-ის სერიალში Legends of Tomorrow.
Mystique
Marvel-ის და X-men-ების კიდევ ერთი ქვიარ პერსონაჟი გარდასახვების დიდოსტატი Mystique არის, რომელსაც, როგორც კომიქსებიდან ვიგებთ, რომანტიკული გრძნობები აქვს ირენ ადლერის მიმართ, სამწუხაროდ, ეს X-men-ების ფილმებში არ ჩანს, თუმცა არავინ იცის, რას გვიმზადებს მომავალი.
Valkyrie
Thor-ის კინოადაპტაციაში Valkyrie-ის როლის შემსრულებელმა, ტესა ტომპსონმა, ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მას სურდა, კინოს შემქმნელები მიჰყოლოდნენ კომიქსებს და Valkyrie-ს ქვიარობა წარმოეჩინათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა. სკანდინავიურ მითოლოგიაზე დაფუძნებული გმირი ერთ-ერთი გამორჩეული ქვიარ სახეა მარველის სამყაროში.
Northstar
როცა ვსაუბრობთ ქვიარ კომიქსებზე, შეუძლებელია არ ვახსენოთ Northstar, რომელიც პირველი გეი პერსონაჟია მარველის ისტორიაში, მან ქამინგაუთი კომიქსებში 1992 წელს გააკეთა.
ამის შემდეგ, მუტანტმა სუპერგმირმა არაერთი დაუვიწყარი თავგადასავლი გვაჩუქა, რაც ყველაზე მთავარია, 2012 წელს კიდევ ერთხელ შეცვლა მარველის ისტორია და მკითხველმა კომიქსებში მისი ქორწილი იხილა.