ჩვენ სულიერად მართლმადიდებელი ტალიბები გვანათლებენ

მღვდელი გლებ იაკუნინი

ლადო გოგიაშვილის თარგმანი

მსოფლიო მართლმადიდებლობაში, განსაკუთრებით კი მძაფრად რუსულში, გამოიკვეთა უკიდურესი ფლანგები – ,,ლიბერალ-დემოკრატები”, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, მათი მოწინააღმდეგენი – კონსერვატული რადიკალ-ექსტრემისტები, რომელთა იდეური ბელადი იყო სანკტ-პეტერბურგის მიტროპოლიტი იოანე სნიჩევი. მართალია, მიტროპოლიტი 1995 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მისი საქმე ცოცხლობს და იმარჯვებს. მათ რიგებში მოიაზრება სინოდის წევრი მმართველი მღვდელმთავრების უმრავლესობა, სამრევლო მღვდლები და მონაზონთა კორპუსის ძირითადი მასა მაშინ, როცა მცირერიცხოვანი რეფორმატორები მოსკოვის საპატრიარქოს მიერ იდევნებიან – მღვდელი ალექსანდრე მენი მოკლეს, მისი წიგნების გაყიდვა ტაძრებში ფიზიკურად აკრძალულია, ერთი ან ორი გამონაკლისის გარდა. ფართოდ არის ცნობილი, როგორ სდევნიან მამა გიორგი კოჩეტკოვს და მის მრავალრიცხოვან მრევლს მხოლოდ იმის გამო, რომ შეეცადნენ თავიანთი სამრევლოს ცხოვრებაში დაემკვიდრებინათ ყველაზე უფრო მომწიფებული რეფორმა, კერძოდ კი -ღვთისმსახურების ჩატარება რუსულ ენაზე.

ინფორმაციის ერთადერთი ორგანო, რომელიც პირობითად შეიძლება მივაკუთვნოთ ზომიერად ლიბერალურ მიმართულებას, არის ქრისტიანული საეკლესიო-საზოგადოებრივი არხი რადიო ,,სოფიაზე”, რომელმაც 1997 წელს პატრიარქ ალექსი II-გან მკაცრი გაფრთხილება მიიღო: ,,ჩვენ ვთვლით, რომ რმე-ს მღვდელმსახურთა მონაწილეობა აღნიშნულ რადიო არხ ,,სოფიაზე”, დაუშვებელია, რადგანაც ეს არხი ეწინააღმდეგება მართლმადიდებლური რწმენის სულს”.

რაც შეეხება ფუნდამენტალისტ ფანატიკოსთა მძლავრ ფრთას, იგი წარმოადგენს აბსოლუტურ უმრავლესობას რმე-ში და აკონტროლებს მრავალრიცხოვან საინფორმაციო საშუალებას, რომლებიც მათ იდეოლოგიას გამოხატავენ: რადიოსადგური და გაზეთი ,,რადონეჟი”, ОРТ-ზე შაბათობით მიტროპოლიტ კირილეს რელიგიური პროგრამა, გაზეთი ,,Русь провославная” და ,,Русь державная”, ტელეპროგრამა და ჟურნალი ,,Русский дом”, სპეცჩანართი კომუნისტურ გაზეთში ,,Завтра,“ და უკიდურესად მარგინალური და მცირეტირაჟიანი გაზეთები ,,Я – русский”, ,,Мы – русские”, ,,Наше отечество”, ,,Пульс Тушина”, ,,Дуэль” და სხვა.

უფრო ზომიერი გამოცემებია, სადაც ხშირია გამოხტომები სხვაგვარად მადიდებელთა და ლიბერალთა წინააღმდეგ: ,,Православная Москва”, ,,Московский церковный вестник”. რაც შეეხება პროვინციულ პრესას, ადგილობრივი ტალიბანის ბეჭდვითი ორგანოები ურიცხვია! ჩამოვთვალოთ მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელი ,,ტალიბანის” ,,მრწამსის” ძირითადი პრინციპები:

მსოფლმხედველობის რეტროსპექტრულობა – მუდმივად უკან ხედვა და წარსულის საკრალიზაცია – ნამდვილი ჭეშმარიტება მხოლოდ წარსულ დიდებაშია;

ძველი სტილის (იულიუსის კალენდრის) ჭეშმარიტებაში აბსოლუტური, შეურყეველი რწმენა. ფუნდამენტალისტები პრინციპული მეძველსტილეები არიან;

ღვთისმსახურების თანამედროვე ენებზე ჩატარების დაუშვებლობა, ანუ რუსებისათვის რუსულ ენაზე ღვთისმსახურების დაუშვებლობა;

საღვთისმსახურო განაწესში რაიმე ცვლილებების შეტანის დაუშვებლობა;

ფსკოველი სტარეცის ფილოთეოსის (XV ს.) იდეისადმი – ,,მოსკოვი – მესამე რომი” – ბრმა ერთგულება;

და აქედან გამომდინარე:

რუსეთში მონარქიის, იმპერიის აღდგენის პოლიტიკურ-რელიგიური წყურვილი და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ,,სიმფონიის” აღდგენის სურვილი, რომელიც თითქოსდა არსებობდა 1917 წლამდე;

მებრძოლი ანტიეკუმენიზმი. მოთხოვნა, რომ რმე-მ დატოვოს ეკლესიათა მსოფლიო საბჭო (ბულგარეთისა და საქართველოს ეკლესიის კვალად);

უკიდურესი მტრობა სხვაგვარად მადიდებელთა – კათოლიკეთა, პროტესტანტთა და სხვათა მიმართ;

დასავლეთისადმი მტრობა. იქაური პოლიტიკური და საზოგადოებრივი წყობის, კულტურის მტრობა. განსაკუთრებით აშშ-სა და ნატოს მტრობა;

დემოკრატიის, დემოკრატიული თავისუფლების, ადამიანის უფლებებისა და განსაკუთრებით სინდისის თავისუფლების პრინციპების მიუღებლობა. რმე-ს მღვდელმთვართა კრებამ, რომელიც 2000 წლის აგვისტოში გაიმართა, მიიღო კონცეფცია, რითაც გამოხატა სინდისის თავისუფლების პრინციპების უკიდურესი მიუღებლობა. ,,სინდისის თავისუფლების პრინციპის იურიდიული დამტკიცება ნიშანია საზოგადოების მიერ რელიგიური მიზნებისა და ღირებულებების დაკარგვისა, მასობრივი აპოსტასიისა და ეკლესიის საქმის მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულებისა”.

ანტისემიტიზმი და რწმენა იმისა, რომ რუსეთის ყველა უბედურებაში დამნაშავე ებრაელები არიან. მართლმადიდებელი ,,ტალიბანების” სულიერი მასწავლებელი, მიტროპოლიტი იოანე სნიჩევი იყო საეკლესიო რეფორმების მომხრეებზე დევნის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი – იგი ასევე იყო ანტისემიტი და სჯეროდა ,,სიონელ ბრძენთა ოქმების” ნამდვილობისა, მსოფლიო შეთქმულებისა რუსეთისა და მართლმადიდებლობის – ანტიქრისტესა და სატანის წინააღმდეგ ბრძოლის ჭეშმარიტი მედროშის – წინააღმდეგ. ამგვარად, მიტროპოლიტმა იოანემ, ანტისემიტიზმის ამ იდეოლოგმა 1995 წელს ჩამოაყალიბა ასეთი თეოლოგიური მიგნებანი ნაციონალურ საკითხთან მიმართებაში: ,,ახლა რუს ადამიანს ებრაელი ევლინება მსაჯულადაც და ჯალათადაც. რუსი ადამიანი ამტკიცებს: ურიებმა დაღუპეს რუსეთი …”. რმე-ში ლიბერალურ-რეფორმატორული მიმართულება მას მიაჩნდა ღმერთთან ბრძოლად: ,,დარწმუნდნენ რა, რომ შეუძლებელია ეკლესიის დანგრევა პირდაპირი ძალადობით, ღმერთთან მებრძოლები მთელ ძლისხმევას მიმართავენ მართლმადიდებლობის შიგნიდან გახრწნაზე – სამოციქულო, წმიდა მამათა სწავლებისათვის ერეტიკული შეხედულებებისა და სხვა ,,სიბრძნეების ინექციის” გზით.

ჩამოთვლილმა ჭეშმარიტებებმა 90-იანი წლების ბოლოსათვის სულ უფრო და უფრო მეტად გახლიჩა საეკლესიო ხელმძღვანელობა, რამაც ხელი შეუწყო ხელმძღვანელობის დიდი ნაწილის ექსტრემისტულ-კონსერვატიულ, ულტრანაციონალისტურ პოზიციებზე გადასვლას.

ტალინის მიტროპოლიტი ალექსი რიდიგერი ხალხთა მეგობრობი ორდენით დაჯილდოების შემდეგ. „ЖМП“ 1979, №5,გვ.11

სრულიად რუსეთის კლერიკალიზაცია კანალიზაციის გარეშე

1998 წელს რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის პომპეზური აღნიშვნის შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქო მთელი მსოფლიოს დასანახად დაუღალავად ახდენს რუსეთში არნახული რელიგიური აღორძინების დეკლარირებას. თუმცაღა სინამდვილეში ხალხის რწმენის აღორძინების ნაცვლად ხდება ჩანაცვლება – საზოგადოებისა და სახელმწიფოს სულ უფრო ძლიერი კლერიკალიზაცია და სახელმწიფო- ბიუროკრატიული აპარატის მხრიდან ამ პროცესის მუდმივი, აქტიური მხარდაჭერა იწვევს ,,კულტის მსახურთა” როლის გაძლიერებას. განსაკუთრებით კი უმაღლესი იერარქიული რგოლის როლის გაძლიერებას სახელმწიფოსა და საზოგადოების სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

როგორც სამართლიანად შენიშნა ერთმა თანამედროვე ღვთისმეტყველმა:

,,კლერიკალიზაცია არის მოვლენა, რომლის დროსაც ქურუმთა ელიტა გამოდის შუამავლად საზოგადოებასა და ზეცას შორის და შესაბამისად საზოგადოებისაგან და სახელმწიფოსგანაც კი მოითხოვს საკუთარი აბსოლუტური განსაკუთრებულობის ბრმა რწმენას და ექსკლუზიურ უფლებას – იყვნენ ერთადერთი ჭეშმარიტების გამომხატველნი ბოლო ინსტანციაში”. აქედან მომდინარეობს მოსკოვის საპატრიარქოს სულ უფრო მზარდი და წარმატებული მცდელობები უკანონო ჩარევისა სახელმწიფოსა და საზოგადოების ცხოვრება-მოღვაწეობაში.

რუსეთი კონსტიტუციის მიხედვით საერო სახელმწიფოა, სადაც აღიარებულია რწმენის თავისუფლება, რელიგიური და იდეოლოგიური მრავალფეროვნება. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ხელს უწყობს მოსკოვის საპატრიარქოს საზოგადოების ახალი იდეოლოგიით ,,დაბოლებაში” – ეს არის რმე-ს მიერ ინტერპრეტირებული მართლმადიდებლური რწმენა (როგორც უწინ – კომუნისტური).

მოსკოვის საპატრიარქოს ლობისტებმა შეძლეს ,,სინდისის თავისუფლების შესახებ” დისკრიმინაციული კანონის დამტკიცება პარლამენტისა და პრეზიდენტ ელცინის მეშვეობით. აღნიშნული კანონი ძალაში შევიდა 1997 წლის სექტემბერში. ამ კანონმა ფაქტობრივად სერიოზული შეღავათები და უპირატესობები მიანიჭა მოსკოვის საპატრიარქოს. ამით გულმოცემული რმე არა მხოლოდ ცდილობს წარმატებით მოახდინოს სასულიერო სფეროს პრივატიზება, არამედ ხელყოს სამოქალაქო თავისუფლებები. ერევა ხელისუფლების ორგანოების მუშაობაში, ცდილობს ,,ჩანერგვას” სახელმწიფო და საზოგადოებრივ სტრუქტურებში და პარალელურად ყველა სფეროდან წარმატებით აძევებს თავის რელიგიურ კონკურენტებს.

ამ ახალი კანონის საფუძველზე უფლებებში იზღუდებიან არა მხოლოდ ე.წ. ,,ეგზოტიკური სექტები”, არმედ ეყრდნობა რა ცრუ კანონიკურ პოსტულატებს, მოსკოვის საპატრიარქო ითხოვს განსაკუთრებულ როლს სასიცოცხლო სივრცის ,,მწყსისათვის” და აიძულებს სამოქალაქო ხელისუფლებას, მოახდინოს სხვა დანარჩენი კონფესიების ყოველმხრივი დისკრიმინაცია.

ამავდროულად მოსკოვის საპატრიარქოს უსასყიდლოდ გადაეცემა უშველებელი მიწის ნაკვეთები და ყოველგვარი უძრავი ქონება, მათ შორის არარელიგიური დანიშნულებისაც, რომელიც არასოდეს ეკუთვნოდა ეკლესიას. კათოლიკური ეკლესია მრავალი წელია წარუმატებლად ცდილობს დაიბრუნოს სამლოცველოები მოსკოვში, ორიოლში, პიატიგორსკსა და კისლოვოდსკში, აგრეთვე სხვა ქალაქებში. ბაპტისტებმა, ორმოცდაათიანელებმა, ადვენტისტებმა კი უარი მიიღეს თხოვნაზე – ეყიდათ ან არენდით აეღოთ მიწის ნაკვეთები ან შენობები.

რელიგიური დისციპლინების სწავლება ,,რელიგიათმცოდნეობის” შირმით მოსკოვის საპატრიარქოს მღვდელმსახურთა მიერ ფართოდ ინერგება უმაღლეს სასწავლებლებში, მათ შორის სამხედრო აკადემიებშიც კი. ზოგიერთ რეგიონში (სმოლენსკი, კურსკი, მოსკოვის ოლქი და სხვა) სახელმწიფო საშუალო სკოლებში ზოგადსაგანმანათლებლო დისციპლინებში შეტანილია საღვთო სჯულის სწავლება.

მიმდინარეობს შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიანი კლერიკალიზაცია. ტარდება ოფიციალური ცერემონიები (დროშების, რაკეტების, ხომალდების, ჩეჩნეთის ომში მიმავალი ჯარისკაცებისა და საბრძოლო იარაღის კურთხევა), რაც არის კანონის ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ”, რომელიც კრძალავს სამხედრო ნაწილებში რელიგიურ საქმიანობას, სერიოზული დარღვევა.

იგივე შეიძლება ითქვას პენიტენციარულ სისტემაზეც, რომლის ტერიტორიაზეც შენდება მხოლოდ და მხოლოდ მართლმადიდებლური ტაძრები. ციხეებიდან და ბანაკებიდან იდევნებიან მხოლოდ ის მღვდელმსახურები, რომლებიც არ შედიან მოსკოვის საპატრიარქოს სტრუქტურებში.

პოსტკომუნისტური საზოგადოების სულიერი აღორძინების ჩანაცვლება გარეგანი მართლმადიდებლური კლერიკალიზაციით, უეჭველად გამოიწვევს ახალ სულიერ კრიზისს საზოგადოებაში იმ საეჭვო რწმენის ფონზე, რომ თითქოს ქვეყანაში მოსახლეობის 60-70 პროცენტი მართლმადიდებელი მორწმუნეა. უფრო ზუსტია შსს-ს სტატისტიკა, რომელიც ამტკიცებს, რომ ,,ქრისტეს შობის” საეკლესიო დღესასწაულზე მოსკოვის ტაძრები (ასეთი სულ 500-მდეა) მოინახულა 200 ათასმა ადამიანმა (ანუ მოსახლეობის 1,5%25). თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ დღესასწაულზე მრავალი ადამიანი მხოლოდ ცნობისმოყვარეობის გამო მიდის ტაძარში, რეალურად მორწმუნეთა რაოდენობა გაცილებით ნაკლები იქნება.

მართლმადიდებლური კლერიკალიზმი, ცდილობს რა სახელმწიფო და საზოგადოება გადაჩეხოს შუა საუკუნეებში, სინდისის თავისუფლების ხელყოფის გარდა ხშირად ამწვავებს ნაციონალურ საკითხებს, როდესაც რუს მართლმადიდებლებს ფაქტობრივად მიაკუთვნებს სრულფასოვან ადამიანთა კატეგორიას, ხოლო არარუსებს და ,,ურწმუნოებს” – მეორეხარისხოვან ადამიანთა რიცხვს, რითაც ნაყოფიერ ნიადაგს უქმნის სულიერ-ნაციონალურ აპარტეიდს.

ვიღაცამ თქვა – რმე ხომ სექტაა და თანაც საზარელი – ის ხომ დესტრუქციულია! და მზაკვრულად ჩაიქირქილა – ტოტალიტარულიც !!!

ბოლო დროს მოსკოვის საპატრიარქომ გააჩაღა ისტერიული კამპანია ახალი რელიგიური მიმდინარეობების წინააღმდეგ, რადგანაც არცთუ უსაფუძვლოდ მრავალ მათგანს საკუთარ კონკურენტად აღიქვამს. ბრალს სდებს რა სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს – რომ თითქოს ისინი ხელყოფენ საკუთარ წევრთა პიროვნულ უფლებებს და უზღუდავენ მათ ძირითად სამოქალაქო უფლებებს, საპატრიარქო მოქმედებს ცნობილი მეთოდით ,,დაიჭი ქურდი!”. მოსკოვის საპატრიარქომ სახელმწიფოებრივ დონეზე დაამტკიცა კაბალური წესდება საკუთარი სამრევლოებისათვის, მოახდინა საეკლესიო თემების ქონების სრული ექსპროპრიაცია, ჯიუტად ეწინააღმდეგება საეკლესიო სასამართლოს შემოღებას. ასეთი ქმედებებით საკუთარი მსახურები ყმებად აქცია. ,,წითელი ეკლესია” თვითონ გადაიქცა ტიპურ ტოტალიტარულ სექტად.

საფუძვლიდანვე დარღვეულია მართლმადიდებლური კრებითობის პრინციპები. რმე-ს დაფუძნებისთანავე 1943 წელს უარყოფილ იქნა 1917-18 წლების ადგილობრივი კრების მიერ დამკვიდრებული ეპისკოპატის არჩევითობის პრინციპი. აგრეთვე ლიკვიდირებულ იქნა სამრევლო უხუცესთა არჩევის წესი, რომელიც საბჭოთა ხელისუფლების დროსაც კი ფორმალურად მაინც არსებობდა. ბოლო დროს მიღებული სიახლეების შედეგად საეკლესიო საკრებულოების თავმჯდომარეებს მრევლის წევრები კი არ ირჩევენ, არამედ მათი დანიშვნა შეუძლია მმართველ ეპისკოპოსს. ასეთი მაგალითები უკვე მრავლად მოიპოვება. პატრიარქმა დანიშნა დეკანოზი ოლეგ კლემოიშევი ერთდროულად წინამძღვრადაც და უხეცესადაც მამა გიორგი კოჩეტკოვის ყოფილ სამრევლოში. მრავალი ეპარქიიდან მოდის საჩივარი საეპარქიო სამმართველოებაზე, რომლებიც სამრევლოებს აიძულებენ მიიღონ ახალი წესდებები, სადაც დაშვებულია უხუცესთა პირდაპირი, ,,ზემოდან” დანიშვნის შესაძლებლობა. 1997 წლის დეკემბრის ბოლოს, მოსკოვის საეპარქიო კრებაზე გამოსვლისას ალექსი II-მ საპატრიარქო ტოტალიტარიზმს კანონიკური ბაზა მიუსადაგა, დაამახინჯა რა მოციქულთა წესების 39-ე მუხლის შინაარსი, რომელიც ამბობს: ,,პრესვიტერებმა და დიაკონებმა ეპისკოპოსების ნების გარეშე არაფერი მოიმოქმედონ”. პატრიარქმა უბრალოდ გააფართოვა ნორმის მოქმედების არეალი, რომელიც ეხება მხოლოდ საღვთისმსახურებო მოქმედებების შესრულებას, და პირდაპირ დაემუქრა სამღვდელოების იმ წარმომადგენლებს, რომლებიც გარისკავენ და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მიმართავენ ზემდგომი საეკლესიო ხელისუფლების გარეშე. განა გასაკვირია, რომ პატრიარქი მოციქულთა 39-ე წესის ასეთ განმარტებას თვლის ,,ფუნდამენტურ საეკლესიო კანონად”. მომავალში ეს დებულება დამტკიცებულ იქნა მომდევნო სამღვდელმთავრო კრების მიერ.

იმავე კრებაზე პატრიარქი დაემუქრა შტატის გარეთ მყოფ ანდა მღვდელმოქმედებააკრძალულ სამღვდელო პირებს ,,საეკლესიო დისციპლინარული პასუხისმგებლობით” ნებისმიერი იმ გამონათქვამისათვის, რომელიც არ ემთხვევა მის თვალსაზრისსს. ხოლო 1999 წლის 29 დეკემბერს წმინდა სინოდმა ეს იდეა ,,სრულყო” და განსაკუთრებით მიუთითა მღვდლებს მათ გარშემო ისეთი საკრებულოების შექმნის დაუშვებლობის შესახებ, სადაც ადგილი ექნებოდა კრიტიკულ დამოკიდებულებას უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების მიმართ. საინტერესოა, როგორ უნდა მოახერხოს ამ ხელისუფლებამ საკუთარი მისამართით კრიტიკის აკრძალვის თანხვედრა სახარების მოწოდებასთან: ,,თუკი შენი ძმა შესცოდავს, მიდი და ამხილე იგი” (მათე 18, 15-17).

პანაღიიან ჩეკისტებს სურთ სამღვდელოთა შორის იხილონ ,,მართლმადიდებელი შამანები”, რიტუალების უაზროდ აღმსრულებლები, რომლებიც ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ XIX საუკუნის სოფლის მოსახლის დონეზე დაკონსერვებული ცრურწმენებისა და მაგიზმის გაფურჩქვნას და რაც მთავარია – იქნებიან მათი მონები. ხსენებულ დოკუმენტში პატრიარქმა ალექსიმ მოახდინა ,,წითელი საპატრიარქოს” ახალი თეოლოგიის ფორმულირება, როდესაც ზოგიერთი მღვდელმსახურის მიერ ,,სინდისის თავისუფლების შესახებ” ახალი კანონის გაკრიტიკების გამო განაცხადა: ,,პირები, რომლებსაც აქვთ განსხვავებული აზრი, სულ ცოტა ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ საჯაროდ ამ აზრების განხილვისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაისჯებიან საეკლესიო დისციპლინარული სასჯელით … კანონები, რომლებიც მკაცრი სასჯელით ემუქრება მღვდლებს, უსპობს მათ საერო ხელისუფლებასთან თვითნებური მიმართვის შესაძლებლობას, ზემდგომი საეკლესიო ხელისუფლების ნებართვის გარეშე.” ახალი კანონის კრიტიკისათვის შტატგარეთ იქნა გაყვანილი სანკტ-პეტერბურგის სასულიერო აკადემიის ინსპექტორი, იღუმენი ბენიამინ ნოვიკი.

ეს უკვე ფეოდალიზმი კი არა, მონათმფლობელობაა!

რითი არ არის ტოტალიტარული სექტა! წესდება რმე-ს მართვის შესახებ, მისი სამოქალაქო წესდება, სამრევლოების ტიპური წესდება თავისი მკაცრი სუბორდინაციული მოთხოვნებით აყალიბებს საეკლესიო წყობას, რომელიც საფუძველშივე ეწინააღმდეგება მართლმადიდებლურ კანონიკურ სამართალს – კერძოდ კი – რმე-ს 1917-18 წლების ადგილობრივი კრების დადგენილებებს, საეკლესიო სტრუქტურას, რომელიც შეესაბამება არა ,,წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას”, არამედ გასამხედროებულ, უსიტყვო მორჩილებაზე აგებულ სტრუქტურას. რმე-ს მოქმედი წესდების სტილისტიკაც კი ნათლად მოწმობს ამის შესახებ. მაგალითად, რმე-ს სამრევლოს ტიპური წესდების I პუნქტი ასე იკითხება: ,,სამრევლო არის რელიგიური გაერთიანება. იგი წარმოადგენს რმე-ს პირველად სტრუქტურულ ქვედანაყოფს”, ხოლო რმე-ს სამოქალაქო წესდების IV პარაგრაფი ღაღადებს: ,,რმე არის ერთიანი, ცენტრალიზებული რელიგიური გაერთიანება, რომელიც თავის თავში მოიცავს იერარქიულად დაქვემდებარებულ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს… და ა.შ.“. სახელმწიფო უშიშროების შიდა სამომსახურეო წესდებიდან ხომ არის ნასესხები ეს პუნქტები?

მოქმედი წესდების მიხედვით, მმართველი მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე სამრევლო აქტივის ე.წ. ,,ათეულის” შექმნაც კი დაუშვებელია.

მოსკოვის საპატრიარქოს ტოტალიტარული მიდრეკილებების გაძლიერებას ხელი შეუწყო აგრეთვე სამრევლოებისათვის უძრავი და მოძრავი ქონების, ყველა შენობა-ნაგებობის, რელიგიური დანიშნულების ნივთების, ფინანსების, მიწის ნაკვეთებისა და სხვათა ჩამორთმევამ და უმაღლესი საეკლესიო ხელისუფლების ცენტრალიზებულ მმართველობაში გადაცემამ. ამ პროცესმა ხელი შეუწყო პატრიარქისა და სინოდის ხელში განუზომელი ძალაუფლების კონცენტრაციას. სწორედ ეს ანტიკანონიკური საეკლესიო ნომენკლატურული პრივატიზაცია – სამრევლოების საკუთრებიდან ქონების ამოღება – ქმნის ტოტალიტარიზმის მძლავრ ფუნდამენტს და ხელს უწყობს საპატრიარქოს ხელმძღვანელობას განახორციელოს კონტროლი საეკლესიო ცხოვრების ყველა მიმართულებაზე.

მოსკოვის საპატრიარქოს ტოტალიტარულ სექტად გადაქცევის გზაზე გადამწყვეტი ნაბიჯი იყო 2000 წელს გამართული სამღვდელმთავრო კრების უზურპატორული გადაწყვეტილებები – კერძოდ, რმე-ში ადგილობრივი კრებისაგან სამღვდელმთავრო კრებას გადაეცა ძალაუფლების მთელი სისრულე და ამასთან ერთად უკვე აღარ არის აუცილებელი ადგილობრივი კრებების მოწვევის თარიღის წინასწარ დადგენა, რაც იყო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური მოწყობის ,,წმიდათა წმიდა” (რმე-ს უკანასკნელი ადგილობრივი კრების, რომელიც 1990 წელს გაიმართა, განმარტებით – ადგილობრივი კრება უნდა შეიკრიბოს აუცილებლობის წესით არანაკლებ ერთხელ 5 წელიწადში).

ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით ,,ტოტალიტარული სექტების” წინააღმდეგ აბსურდული ბრალდებების წამოყენებისას, საპატრიარქო თვითონ ცდილობს დაიკავოს უპირატესი მდგომარეობა სახელმწიფოში და კვლავ შეავსოს მისთვის ჩვეული ნიშა სახელმწიფო უშიშროების სფეროში. თუკი კომუნისტური რეჟიმისას სკკპ-ს ადგილი მისთვის მიუწვდომელი იყო და სახელმწიფო სამსახურის ხაზით იგი კმაყოფილდებოდა მხოლოდ აგენტურული საქმიანობით, დღეს იგი პრეტენზიას აცხადებს საზოგადოების სულიერი ცხოვრების სრულ მონოპოლიაზე და სახელმწიფოს თავს ახვევს თავის წამყვან როლს სახელმწიფო უშიშროების უზრუნველყოფაში სულიერ სფეროში.

ენამწარე რელიგიურ მონსტრს ნატოს განადგურება სურს

ქრისტიანობაში მკვლელობა ყოველთვის ცოდვად ითვლებოდა. თუმცაღა სამართლიან ომში მოწინააღმდეგის მოკვლა ანდა ბოროტმოქმედის მოკვლა, რომელსაც სურს დანაშაულის ჩადენა – ასეთი მკვლელობების მონანიება შესაძლებელი იყო აღსარებისას. ცალკეული მღვდელმსახურები იმასაც კი აცხადებდნენ – ,,მოკვლა შეიძლება მადლი იყოსო” (ჟურნალი ,,Штурм” 11-12, 1996). საბჭოთა პერიოდში ხელისუფლების მოთხოვნით იერარქები შეაჩვენებდნენ ამერიკულ ფრთოსან რაკეტებს, თუმცაღა საბჭოთა ბირთვული რაკეტები რომ ,,მართლმადიდებლურ, კურთხეულ რაკეტებად” ეღიარებინათ, ადრე არავინ დაფიქრებულა – არც რელიგიის საქმეთა საბჭოში და არც სკკპ ცკ-ს პროპაგანდის განყოფილებაში! აი მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ სტრატეგიული დანიშნულების რაკეტების მართვის ცენტრი რომ მოინახულა, ადგა და ამ რაკეტების ზეციურ მფარველად წმიდა ბარბარე დანიშნა – ალბათ იმ მიზნით, რომ რაკეტა, ღმერთმა არ ქნას და მიზანს – ვაშინგტონს ან პარიზს არ ასცდეს. საყოველთაო მსოფლიო რუსულმა სახალხო კრებამ შორს ჩამოიტოვა კომუნისტური პროპაგანდა. ამ სახალხო კრების შესახებაც დეტალურად იქნება საუბარი მომდევნო თავში, ის ერთ-ერთი ყველაზე უფრო ფუნდამენტალისტური მართლმადიდებლური ორგანიზაციაა, რომლის სათავეშიც დგას მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი ალექსი II და რომელმაც მემკვიდრეობად მიიღო ბევრი ნიშანდობლივი შტრიხი რევოლუციამდელი რუსი ხალხის კავშირისა.

ამ ,,რუსულმა კრებამ” უკვე განაცხადა საკუთარი პრეტენზიების შესახებ სახელმწიფო ხელისუფლების მოპოვებასთან დაკავშირებით და იმის შესახებ, რომ არ ცნობს მსოფლიოში არსებულ საზღვრებს.

1996 წლის 12 ნოემბერს მიტროპოლიტ კირილეს მიერ პატრიარქ ალექს II-ის კურთხევით მოწვეულ ნახევრადდახურულ სხდომაზე, რომლის შესახებაც ნაწილობრივ ინფორმაცია გაავრცელა მხოლოდ გაზეთმა ,,Сегодня” (13.11.96) კრების მონაწილეებმა დასახმარებლად მიმართეს და აკურთხეს ცნობილი რაკეტები შშ – 18. ეგზალტირებული შავრაზმელები, როგორც ჩანს, თანდათან გარდაიქმნენ ავღანელ ტალიბებად, რომლებიც მთელ სამყაროს ემუქრებიან ,,მართლმადიდებლური შარიათით”.

ოცდაათი წლის განმავლობაში დასავლელი ობივატელი ცხოვრობდა შიშით – რომელიმე გაუწონასწორებელი ან გადამთვრალი სკკპ-ის გენერალური მდივნის ნებით საბჭოთა ატომური რაკეტები მოაწყობდნენ მსოფლიოს კომუნისტურ აღსასრულს. მაგრამ კომუნისტური ეპოქა დასრულდა, საბჭოთა კავშირი დაიშალა და ობივატელმა შვებით ამოისუნთქა, მაგრამ … სულ ტყუილად! იდეოლოგიის დარგში ცენტრალური კომიტეტის მდივნები შეცვალეს ახალმა ,,მხედრებმა” – სამიტროპოლიტე კუნკულ-ბარტყულებში, რომელთაც ხელში ეჭირათ არა ღვთის სიტყვა, არამედ რაკეტები შშ – 18. მიტროპოლიტმა კირილე გუნდიაევმა გამოაცხადა, რომ ნატოს გაფართოებაში ხედავს ანტიქრისტეს მოსვლის ბიბლიურ ნიშნებს. რმე-ს ახალმა იდეოლოგმა უარყო რა ღვთის ნება, ახლებურად განმარტა მესამე რომის, წმინდა რუსეთის გეოპოლიტკური იდეალები: ,,რუსეთი ქვეყანა კი არა – კონტინენტია”.

შეიარაღებულ ძალებთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების წარმომადგენელმა, დეკანოზმა კონსტანტინე ტანტარინცევმა გააღრმავა უფროსი ამხანაგის აზრები – ანათემას გადასცა პაციფიზმი და გამოაცხადა, რომ ბირთვული იარაღი მხოლოდ მაშინ არის პირველყოფილი ცოდვის მატარებელი, თუ იგი შექმნილია მართლმადიდებული ლოცვის გარეშე. ქრისტეს მღვდელმა მოუწოდა მრევლს – ტაძრის საჭიროებისათვის მორწმუნეთა მიერ შეგროვებული შემოწირულობის ნაწილი გადაერიცხათ სარაკეტო-ბირთვული კომპლექსის საჭიროებებისათვის. ასე რომ, აშშ-ის ბირთვული იარაღი, რომელიც შექმნილია მართლმადიდებლური ლოცვის გარეშე – ,,სატანისტურია”.

ამ ბარბაროსობის მწვერვალად გაიჟღერა იდეამ – რადგანაც საბჭოთა რაკეტები შენდებოდა ,,არზამას-16”-ში და რადგანაც ამ ადგილებში ერთი საუკუნით ადრე ცხოვრობდა წმიდა სერაფიმე საროველი, სწორედ იგი უნდა ყოფილიყო ზეციური მფარველი მასობრივი განადგურების იარაღისა. კიდევ უარესი: უამრავი საჯარო გამოსვლისას რაკეტებს, რომლებიც შექმნილი იყო მრავალი მილიონი მშვიდობიანი ადამიანის გასანადგურებლად, უწოდებდნენ ,,მფარველ ანგელოზებს”. ეს კი ახალი საღვთისმეტყველო აღმოჩენაა – ადრე მართლმადიდებლობაში ითვლებოდა, რომ არსებობს ანგელოზთა ცხრა დასი, მაგრამ ახლა მოსკოვის საპატრიარქოში აღმოაჩინეს მეათე.

ბოლო დროს ხშირად საუბრობენ იმის შესახებ, რომ 1949 წელს სტალინისა და ბერიას მიერ შექმნილი მოსკოვის საპატრიარქო მორალურად რყვნის რუსულ საზოგადოებას და წარმოადგენს საფრთხეს ნაციონალური უშიშროებისათვის. თუმცაღა ახლა ნათელი ხდება – ეს რელიგიური მონსტრი საშიშია მთლიანად მსოფლიო თანამეგობრობისათვის, მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში. მას შეუძლია იარსებოს მხოლოდ ისეთი ტოტალიტარული დიქტატურის პირობებში, რომელმაც იგი შვა, როგორც ერთ-ერთმა ინსტრუმენტმა აზროვნების, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლისა; როგორც მსოფლიო ტირანიის ერთ-ერთმა საშუალებამ მესამე რომის დროშის ქვეშ. ხოლო მათ გასანადგურებლად, რომლებიც არ ეთანხმებიან ამ აღორძინებულ ფეოდალურ ინკვიზიციას, მოუხმობენ ზეციურ ცეცხლსა და გოგირდს – ,,მართლმადიდებლურ ბირთვულ იარაღს”.

ვიდრე რუსეთის სახელმწიფო არ შეწყვეტს მართლმადიდებლობის შიდა საქმეებში ჩარევას, არ შეწყვეტს მხოლოდ სტალინური საპატრიარქოს მატერიალური და სხვა საშუალებებით გაძლიერებას და პარალელურად სხვაგვარად მადიდებელი მორწმუნეების დისკრედიტაციასა და განადგურებას და არ მისცემს მართლმადიდებელ მორწმუნეებს საერთაშორისო ვალდებულებით გარანტირებულ უფლებას – ,,მოახდინონ საკუთარი ორგანიზება საკუთარი იერარქიული ინსტიტუციონალური სტრუქტურის შესაბამისად; აირჩიონ და დანიშნონ საკუთარი პერსონალი საკუთარი საჭიროებისა და სტანდარტის მიხედვით”, ფსევდო ეკლესიური სტრუქტურა მომავალშიც მოახდენს სიტუაციის დესტაბილიზაციას რუსეთშიც და მთელ მსოფლიოში.

,,მოსკოველ ბრძენთა ოქმები

1993 წლის ივნისში დანიელ წინასწარმეტყველის სახელობის მონასტერში ჩატარდა I საყოველთაო რუსული კრება, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რმე-ს პირველი პირები – პატრიარქი ალექსი II და მიტროპოლიტი კირილე გუნდიაევი, რომელთა თვალსაწიერმა გასულ წლებში, ერთ-ერთი ანალიტიკოსის გამოთქმა რომ ვიხმაროთ, თანდათან დაიწყო გარდაქმნა აგრესიული ნაციონალიზმისა და მებრძოლი კლერიკალიზმის ,,მავნებლურ ნაზავად”.

1995 წლის 1-3 თებერვალს შედგა II საყოველთაო რუსული კრების სხდომა. რმე-ს პირველი პირების – პატრიარქისა და მიტროპოლიტ კირილეს გარდა, კრებას სათავეში ედგნენ ცნობილი რუსი ნაციონალ-პატრიოტები: განიჩევი, კოლჩენკო, ნაროჩინსკაია, ბურლიაევი, რუცკოი, სტერლიგოვი, კონსტანტინოვი, რიჟკოვი, რასპუტინი, ბელოვი, ვოლოდინი და სხვა ანტიდემოკრატრები და ნაციონალ-დერჟავნიკები.

პატრიარქი ალექსი I და ეთიოპიის პრინცი-იმპერატორი ჰაილესელასიე

შემაჯამებელი დოკუმენტი შეიცავდა ქვეყანაში გატარებული ნაციონალური პოლიტიკის მკვეთრ კრიტიკას და იქვე იყო განცხადებული მოსკოვის საპატრიარქოს მზადყოფნის შესახებ – სათავეში ჩადგომოდა ყველა რუსულ ნაციონალურ მოძრაობასა და ორგანიზაციას, განსაკუთრებით მათ, რომლებიც პრეტენზიას აცხადებდნენ უახლოეს მომავალში რუსული მსოფლიო ყრილობის მოწვევასა და ჩატარებაზე: ,,მხოლოდ საყოველთაო მსოფლიო ყრილობას რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით შეუძლია საყოველთაო თანხმობით, მოიწვიოს მეფედ ღვთის რჩეული.” რა სტატუსი ექნება ამ ,,ღვთის რჩეულს”, შეიძლება ვივარაუდოთ შემდეგი პოსტულატიდან, რომელიც ამავე კრებაზე იქნა მიღებული: ,,მონარქია არის ოპტიმალური, ისტორიულად აპრობირებული მრავალსაუკუნოვანი ფორმა სახელმწიფო ხელისუფლებისა რუსეთში”. სხვათა შორის, მონარქიის უპირატესობებზე, როგორც სახელმწიფო მოწყობის უფრო მაღალ ფორმაზე, საუბარია აგრეთვე სოციალური კონცეფციის საფუძვლებში, რომელიც რმე-ს მღვდელმთავართა კრებამ მიიღო 2000 წელს.

მესამე ,,საყოველთაო კრებამ” გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი ეთნოკონფესიონალური შოვინიზმის გაძლიერების გზაზე. ,,ეთნიკური რუსების მდგომარეობა რიგ სახელმწიფოებში, სხვადასხვა ნაციონალისტური ძალები, ანტირუსული განწყობები – ეს ყველაფერი საჭიროებს ადეკვატურ რეაქციას რუსული სახელმწიფოს მხრიდან”. ,,რუს ერს აქვს გაერთიანების უფლება”. ანალოგიურმა როშვამ და ტირილმა გაყოფილ ხალხზე ხომ არ შეუქმნა საფუძველი მესამე რეიხის შექმნას და ხომ არ გამოიწვია ავსტრიის, ელზასის, სუდეტისა და გდანსკის ანშლიუზი? ანდა ხომ არ მიგვიყვანა მეორე მსოფლიო ომამდე?

აი, კიდევ რამდენიმე შემოქმედებითი ნიმუში მესამე კრებისა: ,,კრება ვარაუდობს უახლოეს მომავალში გამართოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების შეკრება ფედერაციის სუბიექტთა და პოლიტიკურ ძალთა მონაწილეობით, რათა შეიმუშაონ სამშობლოს კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანის ერთობლივი ღონიშძიებების პრინციპები. კრება მზად არის საკუთარ თვზე აიღოს ასეთი ფორუმების ორგანიზებისა და ჩატარების ინიციატივა, ანუ ჩაატაროს საყოველთაო ყრილობა საკუთარი ,,გოდუნოვის” ასარჩევად.

ისმის კითხვა – სად არის დემოკრატიული საერო სახელმწიფოს კონსტიტუცია? – აი ისიც, კლერიკალური ნაციონალიზმის ზეიმი!

მეექვსე საყოველთაო კრებას პატივი დასდო – დაესწრო და სიტყვით მიმართა პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა. თავის მიმართვაში პრეზიდენტი მოუწოდებდა მონაწილეებს რელიგიური ტოლერანტობისაკენ ახალ პირობებში! ,,ჩვენთვის აუცილებელია საზოგადოებრივი ერთიანობა ქსენოფობიისა და ძალადობის წინააღმდეგ, ყველაფერ იმის წინააღმდეგ, რაც კვებავს ტერორიზმის იდეოლოგიას … ჩვენ ვალდებულნი ვართ ამ ყველაფერს დავუპირისპიროთ სულიერება და მოთმინება.”

მაგრამ ალექსი II-ის სიტყვაში საზოგადოებრივი ერთიანობის გზა დასახულია ასე: ისინი თითქოსდა არ არიან ერთიანობის წინააღმდეგნი, მაგრამ მხოლოდ მათი ბრძნული წინამძღვრობით. ,,რუსეთი და მთელი მართლმადიდებლური ცივილიზაცია უნდა გახდეს ერთ-ერთი ცენტრთაგანი მსოფლიოში გადაწყვეტილებების მიღებისა (ალბათ უნდოდა ეთქვა, ერთადერთიო – გ. ი.), კეთილი ზემოქმედება უნდა მოახდინოს მის აწმყოსა და მომავალზე. წინასწამეტყველური აღმოჩნდება დოსტოევსკის სიტყვები, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენი ქვეყანა ,,ეტყვის მთელ მსოფლიოს, მთელს ევროპულ კაცობრიობასა და ცივილიზაციას თავის ახალ, ჯანმრთელ, მსოფლიოსათვის მანამდე არ გაგონილ სიტყვას”.

განდიდების ხიბლში ჩავარდნილ ალექსი II-ს დაავიწყდა, რომ მოსკოვის საპატრიარქომ თავის დროზე, 1949 წელს უკვე თქვა – რუსეთისა და ეკლესიის სახელით – მანამდე არ გაგონილი სიტყვა – საპატიო მისალმება-მილოცვა ყველა დროისა და ხალხის ღვთივგამორჩეულ ბელადს, დიდ სტალინს, მისი დაბადების 70 წლის იუბილეზე! და არ აღმოჩნდა მაშინ რმე-ში არც ერთი მმართველი ეპისკოპოსი, რომელიც გამოიჩენდა მამაცობას და არ მოაწერდა ხელს ამ სამარცხვინო დოკუმენტს.

1945 წლის რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება

,,კრებიდან კრებამდე” იზრდება მოსკოვის საპატრიარქოს ლტოლვა უზომო ძალაუფლების მოსაპოვებლად. მას უკვე არ აკმაყოფილებს კლასიკური იდეა – ,,მოსკოვი – მესამე რომი”, რომლის მიხედვითაც მართლმადიდებელი ,,ბასილევსი”, როგორც უფროსი ძმა, გულში იხუტებს ეკლესიას (სტალინი უდროოდ გარდაიცვალა, თორემ, ვინ იცის…). და ოცნებობს რმე დასავლური ცეზაროპაპიზმის განხორციელებაზე, რომელიც კათოლიკურმა ეკლესიამ შუა საუკუნეებშიც კი ვერ შეძლო განეხორციელებინა. მაგრამ საპატრიარქო ფარულად ოცნებობს – იქნებ მესამე რომი მაინც განხორციელდეს – მეოთხეს ხომ არ უწერია არსებობა. ტყუილად კი არ შეიყვარა ასე რიგად მოსკოვის საპატრიარქომ პატრიარქი ნიკონი – სწორედ ნიკონს სურდა თავის ვასალად ექცია მორჩილი მეფე ალექსი და ემართა სახელმწიფო ეკლესიის სახელით, ანუ რუსეთში აეღორძინებინა აღმოსავლური წესის ცეზაროპაპიზმი.

ყველაფრით კარგია ახალი პრეზიდენტი – ეკლესიურად ბრძენდება, სულიერი მოძღვრის თქმით, მონასტრების სამაგალითო მომლოცველია, სულიერ დარიგებებს ბერ-მონაზვნებთან საუბრით ღებულობს, თვითონ ჰგავს კეთილ მორჩილს … შეიძლება სულ მალე აღიქვას კიდეც ,,ღვთის ხმა” და ისმინოს უწყება, სწორედ მაშინ აღსრულდება ოცნება რუსული მართლმადიდებლობის საყოველთაო დიდებისა. ეტყობა დაავიწყდა მის უწმიდესობას, რით დამთავრდა პუშკინის ცნობილი ზღაპარი მებადურისა და თევზის შესახებ. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ოქროს თევზმა კვლავ მოინდომოს მართლმადიდებელი მბრძანებლის მონობა.

კიდევ ერთხელ გავიხსენოთ სასულიერო პირებისა და მრევლის საზეიმო მისალოცი მსოფლიო ხალხების ბელადს, გენერალისიმუს იოსებ სტალინს მისი 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით 1949 წლის 21 დეკემბერს, რომელსაც ხელს აწერდა რმე-ს ყველა მღვდელმთავარი, რომელთაგან ბევრს საკუთარ ზურგზე ჰქონდა გამოცდილი სტალინური გულაგები. მრავალრიცხოვან მილოცვებსა და საჩუქრებს შორის ეს დოკუმენტი იუბილარისათვის ალბათ ყველაზე ფასეული იყო. ეს იყო აპოთეოზი.

პიარი არცთუ ისე კარგად მიდის – ამოუხსნელი ამოცანა

საზოგადოების თვალწინ ხდება პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ,,ხელისუფლების ვერტიკალის” გაძლიერება და სრულიად ბუნებრივია, რომ პრეზიდენტის პოლიტიკური შეხედულებების ფორმირებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს მისი მსოფლმხედველობა. ამდენად აბსოლუტურად გასაგებია ის ყურადღება, რასაც იმსახურებს მოულოდნელი და ურთიერთგამომრიცხავი ცნობები პუტინის რელიგიურობის შესახებ.

ჯერ კიდევ 2000 წლის სექტემბერში CNN -ის პირდაპირ ეთერში ცნობილი შოუმენ ლარი კინგის შეკითხვაზე – ,,გჯერათ ზეციური ძალებისა? პუტინმა უპასუხა: მე მჯერა ადამიანის, მჯერა მისი კეთილი აზრების. მჯერა, ჩვენ ყველანი იმისათვის გავჩნდით, რომ ვაკეთოთ სიკეთე”. ეს იყო ღირსეული ჰუმანისტის ღირსეული პასუხი. მაგრამ თანდათან მედიაში გამოჩნდა ასეთი ფოტოები: პუტინი ლოცვისას; ტაძრების, მონასტრების მოლოცვისას; როგორ ესაუბრება ბერებს! და თქვენ წარმოიდგინეთ, პუტინის მიერ ნიუ – იორკში წმიდა ნიკოლოზის მართლმადიდებლური ტაძრის მონახულების ამსახველი კადრებიც კი, როდესაც იგი ტერორიზმის მსხვერპლთა პანაშვიდს დაესწრო.

2001 წლის 30 აგვისტოს ერთ-ერთ ინტერვიუში პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა მაქსიმ მეიერმა საინტერესო რამ თქვა (იხ. ჟურნალი ,,არჩევანი” №2, 2007). კერძოდ, მან არც მთლად კარგად მოიხსენია არქიმანდრიტი ტიხონ შეკუნოვი და მას თვითმარქვია უწოდა. შეკითხვაზე, მართლა არის თუ არა მამა ტიხონი პრეზიდენტის სულიერი მოძღვარი, მეიერმა უპასუხა: ,,ეს არ შეესატყვისება სიმართლეს არც პრეზიდენტთან და არც მის მეუღლესთან დაკავშირებით”. ამასთან მეიერმა რმე-ც ასე მოიხსენია – ,,მას ბევრი ენდობა. ჩვენთვის ცნობილია, რა ხდება რეალურად ეკლესიაში, მაგრამ ადამიანებმა ამის შესახებ არაფერი იციან. ეკლესია დაკავებულია მხოლოდ ინტრიგებით, ფულიანი საქმეებითა და ხელისუფლებასთან ურთიერთობების მოგვარებით, მაშინ როდესაც მისი საძირკველი იშლება, დნება.” სწორედ ამ გამონათქვამებისათვის მაქს მეიერი დაუყოვნებლივ დათხოვნილ იქნა პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან. 2006 წლის 8 დეკემბერს პრეზიდენტ პუტინის საბერძნეთში ვიზიტთან დაკავშირებით გაზეთ Известия -ში გადმობეჭდილი იყო ათენის გაზეთ ,,ხორაში” დაბეჭდილი ინტერვიუ არქიმანდრიტ ტიხონ შეკუნოვთან, სადაც იგი საზეიმოდ ადასტურებდა, რომ პუტინი და მთელი მისი ოჯახი არიან სამაგალითო ქრისტიანები. თანაც გაზეთმა შევკუნოვი წარადგინა როგორც პუტინის სულიერ მოძღვარი.

თუკი პრეზიდენტი პუტინი მართლაც გახდა მართლმადიდებელი მორწმუნე, ეს მოვლენა მართლაც მისასალმებელია, ისევე როგორც ფაქტი, რომ რწმენაზე მოქცეულ ქვეყნის ხელმძღვანელებს სულიერი მოძღვრები ჰყავთ. მართალია, ეს პირადი ცხოვრების სფეროს განეკუთვნება, მაგრამ ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის სულიერ მოძღვრად ცხადდება პოლიტიზებული პიროვნება, რომელსაც უკავია ანტიდემოკრატიული პოზიცია, მრავალ ადამიანში იწვევს განგაშს. არქიმანდრიტი ტიხონი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა მღვდელ გიორგი კოჩეტკოვისა და მისი მრავალრიცხოვანი სამრევლოს გაძევებაში, რის შედეგადაც თვითონ დაიკავა ლუბიანკაზე მდებარე ტაძარი. არქიმანდრიტი ტიხონი არის სულიერი ლიდერი ფუნდამენტალისტურ-ნაციონალისტური მიმართულების ტელეპროგრამისა Русский дом. აი, რამდენიმე გამონათქვამი, რომელიც მოწმობს არქიმანდრიტ ტიხონის მსოფლმხედველობას: 1998 წელს გამოაქვეყნა სტატია ,,შენგენის ზონა”, რომელიც საპროგრამო დოკუმენტი გახდა ფუნდამენტალისტებისათვის – მხეცის რიცხვთან – 666 მებრძოლთათვის. ეს სტატია გამოქვეყნებულ იქნა აგრეთვე ბარკაშოვის ,,Русский порядок”-ში: ,,მე გამაოცა ნიუ-იორკში ციფრის 666-ის სიმრავლემ … სამი გიგანტური ექვსიანი კიაფობს ცათამბჯენებზე, ტაქსების სახურავებზე, ტელეფონის აპარატიც კი ამ ციფრით იყო შემკული… “.

აი, რას ამბობს არქიმანდრიტი ცენზურის შესახებ: ,,ცენზურა – ეს არის ნორმალური ინსტრუმენტი ნორმალურ საზოგადოებაში, რომელმაც უნდა მოსპოს ექსტრემალური. პირადად მე, რასაკვირველია, ცენზურის მომხრე ვარ როგორც რელიგიურ, ასევე საერო სფეროში”.

რას წარმოადგენს ჟურნალი Русский дом, ადვილი გასაგებია მისი ერთი პუბლიკაციიდანაც კი – № 12, 2001. სტატიაში საჭირბოროტო თემაზე (12 დეკემბერი რუსეთის კონსტიტუციის დღეა) ,,ლიბერალური კონსტიტუციის არაჭეშმარიტება”, მავანი ა.ნ საველიევი ასე ადიდებს” ქვეყნის ძირითად კანონებს: ,,რუსეთის კონსტიტუცია გამოდის საერთო რუსული პრინციპებიდან თანასწორუფლებიანობისა და ერთა თვითგამორკვევის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ რუსი ხალხი, რომელმაც შექმნა რუსეთი და შეადგენს მისი მოსახლეობის 85 პროცენტს, დაყენებულია ერთ სიბრტყეზე მცირე ერებთან”. ,,რუსეთის კონსტიტუციის მთელი 1 თავი – კონსტიტუციური წყობის საფუძვლები – სრული სიცრუეა. ყველა ის პუნქტი, რომელიც ჩაწერილია ამ თავში, არასდროს შესრულებულა”.

,,რუსეთის კონსტიტუციის მთელი მეორე თავი – ,,ადამიანის უფლებები და თავისუფლებები” სრული სიცრუეა”. ,,კონსტიტუციაში დეკლარირებული სინდისის თავისუფლება ხდება უსინდისობის თავისუფლება”. ,,ელცინის კონსტიტუციის ყველა საზიზღრობის ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია”, – ასეთი სენტენციებით მთავრდება პანეგირიკი მოქმედი კონსტიტუციის შესახებ.

სულიერი მოძღვრის ზეგავლენა სულიერი შვილის მსფოლმხედველობაზე შესაძლოა განუზომლად დიდი იყოს. პრეზიდენტ პუტინს არ ემუქრება სპეცსამსახურების მიერ გადაბირების საშიშროება (როგორც ეს დაემართა ცნობილ პოლკოვნიკ ტროფიმოვს), მაგრამ არის კი გარანტია, რომ კონსტიტუციის გარანტი გაუძლებს იმ ანტიკონსტიტუციური იდეების ცდუნებას, რომლებიც ასე უხვადაა პროპაგანდირებული Русский дом-ში და რომლის იდეოლოგიც არის პრეზიდენტის სულიერი მამა-მოძღვარი, არქიმანდრიტი ტიხონ შევკუნოვი.

დასკვნა

დე, არ შედრკეს მკითხველის გული ამ ირონიისაგან. ირონიის საფარველი მაძლევს საშუალებას დავძლიო მძიმე ტკივილი რუსული მართლმადიდებლობის მძიმე ბედის გამო.

აი, უკვე 30 წელია მე ღიად ვიცავ ჩემს ეკლესიას მისი დამანგრეველი შიდა და გარე მტრებისაგან. ყოველგვარი მორიდების გარეშე ვცდილობ ვილაპარაკო მის ავადმყოფობებზე და ვფიქრობ, რომ მრავალრიცხოვან წყლულებს მკურნალობა სჭირდება, სხვა შემთხვევაში სიკვდილი გარდაუვალია.

მორწმუნეებმა, მართლმადიდებელმა ქრისტიანებმა, რომლებიც თვითონ შეადგენენ ეკლესიას მის სავსებაში და მთელმა რუსულმა საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს მთელი სიმართლე მოსკოვის საპატრიარქოს შესახებ, რომელმაც საკუთარი თავი გამოაცხადა ათასწლოვანი რუსული მართლმადიდებლობის სამართალმემკვიდრედ.

1969 წელს, ჩემი პირველი ღია წერილის (მღვდელ ნიკოლოზ ეშლიმანთან ერთად) შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირში ეკლესიის მდგომარეობას ეხებოდა, სახელმწიფო უშიშროებამ პატრიარქ ალექსი I-ის ხელით ამიკრძალა მღვდელმსახურება 21 წლით და მოიქცა უფრო ჰუმანურად, ვიდრე პატრიარქი ალექსი II და მისი სინოდი, რომლებმაც საკუთარი ინიციატივით განმკვეთეს სამღვდელო ხარისხიდან, ხოლო ოთხი წლის შემდეგ, 1993 წელს საერთოდაც განმკვეთეს ეკლესიიდან.

გადაწყვეტილებები, რომლებიც უხეშად ფეხქვეშ თელავენ მსოფლიო და რუსული მართლმადიდებლობის კანონებს, მე არ ვაღიარე. ვრჩები მართლმადიდებლური აღორძინების ეკლესიის მრევლად და ველი უმაღლესი საეკლესიო ინსტანციის – ადგილობრივი კრების, ერთადერთი მართლზომიერი ორგანოს, რომელსაც შეუძლია ჩემი საკითხის გადაწყვეტა, სამართლიან გადაწყვეტილებას.

მართლმადიდებლობის აღორძინების გარეშე წარმოუდგენელია რუსეთის აღორძინება, მაგრამ ჭეშმარიტი აღორძინება, ეს არის არა სტატისტიკური ანგარიშები სახელმწიფოსაგან გადაცემული ტაძრების შესახებ, არა ნაკურთხი ოფისების რაოდენობა და არც სახელმწიფო ნომენკლატურის დიდი კელაპტრებით დემონსტრაციული დასწრება მსახურებებზე. ჭეშმარიტი აღორძინება – ეს არის საზოგადოების სულიერი თვითშეგნება, უზენაესი ზნეობრივი ორიენტირების შეძენა, რაც წარმოუდგენელია მონანიებისა და დანაშაულებრივი წარსულისაგან განშორების გარეშე.

ასეთი მისწრაფებების მაგალითი უნდა ეჩვენებინა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც ძალზედ ბევრი აქვს მოსანანიებელი. თუმცაღა მოსკოვის საპატრიარქოს ჯიუტად არ უნდა აღიაროს სიმართლე საკუთარი თავის შესახებ, ანგარების გამო ამახინჯებს საკუთარ ისტორიას, თხზავს მითოლოგიას წმიდა ვლადიმერისაგან საკუთარი წარმომავლობის შესახებ და სხვა.

რუსეთის უმაღლესი საბჭოს კომისიის მიერ КГБ-ს არქივების ნაწილის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც იყო დოკუმენტების რმე-ს უმაღლესი სამღვდელოების აგენტურული საქმიანობის შესახებ, საპატრიარქო 1992 წელს საჯაროობის ზეწოლით იძულებული გახდა თვითონ შეექმნა თავისი კომისია ამ ფაქტების გამოსაძიებლად, რომლის მეთაურად დაინიშნა კოსტრომის ეპისკოპოსი ალექსანდრე. მაგრამ გასული წლების განმავლობაში ამ კომისიამ არ წარმოადგინა არანაირი კვალი საკუთარი მოღვაწეობისა. სიჩუმით გვერდი აუარეს 1994-2000 წლების სამღვდელმთავრო კრებებსაც. უეჭველია, საპატრიარქოს კომისიის არსებობას (მოცემული მომენტისათვის იგი ფორმალურადაც კი არ არის გაუქმებული), ჭეშმარიტ მიზნად აქვს არა ეკლესიის წინაშე სიმართლის განცხადება რმე-ს ხელმძღვანელობის სამარცხვინო დამსახურებების შესახებ ,,სოციალისტური სამშობლოს” წინაშე, არამედ სიმართლის დაფარვა.

მოსკოვის საპატრიარქოს ლიდერები არ აღიარებენ და არც უარყოფენ თავიანთ მრავალწლიან მუშაობას КГБ?-ში და ფიქრობენ, რომ ვერავინ აიძულებთ ამის აღიარებას. ამით პატრიარქი და სინოდი კვლავ და კვლავ ამჟღავნებენ დანაშაულებრივ, უსულგულო დამოკიდებულებას მრევლის მიმართ, ხალხისაგან მოწყვეტას. ეკლესიის იერარქებისაგან მხოლოდ ლიტვის მთავარეპისკოპოსმა ქრიზოსტომოსმა შეძლო გმირულად, საჯაროდ ეღიარებინა თავისი აგენტურული წარსული და მეტსახელი ,,რესტავრატორი”.

1992 წელს გკჩპ-ს გამომწვევი მიზეზებისა და გარემოებების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ გამოიტანა კერძო განსაზღვრება რეკომენდაციით, რათა შეწყვეტილიყო სამღვდელოების გამოყენება საიდუმლო აგენტებად სპეცორგანოების მიერ. (იხ. დანართი.). ჩემი წინადადების საფუძველზე რუსეთის უმაღლესმა საბჭომ მიიღო ამჟამადაც მოქმედი შესწორებები კანონმდებლობაში, რითაც მღვდელმსახურები ჩართული იყვნენ იმ ადამიანების კატეგორიაში (ისევე, როგორც პროკურორები, მოსამართლეები, დეპუტატები), რომელთა გადაბირება სპეცორგანოების მიერ აკრძალულია. თუმცაღა საპარლამენტო კომისიის მიერ წარმოდგენილი წინადადება თვითონ ეკლესიის მიერ, რომლის შიდა კანონები პირდაპირ უკრძალავენ სამღვდელოებას შეთავსებით იმუშაონ ჩამშვებად, საპატრიარქოს მიერ მიღებული არ იყო. მოსკოვის საპატრიარქოსაგან განსხვავებით, თავისუფალმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელსაც მეთაურობდა სუზდალის მიტროპოლიტი რუსანცოვი, მღვდლად კურთხევამდე წარმოსათქმელ ტექსტში შეიტანა მღვდლის ფიცი, რომლის მიღებითაც მომავალი მღვდელი უარს ამბობს ითანამშრომლოს სპეცსამსახურებთან.

სსრკ-ს დამხობის შემდეგ საპატრიარქო დამარცხებას დამარცხებაზე ღებულობს ,,ახლო საზღვარგარეთში” – უკრაინის, ესტონეთის, მოლდავეთის სამრევლოების დიდი ნაწილი გამოეყო მოსკოვის საპატრიარქოს იმის გამო, რომ მოსკოვის საპატრიარქოს დღემდე არ გააჩნია თვითგანწმენდისა და აღორძინების სურვილი. გასაკვირი არ არის, რომ ამ ეკლესიათა ცნობიერებაში რმე წარმოადგენს კომუნო-საბჭოთა ტოტალიტარიზმის ორეულს.

სერიოზული სულიერი ზეგავლენა საზოგადოებაზე მოსკოვის საპატრიარქოს არც რუსეთში აქვს და არც მის გარეთ.

ტოტალიტარული რეჟიმის ნაშიერი მოსკოვის საპატრიარქო, რომელმაც უარი განაცხადა კრებით მოწყობაზე, თვითონ არის ტოტალიტარული ტიპის ორგანიზაცია. ბუნებრივია, რომ იგი ვერ პოულობს თავის ადგილს თავისუფალ, დემოკრატიულ საზოგადოებაში. ამით აიხსნება მისი ლტოლვა კომუნისტური და ნაციონალ-პატრიოტული ტიპის პოლიტიკური წარმონაქმნებისაკენ, რომელთაც აქვთ ანალოგიური, ტოტალიტარული სტრუქტურა.

ქრისტიანული ეკლესია მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე მრავალჯერ ყოფილა მძიმე კრიზისში, მაგრამ სიცოცხლის უნარიანი რჩებოდა და გამოდიოდა კრიზისიდან მხოლოდ ეკლესიის აღორძინების საქმეში მორწმუნე საზოგადოების ფართოდ მონაწილეობის შედეგად. არ შეიძლება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტრაგიკული ბედი იყოს გამონაკლისი ამ ისტორიული კანონზომიერებიდან.

რუსეთში მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინება იმ სახით, როგორითაც იგი უნდა იყოს წარმოდგენილი, შეუძლებელია ღრმა შინაგანი რეფორმებისა და 1917-18 წლების ადგილობრივი კრების დემოკრატიულ პრინციპებზე დაბრუნების გარეშე. აუცილებელია პატრიარქისა და წმიდა სინოდის განუზომელი ძალაუფლების გაუქმება. უნდა აღდგეს სასულიერო პირთა არჩევითობის კანონიკური წესი იერარქიის მთელ ვერტიკალზე. ამის გაკეთება შეუძლებელია საპატრიარქოს უმაღლესი ხელისუფლების ლუსტრაციის გარეშე – პირებმა, რომლებიც ,,გაქაჩულნი იყვნენ” უმაღლეს საეკლესიო თანამდებობაზე სპეცსამსახურების მიერ, პასუხი უნდა აგონ მორწმუნეთა წინაშე უღრმთო რეჟიმთან თანამშრომლობის გამო ან თუნდაც საჯაროდ მოინანიონ საკუთარი, იუდას მსგავსი წარსული. მხოლოდ კომუნიზმის ნარჩენებისაგან განთავისუფლებით ეკლესია შეძლებს გახდეს საზოგადოებრივი ძალა, განიხვოს ბაგენი ქადაგებისათვის, იყოს მაგალითი მსოფლიოსათვის თავისი კეთილი საქმეებით. სხვაგვარად რმე საბოლოოდ გახდება რელიქტური ეთნოგრაფიული ნაკრძალი, საყოფაცხოვრებო, რიტუალური მომსახურების კომბინატი მოუხეშავი და არაეკლესიური ხალხისათვის.

წინა

მე ყოველდღე მაგ გზას გავდივარ! – მარია კასენკო

შემდეგი

რწმენა ისაა, როცა გჯერა, რომ ყველა ადამიანი ღმერთის შვილია – მაკა ჩიჩუა

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,