”ვინც მართავს წარსულს, ის მართავს მომავალს, ვინც მართავს აწმყოს, ის მართავს წარსულს.” – ჯორჯ ორუელი
ისტორია მეხსიერებაა, სუბიექტურ მეხსიერებათა კრებული. ისტორიას ამბები ქმნიან – დაწერილი, მოყოლილი, ნამღერი ამბები, მაგრამ ვინ ქმნის ამბებს? ვის აქვს ამბის შექმის პრივილეგია? ჰეტერონორმატიულ, პატრიარქატულ, სოციალურად და რასობრივად უთანასწორო სამყაროში მხოლოდ გარკვეული ჯგუფების ხმა ისმის, მხოლოდ გარკვეული ჯგუფები საუბრობენ. და როგორ ინახავს მოყოლილ ამბებს დრო? ისტორია, პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური ცვლილებები ცვლიან ან საერთოდ ივიწყებენ ზოგიერთ ამბავს.
ქვიარ ნარატივი პირველ ცივილიზაციებშივე შეიმჩნევა – უძველესი აფრიკა, ეგვიპტის ძველი სამეფო, უძველესი ჩინეთი, იაპონია და საბერძნეთი. თუმცა ქვიარ ისტორიის მეტ-ნაკლებად ობიექტურად მოყოლა და კვლევის დაწყება 1960-იანი წლების ბოლოს განსაკუთრებით გაძლიერებულ ქვიარ მოძრაობას შეგვიძლია დავუკავშიროთ.
სოციალური ცვლილებების თვალსაზრისით, XIX-XX საუკუნე ძალიან მნიშვნელოვან ეპოქას წარმოადგენს. ამ ეპოქაში ბლომადაა ქვიარ ისტორიისთვის საინტერესო მასალებიც.
მანჰეტენი, 1896 წელი
ფინეთი, 1909 წელი
მიგრანტები კარანტინში, 1903 წელი
მსოფლიო კოლუმბიური ექსპოზიცია, ჩიკაგო, ნიუჯერსი, 1893 წელი
ნიუ იორკის ყურე, 1886 წელი
სტეიტენ-აილენდი, ბორანი, 1890 წელი
ეს სურათები მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს, ამერიკელი ფოტოგრაფის, ელის ოსტინის გადაღებულია. ელისი 1866 წელს ნიუ-იორკში დაიბადა და ადრეული ბავშვობიდანვე დაინტერესდა ფოტოგრაფიით. ყოველდღიური თავდაუზოგავი მუშაობით, ელისმა 8000-მდე ნამუშევარი შექმნა – ელისის სურათებმა დაანგრია ვიქტორიანული, ტრადიციული საზღვრები და სამყაროს ახალი – განსხვავებული ქალების – პერსპექტივიდან დანახვა გახადა შესაძლებელი, XIX საუკუნეში ეს დიდ გამბედაობას მოითხოვდა. ელისი იღებდა სურათებს მეგობრებთან ერთად და ამ სურათებში იგრძნობოდა ახალი ხედვა, ახალი ეპოქა, რომელიც სულ მალე ჩაანაცვლებდა ვიქტორიანულ ერასა და ტრადიციულ შეხედულებებს.
ელის ოსტინი მეგობრებთან ერთად
ელის ოსტინის არქივიდან – ”ტრუდი და მე” 1891 წელი
სტეიტენ აილენდი, სანაპირო, ელის ოსტინი მარჯვნივ, ზევით, 1886
ელის ოსტინი მარცხნივ, 1886 წელი
ელის ოსტინი მარცხნივ, 1891 წელი
1899 წელს, ელისმა ბრუკლინელი მოცეკვავე და ბაღის მასწავლებელი, გერტრუდა ტეიტი გაიცნო, რომელთან ერთადაც დარჩენილი ცხოვრების 53 წელიწადი გაატარა. 1940-იან წლებამდე, ელისმა და გერტრუდამ 1930-იანი წლების კრიზისისსა და ომში, ეკონომიკურად თავის გადატანა მოახერხეს, თუმცა 1945 წელს, ბანკში დავალიანების გამო სახლი დაკარგეს. საბოლოოდ, გერტრუდა ქუინსში ნათესავებთან გადავიდა საცხოვრებლად, ელისმა კი რამდენიმე თავშესაფარი გამოიცვალა. ნათესავების წინააღმდეგობის მიუხედავად, გერტრუდა ყოველკვირა სტუმრობდა ელისს 1950 წლამდე, მანამ, სანამ ახალგაზრდა ისტორიკოსმა, ოლივერ ჯენსენმა, აღმოაჩინა ელისის 3500-მდე სურათი და გამომუშავებული თანხით ელისმა კერძო თავშესაფარში გადასვლა მოახერხა. მალევე, 1952 წლის 9 ივნისს, 86 წლის ასაკში ელისი გარდაიცვალა, წყვილის სურვილი, ერთად დაკრძალულიყვნენ, გერტრუდას ოჯახმა არ შეასრულა.
გერტრუდ ტეიტი, 1899 წელი
ელის ოსტინი და გერტრუდი, 1905
ელის ოსტინი და გერტრუდ ტეიტი, 1944 წელი
ელის ოსტინი და გერტრუდ ტეიტი
ელის ოსტინი ნიუ-იორკში, სახლში, ვერანდაზე, 1900
დღესდღეობით, ის სახლი, სადაც ელისმა მთელი ცხოვრება და გერტრუდასთან თანაცხოვრების უმეტესი ნაწილი გაატარა, მემორიალური და მუზეუმის მნიშვნელობისაა და მიმდებარე პარკთან ერთად, ელის ოსტინის სახელს ატარებს, რომელსაც ნიუ-იორკში ყოფნისას, შეგიძლიათ, ესტუმროთ.
ავტორი: ანამარია