ხვალ, 30 ივლისს, კიევში, უკრაინელი ლგბტქ+ აქტივისტები პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისის წინ შეიკრიბებიან, სადაც გაიმართება რეივი პროტესტის ფონზე. ”ახლადდაფუძნებული UkrainePride თავის Rave Pride– ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობის წინ ჩაატარებს” – იუწყება უკრაინული საინფორმაციო გამოცემა Kyiv Post. ღონისძიებას ელექტრონული მუსიკის არტისტები გააფორმებენ.
მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს თანასწორობის უფლებისთვის მებრძოლები სიხარულით შეხვდნენ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას, ის კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა იმის გამო, რომ მკაფიოდ ვერ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია ლგბტქ+ უფლებებთან დაკავშირებით. მან ასევე უარი თქვა, მისი პარტიის მიერ შემუშავებული LGBTQ+ კანონმდებლობის დაგმობაზე, რომელიც მეზობელი რუსეთის ანტი-გეი “პროპაგანდის” კანონს ეხმიანება.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მსგავსი ფორმით პროტესტს გამოხატავენ – როცა ლგბტქ+ აქტივისტები ”დენსფლორიდან” პოლიტიკური ლიდერების საცხოვრებელ თუ სამუშაო ადგილას ინაცვლებენ. 2017 წლის იანვარში, აქტივისტებმა რეივი მოაწყვეს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის სახლთან, რომელმაც ხელი მოაწერა ანტი- LGBTQ+ ”რელიგიური თავისუფლების” საწინააღმდეგო კანონპროექტს, როგორც ინდიანას გუბერნატორმა.
ორგანიზატორები ასევე მოითხოვენ სიძულვილის მოტივით ლგბტქ+ თემზე თავდასხმების გამოძიებას, მათ შორის, 2019 წელს პოლიციის მიერ გეი ღამის კლუბის დარბევას ცენტრალური უკრაინის ქალაქ დნიპროში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლებამ აიძულა კლუბის მფლობელები საათობით წოლილიყვნენ გაყინულ იატაკზე ჰომოფობიური შეძახილების ფონზე.
”უკრაინის ლგბტქ+ თემს კვლავ თავს ესხმიან ულტრამემარჯვენე რადიკალები, მათი თავდასხმები დაუსჯელი რჩება, რაც ქვეყანას საშიშს ხდის საკუთარი მოქალაქეებისთვის და ნაკლებად მიმზიდველს უცხოელი სტუმრებისთვის”, – ნათქვამია UkrainePride-ს მიერ Instagram-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ”მთავრობის უმოქმედობა გვაერთიანებს, გამოვიყენოთ დემოკრატიის ჩვენთვის დარჩენილი ერთადერთი ეფექტური ინსტრუმენტი – პროტესტი.”
ფოტო: Barcroft Media/Getty Images