Queer.ge წარმოგიდგენთ ახალ რუბრიკას, სადაც ტრანსგენდერი ქალები და მამაკაცები მოყვებიან თავიანთ ტრანსფორმაციის ისტორიას. გაგვიზიარებენ ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობასთან და თავის მოვლასთან დაკავშირებულ გამოცდილებასა და დაკვირვებებს.
რუბრიკის პირველი სტუმარია 25 წლის ტრანსგენდერი ქალი, მარია კასენკო.
საპნის ოპერები და ოცნება ქალობაზე
ბავშვობაში ერთი სერიალი გადიოდა ტელევიზორში, სერიალის გმირი ჩაგრული, მოუწესრიგებელი დიასახლისი იყო, რომელიც სოფელში ცხოვრობდა და დაკარგული ჰქონდა ქალურობა, ერთ დღესაც ადგა, სოფლიდან გაქრა, რამდენიმე თვის შემდეგ სრულიად შეცვლილი დაბრუნდა და ყველა გააოცა. ბავშვობიდან მინდოდა, ასეთი რამე მეც გამეკეთებინა, გავმქრალიყავი იმ ქალაქიდან, სადაც დავიბადე და გავიზარდე და ერთ დღესაც დავბრუნებულიყავი შეცვლილი, დამერეკა ყველა ჩემი ნაცნობისთვის, ოჯახის წევრისთვის და მეგობრისთვის, გამეშალა წითელი ხალიჩა, ჩამეცვა ყველაზე ლამაზი კაბა და ყველა რომ შეგროვდებოდა, ჩამევლო ამაყსა და ლამაზს, გამეოცებინა ყველა და მეჩვენებინა ჩემი ნამდვილი სახე.
10-11 წლის ვიყავი, როცა ჰომოფობიური გარემო ვერ ავიტანე და სახლიდან წამოვედი, სახელმწიფომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლის სტატუსი მომანიჭა და გამოვიცვალე რამდენიმე თავშესაფარი, მერე ჩამოვედი თბილისში და გავიცანი ბიანკა, რომელიც პირველი ტრანსგენდერი ქალი იყო ჩემს ცხოვრებაში, თავიდან შემეშინდა, ვერ გავიგე, ქალი იყო თუ მამაკაცი, მერე დავუმეგობრდი და მისგან ძალიან ბევრი რამე ვისწავლე.
ბიანკას გაცნობას მალევე მოჰყვა ემიგრაცია თურქეთში, მაშინ 14-15 წლის ვიყავი, გავიცანი უამრავი ტრანსგენდერი ქალი და მივხვდი, რომ ეს შეიძლება ჩემი ცხოვრებაც ყოფილიყო.
100 ლარით დაწყებული ტრანსფორმაცია და პირველი საჩუქარი ბიჭისგან
სტამბოლში ყველაზე ცუდ უბანში ვცხოვრობდი, სადაც არ იყო ელექტროენერგია, არ იყო ადამიანური პირობები, ქუჩაში ღამე ნარკოტიკებით მოვაჭრეები ანთებდნენ ცეცხლს და ამ პირობებში დაიწყო ჩემი ტრანსფორმაციის ეტაპები, მე ვიყავი ტრანსგენდერი ქალების გვერდით და ჩვენ ერთმანეთს ვეხმარებოდით, გვერდში ვედექით და ვიცოდით, რომ ერთად ყველაფერს შევძლებდით, სწორედ ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმა იქ არ გამჭირვებია.
არ დამავიწყდება ის დღე თურქეთში ყოფნისას, როცა გადავწყვიტე მეგობარ ტრანსგენდერ ქალთან ერთად მაღაზიებში წავსულიყავი და მეყიდა ქალის ტანსაცმელი და სხვა თავის მოვლის საშუალებები, 180-200 ლირა დამჭირდა, რაც ქართულ ფულზე იმ დროს დაახლოებით 100 ლარი იყო. პირველი შენაძენი ყავისფერი პარიკი და თეთრი გეტრები იყო, ძალიან ბედნიერი ვიყავი, მომწონდა როგორც გამოვიყურებოდი და მეგონა, იდეალური ვიყავი.
არც ის დღე მავიწყდება, როცა პირველად მივიღე საჩუქარი ბიჭისგან, 14 თებერვალი იყო, სიყვარულის დღე, მანამდე სულ ჩვენ, ბიჭები ვჩუქნიდით სკოლაში გოგოებს ყვავილებს სიყვარულის დღეს, იმ დღეს კი, სტამბოლში ერთმა ბიჭმა ვარდები მაჩუქა და პირველად ვიგრძენი თავი ქალად.
სტამბოლში ყოფნისას მქონდა ძალიან თავდაჯერებული ვიყავი, არაფრის მეშინოდა და მეგონა, რომ ყველაფერი უმტკივნეულოდ ჩაივლიდა. შიში და კითხვები გაჩნდა მაშინ, როცა საქართველოში დავბრუნდი და შევეჯახე სასტიკ რეალობას, სადაც ადამიანი შენ წინ დგას და გეუბნება, რომ ახლა შენ ის მოგკლავს და გაგანადგურებს.
ტრანსგენდერი ადამიანების ჯანმრთელობა, ჰორმონოთერაპია და გზა, რომელსაც ყველა ტრანსგენდერი ქალი გადის
იმისთვის, რომ შეიცვალო სქესი, ჯერ აუცილებლად გჭირდება ფსიქიატრის დასკვნა, რომ შენ ნამდვილად ხარ ქალი, ამ პროცესის გავლას სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა დრო სჭირდება, ჩვენთან ამ მოწმობას ერთ დღეში გასცემენ, მაგრამ არის ქვეყნები, სადაც ამ მოწმობის მიღებას 3, 5 ან 10 წელიც კი შეიძლება დასჭირდეს. მოწმობის აღების შემდეგ, უნდა შეიცვალო სახელი და სქესი პიროვნების დამადასტურებელ მოწმობაში, აქამდე ჩვენს ქვეყანაში სქესის შეცვლა პირადობაში შეუძლებელი იყო, თუმცა დღეს ეს უკვე შესაძლებელია.
ბიუროკრატიული პროცესების შემდეგ იწყება ჰორმონების თერაპია. ჰორმონების თერაპია ყველა ადამიანისთვის განსხვავებულია, განვითარებულ ქვეყნებში გიტარდება სამედიცინო კვლევები და შენი ორგანიზმიდან და სურვილებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჰორმონები გენიშნება. ჰორმონების მიღების ხანგრძლივობაც ინდივიდუალურია. ჰორმონოთერაპიის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, არ შეიძლება ორგაზმი, თორემ ჰორმონები გარეთ გამოიდევნება. ჰორმონების მიღებისას, პირველად გრძნობ ძუძუს თავთან სიმაგრეს, მერე ეს გამაგრებული ადგილი სკდება და იწყება მკერდის გაზრდა.
სამწუხაროდ, საქართველოში ეს სფერო არ არის განვითარებული, არ გვყავს სპეციალისტები და ტრანსგენდერი ქალები მიმართავენ შავ ბაზარს, რათა შეიძინონ ჰორმონები და მერე სპეციალისტის კონსულტაციის გარეშე იღებენ ამ ჰორმონებს, რაც სავალალო შედეგით მთავრდება. ჰორმონებს აქვს უამრავი გვერდითი მოვლენა, ძილიანობა, სისუსტე და აზიანებს ღვიძლს, თუმცა ეს გვერდითი მოვლენები მაშინ ავლენს თავს, თუ ჰორმონების მიღება ხდება ექიმის მეთვალყურეობის გარეშე. ექიმთან მჭიდრო კომუნიკაციით გვერდითი მოვლენების საშიშროება მინიმუმამდე მცირდება.
მიცხოვრია ბელგიაში და იქ აქტიურად ვიღებდი ჰორმონებს და მქონდა ძალიან კარგი შედეგი, 2-3 თვის სამყოფი ჰორმონები დაახლოებით 800 ევრომდე ღირდა და სახელმწიფო სრულად მიფარავდა ყველა ხარჯს. საუკეთესო შემთხვევაში, ჰორმონოთერაპიის დაწყება კარგია 13-14 წლის ასაკიდან. თუ ადამიანს გაუმართლებს და შეხვდება კარგი ოჯახი და დაიწყებს ჰორმონების მიღებას ადრეული ასაკიდან, მას აღარ დასჭირდება არანაირი პლასტიკური ჩარევა.
ჩემი ტრანსფორმაციის პროცესი დღემდე გრძელდება, ტრანსგენდერი ქალის ყოველი დღე ახალი ცხოვრებაა და ის ყოველი გაღვიძებისას ცდილობს, თავისი მამაკაცური სხეული მოარგოს თავის ქალურ სულს. ჩემი მიზანია, ჩემს გარეგნობაში იგრძნობოდეს ორივე სქესის შერწყმა, არ დავკარგო მამაკაცური სიმკაცრე და ქალური სინაზე, რომელიც ბუნებრივად დამყვება.
როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, ეს ნაბიჯი რომ არ გადამედგა
მე რომ ეს ნაბიჯი არ გადამედგა და ტრანსფორმაციის ამ რთულ გზას არ დავდგომოდი, დღეს, ალბათ, იმ ადამიანების რიგში ვიქნებოდი, 5 ივლისს ჟურნალისტები მოსაკლავად რომ გაიმეტეს, ვიქნებოდი საკუთარ თავზე გაბრაზებული ადამიანი, რომელმაც ვერ გადადგა ნაბიჯი, ვერ გაბედა და ვერ შეცვალა თავისი ცხოვრება და ახლა ჩაგრავს სხვებს.
შევქმნიდი იძულებით ოჯახს, გავიუბედურებდი თავს და გავაუბედურებდი იმ გოგოსაც, ვისაც ცოლად მოვიყვანდი, ვიქნებოდი არასასურველ, უბედურ ქორწინებაში, აღარ ვიცხოვრებდი საკუთარი ცხოვრებით და ვიცხოვრებდი ჩემი მეზობლებისთვის, ნათესავებისთვის, ოჯახისთვის, რომლებსაც ეს მოლოდინები ჰქონდათ ჩემგან.
რჩევები იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ამ რთული გზის გავლას
თუ გრძნობ, რომ ხარ ტრანსგენდერი და აპირებ ამ გრძელი გზის გავლას, გამოიყენე ოჯახის რესურსები მაქსიმალურად, მიიღე განათლება, შეარჩიე შენთვის სასურველი პროფესია, შეიძინე უნარები, რომელიც სამომავლოდ გამოგადგება პროფესიულ საქმიანობაში. მესმის, რომ ყველაფერი ახლა გინდა, მაგრამ დაიცადე, სანამ არ იქნები უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი, არ გექნება შემოსავლის წყარო, სხვა შემთხვევაში, ერთადერთი გამოსავალი შეიძლება სექსსამუშაოში ჩართვა იყოს.
არ შეგეშინდეს საზოგადოების და მოემზადე, შენ ხშირად იგრძნობ თავს დამცირებულად, გარიყულად, დაჩაგრულად, მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ჩვენგან განსხვავებით კანონი იცავს ტრანსგენდერ ადამიანებს, ისინი მაინც აწყდებიან პრობლემებს, მაინც არის დიდი მანძილი საზოგადოებას და ტრანსგენდერ ადამიანებს შორის და უნდა იცოდე, რომ ეს ყველაფერი ორჯერ და ოცჯერ უფრო მეტია აქ, ჩვენს ქვეყანაში.
ნუ ჩაერთვები სექსსამუშაოში, მე მჯერა, რომ მოდის ტრანსგენდერი ქალების ახალი თაობა, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ რეალობა და არ ჩაერთონ სექსსამუშაოში, მე ასეთი ცხოვრების წესმა ძალიან დამღალა და გამანადგურა, 25 წლის ვარ და ხანდახან მგონია, რომ 45 წლის ვარ,
ბებიაჩემი ამბობდა, ღმერთი არ გამოუგზავნის ადამიანს იმ განსაცდელს, რასაც ვერ გადალახავსო, მე ამის მჯერა და დაიჯერე შენც, ამაზე უფრო დიდი ტკივილებიც არსებობს და ნუ შეუშინდები საკუთარ ქალურობას ან მამაკაცურობას, რომლიც მიჩქმალვას და განადგურებას ცდილობს ყველა.
და ბოლო, ყველაზე მთავარი – არ დაივიწყო იმ ტრანსგენდერი ქალების შრომა, რომლებიც შენამდე გადიოდნენ ამ რთულ გზას. ნუ გგონია, დღეს რომ ცოტათი უფრო უკეთესი გარემოა ტრანსგენდერი ადამიანებისთვის, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა, სანამ სალონში წახვალ და უპრობლემოდ გაივლი სხვადასხვა პროცედურას, გაიხსენე ის დრო, ჩვენ რომ სალონებში დავდიოდით, წინასწარ ვრეკავდით, ვკეტავდით სალონებს და მერე ერთად მივდიოდით, პირველად დღე რო მივედით სალონში, ეგეც მახსოვს, ძალიან რთული იყო ეს ყველაფერი, ბევრი სალონი ეპილაციაზე არ გვიღებდა, ეს ყველაფერი ვიღაცამ გააკეთა ჩვენამდე და ჩვენ ამის დაფასება უნდა ვისწავლოთ, შენ თუ არ გცემენ დღეს, ეს ყველაფერი იმ ვიღაცის დამსახურებაა, შენამდე რო სცემეს გუშინ, ადრე იყო მამუკა მაკა ტრანსგენდერი, რომლის ისტორიაც ყველამ მიივიწყა, მაგრამ მე მახსოვს კარგად მისი ისტორია. იმისთვის, რომ დღეს შენ უსაფრთხოდ იყო, ჩვენ ღამეები ვათენეთ საავადმყოფოში, მე ხელი გადამიჩეხეს, ზოგს კისერი გამოჭრეს, ვიღაცას იარაღი ჩატენეს პირში, ვიღაცა ქუჩაში მოკლეს, ამ ყველაფრის დავიწყება დანაშაულია.
მითები და სტიმგები ტრანსფორმაციის გარშემო
პირველი მითი ტრანსფორმაციის გარშემო არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთო ვაგინოპლასტიკა, ვაგინოპლასტიკის ოპერაცია ძალიან რთული და კომპლექსური პროცესია, განვითარებულ ქვეყნებში ვაგინოპლასტიკამდე მისასვლელად გჭირდება მრავალი წელი და უამრავი სამედიცინო თუ ფსიქოლოგიური პროცესის გავლა, ყველა ვერ უძლებს ამ ოპერაციას და რისკებს, რომელიც ვაგინოპლასტიკას მოჰყვება. ნუ მოუსმენ საზოგადოებას, რომელიც გაიძულებს, გაიკეთო ვაგინოპლასტიკა, თითქოს სხვანაირად სრულფასოვანი ქალი ვერ იქნები. მოუსმინეთ საკუთარ სურვილებს, თუ არ გინდათ ამ ნაბიჯის გადადგმა, არ გადადგათ.
ხშირად მეკითხებიან, ამ ტრანსგენდერ ქალს რატო არ ჰგავხარ, იმ ტრანსგენდერ ქალს რატო არ გავხარ – ყველა ადამიანი არის ინდივიდუალური და ეს ინდივიდუალურობა ქმნის ჩვენს გარეგნობას და სილამაზეს, არ არის აუცილებელი, რომ ყველა ერთნაირად ლამაზები ვიყოთ. მეორე ყველაზე გავრცელებული მითი ტრანსფორმაციის ისტორიის გარშემო ალბათ არის ის, რომ აუცილებლად უნდა გაიკეთო ბევრი პლასტიკური ოპერაცია და იყო თოჯინასავით ლამაზი, რატომ მავალდებულებ? თითქოს ლამაზი და იდეალური თუ არ ხარ, ვერ იქნები ქალი.
ტრანსგენდერი ადამიანების ხანდაზმულობა
ძალიან მაინტერესებს ვნახო, როგორია ქართველი ტრანსგენდერი ადამიანების ხანდაზმულობა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არცერთ ტრანსგენდერ ქალს არ დასცალდა სიბერემდე მისვლა, მათი ცხოვრება ნაადრევად დაასრულა ტრანსფობიამ და ჩვენმა სახელმწიფომ, რომელიც ასე ახალისებს ძალადობას.
თუ ჩემი სიცოცხლე ხანდაზმულობის ასაკს მიაღწევს, მინდა, რო მშვიდი სიბერე მქონდეს, ვცხოვრობდე ქალაქისგან მოშორებით, პატარა კერძო სახლში, ვუვლიდე შინაურ ცხოველებს, მქონდეს ბაღი ყვავილებით და ჩემი განვლილი გზა კარგი მაგალითი იყოს ახალგაზრდა ტრანსგენდერი ქალებისთვის და მამაკაცებისთვის.
ფოტო: ვახო ქარელი