თებერვალი 2023 - Page 5

გენდერული იდენტობა — მნიშვნელობა, ტიპები და საზოგადოების როლი

გენდერი განსხვავდება სქესისგან. მართალია, გენეტიკური ფაქტორები, როგორც წესი, განსაზღვრავს ადამიანის ბიოლოგიურ სქესს, მაგრამ ადამიანები თვითონ განსაზღვრავენ თავიანთ გენდერულ იდენტობას.

ამ სტატიაში განხილულია, რა არის გენდერული იდენტობა და მოცემულია სხვადასხვა გენდერული იდენტობის მნიშვნელობები.

რა არის გენდერული იდენტობა?

ვინაიდან ადამიანის სქესი, გენდერი და გენდერული იდენტობა ცალკეული ცნებებია, მნიშვნელოვანია მათ შორის განსხვავების ცოდნა.

სქესი

ადამიანის სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიურ ფაქტორებზე, როგორებიცაა რეპროდუქციული ორგანოები, გენები და ჰორმონები. თუმცა, გენდერის მსგავსად, არც სქესია ბინარული (ორ ნაწილად დაყოფილი).

ზოგ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს გენები, რომლებიც ასოცირდება კაცთან ან ქალთან, მაგრამ მათი რეპროდუქციული ორგანოები, სასქესო ორგანოები ან ორივე შეიძლება განსხვავებული იყოს. ეს სქესობრივი განვითარების ვარიაციების სახელითაა ცნობილი — იგივე ინტერსექსი.

როგორც წესი, ადამიანები ტერმინებს „კაცი“, „ქალი“ ან „ინტერსექსი“ ადამიანის სქესის აღსანიშნავად იყენებენ.

გენდერი

გენდერი ბევრად უფრო დიდი და ჩახლართული რამაა, ვიდრე სქესი. გენდერი მოიცავს გენდერულ როლებს — საზოგადოებისა და ხალხის მოლოდინებს ადამიანის ქცევების, საუბრის, ფიქრებისა და მახასიათებლების შესახებ, რომლებიც შეესაბამება მისთვის მინიჭებულ სქესს.

მაგალითად, იდეები იმის შესახებ, თუ როგორ ქცევას, ჩაცმულობასა და კომუნიკაციას ელიან კაცებისგან და ქალებისგან — ეს ყველაფერი გენდერს განსაზღვრავს. მაგალითად, ქალებისგან, როგორც წესი, საზოგადოება სტერეოტიპულად ელის ზრდილობიან, დამთმობ და მზრუნველ ხასიათს, კაცებისგან კი — უფრო მეტად სიძლიერეს, აგრესიულობასა და თავდაჯერებულობას. გენდერი ასევე სოციალური და სამართლებრივი სტატუსია.

სქესისა და გენდერის ერთმანეთში არევა საკმაოდ მარტივია. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ბიოლოგიური, ანუ მინიჭებული, სქესი დამოკიდებულია ბიოლოგიაზე, ანატომიასა და ქრომოსომებზე, გენდერი კი არის საზოგადოების მოლოდინების, სტანდარტებისა და მახასიათებლების ერთობლიობა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ ქალები და კაცები.

გენდერული იდენტობა

გენდერული იდენტობა ნიშნავს, თუ როგორ გრძნობს და აღიქვამს ადამიანი საკუთარ თავს შინაგანად და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს. ჩაცმულობა, გარეგნობა და ქცევები — ყველა მათგანი შეიძლება გახდეს ის გზა, რომლითაც ადამიანი საკუთარ გენდერულ იდენტობას გამოხატავს.

ბევრ დასავლურ კულტურაში ადამიანები ფემინურობას აკავშირებენ ქალთან, ხოლო მასკულინურობას — კაცთან, თუმცა ეს სოციალური კონსტრუქტი უფრო მრავალფეროვანია. ზოგი ადამიანი გრძნობს, რომ ის მასკულინური ქალია ან ფემინური კაცი. თუმცა, ზოგი არცერთს არ მიაკუთვნებს საკუთარ თავს — მათ არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები ეწოდებათ და საკუთარი იდენტობის აღსაწერად შეიძლება იყენებდნენ ტერმინებს „არაბინარული“, „გენდერქვიარი“, „გენდერფლუიდი“ და სხვა. საკუთარი გენდერული იდენტობისადმი გრძნობების გაჩენა ძალიან ადრეულ, 2-3 წლის, ასაკში იწყება.

► გაითვალისწინეთ, რომ გენდერული იდენტობა იგივე არ არის, რაც სექსუალური ორიენტაცია. გენდერული იდენტობა გულისხმობს, თუ რომელ გენდერს მიაკუთვნებს ადამიანი საკუთარ თავს და როგორ გამოხატავს ის ამ გრძნობებს ქცევაში, საუბარში, ჩაცმულობაში და ა.შ. სექსუალური ორიენტაცია კი არის რომანტიკული და სექსუალური მიზიდულობა სხვების მიმართ.

გენდერული იდენტობების სია

ბევრი სხვადასხვა გენდერული იდენტობა არსებობს. ქვემოთ მოცემული სია მხოლოდ რამდენიმე მათგანს მოიცავს:

  • აგენდერი: ის, ვინც არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ერთ კონკრეტულ გენდერთან, ან ის, ვისაც საერთოდ არ აქვს გენდერი.

  • ანდროგინი: ის, ვისი გენდერიც ან ერთდროულადაა ფემინური და მასკულინური ან ფემინურობასა და მასკულინურობას შორისაა.

  • არაბინარული: ის, ვისი გენდერული იდენტობაც სცდება გენდერული ბინარულობის ფარგლებს. გენდერული ბინარულობა არის გენდერის ის კლასიფიკაცია, რომელიც მხოლოდ ორ გენდერს აღიარებს: კაცს და ქალს. თუკი ადამიანი არაბინარულია, ეს ნიშნავს, რომ ის არ აიდენტიფიცირებს საკუთარ თავს ამ კატეგორიებიდან მხოლოდ ერთთან ან საერთოდ რომელიმესთან.

  • ბიგენდერი: ის, ვისაც ორი გენდერი აქვს. ბიგენდერი ადამიანები ხშირად კულტურულად ფემინურ და მასკულინურ როლებს წარმოაჩენენ.

  • გენდერფლუიდი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ არის ფიქსირებული და იცვლება დროთა განმავლობაში.

  • გენდერქვიარი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ჯდება ტრადიციულ გენდერულ ნორმებში — მათ შორის გენდერულ იდენტობებში, ექსპრესიაში, გენდერულ როლებსა თუ მოლოდინებში. გენდერქვიარი ზოგადი, გამაერთიანებელი ტერმინია და მას ხშირად „არაბინარულის“ სინონიმად იყენებენ.

  • კაცი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

  • ორბუნებოვანი (ასევე „ორი სულის მქონე“; ინგლ. Two-spirit): ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს ბევრ სხვადასხვა სექსუალობასა და გენდერს ადგილობრივი ამერიკელების თემებში. ამ კულტურებში ისინი ტრადიციული მესამე გენდერის (ან სხვა გენდერული ვარიანტის) ცერემონიულ და სოციალურ როლებს ასრულებენ.

  • პანგენდერი (ასევე პოლიგენდერი ან ომნიგენდერი): ის, ვისი გენდერული იდენტობაც არაა შეზღუდული მხოლოდ ერთით და შეიძლება მოიცავდეს ერთდროულად რამდენიმე ან ყველა გენდერს.

  • სისგენდერი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს იმ სქესთან, რომელიც დაბადებისას მიენიჭა. მაგალითად, სისგენდერი კაცი არის ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს კაცად და მისთვის დაბადებისას მინიჭებული სქესიც კაცია.

  • ტრანსგენდერი: ის, ვისი გენდერული იდენტობაც არ ემთხვევა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს. „ტრანსგენდერი“ არის ქოლგა-ტერმინი, რომელიც მოიცავს როგორც ქალსა და კაცს, ისე არაბინარულ ადამიანებს.

  • ტრანს*: უფრო ინკლუზიური ტერმინი, რომელიც უგენდერო ადამიანებსაც მოიცავს.

  • ქალი: ის, ვინც საკუთარ თავს აიდენტიფიცირებს ქალად, განურჩევლად იმისა, სისგენდერია ის თუ ტრანსგენდერი (შეესაბამება თუ არა მისი გენდერული იდენტობა მისთვის დაბადებისას მინიჭებულ სქესს).

ისტორია

ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი, ინტერსექსი და მათთან ასოცირებული იდენტობები ისტორიის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა ფორმით არსებობდნენ. საზოგადოებისგან მიმღებლობის განსხვავებული დონეებით ყველა კულტურაში იყვნენ ადამიანები, რომლებსაც იმავე სქესის ადამიანებთან ჰქონდათ სექსუალური ურთიერთობები ან რომელთა გენდერი, გენდერული იდენტობა და გენდერული ექსპრესია არ ჯდებოდა მიღებულ ჩარჩოებში.

გენდერი და საზოგადოების აღქმა

მათ, ვინც არ იდენტიფიცირდება იმ გენდერთან, რომელიც მათთვის დაბადებისას მინიჭებული სქესის შესაბამისია, შეიძლება უამრავი სტრესული გამოცდილება ჰქონდეთ, რომლებიც ზრდის მენტალური პრობლემების რისკს, მაგალითად:

  • დეპრესიის

  • თვითდაზიანების

  • სუიციდური ფიქრების

მიუხედავად ამისა, მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა, რომ გენდერული მრავალფეროვნება თავისთავად არ იწვევს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს. ამ პრობლემების სათავე საზოგადოები მხრიდან მიუღებლობა, ბულინგი, დისკრიმინაცია და სხვა უარყოფითი წინასწარგანწყობებია.

რამდენიმე ყოველდღიური გამოცდილება, რომელმაც შეიძლება გაზარდოს ადამიანის მოწყვლადობა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ, არის:

  • როდესაც თავს გარშემომყოფებისგან „განსხვავებულად“ ან იზოლირებულად გრძნობ

  • როდესაც გაბულინგებენ შენი გენდერული იდენტობის გამო

  • როდესაც გაძალებენ, რომ საკუთარი გენდერული იდენტობისადმი არსებული გრძნობები უარყო

  • იმის შიში ან იმაზე დარდი, როგორ მიიღებენ შენს გენდერულ იდენტობას შენთვის ძვირფასი ადამიანები, იმის შანსის გათვალისწინებით, რომ შეიძლება უარგყონ და იზოლირება მოგიწიოს

  • როდესაც ვერ გრძნობ მხარდაჭერას ძვირფასი ადამიანებისგან

  • როდესაც გრძნობ სტრესს იმის გამო, რომ იძულებული ხარ, შენს ბიოლოგიურ სქესს მოერგო

ასეთი ზეწოლა შეიძლება ძალიან სტრესული იყოს, განსაკუთრებით როდესაც მას სხვა ცხოვრებისეული პრობლემები ემატება, მაგალითად, სწავლა, სამსახური, ურთიერთობები და საკუთარი თავისა და სამყაროში ადგილის ძიება.

რესურსები და მხარდაჭერა

თუკი გიჭირთ საკუთარი გენდერული იდენტობის მიღება, ხართ ბულინგის მსხვერპლი, გაწუხებთ დეპრესია ან თავს იზოლირებულად გრძნობთ, შეგიძლიათ, მხარდაჭერისა და დახმარებისთვის მიმართოთ სხვა LGBTQ+ ადამიანებს ან ქვიარ ორგანიზაციებს.

იხილეთ ქვიარ მეგობრული ორგანიზაციების სია.

♦ სტატია მომზადებულია საგანმანათლებლო პლატფორმა Femea.ge-ს მიერ.

კიმ პეტრასი მეორე ტრანსგენდერი არტისტია, რომელმაც გრემი მიიღო

გრემის 65-ე დაჯილდოების ცერემონიაზე სემ სმიტმა და კიმ პეტრასმა საუკეთესო პოპ დუეტის ან ჯგუფური შესრულების კატეგორიაში გაიმარჯვეს, ცნობილი ჰიტისთვის — Unholy. 

კიმ პეტრასი დაჯილდოების ისტორიაში პირველი ტრანსგენდერი არტისტი გახდა, რომელმაც აღნიშნულ კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. სამადლობელი სიტყვის წარმოთქმისას, სემ სმიტმა სათქმელი კიმ პეტრასს დაუთმო. პეტრასმა მადლობა იმ ტრანსგენდერ ქალებს გადაუხადა, რომლებმაც გზა გაუკვალეს, მათ შორის, 2 წლის წინ გარდაცვლილ მუსიკოს სოფის. 

„მინდა, განსაკუთრებული მადლობა სოფის გადავუხადო, რომელიც 2 წლის წინ გარდაიცვალა. ის მეუბნებოდა, რომ ეს დღე დადგებოდა და ჩემი მუდამ სჯეროდა. სოფი, გმადლობ შთაგონებისთვის. გაღმერთებ და შენი ინსპირაცია ჩემს მუსიკაში ყოველთვის იცოცხლებს“, — აღნიშნა პეტრასმა და ლგბტქი აქტივიზმისთვის მადლობა გადაუხადა მადონასაც: „ვფიქრობ, მადონა რომ არა, აქ არ ვიქნებოდი“. 

კიმ პეტრასმა დედამისის შესახებაც ისაუბრა, რომელსაც მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. 

„გზატკეცილის პირას გავიზარდე, გერმანიის მიკარგულ ადგილას. დედაჩემს სჯეროდა, რომ გოგო ვიყავი, მისი და მისი მხარდაჭერის გარეშე აქ ვერ ვიქნებოდი“, — აღნიშნა კიმ პეტრასმა. 

აღსანიშნავია, რომ კიმ პეტრასი გრემის ისტორიაში მეორე ტრანს* არტისტია, რომელმაც ჯილდო მოიპოვა. პირველი გამარჯვებული ვენდი კარლოსი იყო, რომელმაც 1970 წლის დაჯილდოებაზე სამ კატეგორიაში გაიმარჯვა. 

65-ე გრემიზე ჯილდო კიდევ ორმა ქვიარ არტისტმა მოიპოვა: 

  • ლესბოსელი შემსრულებელი ბრენდი კარლაილი საუკეთესო როკ შესრულებისთვის, როკ სიმღერისთვის და ამერიკანა ალბომისთვის დაჯილდოვდა; 
  • ბისექსუალი მუსიკოსი, სტივ ლეისი საუკეთესო პროგრესული R&B ალბომის კატეგორიაში გახდა გამარჯვებული.

Chai Khana და ქვიარი ლგბტქი მედია ქსელ Unit-თან თანამშრომლობას იწყებენ

მულტიმედია პლატფორმა Chai Khana და ქვიარი ლგბტქი საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისა და აქტივისტების ქსელ Unit (n-ost)-თან თანამშრომლობას იწყებენ. 

პარტნიორობის ფარგლებში სამხრეთ კავკასიის რეგიონში ლგბტქი ადამიანების წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ 9 მასალა მომზადდება, რომლებიც ანტი-კოლონიალიზმის, პერსონალური ამბებისა და გამოწვევების, ასევე, კულტურის თემებს დაფარავს. ქვიარი ამ თემებზე საქართველოში იმუშავებს, Chai Khana კი — სომხეთსა და აზერბაიჯანში. 

6-თვიანი სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, აღმოსავლეთ ევროპაში, სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და ცენტრალურ აზიაში მომზადებული 27 მასალით ერთობლივი ინგლისურენოვანი ბეჭდური ჟურნალი გამოიცემა.

Unit არის n-ost-ის მიერ 2018 წელს წამოწყებული მედია პროექტი, რომელიც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში ლგბტქი თემებზე მომუშავე მედიის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ჟურნალისტების, აქტივისტების, მედიასაშუალებებისა და ორგანიზაციების კონსტრუქციულ პარტნიორობას უწყობს ხელს.

Chai Khana მულტიმედია პლატფორმაა, რომელიც სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან ისტორიებს ვიზუალურად გვიყვება და ცდილობს, აუდიტორიას ამბები განსხვავებული პერსპექტივიდან დაანახოს, აღმოაჩენინონ ადამიანები, რომლებსაც აქამდე არ იცნობდნენ, რომელთა ხმა მეინსტრიმულ მედიაში ნაკლებად ისმის ან დაკარგულია.

ქვიარი არის ონლაინ მედია, რომელიც ორიენტირებულია ლგბტქი და ქალთა უფლებებზე, ასევე სოლიდარულია ყველა სხვა სოციალური ჯგუფისა და ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვევა. ჩვენ ვაჟღერებთ ქვიარ თემის ხმებს საქართველოდან და სამხრეთ კავკასიიდან, გიყვებით ლგბტქი ადამიანებთან დაკავშირებულ ისტორიებს და ვაშუქებთ ქვიარ სიახლეებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისტორიიდან ყოველდღიურ სიახლეებამდე, პოლიტიკიდან ხელოვნებამდე და გართობამდე, ჩვენ გაწვდით ინფორმაციის ფართო სპექტრს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე.

LGBTQI პერსონაჟები ზღაპარში — ავტორმა ევროსასამართლოში ლიეტუვასთან დავა მოიგო

/

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმის „მაკატე ლიეტუვას წინააღმდეგ“ (განაცხადი #61435/19) საჯარო მოსმენაზე 2023 წლის 23 იანვარს განაჩენი გამოიტანა.

მოსარჩელე ნერინგვა დანგვიდე მაკატე (1975-2020) ღიად ლესბოსელი საბავშვო მწერალი იყო. მან დაწერა წიგნი, რომელშიც 6 ზღაპარი შედიოდა. ეს ზღაპრები მოიცავდა პერსონაჟებს სხვადასხვა სოციალური ჯგუფიდან, სხვადასხვა რასის ადამიანებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, განქორწინებულ ოჯახებს, ზოგი ზღაპრის მოქმედება კი ისეთი თემების ირგვლივ ვითარდებოდა, როგორებიცაა ემიგრაცია და ბულინგი.

ამ 6 ზღაპრიდან ორის სიუჟეტი შეიცავდა რომანტიკულ ურთიერთობებსა და ქორწინებას ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის. წიგნის გამოქვეყნებიდან მალევე ლიეტუვის ჟურნალისტური ეთიკის ინსპექციამ დაადგინა, რომ ეს ზღაპრები არღვევდა „საჯარო ინფორმაციის საზიანო ეფექტებისგან არასრულწლოვანთა დაცვის აქტის“ პარაგრაფი 4 § 2 (16).

ამ აქტის მიხედვით, არასრულწლოვანებზე უარყოფითი გავლენის მქონედ მიიჩნევა ინფორმაცია, რომელიც „გამოხატავს უპატივცემულობას ოჯახური ღირებულებების მიმართ“ ან „ახალისებს ქორწინებისა და ოჯახის შექმნის იმისგან განსხვავებულ კონცეფციას, რომელიც კონსტიტუციაში ან სამოქალაქო კოდექსშია აღწერილი“. 

ჟურნალისტური ეთიკის ინსპექციის გადაწყვეტილების შემდეგ, გამომცემელმა წიგნს დაამატა გაფრთხილება, რომ ის შეიძლება საზიანო იყოს 14 წლამდე ბავშვებისთვის. მოსარჩელემ შეიტანა სამოქალაქო სარჩელი გამომცემლის წინააღმდეგ, თუმცა სასამართლომ მისი საჩივარი უარყო და დაადგინა, რომ გამომცემელმა იმოქმედა შიდასახელმწიფოებრივი კანონის ფარგლებში ოჯახის კონცეფციისა და საზიანო ინფორმაციისგან არასრულწლოვანების დაცვის შესახებ. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი 2019 წლის 22 ნოემბერს შევიდა.

დიდხნიანი ლოდინის შემდეგ, „მაკატე ლიეტუვის წინააღმდეგ“ საქმის გადაწყვეტილებაში ევროსასამართლომ დაასკვნა, რომ „მოსარჩელის წიგნის წინააღმდეგ მიღებული ზომები მიმართული იყო ბავშვებისთვის იმ ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვისკენ, რომელიც ასახავდა ერთი და იმავე სქესის ადამიანების ურთიერთობებს (რომლებიც არსობრივად განსხვავებული სქესის ადამიანების ურთიერთობების თანასწორია) და ამ ინფორმაციას საზიანოდ აღიარებდა. ამ ზომებს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი კონვენციის 10 § 2 მუხლის მიხედვით“.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, წიგნზე „გამაფრთხილებელი ნიშნის“ დართვა, რომ მისი შიგთავსი „საზიანოა“ ბავშვებისთვის, არღვევს ავტორის გამოხატვის თავისუფლებას და ზღუდავს ბავშვების წვდომას ინფორმაციაზე. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ლგბტქი თემის სიტყვის თავისუფლებისთვის, ასევე, ძლიერი განაცხადი, რომელიც ეწინააღმდეგება ქვიარ ადამიანების დისკრიმინაციას ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

ვინაიდან მოსარჩელე, წიგნის ავტორი, საქმის დასრულებამდე გარდაიცვალა, ევროსასამართლომ ლიეტუვას მისი შთამომავლებისთვის 12 000 ევროს ოდენობის ჯარიმა დააკისრა ზიანისა და სამართლებრივი ხარჯების ასანაზღაურებლად.

„შემაშფოთებელია, რომ პასუხისმგებელ ინსტიტუციებს ჯერ კიდევ არ მიუღიათ ზომები კანონის დისკრიმინაციული დებულებების გაუქმებასთან დაკავშირებით, რომლებიც, თავისი შინაარსით, თითქმის იდენტურია იმ ანტიდემოკრატიული „ანტი-გეი პროპაგანდის“ კანონებისა, რომლებიც უნგრეთსა და რუსეთში არსებობს“, — აღნიშნა Lithuanian Gay League-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ვლადიმირ სიმონკომ.

რას ნიშნავს ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება?

ევროსასამართლოს ამ საქმესა და გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ქვიარი ესაუბრა ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის (WISG) იურისტს, ქეთი ბახტაძეს.

„ლიეტუვის სასამართლოები ამბობდნენ, რომ მათი მხრიდან შეზღუდვის საფუძველს წარმოადგენდა ერთი და იმავე სქესის წყვილების ურთიერთობების წახალისება, რაც პირდაპირი მითითებაა იმაზე, რომ არ მომხდარიყო ე.წ. „პროპაგანდა“. სტრასბურგის სასამართლოს უნდა ემსჯელა, რამდენად იყო წახალისება ბავშვის მიერ იმ ინფორმაციის გაგება, რომ არსებობენ ჰომოსექსუალი წყვილები და მათაც ისეთივე ურთიერთობები აქვთ, როგორც ჰეტეროსექსუალ წყვილებს — რა ასაკისაც არ უნდა იყოს ბავშვი და საიდანაც არ უნდა იგებდეს ის ამ ინფორმაციას, იქნება ეს სატელევიზიო რეკლამა, ზღაპარი თუ რამე სხვა წყარო. ევროსასამართლომ ამ გადაწყვეტილებით განაცხადა, რომ ლიეტუვის სასამართლოების მსჯელობა არათუ უბრალოდ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა იყო, არამედ მას, ასევე, საფუძვლად ედო ეროვნული სასამართლოების წინასწარგანწყობა, დისკრიმინაციული, ცრურწმენებით გაჯერებული სტერეოტიპული შეხედულება, რომ თითქოს ბავშვის მიერ იმის გაგება, რომ არსებობენ ერთი და იმავე სქესის ადამიანები, რომელსაც ერთმანეთი უყვართ, „პროპაგანდას“ გაუწევს მათ ჰომოსექსუალურ ურთიერთობებს. სტრასბურგის სასამართლომ მიუთითა, რომ ლიეტუვის სასამართლოების დასკვნა ჰეტეროსექსუალ წყვილებს დომინანტურ მდგომარეობაში აყენებდა და ამით ლგბტ თემის მიმართ სტიგმის გაძლიერების საფრთხეს ქმნიდა“, — ამბობს WISG-ის იურისტი.

რატომ არის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი?

ევროპული სასამართლო აქამდე მაქსიმალურად ერიდებოდა ისეთი პრეცედენტების შექმნას, რომლებიც ლიტერატურას ეხებოდა. თუკი ლიტერატურა აშკარად ეროტიკული შინაარსის არ არის, ბევრ ქვეყანაში არ არსებობს მასზე არანაირი შეზღუდვები. თუმცა, ბავშვების საზიანო ინფორმაციისგან დაცვის კონტექსტში რეგულაციების დაწესება გავრცელებული პრაქტიკაა.

„პირველ ყოვლისა, ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრეცედენტი, რომელმაც განსაზღვრა და პირველად განმარტა, რას ნიშნავს კონვენციის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი (რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებს ითვალისწინებს) სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერულ იდენტობასთან მიმართებით, როდესაც საუბარია  „ბავშვისთვის მავნე ზეგავლენის მომტან ინფორმაციაზე“. სასამართლომ ამ საეტაპო გადაწყვეტილებით იმსჯელა,  რას წარმოადგენს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაცია სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობასთან დაკავშირებით, რამდენად ეხება ან არ ეხება ის ლგბტ საკითხებს და სად გადის ზღვარი საფრთხესა და სტიგმის გაძლიერებას შორის. სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ზღვარი გადის იმაზე, თუ რამდენად ეხება ლიტერატურა უშუალოდ სექსს და სექსუალურ ურთიერთობებს. სექსუალური ურთიერთობის კონტექსტში ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური ურთიერთობები თანასწორია და ორივე შეიძლება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი იყოს, რადგან ის ჯერ კიდევ მომწიფების პროცესშია და მისი სექსუალობა არ არის ბოლომდე ჩამოყალიბებული. თუმცა, ლიეტუვამ ერთი და იმავე სქესის წყვილები ნაკლებად სახარბიელო მდგომარეობაში დააყენა ჰეტეროსექსუალ წყვილებთან შედარებით, რადგან ეროვნულმა სასამართლოებმა სექსუალურ ორიენტაციაზე დაწერილი ყველაფერი სექსს დაუკავშირეს. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ასე არ არის და და ერთი და იმავე სქესის ადამიანების სიყვარული და ურთიერთობები არის აბსოლუტურად ნორმალური და ჯანსაღი, ხოლო თუ ვინმე სხვანაირად ფიქრობს, ის აზროვნებს სტერეოტიპულად და აძლიერებს სტიგმას ჰომოსექსუალობასთან დაკავშირებით“, — ამბობს ქეთი ბახტაძე.

ეს პირდაპირაა მოცემული ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში, სადაც ვკითხულობთ (215):

„[ევროპული] სასამართლო მტკიცედ დგას იმ აზრზე, რომ იმ ზომებს, რომლებიც მხოლოდ სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ზღუდავს ბავშვის წვდომას ერთი და იმავე სქესის ურთიერთობების შესახებ ინფორმაციაზე, უფრო ვრცელი სოციალური ქვეტექსტი აქვთ. ასეთი ზომები, განურჩევლად იმისა, ისინი პირდაპირაა ასახული კანონში თუ ცალკეულ შემთხვევებში მიიღება, ცხადყოფს, რომ ხელისუფლება უპირატესობას ანიჭებს გარკვეული ტიპის ურთიერთობებსა და ოჯახებს სხვებთან შედარებით — რომ სხვადასხვა სქესის ადამიანების ურთიერთობები მათთვის სოციალურად უფრო მისაღები და ღირებულია, ვიდრე ერთი და იმავე სქესის ურთიერთობები, რაც ამ უკანასკნელის სტიგმატიზაციას უწყობს ხელს. შესაბამისად, ასეთი შეზღუდვები, რაც არ უნდა შეზღუდული იყოს ისინი თავიანთი მასშტაბებითა და ეფექტებით, შეუთავსებელია თანასწორობის, პლურალიზმისა და ტოლერანტობის ცნებებთან, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოებისთვისაა დამახასიათებელი“.

აქვე აღსანიშნავია, რომ ამ გადაწყვეტილებაში ევროსასამართლომ მოიხმო ძალიან საინტერესო პრეცედენტები სექსუალურ განათლებასთან დაკავშირებით — გაიხსენა ძველი საქმეები და თქვა, რომ სექსუალური განათლების კონტექსტში ამ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არის ბავშვის უფლება, მათ შორის, სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით, რომელიც მრავალფეროვანია.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მნიშვნელობა ქართული რეალობისთვის

„ზოგადად, როდესაც ევროპული სასამართლო სხვა ქვეყანასთან მიმართებით იღებს გადაწყვეტილებას, ჩვენთვის, როგორც კონვენციის მონაწილე სახელმწიფოსთვის, ამას „მსუსხავი“ ეფექტი აქვს, რადგან სწორედ სასამართლო განმარტავს კონვენციას. რას შეცვლის ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის და სხვებისთვის? რა თქმა უნდა, ყოველთვის, როცა ნებისმიერი წიგნის ავტორი იდავებს ევროპის მასშტაბით მის გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაზე, ევროსასამართლოს ეს განმარტება შინაარსობრივად დაეხმარება იმის დადგენაში, თუ სად არის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და ბავშვისთვის საფრთხის შემცველ ინფორმაციას შორის, როცა საუბარია ერთი და იმავე სქესის ურთიერთობებზე და ლგბტ ადამიანებზე. საჯარო ინტერესია, რომ აღმოვფხვრათ სტიგმა, დისკრიმინაცია და სტერეოტიპები, რომლებიც სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას უკავშირდება და, ზოგადად, სექსუალობას ეხება. ის, რომ ბავშვი იღებს ინფორმაციას ტელევიზიიდან, თუნდაც სოციალური რეკლამის ან რამე სხვა სახით, ერთი და იმავე სქესის წყვილებზე, რომ ისინი ცხოვრობენ ქვეყანაში, უყვართ ერთმანეთი და ა.შ. არის ნორმალური, ჯანსაღი პროცესი და სახელმწიფო კი არ უნდა ზღუდავდეს ამას, არამედ პირიქით, ის ვალდებულია, რომ ეს წაახალისოს, მედიაში და მხატვრულ ლიტერატურაშიც, მათ შორის ზღაპრებშიც. ამიტომ, გულწრფელად რომ გითხრათ, ამ გადაწყვეტილების გავლენა უპრეცედენტო მასშტაბის იქნება. თუკი აქამდე ბევრი ქვეყანა ცდილობდა ისეთი კანონმდებლობის შექმნას, რომელიც „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვის“ მოტივით ერთი და იმავე სქესის წყვილებისა და მათი ურთიერთობების ნორმალიზებას შეუშლიდა ხელს, ამ გადაწყვეტილებამ ეს მსჯელობა ერთმნიშვნელოვნად უარყო და თქვა, რომ ეს არამარტო გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევაა, არამედ ადამიანები უნდა სარგებლობდნენ ერთი და იმავე თავისუფლებით, მათ შორის, საკუთარი ურთიერთობების შესახებ ინფორმაციის გავრცელების თავისუფლებით და შეუძლებელია, ამან ბავშვი დააზიანოს. ეს იყო ყველაზე მთავარი ამ გადაწყვეტილებაში“, — ამბობს ქეთი ბახტაძე.

აღსანიშნავია, რომ ევროსასამართლოს ეს გადაწყვეტილება შეეხება არამხოლოდ ლიტერატურას, არამედ გამოხატვის სხვა ფორმებსაც, მაგალითად, კინოს. თუკი პროდუქტი არ უკავშირდება ერთი და იმავე სქესის წყვილების სექსუალური შინაარსის მატარებელ ურთიერთობას, მაშინ ამ გადაწყვეტილებით მისი თავისუფალი გავრცელება ნებადართულია, რისი ფუფუნებაც აქამდე არ არსებობდა.

„ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები ჩვენთან, ეროვნული სასამართლოების მიერ გამოიყენება ძალიან აქტიურად და როდესაც გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით იქნება დავა საქართველოს სასამართლოში, საქართველოს ეროვნულ სასამართლოს შეუძლია ამ გადაწყვეტილებაზე მითითებით განმარტოს გამოხატვის თავისუფლების ფარგლები. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამართლებრივი არგუმენტი. ზოგიერთი იურისტი ფიქრობს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს საქართველოში „სარეკომენდაციო ხასიათი“ აქვს, მაგრამ მე მათ რიცხვს არ მივეკუთვნები. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვალდებული ვართ, სხვა ქვეყნებთან მიმართებით ევროსასამართლოს გადაწყვეტილებები გამოვიყენოთ ეროვნულ დონეზე და არ დაველოდოთ, სასამართლო იმავე საკითხზე ჩვენთან მიმართებით როდის მიიღებს ანალოგიურ გადაწყვეტილებას“, — აცხადებს ქეთი ბახტაძე.

უცნობია, რას იზამს ლიეტუვა ევროსასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ, თუმცა ახლა ჯერი სწორედ მასზეა — მთავრობაზე, რომელმაც უნდა წარადგინოს სამოქმედო გეგმა, თუ რა ზოგად ზომებსა და ღონისძიებებს გაატარებს — შეცვლის კანონს თუ პრაქტიკას, რათა ქვეყანაში ასეთი დარღვევები აღარ განმეორდეს.

ლგბტქი უფლებები და „ანტი-გეი პროპაგანდის“ ისტორია ლიეტუვაში

ლგბტქი ადამიანები ლიეტუვაში უთანასწორო სამართლებრივი და სოციალური გამოწვევების წინაშე დგანან — ქვეყანაში არ არის ხელმისაწვდომი ერთი და იმავე სქესის სამოქალაქო პარტნიორობა და ქორწინება. მართალია, ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაცია ლიეტუვაში 1993 წელს მოხდა, თუმცა ისტორიული მემკვიდრეობა დღემდე აგრძელებს ლგბტქი ადამიანების უფლებების შეზღუდვის ხელშეწყობას. აღსანიშნავია, რომ დისკრიმინაციისგან დაცვა დაკანონდა ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმების ფარგლებში და 2010 წელს ვილნიუსში პირველი ღირსების მარში გაიმართა.

მიუხედავად ამისა, ქვიარ ადამიანების მიმართ უარყოფითი განწყობები ჯერ კიდევ ღრმადაა ფესვგადგმული მთელი ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვებით დადგენილია, რომ ლიეტუვაში ძალიან ცოტა უჭერს მხარს ქორწინების თანასწორობას და ჰომოფობიური განწყობები ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული. 2015 წელს Eurobarometer-მა აჩვენა, რომ ლიეტუველთა მხოლოდ 24% უჭერდა მხარს ერთი და იმავე სქესის ადამიანების ქორწინებას, რაც ევროკავშირის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელია (მას მხოლოდ ლატვია, რუმინეთი და ბულგარეთი ჩამორჩება).

ხანგრძლივი ისტორია აქვს ლიეტუვაში „ანტი-გეი პროპაგანდასაც“. ის ლგბტქი თემატიკასთან დაკავშირებული მასალების შეზღუდვის წყარო არაერთხელ გამხდარა.

2013 წლის ივლისში ლიეტუვის გეი ლიგამ (LGL) ინსპექციასთან უჩივლა ლიეტუვის ეროვნულ რადიოსა და ტელევიზიას. საჩივარი ეხებოდა მაუწყებლობის გადაწყვეტილებას, შეეზღუდა ბალტიკური ღირსების მარშის ორი სარეკლამო ვიდეოს გავრცელება: მაუწყებელმა გადაწყვიტა, რომ ერთ-ერთი ვიდეოს ჩვენება დასაშვები იყო მხოლოდ ღამის 9 საათიდან და მასზე უნდა დართულიყო გაფრთხილება, რომ ის შეიძლებოდა საზიანო ყოფილიყო 14 წლამდე ბავშვებისთვის, მეორე ვიდეოს ჩვენება კი დასაშვები იყო მხოლოდ ღამის 11 საათიდან იმ გაფრთხილების დართვით, რომ ის მხოლოდ ზრდასრულებისთვის იყო შესაფერისი. მაუწყებელმა ეს გადაწყვეტილება მიიღო იმის საფუძველზე, რომ ვიდეოები პოტენციურად არღვევდა არასრულწლოვანთა დაცვის აქტის პარაგრაფი 4 § 2 (16). 2013 წლის სექტემბერში ინსპექციამ უარყო ლიეტუვის გეი ლიგის საჩივარი და დაადგინა, რომ მაუწყებელს არ ჰქონდა არავითარი ვალდებულება, გაეშვა ეს ვიდეოები და, შესაბამისად, უარი იმაზე, რომ ისინი გაეშვა ღირსების მარშის ორგანიზატორების სურვილების შესაბამისად, არ არღვევდა არცერთ კანონს.

2014 წლის 25 ოქტომბერს LGL-მ მიმართა ევროკომისიას საჩივრით, რომ ლიეტუვამ ვერ შეასრულა ევროკავშირის მიერ დაკისრებული ვალდებულებები. ლგბტქი ორგანიზაცია ILGA-Europe-თან ერთად მომზადებულ ოფიციალურ საჩივარში LGL-მ ხაზი გაუსვა, რომ ლიეტუვამ დაარღვია სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კანონი, რომელიც ევროკავშირის ხელშეკრულებით იყო დაცული.

გარდა ამისა, 2018 წლის 6 ნოემბერს, თავის 20 წლის იუბილეზე, ლიეტუვურმა პოპ-როკ ჯგუფმა Skamp გამოსცა ახალი სინგლი „Love Me Like There’s No Tomorrow“ მუსიკალურ ვიდეოსთან ერთად, რომლის გაშუქებაზეც ლიეტუვურმა ტელევიზიამ უარი განაცხადა, რადგან მასში ერთი და იმავე სქესის წყვილების სიყვარული იყო ნაჩვენები.

წყარო: LGL, Article 19

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ლომჯარიას ადამიანის უფლებათა დამცველის ჯილდო გადასცა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ყოფილ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიასა და მის გუნდს, 2022 წლის ადამიანის უფლებების დამცველების გლობალური ჯილდო გადასცა. აღნიშნული ჯილდო სხვადასხვა ქვეყნის კიდევ 10 წარმომადგენელს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ურზა ზეიამა და სახელმწიფო მდივნის ასისტენტმა, ერინ ბარკლიმ მიანიჭა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ გვერდზე გამოქვენებული განცხადების იმ ნაწილის მიხედვით, რომელიც ყოფილ ომბუდსმენსა და მის გუნდს ეხება, ვკითხულობთ, რომ ნინო ლომჯარიას ხელმძღვანელობით, სახალხო დამცველის ოფისი ფართოდ მიიჩნეოდა ყველაზე დამოუკიდებელ დემოკრატიულ ინსტიტუტად საქართველოში. მისი პოსტზე ყოფნის განმავლობაში, ზოგჯერ ძლიერი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ, ომბუდსმენი და მისი გუნდი ადვოკატირებას უწევდნენ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერებას ყველასათვის და მათ სრულად შეინარჩუნეს დამოუკიდებლობა. სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად, ბავშვთა, შეზღუდული შესაძლებლობის პირების, პატიმრების, ლგბტქი+ ადამიანების და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების უფლებების დასაცავად, პოლიტიკური მიკერძოების გარეშე იყო მიმართული; იყო დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის მცდელობა, რომელიც თანხვედრაშია მისი მოქალაქეების ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან.

“ჩვენთვის პატივია დავაჯილდოოთ ლაურეატთა ჯგუფი — ათი ადამიანი მსოფლიოს მასშტაბით, რომლებმაც გამოავლინეს ლიდერობა და გამბედაობა, ამავდროულად, ხელს უწყობდნენ და იცავდნენ ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, ამჟღავნებდნენ და უპირისპირდებოდნენ სახელმწიფოებისა და კერძო სექტორის მიერ უფლებათა დარღვევებს, იცავდნენ გარემოს, აუმჯობესებდნენ მმართველობას, რომ უზრუნველყოფილიყო ანგარიშვალდებულება — ყველაფერი ეს, რათა დაუსჯელობას წერტილი დასმოდა,”— ვკითხულობთ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

ნინო ლომჯარიამ მადლობა გადაუხადა სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე, საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს.

“დიდი მადლობა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს და ამერიკის საელჩოს საქართველოში, რომლებმაც მხარი დამიჭირეს აღნიშნულ ჯილდოზე წარმომედგინა ევროპის რეგიონი. დიდი მადლობა, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის აპარატის თითოეულ თანამშრომელს, ჩემ მოადგილეებს და ყველას, ვისთან ერთადაც ბოლო 5 წელი ვიბრძოდით ადამიანის უფლებების დასაცავად!”, — დაწერა ყოფილმა სახალხო დამცველმა Facebook-ზე.

ყოველ მე-5 ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს — კიდევ რა წერია NDI-ის კვლევაში

ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) კვლევის ახალ შედეგებს აქვეყნებს. კვლევის მიხედვით, ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება — ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს და მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს.

კვლევა შეეხება საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს. მათ შორის ეკონომიკას, სიღარიბის აღქმას, ინსტიტუტებსა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.

კვლევის ძირითადი მიგნებები ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერას, არსებულ ეკონომიკურ გამოწვევებს, სიღარიბესა და ინფლაციას, ემიგრაციასა და იმიგრაციასა და მთავრობის საქმიანობის შეფასებას ეხება. აღნიშნული მიგნებების თანახმად,

  • ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან. თუმცა, ასეთი მისწრაფებების მიუხედავად, მოსახლეობის უმრავლესობის აზრით, საქართველოს მთავრობა არაფერს აკეთებს ან საკმარისს არ აკეთებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად;
  • მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებითაც — მოსახლეობის უმრავლესობა (73%) საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს;
  • არსებული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს — სხვა გამოწვევები ახლოსაც ვერ მოდის ამ ჩამონათვალთან. ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია;
  • ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს;
  • მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10%-იანი ზრდის მიუხედავად (41%-და 51%-მდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61% ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე 5%-იანი ზრდაა. მეტიც, ქართული ოცნების მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

კვლევის პირველი თავის მიხედვით, რომელიც ქვეყნის განვითარების მიმართულებას, უსაფრთხოების განცდასა და მომავალსა და ოპტიმიზმს ეთმობა,

  • წინა კვლევასთან შედარებით, 14%-ით გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.
  • ქვეყნის მიმართულების დადებითი შეფასება ყველაზე მეტად ქართული ოცნების მხარდამჭერებში გაიზარდა და უმეტესობა ამბობს, რომ საქართველოში თავს დაცულად გრძნობს. თავს ყველაზე ნაკლებად დაცულად — თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები, ხოლო ყველაზე მეტად დაცულად ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, ქართული ოცნების მხარდამჭერები და კაცები გრძნობენ;
  • საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად, ძირითადად, ეკონომიკური საკითხების გამო გრძნობენ.
NDI

კვლევის მეორე თავი ეროვნული გამოწვევებს/პრიორიტეტებსა და განათლება ეხება.

  • ფასების ზრდა, სამუშაო ადგილები და სიღარიბე კვლავ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, ხოლო პირველად NDI საქართველოს კვლევების ისტორიაში, ფასების ზრდა ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად დასახელდა;
  • მოსახლეობას ასევე აწუხებს განათლების დაბალი ხარისხი, სწავლის მაღალი საფასური და მასწავლებლების/ ლექტორების დაბალი კვალიფიკაცია. განათლების ხარისხთან დაკავშირებით ყველაზე მეტად თბილისელები, ქალები, უმაღლესი განათლების მქონე ადამიანები, დასაქმებულები და ოპოზიციის მხარდამჭერები წუხან.
NDI

მესამე თავის მიხედვით, რომელიც საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას, უმუშევრობას, მთავრობის ეკონომიკური სტრატეგიის შეფასებას, ემიგრაციას, შინამეურნეობის ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას, ყოველთვიურ ხარჯებს, ფასების მომატებას, საკუთრების ფორმებსა და შინამეურნოების კეთილდღეობის სკალას ეხება, მოქალაქეთა უმეტესობა საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად აფასებს.

  • საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობას ყველაზე კრიტიკულად თბილისელები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები აფასებენ, ხოლო ეკონომიკის მთავარ გამოწვევებად უმუშევრობა, ფასების ზრდა და დაბალი ხელფასები დასახელდა;
  • ყოველი მეხუთე მოქალაქე უმუშევარია — ურბანული დასახლებების მაცხოვრებელთა უმრავლესობა დასაქმებულია, ხოლო ქალების უმეტესობა ამბობს, რომ დაუსაქმებელი ან დიასახლისია. უმუშევართა უმრავლესობა ამბობს, რომ სამსახურს ან საერთოდ ვერ პოულობს ან შესაფერისი ანაზღაურებით, ხოლო სოფლის ტიპისა და ეთნიკურ უმცირესობათა დასახლებებში უმუშევრების უმრავლესობა ამბობს, რომ ვერ პოულობს ვერანაირ სამსახურს;
  • მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასების მომატებაზე წუხს, მათი ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას ცუდად ან დამაკმაყოფილებლად აფასებს და ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარებას შეძლებს (თბილისის მცხოვრებლები და ოპოზიციის მხარდამჭერები ყველაზე კრიტიკულად არიან განწყობილნი);
  • საზოგადოების აზრი გაყოფილია იმის შესახებ, თუ ვისი ბრალია ფასების ზრდა (პასუხები განსხვავდება პოლიტიკური პრეფერენციების მიხედვით: ოპოზიციის მხარდამჭერთა უმრავლესობა მთავრობას ადანაშაულებს, ხოლო ქართული ოცნების მხარდამჭერთა უმრავლესობა – მთავრობის კონტროლს მიღმა არსებულ ფაქტორებს);
  • ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს (ქვეყნის დანარჩენ მოსახლეობასთან შედარებით, პატარა ქალაქებსა და სოფლის ტიპის დასახლებებში მცხოვრებთ და 55+ ასაკის მოქალაქეებს ყველაზე მეტად უჭირთ. პოლიტიკური სიმპატიების მიხედვით განსხვავებები არ გამოიკვეთა);
NDI
  • მოქალაქეთა უმრავლესობა ოჯახის შემოსავალს, ძირითადად, საკვებზე, კომუნალურ გადასახადებზე, წამლებსა და სესხებზე ხარჯავს, ხოლო ყოველი მეორე ამბობს, რომ ბოლო 6 თვის მანძილზე ყოფილა შემთხვევა, როცა კომუნალურის გადასახდელად საკმარისი ფული არ ჰქონია;
  • ფინანსური სირთულეების გამო, მოსახლეობის უმრავლესობამ დასვენებისა და შოპინგის ხარჯები შეამცირა. უმრავლესობის აზრით, მათ ოჯახს კომფორტული ცხოვრებისთვის ყოველთიურად 3000 ლარამდე შემოსავალი ეყოფოდა. ასევე, ყოველი მესამე ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით საჭმელსა და წამლებზე ნაკლებს ხარჯავს (ყოველი მეორე ამბობს, რომ ფინანსურ პრობლემებთან გამკლავების მიზნით, გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა. სოფლის მოსახლეობის, ასევე 55+ ასაკის მოქალაქეების უმრავლესობამ გაზისა და ელ. ენერგიის მოხმარება შეზღუდა);
  • საქართველოს ყოველი მეხუთე მოქალაქე ემიგრაციაში წასვლაზე ფიქრობს, ხოლო თბილისის, დიდი ქალაქებისა და უმცირესობათა დასახლებების მცხოვრებთა მეოთხედს, ასევე, ახალგაზრდების მესამედს ემიგრაციაში წასვლა სურს;
  • უმრავლესობა თავის ან ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებულ ბინაში ცხოვრობს (თბილისის ყოველი მეოთხე მცხოვრები ბინას ქირაობს. იმ 9%-დან, ვინც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ნახევარმა თქვა, რომ ბოლო 12 თვის მანძილზე ქირა გაუძვირდა. ასევე, მათი ნახევარი შიშობს, რომ მომავალში ქირის გადახდას ვერ შეძლებს).

მეოთხე თავი საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ეხება. კვლევის მიხედვით,

  • ყოველი მესამე მოქალაქე ავტოსატრანსპორტო შემთხვევებსა და სახლის გაძარცვის რისკებზე ღელავს, თუმცა, უმრავლესობა არ ღელავს ქუჩაში გაქურდვის, ფიზიკური ზიანის მიყენების, პირადი ან ფინანსური ინფორმაციის მოპარვის ან სექსუალური შევიწროების საფრთხეებზე;
  • თბილისი გამორჩეულია — თბილისში ყოველი მეორე ადამიანი ავტოსაგზაო შემთხვევისა და სახლის გაქურდვის საფრთხეებზე ღელავს, ასევე ყოველი მეორე ადამიანი ქუჩაში გაქურდვისა და პერსონალური/ ფინანსური ინფორმაციის მოპარვის საფრთხეებზე ღელავს;
  • მოსახლეობის მეოთხედი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს;
  • თბილისელების თითქმის 40% საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს, განსაკუთრებით ქალები;
  • ასევე, თბილისში ყოველი მეორე ქალი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში თავს დაუცველად გრძნობს.
NDI

მეხუთე თავი მთავრობის, პრემიერმინისტრის, პრეზიდენტის და პარლამენტის საქმიანობის, პოლიტიკური პარტიების შეფასებასა და ქალთა პოლიტიკურ მონაწილეობას შეეხება.

  • გასული წლის შემდეგ, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასება 10%-ით გაიზარდა, პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის საქმიანობის უარყოფითი შეფასებები კი 8-10%-ით შემცირდა, თუმცა, პრემიერის საქმიანობის შეფასება შედარებით დაბალია თბილისში და ოპოზიციის მხარდამჭერებში;
  • აღსანიშნავია, რომ პარლამენტს ყველაზე კრიტიკულად თბილისსა და დიდ ქალაქებში, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერებში აფასებენ, ხოლო, წინა კვლევასთან შედარებით, ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიჩნევს, რომ საქართველოში არცერთი პარტია არ გამოხატავს ხალხის ინტერესებს;
  • ქართული ოცნების მხარდამჭერთა მესამედი და ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერთა თითქმის ნახევარი ამბობს, რომ არცერთი პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს (პარტიებისადმი მიკუთვნებულობის განცდა შედარებით უფრო მაღალია 55+ ასაკის მოსახლეობასა და სოფლის ტიპის დასახლებებში);
  • უმეტესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია;
NDI
  • მოქალაქეები უფრო მეტად უჭერენ მხარს საპარლამენტო ცხოვრებაში ქალებისა და კაცების თანაბარ მონაწილეობას. პარლამენტში 50-50-ზე გენდერულ გადანაწილებას ყველაზე მეტად პატარა ქალაქებსა და თბილისში, ასევე ქალები და ახალგაზრდები უჭერენ მხარს.

მეექვსე თავი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროგრესის შეფასებასა და  ევროინტეგრაცის კუთხით მთავრობის საქმიანობის შეფასებას ეთმობა. აღნიშნული თავის თანახმად,

  • ნატოს მხარდაჭერა სტაბილურად მაღალია, ხოლო ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა და ჩვეულ ნიშნულს დაუბრუნდა, რაც საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ევროკავშირში გაწევრიანების ურყევ მხარდაჭერაზე მიუთითებს;

    NDI
  • მოსაზრებები გაყოფილია იმასთან დაკავშირებით, დაშორდა თუ დაუახლოვდა საქართველო ევროკავშირს, თუმცა, ქართული ოცნების მხარდამჭერებს უფრო მეტად მიაჩნიათ, რომ საქართველო ევროკავშირს დაუახლოვდა;
  • უმრავლესობა ფიქრობს, რომ საქართველოს მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს, ხოლო თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების მოსახლეობა, ასევე ოპოზიციის მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ მთავრობა საკმარისს არ აკეთებს ან არაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს.
NDI

დოკუმენტის მეშვიდე და ბოლო თავი ეხება რუსეთის შეჭრას უკრაინაში, რუსების იმიგრაციის გავლენას საქართველოზე, სახელმწიფო პოლიტიკას რუსი მოქალაქეების მიმართ, სავიზო რეჟიმის შემოღებას რუსეთის მოქალაქეებისთვისა და დამოკიდებულებას რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ.

აღნიშნული თავის მიხედვით,

  • უკრაინაში ომს უფრო ნაკლები ადამიანი აბრალებს რუსეთს, ვიდრე მარტსა და აგვისტოს გამოკითხვებში, თუმცა იზრდება მათი რიცხვი, ვინც ბრალს სახელდობრ პუტინს სდებს;
  • სხვებთან შედარებით, თბილისელები რუსეთს უფრო მეტად აბრალებენ უკრაინაში ომს, ხოლო, უმრავლესობის აზრით, საქართველოში რუსების იმიგრაციას, შესაძლოა, ქვეყანაზე უარყოფითი გავლენა ჰქონდეს;
NDI
  • უმრავლესობისთვის რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიდგომა მიუღებელია, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში უმეტესობა რუსების იმიგრაციისგან სარგებელს ელის;
  • რუსეთის მოქალაქეების შემოსვლასთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას ყველაზე კრიტიკულად თბილისის მოსახლეობა, ქალები და ოპოზიციის მხარდამჭერები აფასებენ;
  • უმრავლესობა მხარს უჭერს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწერებას და რუსეთის მთავრობის მიმართ ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ, თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთის მთავრობის მიმართ ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში აქვთ;
NDI
  • სავიზო რეჟიმის მხარდაჭერა კიდევ უფრო მაღალია თბილისში, 18-34 წლის ასაკობრივ კატეგორიაში, ქალებსა და ოპოზიციის მხარდამჭრებში, თუმცა, ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში მოქალაქეებს ამ საკითხთან დაკავშირებით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვთ;
  • რუსეთის მთავრობისგან განსხვავებით, მოსახლეობის უმრავლესობა რუსი ხალხის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო რუსი ხალხის მიმართ ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ: თბილისის მოსახლეობას, 18-34 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, ქალებს და ოპოზიციის მხარდამჭერებს; საქართველოს მოსახლეობა ფიქრობს, რომ რუსეთის მთავრობა და ხალხი ერთი არ არის.

NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ და 2,519 დასრულებული ინტერვიუს (29% გამოპასუხება) აერთიანებს, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.6%-ია.

საზოგადოებრივი აზრის მაჩვენებელი ანგარიში 2022 წლის 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს. შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ხოლო რესპონდენტების შერჩევა — კიშის ცხრილის გამოყენებით. ინტერვიუებიდან ყველა ჩატერებული პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, 18+ ასაკის მოსახლეობასთან, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული.

The Sims ტრანსინკლუზიური განახლებით ბაინდერებსა და მასტექტომიის იარებს დაამატებს

თამაში სიმსები პერსონაჟების პერსონალიზაციის ახლად დამატებული ვარიანტებით კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რამდენად მარტივია ადამიანების სხვადასხვა ნიშნით რეპრეზენტაცია.

Developer Electronic Arts-მა (EA) 31 იანვარს გამოაცხადა, რომ თამაშს ემატება ტრანსინკლუზიური პერსონალიზაციის ვარიანტები, კერძოდ, მასტექტომიის (ძუძუს მოკვეთა) ნაწიბურები, მკერდის ბაინდერესები და მომდგარი ტანსაცმელი (shapewear), რომელსაც ტრანსგენდერი კაცები მკერდის არეის მეტად ბრტყლად გამოსაჩენად იყენებენ.

აღნიშნული განახლება კონკრეტული კამპანიის ნაწილია და ტრანსინკულუზიური თამაშის გმირების დანერგვას უკავშირდება, რომლის განსახორციელებლადაც თამაშის შემქმნელები ცვალებად ნაცვლასახელებსა (she/he/they) და სხეულის ნაწილების შერჩევას ასახელებენ.

“ძალიან ბევრი ახალი რამ გვაქვს ამ გამოშვებით და ერთი სული გვაქვს, როდის გეტყვით ამის თაობაზე,” — წერს EA განახლების შესახებ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პერსონალიზაციის ახალი ვარიანტები სამ სხვადასხვა კატეგორიაში თავსდება. ესენია: სამედიცინო დანიშნულების ნივთები, მკერდის მოკვეთის ოპერაციის იარები და მომდგარი ტანსაცმელი.

სამედიცინო ტანსაცმელს შორისაა სმენის აპარატები, გლუკოზის მონიტორები, მკერდის ბაინდერები და მომდგარი ტანსაცმელი, ტოპით, საცვლითა და ბაინდერით.

მკერდის ქირურგიული ოპერაციის იარები ხელმისაწვდომია მასკულინური სხეულის ტიპის პერსონაჟებისთვის და აჩვენებს იმ ნაწიბურებს, რომლებიც პროცედურის შედეგად რჩება. აღნიშნულ ოპერაციას ხშირად მიმართავენ ტრანსგენდერი კაცები და არაბინარული გენდერული იდენტობის მქონე ადამიანები.

ცვლილებები თამაშის ქვიარ ფანებმა დადებითად შეაფასეს. ზოგიერთი მომხმარებელი კი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა შშმ პირების შესაბამისი რეპრეზენტაციაც, მათ შორის, მოძრაობის დამხმარე საშუალებებისა და სხვა ტიპის სამედიცინო აღჭურვილობების დამატება.

სიმსების შექმნელებმა ქვიარინკლუზიური პერსონალიზაციის ვარიანტების დამატება 2016 წლიდან დაიწყეს — მას შემდეგ, რაც თამაშის გმირებს ნებისმიერი ტიპის სხეულზე ნებისმიერი ტიპის ტანსაცმლის ტარების უფლება მისცეს. მოგვიანებით კომპანიამ ქვიარ გეიმერებისთვის პერსონალიზაციისთვის უამრავი სხვა ვარიანტი დაამატა, რათა მათი სექსუალობა და გენდერული იდენტობა ჯეროვნად ყოფილიყო რეპრეზენტირებული.

charlieissocoollike ტრანსგენდერ ქალად ქამინგაუთის შემდეგ YouTube-ზე ბრუნდება

YouTube-ის ბრიტანელი ვარსკვლავი, ჩარლი მაკდონელი, ცნობილი, როგორც charlieissocoollike, პლატფორმაზე ტრანსგენდერ ქალად ქამინგაუთის შემდეგ იანვარში დაბრუნდა.

მაკდონელმა პოპულარობა და მაყურებლის სიყვარული ვიდეოების სერიით Fun Science მოიპოვა. აღნიშნული სერიის კონტენტს ჩარლი იუთუბზე აქვეყნებდა, თუმცა, პრეტრანზიციული კონტენტი, რომელშიც ის თავს კაცად აიდენტიფიცირებდა, პლატფორმიდან სრულად წაშალა. ვიდეობის წაშლის მიზეზად ჩარლიმ გენდერული დისფორია და თინეიჯერობის შემდგომი ცვლილებები დაასახელა. მისი თქმით, უნდოდა, დარწმუნებულიყო, რომ ინტერნეტის ნებისმიერი სივრცე, რომელზეც კონტროლი ჰქონდა, იმ ადამიანად წარმოაჩენდა, რომელიც ახლაა.

“არ მინდოდა ძველი ვიდეოები პირველი ყოფილიყო, რასაც ადამიანები ნახავდნენ, როცა ჩემს სახელს დაგუგლავდნენ და იმედი მაქვს, ადამიანები პატივს სცემენ ამ გადაწყვეტილებას,” — ამბობს მაკდონელი.

მიუხედავად კონტენტის აღებისა, ჩარლი პლატფორმაზე, ყველასთვის გასაკვირად, 20 იანვარს დაბრუნდა და მაყურებელს კითხვა-პასუხის ვიდეოთი თავი ხელახლა გააცნო.

“ვგრძნობდი, თუ დავბრუნდებოდი, შესაძლოა, კვლავ მომწონებოდა ამის კეთება,” — ამობს ჩარლი ვიდეოში.

ამავე ვიდეოში მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ის ტრანსგენდერი ქალია და ჰორმონალური თერაპია 4 თვის წინ დაიწყო. ის ნაცვალსახელებს she/they იყენებს, ხოლო სახელს — ჩარლი, ინარჩუნებს, რადგან სახელი გენდერულად ნეიტრალურია.

კითხვაზე, რას ურჩევდა ახლა საკუთარ თავს თინეიჯერობისას, ჩარლიმ უპასუხა, რომ ეტყოდა, ცვლილებები ნორმალურია და ფიქრები, რომლებიც ქალად ყოფნის შესახებ აქვს, სწორედ ტრანსგენდერ ქალად ყოფნის მანიშნებელია.

ჩარლის თქმით, იცის, რომ ადამიანების ნაწილი ტრანსფობია და ამის გამო საკმაოდ შფოთავს, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ კარგადაა და ყველაზე თავდაჯერებულია, ვიდერე ოდესმე ყოფილა.