თანამედროვე ქართული ხელოვნება აღარ უშინდება ჰომოფობიურ გარემოს, ბოლო წლებში უამრავი ქვიარ არტისტი გააქტიურდა, რომლებიც თავიანთი შემოქმედებით LGBT+ ადამიანების წარმოჩენას და გაძლიერებას ცდილობენ. ხელოვნებამ ჰომოფობიის დამარცხებაში ძალიან დიდი როლი შეიძლება ითამაშოს და ხელი შეუწყოს ქვიარ ადამიანების იმ კუთხიდან წარმოჩენას, რომელიც ძირითად შემთხვევაში დაფარულია ან არასწორადაა მიწოდებული სახელმწიფოს, ეკლესიის თუ რადიკალური ჯგუფების მიერ.
გთავაზობთ ინტერვიუს დამწყებ ფოტოგრაფ ბუთუ ბილიხოძესთან (@kaonashi_i), რომლის პირველი ჰომოეროტიკული ფოტოპროექტი LONELY BOYS PARADISE ქვიარ თემის გაძლიერებისთვის შეიქმნა და მამაკაცების სხეულის სინაზეს წარმოაჩენს.
როგორი იყო შენი პირველი ნაბიჯები ფოტოგრაფიაში?
პირველად კამერა ვიყიდე 2009 წელს, ეს იყო ძველი, ძალიან დაბალი დონის საბჭოთა ფირის კამერა. ამ დღიდან იწყება ჩემი და ფოტოგრაფიის მეგობრობა. სულ მომწონდა ადამიანების გადაღება. პირველი ნაბიჯები უფრო გართობას უკავშირდებოდა, მომწონდა ის ქიმია და ხასიათი, რაც ფირის კამერას აქვს. ცხადია ვცადე ციფრული ფორმატიც, თუმცა დიდად არ მიმიზიდა და მალევე გავყიდე კამერა. გარკვეული პერიოდი აღარ ვიღებდი, ფირის მსოფლიო დეფიციტის გამო. ბოლო 2-3 წელი უფრო აქტიურად მივუბრუნდი კამერას. მაქვს რამდენიმე, სხვადასხვა ფორმატის კამერა.
ყველაზე მეტად რამ შეგიწყო ხელი ხედვის ჩამოყალიბებაში?
ბოლო რამდენიმე წელია დაინტერესებული ვარ ჰომოეროტიკით. ვიღებ მამაკაცის სხეულს. ზუსტად არ ვიცი რამ განაპირობა ეს. ძალიან ბევრი კარგი ფოტოგრაფი მეგობარი მყავს როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთაც, ალბათ გარკვეული როლი მათაც ითამაშეს. წლების წინ თავად ვიყავი მოდელი, მიღებდნენ ძალიან ნიჭიერი და წარმატებული ქართველი და არაქართველი ფოტოგრაფები. იმ წამიდან მინდოდა კამერის მეორე მხარეს მეც ვყოფილიყავი, მეც დამედგა გადაღებები. აქტიურად ვათვალიერებდი ჰომოეროტიკულ ფოტოებს. პირველად მეგობარს გადავუღე, ძალიან სპონტანურად და როცა ფოტოები ვნახე მივხვდი რომ ეს უნდა მეკეთებინა. შიშველი ბიჭები უნდა გადამეღო.
ყველაზე მეტად რის ნაკლებობას გრძნობ ქართულ ქვიარ ფოტოგრაფიაში?
ვისურვებდი რომ უფრო მეტი სითამამე და უფრო მეტი ღიაობა ყოფილიყო ქვიარ ფოტოგრაფიაში, ქართული საზოგადოება ძალიან პატარაა და ეს თემაც ახლია, თუმცა ველოდები, რომ უფრო მეტი პოზიტიური ნაბიჯები იქნება თემის შიგნით. ხშირად მიჭირს მოდელების დათანხმება გადასაღებად, არ უნდათ სახე ჩანდეს. მაგრამ არიან ადამიანები რომლებსაც ეს არ აღელვებთ, რაც მახარებს და მაფიქრებინებს რომ უფრო დამოკიდებულებები იცვლება და რამდენიმე წელში უფრო ღია საზოგადოებაში ვიცხოვრებთ.
როგორ გაჩნდა Lonely Boys Paradise-ის იდეა და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ობიექტივში მოხვდნენ?
როგორ გაჩნდა Lonely Boys Paradise-ის იდეა და ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც შენს ობიექტივში მოხვდნენ? ჩემი პირველი და ამ ეტაპზე ერთადერთ პროექტის იდეა მომივიდა მაშინ როდესაც მეგობარს გადავუღე სრულიად დაუგეგმავად რამდენიმე ძალიან ლამაზი კადრი, ფონად ერთი ლამაზი სიმღერა იყო ჩართული და ეს სახელი სიმღერის ტექსტში გავიგონე.
მოდელები ხშირ შემთხვევაში არიან ჩემი მეგობრები, ნაცნობები, უბრალო ადამიანები ინსტაგრამიდან. პროექტს თავისი ხასიათი აქვს, ლამაზი, უბრალო და მოწყენლი ბიჭები, რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ.. ისინი ცხოვრობენ, დადიან, სწავლობენ ყავთ მეგობრები მაგრამ მაინც მიტოვებულად გრძნობენ თავს. მინდა ეს სევდიანი სამყარო მსუბუქი და ჰაეროვანი კადრებით ვაჩვენო ადამიანებს.
რა არის შენი ფოტოების მთავარი სათქმელი და რა მესიჯებს უგზავნი ქართულ ქვიარ საზოგადოებას ფოტოების ამ სერიით?
ჩემი მთავარი სათქმელი და მიზანი არის, რომ ვაჩვენო ფოტოხელოვნებით დაინტერესებულ ადამიანებს მამაკაცების სხეულის სილამაზე, სინაზე რომელიც მამაკაცის სხეულს გააჩნია და რომლის დამალვასაც ყველა ცდილობს. მინდა რომ საზოგადოებას მეტი მიმღებლობა ჰქონდეს სხეულების მიმართ და შეგვეძლოს ჩვენი თუ სხვა ადამიანის შიშველი სხეულით ესთეტიკური სიამოვნების მიღება, ეს ხომ ძალიან ლამაზია. მეტი სითამამე და სილაღე უკეთესი იქნებოდა.
საქართველო ჰომოფობიურ ქვეყნად ითლება, ამიტომ ძალიან რთულია გადაიღო ჰომოეროტიკა, ნახო მოდელი და ეს აუხსნა. თუმცა, როგორც ჩანს, მე გამიმართლა და ვიღებ ბიჭებს, ხშირად სახის გარეშე, მაგრამ მაინც. ამ ფოტოებით და ადამიანების დახმარებით ვეძებ საკუთარ თავს და ვცდილობ სხვებსაც დავეხმარო საკუთარი თავის პოვნაში. სწორედ ამიტომ, ეს სტატია მინდა მივუღვნა ყველა ბიჭს, რომლებიც საკუთარი სხეულების აღმოჩენის გზაზე დგანან, ეძებენ საკუთარ გზას, საკუთარ ხმას და საკუთარ შესაძლებლობებს საქართველოში თუ მის გარეთ. შენ მარტო არ ხარ!
რას უნდა ველოდოთ შენგან მომავალში?
ამ ეტაპზე ვმუშაობ რამდენიმე თემაზე რომელსაც უახლოეს მომავალში დავიწყებ. თემა კვლავ ჰომოეროტიკას და male nudity არის. დაინტერესებული ვარ 70-80იანი გეი ესთეტიკით. ძალიან მომწონს და მინდა ამ ქიმიაში ვიტრიალო.
მწერენ უცხოური ქვიარ ბლოგები, სათანამშრომლოდ. არ მომერიდება და ვიტყვი, რომ არის გარკვეული საკითხები რომლის მეტად საფუძვლიანად შესწავლა მინდა, როგორც ტექნიკური მხარე ასევე შენაარსობრივიც.
ინტერვიუ მოამზადა ზურა აბაშიძემ