რატომ კლავენ ქვიარებს

ქვიარების წინააღმდეგ დანაშაულის ხელშემწყობი ფაქტორები

წინამდებარე პუბლიკაციის მიზანია სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძვლით ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წამახალისებელ გარემოებებზე ჩვენი საზოგადოების ყურადღების კიდევ ერთხელ მიპყრობა და საკითხის კიდევ ერთხელ წამოჭრა. რატომ ხდება შესაძლებელი ჰომოფობიის, ბიფობიის და ტრანსფობიის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზება საქართველოში? ან რა შედეგები მოჰყვება ქვიარების უფლებების კიდევ უფრო მეტ შეზღუდვას საკანონმდებლო დონეზე? ვეცდები, ამ კითხვებზე პასუხი გავცე სტატიის მეშვეობით, რომელიც ეყრდნობა სექსუალური ორიენტაციის ან/და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით საქართველოში და სხვა ქვეყნებში ჩატარებულ კვლევებს, საჯარო პოლიტიკის დოკუმენტებს, საქართველოს სახალხო დამცველის და საერთაშორისო ექსპერტების ანგარიშებს, სამეცნიერო ნაშრომებსა და სტატიებს ფსიქოლოგიასა და სოციოლოგიაში.

ძირითადად რა ქცევებში ვლინდება ქვიარების ჩაგვრა?

სხვადასხვა დარგის მკვლევარი და მეცნიერი მთელი მსოფლიოდან ცდილობს შეისწავლოს ქვიარ ადამიანების წინააღმდეგ მიმართული ასოციალური ქცევები და მათი გამომწვევი მიზეზები, სამომავლოდ მსგავსი ქცევების პრევენციის მიზნით. ესენია:

  • ვერბალური აგრესია – დამამცირებელი, შეურაცხმყოფელი სახელების შერქმევა, დაცინვა;
  • მიზანმიმართული იგნორირება, სოციალური პროცესებიდან გარიყვა, ადამიანის ან ჯგუფის ინტერესების იმდაგვარად წარმოჩენა, თითქოს ის არ არის მნიშვნელოვანი ან საინტერესო, საზოგადოების ყურადღების ღირსი;
  • დისკრიმინაციული მოპყრობა – სხვებთან თანასწორად საკუთარი სამოქალაქო, პოლიტიკური, კულტურული და ეკონომიკური უფლებების რეალიზებაში ხელშეშლა საკანონმდებლო თუ პრაქტიკის დონეზე;
  • ფიზიკური ძალადობა – ქვიარების ცემა, სხეულის დაზიანება, ჭრილობის მიყენება, მათი ნივთების, საცხოვრებლის დაზიანება, დაწვა;
  • სექსუალური შევიწროება/გაუპატიურება, მათ შორის ლესბოსელების „გამოსასწორებელი“ გაუპატიურება;
  • ქვიარების წამება და მკვლელობა

ქვიარების წინააღმდეგ ჩადენილი სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ყველაზე ხშირად განიმარტება, როგორც პირის ნამდვილი ან ნავარაუდები სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობის ან/და გენდერული ექსპრესიის საფუძვლით ჩადენილი დანაშაული. ტერმინი სიძულვილით მოტივირებული პირდაპირი მნიშვნელობით არ უნდა გავიგოთ. შესაძლოა, დანაშაულის ჩამდენი პირი განიცდიდეს კიდევაც სიძულვილს, ზიზღს ან სხვა ემოციებს მსხვერპლის მიმართ, თუმცა, შესაძლოა, საერთოდ არაფერს განიცდიდეს კონკრეტული მსხვერპლის მიმართ, არამედ მოქმედებდეს სულ სხვა მოტივაციით – მაგალითად ე. წ. „ტრადიციული ღირებულებების“ დაცვის მისიით.

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთან ბმაში ხშირად გამოიყენება კიდევ ერთი ტერმინი –ლგბტქი ადამიანების ვიქტიმიზაცია და ნიშნავს მსხვერპლობის განცდას, მსხვერპლად ქცევას. ვიქტიმიზაცია, როგორც წესი, მოულოდნელი, შემაშინებელი და  მკვეთრად ნეგატიური გამოცდილებაა, რომელიც ხასიათდება იმით, რომ იწვევს მსხვერპლის ემოციურ გამოფიტვას, დემორალიზებას. ასეთი გამოცდილების შედეგები შეიძლება იყოს საკმაოდ გრძელვადიანი და რთულად დასაძლევი. მსხვერპლი შეიძლება იყოს დაბნეული, თავდაუჯერებელი, არ იცოდეს, ვის ენდოს, ვის მიმართოს დახმარებისთვის.

კრიმინოლოგები, სამართალდამცავები, პოლიტიკოსები ცდილობენ გამოიკვლიონ ლგბტქი ადამიანების ვიქტიმიზაციის მიზეზები, რაც მათ დაეხმარებათ ქვიარების წინააღმდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვასა და გატარებაში. ამ ფენომენის ახსნას მკვლევრები სხვადასხვა თეორიის განვითარებით და გადამოწმებით ცდილობენ. აქ მოვიყვან ორ თეორიას, რომელიც, ჩემი ხედვით, ყველაზე კარგად ეხმიანება საქართველოს კონტექსტს. თუმცა, ცხადია, თეორიები ყოველთვის საჭიროებს პრაქტიკაში გამოკვლევას, ხოლო ამ მიმართულებით არც ისე ბევრი კვლევაა დღეის მდგომარეობით.

სოციალური კონსტრუქციონიზნის თეორია

სოციალური კონსტრუქციონიზმის თეორიის მიხედვით სოციალური ჯგუფები, ასევე, ცალკეული ადამიანები რეალობას აღიქვამენ სოციალური პირობითობების და სტრუქტურების ზეგავლენით.  დროთა განმავლობაში ისინი ქმნიან გარკვეულ წარმოდგენებს და მოლოდინებს ერთმანეთის მიმართ, ეჩვევიან კონცეფციებს, ირგებენ ჩვეულ სოციალურ როლებს (Berger and Luckmann 1991) ამგვარად, ადამიანების მხრიდან რეალობის აღქმა ნაწილობრივ ან სრულად სოციალურად განპირობებულია, კონსტრუირებულია (Lumen 2017), ხოლო სოციალური კონსტრუქციონიზმი ცდილობს ახსნას, თუ როგორ ქმნიან ინდივიდები და ჯგუფები მათ მიერ აღქმად სოციალურ რეალობას (Meynert 2015).

კონსტრუქციონისტები განიხილავენ ცოდნას, როგორც კონსტრუირებულს და არა სოციალური სამყაროს შესწავლის პროცესში წარმოქმნილს (Andrews 2013). სოციალური კონსტრუქციონიზმი ადამიანების ფიქრებს, გრძნობებს და განცდებს განიხილავს, როგორც სოციალურ და არა ინდივიდუალურ დონეზე არსებულ პროდუქტებს (Terre-Blanche et al. 2006). შესაბამისად, სოციალური კონსტრუქციონიზმი დაკავშირებულია კონფლიქტურ სიტუაციასთან, ერთი მხრივ, სამყაროს აღქმასა და, მეორე მხრივ, იმ აღქმას შორის, რომელიც ფართო საზოგადოებაში დამკვიდრებულ წესებს, ნორმებს, ჩვეულებებს და  ღირებულებებს ეფუძნება.

ლგბტქი ადამიანების ვიქტიმიზაციის გასაგებად საჭიროა შევისწავლოთ, თუ როგორ ზემოქმედებს მათზე სოციალურად კონსტრუირებული ქცევა, წინასწარგანწყობა და მოლოდინი. ამისთვის საჭიროა გვესმოდეს ისეთი კონცეფციები, როგორია სქესი და გენდერი. სქესი მიეკუთვნება ბიოლოგიურ იდენტობას, ხოლო გენდერი სოციალურად დასწავლილი მოლოდინები და ქცევებია, რაც შეიძლება უკავშირდებოდეს ბიოლოგიურ სქესს (Andersen, 2007). საზოგადოება აკისრებს ადამიანებს განსაზღვრულ როლებს და აქვს მოლოდინი, რომ შეასრულებენ. როლების საპირისპირო ქცევა და შეუსაბამობა აღიქმება, როგორც არანორმალური, ავადმყოფური და დემონურიც კი  (Katz-Wise, 2012).

სოციალური კონსტრუქციონისტები ამტკიცებენ, რომ საზოგადოებამ დააწესა, თუ როგორ უნდა მოიქცნენ კაცები და  ქალები. სწორედ ეს ნორმები გამოიყენება იმ პირების დისკრიმინაციისთვის, ვინც მათ არ ასრულებს. საზოგადოება ყოფს ადამიანებს ორ ჯგუფად – ქალებად და კაცებად, ხოლო ვინც არ შეესაბამება გაწერილ გენდერულ როლებს,  ნორმისგან გადახრილად, არანორმალურად და დევიანტურად აცხადებს (Burr, 1995).

საზოგადოების მიერ დაწესებული როლები ეფუძნება ქალის და კაცის სოციალურად კონსტრუირებულ კატეგორიებს (Velody and Williams, 1998). მაგალითად, ლესბოსელები, ვინც გამოირჩევიან მეტად მასკულინური გარეგნობით, განსაკუთრებით მოწყვლადები არიან, რადგან კაცების მხრიდან განიხილებიან, როგორც საფრთხე (O’Brien, 2009). ასეთი ქალები საფრთხედ აღიქმებიან მთლიანად, გენდერის ბინარული სისტემისთვის, ერთი მხრივ – კაცების უფლებისთვის მასკულინურობაზე და მეორე მხრივ, არც ქალებისთვის განსაზღვრულ ნორმებს აკმაყოფილებენ. ასეთი ლესბოსელები ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლები საკუთარი არაფემინური აღნაგობის გამო, ხოლო ზოგიერთი კაცი გამართლებულად მიიჩნევს მათ გაუპატიურებას (Daisi, 2014).

გენდერი კონსტრუირებულია, როგორც ბინარული კატეგორია ჰეტერონორმატიულ საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს სექსუალობას მხოლოდ საპირისპირო სქესის მიმართ. (Hofstatter and Wollmann, 2011). ჰეტერონორმატიულობა არეგულირებს სექსუალურ ურთიერთობებს, როლებს, ქცევებს, გარეგნობასა და სექსუალობას. ინდივიდუალური კონსტრუქციონიზმი ამტკიცებს, რომ საზოგადოება ახდენს როლების კონსტრუირებას და მათ მკაცრად ამაგრებს სქესზე. ყველა, ვინც არ ემორჩილება ამ როლს, ითვლება არანორმალურად (Kang et al, 2017). ქვიარების დევნაც მართლდება იმით, რომ თითქოს ისინი არღვევენ საზოგადოების მიერ დაწესებულ ნორმებს. შესაბამისად, საზოგადოება მიდრეკილია, არ შეიმჩნიოს ლგბტქი ჯგუფის დევნა და არც დაცვის ღონისძიებები გაატაროს. ვინაიდან ჰომოსექსუალობა ითვლება არანორმალურ, მიუღებელ ორიენტაციად, ქვიარები ექვემდებარებიან ბულინგს სკოლაში, დისკრიმინაციას სამსახურში და ასევე – ემოციურ, ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობას (Katz-Wise, 2012).

ზემოაღნიშნულის გარდა, დოგმატური რელიგიები, როგორიცაა ისლამი და ქრისტიანობა, ხელს უწყობენ ჰომოსექსუალობის, როგორც რაღაც არანორმალურის აღქმას, რასაც მივყავართ ვიქტიმიზაციამდე. რელიგია აძლიერებს ქვიარების მიმართ არსებულ უარყოფით დამოკიდებულებას, როდესაც განიხილავს, როგორც ბოროტებას და ხელს უწყობს ქვიარების დევნას, დისკრიმინაციას, ფიზიკურ თავდასხმებს. ასე რომ, რელიგია ახალისებს ქვიარების გარიყვას და არ უცხადებს ძალადობის მსხვერპლებს არანაირ მხარდაჭერას. თეოლოგები კი იყენებენ სახარებას ჰომოსექსუალობის არაბუნებრიობის დასამტკიცებლად (Nkosi and Masson, 2017).

საზოგადოება ჰეტეროსექსუალობის კონსტრუირებას ახდენს ნორმად და წარმოაჩენს ჰომოსექსუალობას, როგორც გარყვნილებას და არაბუნებრივ, საშიშ მოვლენას, რაც იწვევს ქვიარების გარიყვას, დისკრიმინაციას, სასტიკ მოპყრობას და ვიქტიმიზაციას, ზოგი საზოგადოება ახალისებს და აქებს კიდეც ქვიარების დევნას. შედეგად, მართლმსაჯულების  სისტემა მოძალადეებს არ სჯის.

ჩამსხვრეული ფანჯრების თეორია და ქვიარების ვიქტიმიზაცია

ჩამსხვრეული ფანჯრების თეორია ფორმულირებულია კრიმინოლოგების ჯეიმს უილსონის და ჯორჯ კელინგის მიერ და საზოგადოებაში დამნაშავეობისა და უწესრიგობის დინამიკის ახსნის მცდელობაა მეტაფორისა და ასოციაციის მეშვეობით. თეორიის მიხედვით, უწესრიგობის, მიტოვებულობის და უგულებელყოფის ხილული ნიშნები, როგორიცაა მაგალითად შენობაში ჩამსხვრეული ფანჯრები, შეიძლება უფრო სერიოზული დანაშაულის კატალიზატორი გახდეს (Center for Evidence-Based Crime Policy [CEBCP], 2017). თეორიის ძირითადი აზრი კი ისაა, რომ თუ მცირე გადაცდომები და ხილული უგულებელყოფა, რომლის შედეგად ქვიარების უფლებები ირღვევა ან არ არის დაცული, რჩება ყურადღების და რეაგირების გარეშე, ესაა გზავნილი, რომ არავინ ზრუნავს თემის უსაფრთხოებაზე და შესაბამისად, არავინაა პასუხისმგებელი მის დაცვაზე (Kelling & Wilson, 1982). ასეთი გზავნილის წყალობით შეიძლება შეიქმნას გარემო, სადაც უფრო მნიშვნელოვანი გადაცდომები და დანაშაულები ჩნდება და მრავლდება. როდესაც მტრული განწყობები რჩება ყურადღების და ადეკვატური რეაგირების გარეშე სამართალადამცავი სტრუქტურების მხრიდან.  ვიქტიმიზაციის მოჯადოებული წრე იქმნება. იკარგება ნდობა სამართალდამცავი და მართლმსაჯულების სისტემებისადმი და თემში შიშის და მოწყვლადობის საერთო განცდა ჩნდება (Dowler & Zawilski, 2015). შედეგად, ქვიარები არ მიმართავენ დახმარებისთვის პოლიციას, მაშინაც კი როდესაც მათ მიმართ ვიქტიმიზაციის სერიოზული ფორმებია გამოყენებული – ფიზიკური თავდასხმების და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სახით (Nolan & McDevitt, 2007).

შესაბამისად, იზრდება თემის წევრების მოწყვლადობა. ეს კი თავისთავად ახალისებს დამნაშავეებს ახალი დანაშაულების ჩასადენად, ხოლო ლგბტქი თემის წევრებში ამკვიდრებს შიშის და სიჩუმის კულტურას (Herek, 2015) როდესაც ქვიარები თვლიან, რომ მათი მიმართვა ვიქტიმიზაციის შესახებ შეიძლება გულგრილად და დაცინვით მიიღონ, როცა არასათანადო დამოკიდებულება და მოპყრობა უკვე პოლიციელების მხრიდან მოდის, ისინი ნაკლებად ცდილობენ, ეძიონ დახმარება (Herek & Berrill, 1992).

სამართალდამცავი ორგანოები ვიქტიმიზაციის ციკლის შეწყვეტაში თუ შენარჩუნებაში მთავარ როლს თამაშობენ. თუ პოლიციის თანამშრომლები  სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევებზე გულისხმიერებით რეაგირებენ, მხარდამჭერები არიან და გულმოდგინებას იჩენენ, ეს მკაფიო სიგნალია იმის შესახებ, რომ მსგავსი ქმედებები არ იქნება დაშვებული (Hinkle & Weisburd, 2008; Jenness et al., 2017), და პირიქით, როდესაც ლგბტქი თემის წევრების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეფექტიანად არ იძიებენ, ხოლო დამნაშავეები რჩებიან დაუსჯელნი, ეს დანაშაულის ესკალაციას იწვევს (Kelling & Coles, 1997).

სიძულვილით მოტივირებული დანაშაული საქართველოში მცხოვრები ქვიარების მიმართ

სამწუხაროდ, საქართველოში მცხოვრებ ლგბტქი ადამიანებს არ უჭერს მხარს არც საზოგადოება და არც სახელმწიფო და ისინი ხშირად განიცდიან ვიქტიმიზაციას. ბოლო წლების განმავლობაში ტრანსგენდერი ქალების გახმაურებული მკვლელობების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ იმიტომ გახდა ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის, რომ თავად ეს ქალები იყვნენ საჯაროდ ცნობილები. როგორც წესი, დანაშაულების უმეტესობა, ყველაზე სასტიკი ხერხით ჩადენილი ქმედებებიც კი საზოგადოებისთვის უხილავი რჩება. ამიტომ ქვიარებისთვის მტკივნეული და გამაღიზიანებელია, ცინიზმით და დაცინვით სავსე კითხვა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც საქართველოში ყველა ქვიარს გაგვიგია – “აბა, სად იჩაგრებით?!”

საქართველოში 2018 წელს ლგბტქი თემის მონაწილეობით ჩატარებული კვლევის ანგარიშში მითითებულია: გამოკითხულთაგან, ათიდან შვიდი რესპონდენტი ერთხელ მაინც გამხდარა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის მსხვერპლი ბოლო 2 წლის განმავლობაში (N=155, 73.5%). მათ შორის, ფიზიკური და სექსუალური ძალადობის ან შევიწროების მსხვერპლი გამხდარა ყოველი მესამე (N=147, 30.3%), 68.7% (N=145) კიფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი.” (ე. აღდგომელაშვილი, 2018)  ლგბტქი თემის წევრების მიმართ ჩადენილ დანაშაულთა ამგვარ მასშტაბს ადასტურებს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ძალადობისა და დისკრიმინაციისგან დაცვის გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტიც, რომლის 2019 წლის ანგარიშში მითითებულია, რომ საქართველოში ლგბტქი ადამიანების ცემა გავრცელებული პრაქტიკაა, ისევე, როგორც მუდმივი შევიწროება და ბულინგი ოჯახის მხრიდან, გარიყვა სასწავლო პროცესიდან, სამუშაოდან და ჯანდაცვის დაწესებულებებიდან“.

საქართველოს სახალხო დამცველი 2021 წლის ანგარიშში უთითებს, რომ ლგბტქი თემის ნდობა სამართალდამცავი უწყებებისადმი არსებითად დაბალია, რაც განპირობებულია სამართალდამცავ და მართლმსაჯულების სისტემებში არსებული სერიოზული ხარვეზებით, პოლიციის ჰომოფობიური განწყობებით, სამართალდამცავი უწყებებისადმი დაბალი ნდობით, წარსულში რადიკალური ძალადობრივი ჯგუფების მიერ ჩადენილ, ძალადობრივ ქმედებებზე სამართალდამცავი უწყებების მხრიდან პრევენციული ღონისძიებების თავის არიდებით, სისხლის სამართლებრივი ზომების გამოუყენებლობითა და დამნაშავეთა დაუსჯელობით.

ლგბტქი თემის რთულ უფლებრივ მდგომარეობას ბოლო პერიოდში ხელისუფლებაში მყოფი, ღიად ანტიდასავლური მისწრაფებების მქონე, მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მხრიდან ანტილგბტქი რიტორიკა და პოლიტიკა დაემატა. 2024 წლის 4 ივნისს საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობამ „ოჯახის ღირებულებებისა და არასრულწლოვანების დაცვის შესახებ“ კანონპროექტის ინიციირება მოახდინა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები საქართველოს 19 კანონში შევა. ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში საქართველოში შეუძლებელი გახდება ლგბტქი საკითხებზე ღიად მსჯელობა, საზოგადოებაში არსებული ჰომოფობიური, ბიფობიური და ტრანსფობიური განწყობების შემცირება. ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება შეეზღუდებათ როგორც ქვიარ ადამიანებს, ასევე მათ მხარდამჭერებს, სხვადასხვა დარგის მეცნიერებს და ხელოვანებს. ლგბტქი ადამიანებს აეკრძალებათ  სამართლებრივ სახელმწიფოში დემოკრატიის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტის,  საჯაროდ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების გამოყენება. ბათილად იქნება ცნობილი შრომით ურთიერთობებში ლგბტქი ადამიანების დისკრიმინაციის აკრძალვა. ექიმებს წაერთმევათ უფლება, სამედიცინო დახმარება გაუწიონ ტრანზიციის ეტაპზე მყოფ ტრანსგენდერ ადამიანებს, მეცნიერულ მტკიცებულებებზე დამყარებული, მედიცინაში აპრობირებული და გამოცდილი პროტოკოლების მიხედვით. ამ და სხვა დისკრიმინაციული შეზღუდვების დაწესებას მმართველი პოლიტიკური პარტია მიმდინარე წლის შემოდგომაზე გეგმავს.

რთული განსაჭვრეტი არ არის, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ამ ყველაფერს საქართველოში მცხოვრებ ქვიარებზე.

გაიმეორებს თუ არა საქართველო რუსეთის პრაქტიკას, რომელიც ადამიანების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გადის?

იდენტური შინაარსის რეგულაციები 2013-2023 წლებში, ეტაპობრივად მიიღეს რუსეთის ფედერაციაშიც რუსული ღირებულებებისა და ტრადიციების დაცვის გაცხადებული მოტივით. პოლიტიკური ჯგუფები ლგბტქი და სხვა მოწყვლადი ჯგუფების, მაგალითად, ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელთა საკითხებით საკმაოდ ხშირად მანიპულირებენ.   საკუთარი ვიწრო ინტერესების გასატარებლად, სოციალური საკითხებიდან ყურადღების გადასატანად და საკუთარი ამომრჩევლის მობილიზებისთვის ამ ჯგუფებისგან „მტრის ხატს“ ქმნიან. ავტორიტარული რეჟიმები „ქვეყნის მტრების“ სამაგალითოდ დასჯით, ადამიანების დაშინებით ცდილობენ ჩაახშონ  არსებული ძალადობრივი რეჟიმის მიმართ პროტესტი და წინააღმდეგობა.

რუსეთში თითქოს ოჯახური ღირებულებების დაცვის მიზნით კანონმდებლობის შემოღებამ, ქვიარ თემის მიმართ სიძულვილის წახალისებამ და გაღვივებამ  სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა რიცხვის ზრდა და ქვეყნიდან ქვიარ თემის მასობრივი ემიგრაცია გამოიწვია. იმ ფონზე, რომ ლგბტქი ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული ფიზიკური ძალადობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის, მკვლელობების, ქონების დაზიანების და სხვა შემთხვევების აღრიცხვა რუსეთის ფედერაციაში არ ხდება, მკვლევართა ჯგუფმა 2010 – 2020 წლების განმავლობაში მოახერხა 853 დანაშაულის დოკუმენტირება, აქედან 365 შემთხვევა მკვლელობით დასრულდა. მედიის საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია შემზარავი სისასტიკით და ცინიზმით ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის – არასრულწლოვანი ქვიარების წამებით მკვლელობების შესახებ. 2023 წელს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ ლგბტქი ორგანიზაცია ექსტრემისტულ ორგანიზაციად ცნო. ექსტრემისტული ორგანიზაციის წევრობა ან მის აქტივობებში მონაწილეობა კი რუსეთში 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

მსგავსი პროცესის დასაწყისს ვაკვირდებით დღეს საქართველოშიც, სადაც პარლამენტმა სულ ცოტა ხნის წინ მიიღო რუსეთში მოქმედი კანონის იდენტური კანონი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ”. ამ კანონის მიღებამ რუსეთში სამოქალაქო უფლებადაცვითი ორგანიზაციების ჯერ შესუსტება, შემდეგ კი გაქრობა გამოიწვია.

იმ შემთხვევაში, თუ მოვლენები საქართველოშიც ამ სცენარით განვითარდება, შესაძლოა, ქვიარებისთვის სამართლებრივი და სხვა კრიტიკულად საჭირო სერვისების გამწევი ორგანიზაციაც აღარ დარჩეს. ამ ვითარებაში, სახელმწიფო ორგანოების მხრიდან ქვიარების უფლებების დაცვის მოლოდინი არ არსებობს. ქვეყნის ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური დოკუმენტიდან – საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიიდან (2022-2030 წლებისთვის) და ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმიდან ლგბტქი ადამიანების დაცვის შესახებ დებულებები სრულად იქნა ამოღებული და ლგბტქი თემის შესახებ ერთი სიტყვაც კი არ არის ნათქვამი.

დასკვნა

ყოველივე ზემოთქმულიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ საქართველოში ქვიარ ადამიანების მიმართ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები განპირობებულია:

  • საზოგადოებაში სქესის და გენდერის მკაცრად ბინარული დაყოფით და შესაბამისი მოლოდინებით, ასევე ჰეტერონორმატიულობის მოთხოვნებით ადამიანების სქესის, გენდერის, სექსუალობის, ქცევის და გარეგნობის მიმართ.
  • სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე არაეფექტური რეაგირებით ან სრული უმოქმედობით, რაც ახალისებს მსგავსი და კიდევ უფრო სასტიკი დანაშაულების ჩადენას მომავალში;
  • პოლიციელების მხრიდან მსხვერპლის მეორადი ვიქტიმიზაციით;
  • ეკლესიის მსახურების მხრიდან ქვიარ ადამიანების დემონიზებით;
  • სახელმწიფოს მხრიდან ლგბტქი საკითხების ინსტრუმენტალიზებით, ჰომოფობიური კანონების მიღებით, რაც კიდევ უფრო მეტად არწმუნებს საზოგადოების წევრებს რომ ქვიარები მათთვის საფრთხეს წარმოადგენენ;
  • სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოებრივი ორგანიზაციების, მათ შორის ქვიარ სერვისული ორგანიზაციების საქმიანობის შეფერხებით.

 

 

წინა

თქვენი სიძულვილი გვკლავს

შემდეგი

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,