Adelaide United-ის ფეხბურთელმა ჯოშ კავალომ ქამინგაუთი გააკეთა და ის ამჟამად მსოფლიოში ერთადერთი უმაღლესი დონის პროფესიონალი ფეხბურთელია, ვინც ეს ხმამაღლა თქვა.
21 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად იყო, ესაუბრა რაღაც პირადზე. ,,მე ვარ ფეხბურთელი და მე ვარ გეი, ერთადერთი, რაც მინდა გავაკეთო, არის ფეხბურთის თამაში და მინდა, თანასწორი ვიყო”, – თქვა ნახევარმცველმა თანდართულ ვიდეოში.
,,ექვსი წელი ვებრძოდი ჩემს სექსუალურ იდენტობას და მიხარია, რომ ახლა ამის შეწყვეტა შემიძლია. დავიღალე თავის მოჩვენების მცდელობებით, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრება ძალიან დამღლელია.”- ამბობს ჯოშ კავალო.
ჯოშის თქმით, ამან მისი მენტალური ჯანმრთელობაც დააზარალა და ამის შედეგად, ის ,,წყვდიადისკენ” მიდიოდა – ,,მე უბრალოდ მინდოდა, ბედნიერი ვყოფილიყავი. ეს ფეხბურთზე დიდია, ეს ჩემი ცხოვრებაა. სახლში მივდიოდი და ბედნიერი არ ვიყავი. ეს ნელ-ნელა გჭამს და არის ის, რასაც არავის ვუსურვებ.”
ჯოშ კავალოს ქამინგაუთს ცნობილი ფეხბურთელი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი გამოეხმაურა, მან კავალოს მიმართა: ,,შენ ჩემპიონი ხარ! ფეხბურთი ყველასთვისაა. პატივისცემას გამოვხატავ შენ მიმართ.”