‘მე დიდი და ტრავმირებული ოჯახიდან ვარ. 24 წლის ვიყავი, როცა მშობლები და სამი ძმა დამეღუპა. მიუხედავად იმისა, რომ კიდევ ორი და მყავდა,თავს მაინც მიტოვებულად და მარტოსულად ვგრძნობდი. დიდ და ერთიან ოჯახზე ვოცნებობდი, რომელიც არასდროს მყოლია. მოუთმენლად ველოდი, როდის გავხდებოდი დედა – მეგონა, რომ ცხოვრება სრულყოფილი გახდებოდა. 26 წლის ასაკში რობს შევხვდი. მან სასიყვარულო სიმღერა მომიძღვნა. და სამი თვის შემდეგ დავქორწინდით. მართლა კარგი სასიყვარულო სიმღერა იყო!!! ერთი წლის შემდეგ, პირველი შვილი შეგვეძინა, შემდეგ კიდევ ოთხი. ერთ დღესაც, ადგილობრივ ბაზარში ერთი ხანდაზმული ქალი შემხვდა, მაშინ კრისი მხოლოდ ორი კვირის იყო, პაწაწინა, შეკრული მის ცისფერ საბანში… ‘’ღმერთმა დალოცოს’’- მზრუნველი, თბილი მზერით შემოხედა კრისს… მე ცრემლები წამომცვივდა. ერთ დღეს ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხარ და უცებ, მეორე დღეს დედა ხდები.
საოცარი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული დედებს: დავიცვათ შვილები, აღვზარდოთ, ვიზრუნოთ და გვიყვარდეს უპირობოდ. მე, როგორც 5 შვილის დედამ, მალევე გავიაზრე, რომ შვილების აღზრდაში დიდ როლს ჩვენივე საზოგადოება და სოციუმი განაპირობებდა. ჩვენთვის ასეთი მოწესრიგებული და შესაფერისი ადგილი ეკლესია აღმოჩნდა. ხშირად ვიყავით ეკლესიაში, ვასწავლიდით ბიბლიას მცირე ჯგუფებში, რობი მრევლის წინამძღოლი იყო და მე ვგალობდი. ბავშვებს ზოგად განათლებას სახლში ვაძლევდით, მერე რა, რომ არასდროს გვქონდა საკმარისი ადგილი შვილებისთვის – მჭიდროდ ვცხოვრობდით, თუმცა მაქსიმუმს ვაკეთებდით ჩვენი შვილებისთვის.
აი ენი, რომელიც ბიბლიას ასწავლის თავის თოჯინებს
ჩვენი საოცარი ბავშვები საოცარ ადამიანებად გაიზარდნენ. საზოგადოებას, ეკლესიასაც ვუყვარდით. ცხოვრება მშვენიერი იყო!
ერთ დღეს ტელეფონის ზარი გაისმა და ყველაფერი შეიცვალა. ეს იყო ენი, რომელიც კოლეჯიდან რეკავდა, ის 20 წლის იყო. მე აბაზანაში თეთრი კაფელის თაროს ვამშრალებდი: ‘’დედა, რაღაც მაქვს სათქმელი. მე გოგოები მომწონს. მგონი, ბისექსუალი ვარ. დედა, ვლოცულობდი, ბევრჯერ შევეწინააღმდეგე საკუთარ თავს, მაგრამ არაფერი შეიცვალა, არსად ქრება!!!’’ ალბათ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამოვაფრიალე ცისარტყელას დროშა და სიხარულისგან შვილს ვუთხარი: ‘’ენი, რა შესანიშნავია, ჩვენ გვიყვარხარ და მიგიღებთ ისეთს, როგორიც ხარ”… მაგრამ ეს ასე არ მოხდა. იცით, მე არაფერი მქონდა ლგბტქ ადამიანების საწინააღმდეგო, მაგრამ ევანგელურ ეკლესიაში 20-წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, დარწმუნებული ვიყავი, რომ იყო გეი – არასწორია. მე ყველაზე მეტად მიყვარს ჩემი ქალიშვილი და ვფიქრობდი, რომ უნდა დამეცვა. ამიტომაც ვუპასუხე: “ენი არ დანებდე, ჩვენ დაგეხმარებით, როგორც შევძლებთ.’’ ტელეფონი რომ გავთიშე, გული ჩამწყდა – ვიცოდი, რომ ჩვენ აღარასდროს ვიქნებოდით იგივე ჩვენს ეკლესიაში. მოგვიანებით, ბიბლიის გაკვეთილზე ეს ამბავი ჩემს უახლოეს მეგობრებს გავუზიარე იმ იმედით, რომ მანუგეშებდნენ. მაგრამ აშკარად შევცდი. პირდაპირ წესებისა და მორალის კითხვა დამიწყეს: “იყო გეი ცოდვაა და შენ მას ვერ მიიღებ”.
სუზანის შვილები
ვერ მივიღებ ჩემს ქალიშვილს? რას ნიშნავს ეს საერთოდ? განადგურებული ვიყავი. მივხვდი, რომ არჩევანის გაკეთებას მთხოვდნენ ჩემი ცხოვრების ორ უმნიშვნელოვანეს ნაწილს შორის: ჩემი შვილი და ჩემი ეკლესია. მე ავირჩიე ჩემი შვილი. ან სხვა არჩევანი მქონდა რამე? სანაცვლოდ დავტოვეთ ეკლესია, დავკარგეთ საზოგადოება, რომელშიც ვცხოვრობდით. 8 წელი სიჩუმეში, ჩემი ეკლესიის გარეშე გავატარე, ნელ-ნელა რწმენაც კი ჩამომეშალა. ასე ვერ გაგრძელდებოდა, დავიწყე ყველაფრის კითხვა ბიბლიის შესახებ. სემინარიაშიც კი დავდიოდი. აღმოვაჩინე, რომ ქრისტიანების უმეტესობას აქვს მიმღებლობა ლგბტქ ადამიანების მიმართ. ამასობაში, ენიმ ნიუ -იორკიდან დარეკა: “დედა, მე ახლა ქალებს ვხვდები და ასეთი მშვიდი და ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ”. დიახ, ეს იყო, რისი გაგონებაც მე მინდოდა. სამი წლის შემდეგ, ენი სახლში ჩამოვიდა სტუმრად. ჩვენ სამზარეულოში ვიყავით, სალათს ვაკეთებდით საუზმისთვის და მან უცებ მკითხა: “დედა დარწმუნებული ხარ, რომ არ შეიცვლი აზრს და არ უარმყოფთ შენ და მამა?” გავოგნდი. არასდროს მიმიცია მიზეზი, რომ ასე ეფიქრა ენის. შემდეგ მან მიამბო მისი მეგობრის, ელისონის შესახებ. როდესაც ელისონი დაქამინგაუთდა, დედამ კიბიდან დააგორა და ჭურჭელი ესროლა. ეს იყო ნამდვილად განგაშის ზარი!!! ეს მხოლოდ ჩვენი პატარა ოჯახის კი არა, უთვალავი სხვა ოჯახების პრობლემა იყო. მოქმედების დრო იყო. ქრისტიანი ქალების შეკრებაზე მომხსენებელი ამბობდა: ‘’შენ უნდა გააკეთო ის, რასაც ღმერთი გიხმობს, რაც არ უნდა მოულოდნელი იყოს, ღვთის სიტყვა კანონია”. შესვენებაზე მივედი მასთან და ვუთხარი: “როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ ყველამ უნდა ვაკეთოთ ის, რაც ღმერთს სურს, მე კი ღმერთი მეუბნება, რომ ვემსახურო გეი საზოგადოებას.”- ცხადია, მისთვის მოულოდნელი იყო ჩემი გამოსვლა: ‘’გსურთ, რომ დაეხმაროთ და სწორ გზაზე დააყენოთ ისინი, ხომ?“
LBGTQ ადამიანებს სცემენ, შეურაცხყოფენ, უარყოფენ, არცხვენენ. მშობლებს სთხოვენ, გააკეთონ არჩევანი მომთხოვნ ღმერთსა და საკუთარ შვილს შორის. ამ ყველაფერს საერთოდ არ აქვს კავშირი იესოსთან, ღმერთან და ღვთის სიყვარულთან. კვლევამ აჩვენა, რომ მშობლების მხარდაჭრის გარეშე დარჩენილი ტრანსგენდერი ახალგაზრდების 57% სუიციდს მიმართავს. როცა მშობლების მხარდაჭერის შემთხვევაში, ეს რიცხვი 4%-მდე მცირდება. 57-დან 4-მდე – აი, ეს არის მშობლების სიყვარული.
ვიცოდი, რომ როგორმე მშობლებთან უნდა მივსულიყავი. ამიტომ შევქმენი ბლოგი.
რაც მეტს ვწერდი, მით უფრო მეტ ადამიანს ვწვდებოდი. “როდესაც ჩემი ვაჟი დაქამინგაუთდა, საკუთარ თავს ვკითხე, სად დავუშვი შეცდომა?“; “ჩემი ქალიშვილი ლესბოსელია, ახლა მეშინია იმის, რასაც ხალხი იტყვის ჩვენზე.” ერთ დედას, კარენს, შეეშინდა, რომ მისი შვილი ჯოჯოხეთში წავიდოდა და თავადაც იგივე ბედი ელოდა, რადგან მხარს უჭერდა საკუთარ შვილს – მის მოძღვარს უთქვამს ასე. სახლში მოვიპატიჟე და ავუხსენი: არავინ წავა ჯოჯოხეთში. შენი ვალია, გიყვარდეს შვილი უპირობოდ!“ ახლა მისი შვილი საოცარი მოცეკვავეა, მან იპოვა საკუთარი თავი დედის მხარდაჭერით.
ჩემი პატარა ბლოგი გადაიზარდა ონლაინ დახმარების ჯგუფად, სადაც 3000-ზე მეტი დედა და მამა და 50-ზე მეტი ადგილობრივი რეგიონალური ჯგუფია, სადაც მშობლები პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს. ძალიან ბევრს დავეხმარეთ, გავაძლიერეთ. იყო ძალიან მძიმე შემთხვევებიც: ერთს ქამინგაუთის შემდეგ მშობლებმა დაუწვეს დემონსტრაციულად ყველა ნივთი, მეორე ლესბოსელ გოგოს მშობლებმა შავი ვარდები გაუგზავნეს იმის ნიშნად, რომ ის მათთვის მკვდარი იყო და ამას სიყვარულის სახელით აკეთებენ, იმისთვის რომ სწორ გზაზე დაეყენებინათ.
მე მშობლების გარეშე გავიზარდე, 9 წლის ასაკში მამა გარდაიცვალა, დედა კი დაიღუპა, როცა 23 წლის ვიყავი. ზუსტად ვიცი, რა გრძნობაა, როცა ოჯახის სითბო გჭირდება. სამწუხაროდ, ვერავინ ჩაანაცვლებს მათ. ზოგიერთი ლგბტქ ადამიანიც ასევე მარტოსულია ცოცხალი მშობლებით, მაინც მათ გარეშე უწევთ ყოფნა ისეთ მომენტებში, როცა კრიტიკული მნიშვნელობა აქვს მშობლის თანადგომას: სკოლის ბოლო ზარი, ქორწილი, შეყვარებულთან ჩხუბის თუ უბრალოდ, დილით ყავასთან ჭორაობის დროს. მე ყველაზე კარგად მესმის მათი, ამიტომაც ვიტვირთე მათი დედობა. ისინი ჩემი შვილები არიან.
მშობლები FREEDHEARTS ორგანიზაციაში ლგბტქ ადამიანებისთვის მუდმივად მზადყოფნაში არიან.
ლინდა და ჟანეტი, ორგანიზაციის წევრი მშობლები, არიან ქესი და ქენდრას (ტრანსგენდერი ქალის) ქორწილში, ბიოლოგიური მშობლების ნაცვლად.
მე და რობიმ დავიწყეთ წყვილების დაქორწინება. დავდივართ პრაიდზეც, ხშირად გავცემთ ონლაინ კონსულტაციებს. ჩვენ, როგორც მოძღვრები, წარმოვადგენთ ღმერთის ხმას, სიყვარულის ხმას.
ეს სტეფანისა და სინდის ქორწილია
ერიკა და რაიანი
FREEDHEARTS ქომიუნითი დაარსდა 2013 წელს, ჩვენი მისიაა, ადამიანებს ვასწავლოთ სიყვარულის არსი, მივწვდეთ ყველას, ვინც აზიანებს თემს და სიყვარულისა და შემეცნების გზით ავუმაღლოთ ცნობიერება. ვიყოთ იმედი – მშობლებისთვის, ლგბტქ+, პედაგოგებისთვის, ეკლესიისთვის. საკუთარი თავისა და რწმენის გააზრება არის გზა ჭეშმარიტი სიყვარულისკენ: გიყვარდეს უპირობოდ და უყვარდე სხვებს.
ორგანიზაცია უზრუნველყოფს უსაფრთხო სივრცეებსაც. აქ იხილავთ პოდკასტებს, ბეჭდურ მედიასა თუ youtube არხებს, სხვადასხვა რუბრიკებს LGBTQ+ თემისთვის, მათი მშობლებისთვის, ოჯახებისთვის, მოკავშირეებისთვის და საზოგადოებისთვის – თავისუფალი გულისთვის, რომელიც ცვლის სამყაროს.”