სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ლგბტი უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციასთან – ილგა-ევროპასთან ერთად, წერილობითი მიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს და ლგბტი ადამიანების ძირითადი უფლებრივი მდგომარეობის შესახებ სიახლეები წარადგინა.
ანგარიში მიზნად ისახავს საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ინფორმირებას.
საქმე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ შეეხება 2012 წლის 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების მონაწილეთა არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობისგან დაცვისა და ეფექტური გამოძიების ვალდებულების შეუსრულებლობას. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმეზე გადაწყვეტილება 2015 წელს გამოაქვეყნა და დაადგინა კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) და მე-11 მუხლის (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება) დარღვევა მე-14 მუხლთან ერთობლიობაში (დისკრიმინაციის აკრძალვა).
ფოტო: დიმა ჩიკვაიძე/ტაბულა
2012 წლის 17 მაისს ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან ლგბტი აქტივისტების აქციის დარბევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მინისტრთა კომიტეტს ამ დრომდე არ დაუხურავს და ის ყოველწლიურად ამოწმებს საქართველოს მთავრობის მხრიდან ლგბტი ადამიანებისთვის შეკრების თავისუფლებისა და ძალადობისგან დაცვის მდგომარეობასა და რეფორმებს ქვეყანაში. აღნიშნული საქმის აღსრულება მინისტრთა კომიტეტის მხრიდან გაძლიერებული ზედამხედველობის ქვეშაა და სახელმწიფოს ევალება კომიტეტისთვის გადაწყვეტილების აღსრულების ანგარიშისა და სამოქმედო გეგმის პერიოდული წარდგენა.
ფოტო: ნეტგაზეთი
ანგარიში კრიტიკულად აღწერს სახელმწიფოს მიერ ულტრა-მემარჯვენე რადიკალური ჯგუფების მხრიდან ძალადობრივი ქმედებების ლეგიტიმაციასა და განსაკუთრებით მძიმე და გახმაურებული ჰომო/ტრანსფობიური დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების მანკიერ პრაქტიკას, რაც ქმნის საზოგადოებაში ამგვარი დანაშაულების შეწყნარებისა და დაუსჯელობის განცდას. კომუნიკაციაში მიმოხილულია ის ინსტიტუციური ხარვეზები, რომლებიც აფერხებს ლგბტი ჯგუფების უფლებების ეფექტურ რეალიზებას. კომუნიკაციაში მიეთითა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სპეციალიზებული საგამოძიებო უწყების შექმნის საჭიროებაზე, რომელიც უშუალოდ იმუშავებს სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე.
,,სახელმწიფო წლების განმავლობაში ვერ ახერხებს ლგბტი ადამიანების შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის უზრუნველყოფას, რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა 2021 წლის 5-6 ივლისს ღირსების მარშის ირგვლივ განვითარებულ მოვლენების ფონზე. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო პირები და ულტრა-კონსერვატიული ჯგუფების ლიდერები ღიად გამოთქვამდნენ 5 ივლისს ღირსების მარშის, მათ შორის ძალადობრივი მეთოდებით ჩაშლის განზრახვას, სახელმწიფომ ვერ უზრუნველყო ძალადობის რისკების დროული პრევენცია და ლგბტი აქტივისტების შეკრების უფლების დაცვა. სამართალდამცავმა ორგანოებმა ვერ მოახერხეს 5-6 ივლისს ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ლგბტი აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმების აღკვეთა. გარდა ამისა, ამ დრომდე სათანადო სამართლებრივი რეაგირების გარეშე დარჩა სასულიერო პირებისა და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების ლიდერების აშკარა ძალადობრივი მოწოდებები და ორგანიზატორების პასუხისმგებლობის საკითხი. ყოველივე ეს კი ქმნის სახელმწიფოს მხრიდან მიზანმიმართული უმოქმედობისა და ლგბტი აქტივისტების პოლიტიკური მიზნებისათვის ინსტრუმენტალიზების შთაბეჭდილებას.” – წერია სოციალური სამართლიანობის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.