როგორ ვესაუბროთ ბავშვებს ლგბტ საკითხებზე – ინტერვიუ მაია ცირამუასთან

ბოლო რამდენიმე თვეში განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად გვაჩვენა, რომ სიძულვილი და ჰომოფობია კვლავ გადაულახავი პრობლემაა ჩვენი საზოგადოებისთვის. რადიკალური ჯგუფები აგრძელებენ ყალბი ინფორმაციების გავრცელებას და ადამიანების შეცდომაში შეყვანას, ყველაზე მძლავრი იარაღი კი მათთვის არასრულწლოვნები არიან.

გთავაზობთ ინტერვიუს ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან, რომელიც მოგვიყვება, რა ეტაპებს გადის ბავშვი ზრდასრულ ასაკამდე, როგორ უნდა შეუწყოს მშობელმა ხელი, სწორი და ჯანსაღი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში, რა ასაკიდან უნდა დავიწყოთ შვილებთან სექსუალობაზე საუბარი, როგორ დავიცვათ სიძულვილისგან და ჰომოფიისგან და როგორ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია ლგბტ საკითხებზე, ისე რომ არ დავაზიანოთ და დავაფრთხოთ ბავშვები:

სექსუალობაზე საუბარი ბავშვთან, შეგვიძლია, საკმაოდ ადრეული ასაკიდან დავიწყოთ, უბრალოდ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სხვადასხვა საფეხურზე ამ საუბრებს სხვადასხვა როლი აქვს ბავშვისთვის. პირველი, როცა აუცილებელია მშობელი შვილს სექსუალობაზე დაელაპარაკოს, ეს არის 3-4 წლის ასაკი, როცა ბავშვი პირველად გადის სახლის იქით და სოციალიზაციის პირველ ნაბიჯებს დგამს. (როცა მიდის საბავშვო ბაღში, ან ეზოში სათამაშოდ) ამ დროს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, ბავშვებს გასაგები ენით ავუხსნათ, რა არის მისი პირადი სივრცე, სხეულის რომელი ნაწილები ითვლება ინტიმურ ნაწილებად, ვის აქვს მასთან შეხების უფლება, ვის – არა, როგორი შეხება შეიძლება იყოს მისთვის სახიფათო, თუმცა უნდა ავუხსნათ ეს ყველაფერი ისე, რომ ბავშვი არ შეშინდეს, უნდა ვასწავლოთ სიფრთხილის ზომების დაცვა. და რაც ყველაზე მთავარია, მან უნდა იცოდეს, რომ თუ ვინმე ცდილობს არასასურველ კონტაქტს, მან აუცილებლად უნდა უთხრას მშობელს.

ამის შემდეგ, ასევე 3-4 წლის ასაკში, ბავშვს უჩნდება ფილოსოფიური სახის კითხვები და ინტერესდება ადამიანების წარმომავლობით, სწორედ ამიტომ, სვამს კითხვას, საიდან გავჩნდით, როგორ გავჩნდით, რაც, ხშირ შემთხვევაში,  ისე მოიაზრება, თითქოს ბავშვს ადამიანის სექსუალური ცხოვრება აინტერესებს, ჩვენ უნდა ვუპასუხოთ მის კითხვებს და მისთვის გასაგები ენით უნდა ავუხსნათ, როგორ ჩნდება ადამიანი, კომუნიკაციის გასამარტივებლად, შეგვიძლია, მოვიშველიოთ ყვავილების გამრავლება, შეგვიძლია, ვაჩვენოთ ვიდეოები, როგორ მრავლდება ბუტკო, ყველა მშობელს შეუძლია, მოიძიოს ამის შესახებ ინფორმაცია და ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ გააკეთოს.

8-10 წლის ასაკში ბავშვს უჩნდება ინტერესი სქესთაშორის ურთიერთობების შესახებ. ამ ასაკში მას უკვე აქვს მიკუთვნებულობა თავის სქესთან, იცის, რა არის სხვა სქესი, ვინ რომელ სქესს განეკუთვნება და ა.შ. სქესთაშორის ურთიერთობების ინტერესის გაღვივებისთანავე ბავშვები იწყებენ ერთმანეთისთვის თავის მოწონებას, ვინ რამდენი იცის, ვინ რამდენად კომპეტენტურია და ეს არის ზუსტად ის დრო, როდესაც უფროსი ბავშვს უნდა დაელაპარაკოს სქესთაშორის ურთიერთობების შესახებ, ჩვენ, უფროსებმა, უნდა დავასწროთ ბავშვს, სანამ ეს ინტერესები გაუჩნდება და მივაწოდოთ ინფორმაცია მაქსიმალურად გასაგებად და აკადემიურად. თან უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ინტერნეტი სავსეა ცრუ ინფორმაციით და მითებით, 8-10 წლამდე ბავშვს კი ინტერნეტთან წვდომა უკვე აქვს.

მნიშვნელოვანია, კარგად გავიაზროთ, რას ნიშნავს სექსუალობა და არ გავექცეთ ამ ტერმინს. სექსუალობა ძალიან ფართო და საინტერესო ცნებაა, ეს არ არის საშიში ცნება, სექსუალობა გულისხმობს ძალიან ბევრ ცოდნას, როგორც რეპროდუქციულ სისტემაზე, ასევე, სექსუალური განცდების შესახებ, წარმოდგენების შესახებ, კომუნიკაციის შესახებ, ფლირტის შესახებ და ათასი სხვა ნიუანსია – ეს ტერმინი მოიაზრებს საკუთარი თავის შემეცნებას, საკუთარი სხეულის გაცნობას, თვითაღქმის ჩამოყალიბებას.

როცა ბავშვი მოზარდობის ასაკში შედის, მისი დეტალური და ზუსტი ცოდნით აღჭურვა აუცილებელია, რადგან ამ ასაკში იწყება საოცარი რევოლუცია ბავშვის ჰორმონალურ სისტემაში, ასევე თავის ტვინში ხდება ძალიან სერიოზული ცვლილებები, დომინირებენ ისეთი ჰორმონები, რომლებიც გამრისკავი ქცევისკენ, სიამოვნების მიღებისკენ, იმპულსურობისკენ გვიბიძგებენ და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ჩვენ გვქონდეს ინფორმაცია, რა ხდება ჩვენ თავს. ამ ასაკში ძალიან გავრცელებულია ჭაბუკური ჰიპერსექსუალობა, რომელიც განსაკუთრებით აქტიურია ბიჭებში, რაც უკავშირდება ფანტაზიებს, სურვილებს და ამან შეიძლება შეაშინოს ბავშვი, პრაქტიკაში ხშირად მინახავს ამ ასაკის ბავშვებში ობსესიური კომპულსიური აშლილობა, როცა კასკადურად მოდის სექსუალური შეფერილობის განცდები და ფიქრები, რაც აფიქრებინებთ, რომ ისინი ცუდები არიან, თან, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი ტაბუ ადევს ამ თემებს, ისინი ფიქრობენ, რომ რაღაც ცუდი ხდება მათ თავს, დანაშაულად აღიქვამენ ამგვარ ფიქრებს, იტანჯებიან, ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის მარტივი ფსიქიკური მდგომარეობა მოზარდისთვის. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ბავშვს ჰქონდეს აკადემიური და ზუსტი ინფორმაცია, რა იცვლება მის სხეულში, რა იცვლება მის კომუნიკაციაში, როგორი ტიპის კომუნიკაცია შეიძლება იყოს ამ დროს დამცავი და უსაფრთხო მისთვის, განსაკუთრებით მაშინ, როცა არის მაღალი რისკი სექსთინგის.

ბავშვებთან სექსუალობაზე საუბარი თავიდან აარიდებთ მათ მრავალი სახის საფრთხეს, ისინი უფრო დაცულები იქნებიან და მათი ცხოვრების ხარისხი გაცილებით უკეთესი იქნება, ისინი მაინც მიიღებენ ინფორმაციას რიგ საკითხებზე, ამიტომ უმჯობესია, ჩვენ დავასწროთ და მივცეთ უფრო ზუსტი ინფორმაცია ბავშვობიდან.

 

ბავშებს გენდერული ჩარჩოებისგან ვერანაირად ვერ დავიცავთ, თუ ამ ჩარჩოებისგან ჩვენ თვითონ არ ვართ თავისუფლები, თუ სამყარო ასე მარტივად არის დაყოფილი ჩემთვის – ფერები, როლები, თამაში, ურთიერთობები, ემოციები – მაშინ ეს ასე იქნება ჩემი შვილისთვისაც. ყველაზე დიდი სისულელე, ემოციების დაყოფაა გენდერის მიხედვით, როცა პატარა ბიჭი მიდის შეშინებული, ატირებული მშობელთან და ისინი გაუწყრებიან, ეუბნებიან, რომ შენ კაცი ხარ და არ უნდა იტირო. უკვე აქედან იწყება არასწორი აღზრდა და ძალიან მძიმე პროცესები, ისევე როგორც გოგონას ეკრძალება, ბრაზი გამოხატოს.

ერთ-ერთი კვლევის თანახმად, იმ ქვეყნებში, სადაც ბიჭებს არ უწევთ ისეთი განცდების შენახვა და რეპრესირება, როგორიცაა შიში და უსუსურობის განცდა, ძალიან დაბალი მაჩვენებელია გენდერული ნიშნით ჩაგვრისა. ჩვენს შვილებს უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ გამოხატონ თავიანთი სისუსტე, გამოხატონ თავისუფლად თავიანთი გრძნობები, არ არის საჭირო, ტოქსიკური, მომწამვლელი კაცურობის თავს მოხვევა მათთვის, უნდა შევთანხმდეთ, რომ ყველანი ამის გარეშე გავზრდით შვილებს.

ერთი ბიჭი მიყვებოდა, ძალიან ემპათიური, სენსიტიური და გახსნილი ბავშვი ვიყავი, დავდიოდი ფეხბურთზე და მიჩვეული ვიყავი, რომ ყველას ვეხუტებოდი, ყველასთან უშუალო ურთიერთობა მქონდაო, ერთხელაც, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, დავბრუნდი ფეხბურთზე, ჩავეხუტე მასწავლებელს და შენიშვნა მივიღე, შენ რა გოგოსავით მეხუტებიო, კაცს არ უხდება ეგეთიო, ამის შემდეგად რაღაც სერიოზული ჩაწყდა ჩემში და ჩემს ემოციებს გარეთ აღარ ვუშვებდი, გავცივდიო. ჩვენ გვგონია, რომ თითქოს არაფერი, ვუყიდით ბიჭს ცისფერ მაისურს, გოგონას – ვარდისფერს, ვერთობით, მაგრამ ამგვარი დაყოფები გვანგრევს და ზუსტად ასეთ ქმედებებში ვდებთ იმ ნაღმებს, რომლებიც მერე აუცილებლად აფეთქდება და ცუდ შედეგებს გამოიღებს.

თუ ოჯახის რომელიმე წევრი არის გეი, ტრანსი ან ბისექსუალი, მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა ვუთხრათ ოჯახის მცირეწლოვან წევრს, მაგრამ ძალიან ფრთხილად უნდა მივაწოდოთ ეს ინფორმაცია და მაქსიმალურად უნდა დავცალოთ განსჯითი დამოკიდებულებისაგან ადამიანის სექსუალობისა და  სექსის შესახებ, რადგან  სწორედ ასეთ მომენტში შეიძლება დავაზიანოთ ის – ჩავნერგოთ შიში ან ზიზღი ან სულაც არაჯანსაღი ინტერესი.

8-10 წლის ასაკში, როცა უკვე ბავშვში ჩნდება სქესთაშორის ურთიერთობების შესახებ დაინტერესება, მას აქვს უკვე რესურსი, მიიღოს ეს ინფორმაცია, განსაკუთრებით, დღევანდელ დღეს, როცა ამის შესახებ ისედაც მარტივია ინფორმაციის მიღება ბავშვისთვის, ინფორმაციაზე ხელი უკვე ყველას მიუწვდება, ამიტომ სჯობს, ეს სენსიტიური თემა მცირეწლოვანმა კომპეტენტური პირისგან მიიღოს.

ყველაზე მთავარი არის ის, თუ რა მესიჯს მიიღებს ბავშვი – რომ ეუბნები, რისთვის ეუბნები, რომ გარიყოს ეს ადამიანები თუ პირიქით – რომ მიიღოს, მხარი დაუჭიროს და ა.შ. ამას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. შეიძლება ბავშვს ისე მიეწოდოს ინფორმაცია LGBT+ საკითხებზე, რომ დამაზიანებელი აღმოჩნდეს მისთვის, მაგალითად, თუ ის ხედავს, რომ არაფერს ეუბნებიან ამ საკითხებზე, მაგრამ ოჯახის რომელიმე წევრს ცუდად ექცევიან ამის გამო, ძალიან ხშირია მასთან კონფლიქტი, ხშირად გარბის სახლიდან, ეს უკვე არის ძალიან დიდი ნაღმი მისთვის.

სწორედ ამიტომ, საჭიროა, ამ ასაკიდან ვუთხრათ, რომ არსებობს განსხვავებები სქესებს შორის, არსებობს სხვადასხვა სექსუალური იდენტობები და არ უნდა შეგვეშინდეს იმის, რომ ეს მათზე გავლენას მოახდენს, ვერავინ ვერაფერი გახდება, თუ ის უკვე არ არის. ჰომოფობიის პრევენციისთვისაც არის კარგი ბავშვებთან ლგბტ საკითხებზე საუბარი, თუკი ადრეული ასაკიდანვე იციან ბავშვებმა ეს და სწორად არიან ინფორმირებულები, მათი მომავალი ცხოვრება თავისუფლდება სიძულვილისგან და შიშებისგან განსხვავებულის მიმართ.

 

საკუთარი თავის ძიება და აღმოჩენა ძალიან პერსონალური გამოცდილებაა და ამასთან მშობელს არაფერი ესაქმება, რაც შეიძლება მშობელმა ამ დროს გააკეთოს, არის ის, რომ არ შეუშალოს ხელი შვილს სამყაროსა და საკუთარი თავის ძიებაში, არ გახდეს დიდი ბარიერი, წინააღმდეგობა და ეცადოს, მიიღოს იგი ისეთი, როგორიც არის. უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან მძიმეა, როცა ადამიანი აღმოაჩენს, რომ მისი სექსუალური სურვილები განსხვავებულია, იგი თავს გრძნობს მარტო, მიტოვებულად, ფიქრობს, რომ ერთადერთია, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ამ განცდებისგან დავიცვათ ადამიანი და ადრეული ასაკიდანვე მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია.

ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლის პერსპექტივა, ვერაფრით დაეხმარები შენს შვილს, თუ შენ თვითონ არ ხარ მზად, მიიღო ეს ინფორმაცია და შვილი ისეთი, როგორიც არის. ბევრია ასეთი შემთხვევა, ბევრ ახალგაზრდას უთქვამს ჩემთვის, კი, ჩემი მშობლები არ მაგდებენ სახლიდან, კარს არ მიხურავენ ცხვირწინ, თუმცა მაინც არ მიღებენ, ტრანსგენდერ გოგონას უთქვამს, რომ მშობლები მეძახიან ისევ ძველ სახელს და ამით ყველაფერს ანგრევენ, ამას მირჩევნია, სახლიდან გამაგდონ. ამ მშობლებს სჭირდებათ სერიოზული დახმარება, არც მათთვის არის ეს იოლი პროცესი, როგორც ადამიანი აღმოაჩენს ერთ დღეს, რომ მისი ორიენტაცია განსხვავებულია და ჩნდება მასში უზარმაზარი კითხვითი ნიშანი, დაბნეულობა და შიში, ასევეა მშობლისთვის.

ყველაზე მეტად მშობელს ხელს რაც უშლის, მიიღოს თავისი შვილი, არის სოციალური წნეხი, საზოგადოების შეკვეთა, შიში, რომ იტყვიან – ცუდი მშობელია, ცუდი შვილი გაზარდა. თუ ამ წნეხებისგან გათავისუფლდებიან მშობლები, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იქნებიან მხოლოდ და მხოლოდ მხარდამჭერები, დაეხმარებიან თავიანთ შვილებს და იქნებიან კედელი მათთვის. ძალიან ბევრ მშობელს უთქვამს ჩემთვის, მე კი ვიცი, რომ საოცარი შვილი მყავს, მაგრამ მენანება და მეცოდება, იმ შეძახილისთვის, აგდებული დამოკიდებულებისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის, რაც გარეთ ხვდება, ეს მაშინებს და ამის გამო ვთხოვ, რომ, მოდი, თმა უფრო სხვანაირად გაიკეთე, ნაკლებად მასკულინური იყავი (გოგონას შემთხვევაში) ან ნაკლებად ფემინური (ბიჭის შემთხვევაში). ძალიან ხშირად უთქვამთ მათ, რომ საზოგადოების ეშინიათ და არა მათი შვილების.

ჩემი აზრით, ამ თემებზე აქტიურად უნდა მუშაობდეს სკოლა. ამისთვის არსებობს შესანიშნავი რესურსი, სამოქალაქო განათლების საგანი სკოლებში, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ბავშვებს მივაწოდოთ ინფორმაცია ლგბტ თემებზე, რატომ არ შეიძლება ლიტერატურის მასწავლებელმა ისაუბროს ამ თემებზე ბავშვებთან, რამდენი ლიტერატურა არსებობს, რომელიც ამას ეხება. მე ვფიქრობ, რომ სკოლებმა უნდა აიღონ პასუხიმგებლობა ამ მხრივ და ბავშვები მოამზადონ იმისთვის, რომ მეტი მიმღებლობა ჰქონდეთ.

გასულ წელს 400-მდე სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან მქონდა შეხვედრა, ჩემი თემა, სხვა მრავალ თემასთან ერთად, იყო დისკრიმინაციული ქცევის ანატომია, კიდევ უფრო სიღრმისეული ინფორმაცია მიიღეს სხვა სპეციალისტისგან, რა არის იდენტობა, რა კვლევები არსებობს, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს ადამიანები, უკუკავშირი იყო საოცარი – ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის ბევრი რამე შეიცვალა, ბევრი სტერეოტიპი დაიმსხვრა, ისინი უკვე სხვანაირად შეხედავენ ამ თემებს, სხვანაირად მიუდგებიან მოსწავლეებს.

ბევრ მასწავლებელს უთქვამს, რომ ჩვენ კი დაველაპარაკებით ამ თემებზე მოსწავლეებს, თუმცა წინ ვერ დავუდგებით მშობლებს, რომლებიც, ძირითად შემთხვევაში, წინააღმდეგი არიან ეს ინფორმაციები ბავშვებს ჰქონდეთ და ამბობენ, რომ, რა საჭიროა, ჩვენ ხო გავიზარდეთ ისე, რომ არ მიგვიღია სექსუალური განათლება. ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა მშობელმა აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სახელმწიფო არაფერს აკეთებს, განათლების სისტემა არ მუშაობს ამ საკითხებზე, სკოლაში არ ასწავლიან ამ თემებს.

ვიღაცა უნდა არსებობდეს ბავშვის ცხოვრებაში, ერთი ადამიანი მაინც, ერთი მხარდამჭერი, თუ არ იქნება ეს მშობელი, ეს უნდა იყოს მასწავლებელი, მეგობარი, ან მეზობელი. ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი საზოგადოება ამ ტოქსიკური ფობიებისგან გავათავისუფლოთ.

ავტორი: ზურა აბაშიძე

წინა

8 ახალი ქვიარ სერიალი, რომელსაც შემოდგომაზე უნდა ველოდოთ

შემდეგი

მამა-შვილმა პრაიდის დროშა ერთად აღმართა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ