ერთი მთლიანობა

”რატომ ჰგონია ვინმეს, რომ მისგან განვსხვავდები? დიდი ხანი არაა, რაც ადამიანებზე დაკვირვება დავიწყე, მაგრამ ამ მცირე პერიოდმა მიმახვედრა, რომ ერთი რაღაც – ჩვენში არსებული ცენტრი საერთო გვაქვს. 5 ივლისს მომხდარი ძალადობრივი ფაქტების გამო, ერთი სული მქონდა გავცლოდი სივრცეს, სადაც ვიყავი, სოციალურ ქსელებს და იმ აგრესისას, რაც ჩვენდა უნებურად დატრიალდა თემის თავზე. თბილისი პრაიდზე გასვლას არ ვგეგმავდი, მეგობრებსაც ვთხოვე, თავი შეეკავებინათ, რადგან უკვე გვქონდა იმის გამოცდილება, როგორ ზარალდება მთლიანი თემი და განსაკუთრებით, ის წევრები, ვისაც ფუფუნება და ფინანსური ბერკეტები არ გვაქვს.

წავედით სოფელში მეგობრები, მოვწყდით საერთო აგრესიას, თუმცა მუდმივად მეშინოდა, რომ ვინმე ნაცნობს – თემის წევრს ან არაწევრს თავს დაესხმებოდნენ. არც შევმცდარვარ, გავიგე კიდეც ასეთი ამბები: ნაცნობის 56 წლის დედას ფერადი ტანსაცმელი გამო შეურაცხყოფა მიაყენეს; სექსმუშაკები მშვიდად ვეღარ გადიან სამუშაოდ, კლიენტები ახლა მათზე ძალადობენ; ნაცნობ წყვილს, ქუჩაში რომ სეირნობდა, თავს დაესხნენ.

6 გოგო წავედით სოფელში. ავტოსტოპით ვერ გავბედეთ ამ ამბების ფონზე. მანამდე ყოველთვის ავტოსტოპს ვიყენებდით, რისკი მაშინაც იყო. დაცულები არ ვართ, როგორც ქალები და მითუმეტეს, როგორც თემის წევრები. ყველას გვეტყობოდა გადაღლა, აღარ გვსურდა ამ თემაზე საუბარი, როცა ქარელში ჩავედით, თავს ვიმხნევებდით და ერთმანეთს კომფორტს ვუქმნიდით – ბუნებამაც გვიმკურნალა.

ქალაქში კი ამ დროს, ჩვეულებრივი ნადირობა მიდიოდა. აი, ახლაც როცა ამას ვწერ, ავსქროლე ფეისბუქი და ამომიგდო, როგორ დაესხნენ თავს ადამიანს ( შესაძლოა, თემის წევრს), ინციდენტი ღამით მოხდა, მას ჩაცმულობის გამო დაუპირისპირდნენ. მანამდე კი გოგონაზე იძალადეს ფერადი ჩანთის გამო.

სახელმწიფოს არ აწყობს ჩვენი დაცვა, პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. ნეიტრალურად განწყობილი საზოგადოება, სამწუხაროდ, ამ ამბებმა ჰომოფობიისკენ გადახარა. მე მჯერა, რომ გვაქვს შანსი ადამიანებს ნელ-ნელა მივაწოდოთ ინფორმაცია, პარალელურად, გავაძლიეროთ თემის წევრები და ვიმუშაოთ ადამიანების ცნობიერების ამაღლებაზე, იმ ადამიანებზე, რომლებიც არაფრით არიან ჩვენგან განსხვავებულები, უბრალოდ, გაიზარდნენ ისეთ გარემოში, სადაც სიძულვილი და ძალადობა წახალისებულია.

ორივე მხარე ვალდებული ვართ, ერთმანეთის მანკიერებები დავინახოთ, დიალოგში შევიდეთ ჯანსაღი კომუნიკიით. თუმცა უფრო ვალდებული სახელმწიფოა, რომ მსგავსი ღონისძიებები გაატაროს, ვიდრე – ჩვენ. ეს მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, რომელსაც თავს ნამდვილად ვერ ართმევს. დიალოგი არა პრორუსულ ძალებთან ან ქრისტეს სახელით მოძალადე მრევლთან, რომლებიც ცდილობენ, სიტუაცია კიდევ უფრო არიონ და ისარგებლონ ამ მდგომარეობით, არამედ იმათთან, ვისთვისაც სიყვარული უცხო არაა, უბრალოდ, სტერეოტიპებისა და ხალხში გავრცელებული ცრუ ხმების გამო, ჩვენი ეშინიათ ან ვეზიზღებით, ან საკუთარ თავში ვერ მიუღიათ ის, რაც ჩვენშია. ამის შეცვლა ყოველთვის შეიძლება სწორი მიდგომით. მე მჯერა, რომ ნელა და მშვიდი ნაბიჯებით საზოგადოების შეცვლა შეგვიძლია.

იყო დრო, როცა კომუნიკაციაში არ შევდიოდი ადამიანებთან, ვბრაზობდი. ახლა მაქვს იმდენი ემოციური რესურსი, თითოეულ მათგანს მოვუსმინო და ჩემი აზრი გავუზიარო. სწორი მიმართულება მივცე, მეც მოვისმინო მისგან კრიტიკა და არგუმენტებით შესაძლებლობა მივცე, გადააფასონ. ბუნებრივია, ეს მარშით ვერ მოხდება. ამისთვის სხვა გრძელვადიანი სამუშაოებია საჭირო, დროში გაიწელება, მაგრამ უფრო უმტკივნეულო და ეფექტური იქნება შედეგები. მე ახლა ყველასთვის ვწერ, მხოლოდ ჰომოფობებისთვის ან ნეიტრალურად განწყობილი ხალხისთვის არა, თემის წევრებისთვისაც. თუმცა ისიც მესმის, რომ თემის წევრებს იმდენი რესურსი არ აქვთ, მშვიდად მოისმინონ ნეგატური და აგრესიული კომენტარები მათზე.

ეკლესიასთან შეხება ძალიან მტკივნეულია. მჯერა, თითოეულ ადამიანში არის სიყვარული, რომელსაც გამოთავისუფლება და გასხივოსნება სჭირდება. საპატრიარქოს ბანდა კი ნამდვილად ისეთ ჯგუფს აერთიანებს, სადაც არავის ხმა არ ისმის – მხოლოდ დემენტორების ენერგია მოდის, რომელიც საოცრად წამლეკავია იმ ადამიანებისთვის, ვისაც რაიმე ნიშნით განასხვავებს საზოგადოება.

აი, ახლაც, მათი წახალისებით უდანაშაულო ოპერატორი გარდაიცვალა. ტრაგედია დატრიალდა და ეს სახელმწიფოს და საპატრიარქოს კისერზეა. ისინი ერთმანეთს ხელ- პირს ბანენ და საბოლოოდ, მათი მიზანი ბუნდოვანია – სიყვარულის ნამდვილად არ უსხამენ წყალს. ჭაობში იძირებიან, მრევლს კარგავენ და მაინც არ ცვლიან მავნებლურ და ბრუტალურ ძალის დემონსტრირებას. საპატრიარქოში მყოფი მღვდლები, რომლებიც საერთო სისტემას მხარს არ უჭერენ, ჩუმად არიან, მაინც თანამონაწილეები არიან, ისინიც ძალადობის წისქვილზე ასხამენ წყალს.

ბრუტალური ძალა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, არაა საზოგადოება. ჩვენი საზოგადოება ბევრად ბრძენი, მიმღები და ტოლერანტულია. ამას ვხედავ ადამიანებში, რომლებთანაც პირად დიალოგში შევდივარ. დიალოგის დროს, ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ არავის აქვს უფლება, ვინმეს უკონტროლოს პირადი ცხოვრება, მეტიც, ისიც კი უთქვამთ ადამიანებს ჩემთვის, რომ აქამდე ამაზე არ უფიქრიათ. არ უფიქრიათ, როგორ სტრესულ სიტუაციაში ვართ ოჯახში, როცა პარტნიორს მეგობრებს ვაცნობთ, როგორ ვღელავთ და განვიცდით და ბოლოს, არ უფიქრიათ იმაზე, რომ საერთო ეკონომიკური, სოციალური პრობლემები გვაწუხებს ყველას და მნიშვნელოვანია ამას დავუპირისპირდეთ. არ გამოვაყენებინოთ თავი ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ არ მოხდეს მნიშვნელოვანი პრობლემების გადაფარვა. ამავდროულად, სახელმწიფოს მოვთხოვოთ თემის წევრების დაცვა, სამუშაო ადგილების შექმნა ყველასთვის და ანტიდისკრიმინაციული კანონის ამოქმედება.

ადამიანზე ფასეული არაფერი არსებობს, არც ერთი იდეოლოგია და არც ერთი ჭეშმარიტება. ყველაფერი, რასაც მოვიპოვებთ ისევ ადამიანისთვის უნდა გვემეტებოდეს. ესაა ყველა რელიგიის საერთო ღირებულება, თუ სხვა რამეს გეტყვიან, დაფიქრდით, თქვენში არსებულ ცენტრს მოუსმინეთ, სხვის ადგილას დააყენეთ თავი: განა ბედნიერს გხდით სხვისი ზიზღი? განა ძალადობა ჰარმონიაში გაგდებთ? არა, რა თქმა უნდა.

უნიკალური არსებები ვართ ადამიანები, ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილები, და ჩვენი მხარეებად დაყოფა კიდევ ერთი დიდი შეცდომა იქნება კაცობრიობის წინაშე. ეს არავისთვის არ იქნება სასარგებლო.

მთავარია, ძალადობის წამხალისებელ ინსტიტუციებსა და უწყებებს მოეთხოვოთ პასუხი.

ქვიარ თემში, რა თქმა უნდა, აზრები იყოფა, არ ვართ ჩვენ ერთი მთლიანობა, როგორც ეს ზოგიერთს ჰგონია. ინდივიდებისგან შევდგებით, ნაწილი მხარს უჭერდა პრაიდს, ნაწილი – განდგომილი იყო, ნაწილს კიდევ არ აქვს საკუთარი ორიენტაცია გაცხადებული. დროა, თემის წევრები დავსხდეთ და შევჯერდეთ, როგორ აღმოვფხვრათ ჩვენი პრობლემები. ვაიძულოთ სახელმწიფო, არა მხოლოდ როგორც თემის წევრი, არამედ როგორც რიგითი მოქალაქე, ისე დაგვიცვას.

ალბათ, ახლა ყველამ დავინახეთ, რომ სხვა სტრატეგია გვჭირდება, ისეთი რომელიც თითოეულს აუხელს თვალს და უკეთესი მომავლის დაგეგმვაში დაგვეხმარება.”

სალომე ჩიმჩიური

წინა

მინდა მჯეროდეს, რომ მალე ქართულ საზოგადოებაში სიძულვილის ადგილი აღარ იქნება – თამარ აგათა კაპანაძე

შემდეგი

დროებით, სიამაყევ. სალამი, სევდავ!

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: ნინო ბექაია (ფსიქოლოგი) სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის

სად არის შენი ადგილი?

FacebookTweetLinkedInEmail გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

FacebookTweetLinkedInEmail ინტერვიუს ავტორი: ზურა აბაშიძე ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია,

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

FacebookTweetLinkedInEmail სტატიის ავტორი: თამარ ავალიანი ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

FacebookTweetLinkedInEmail ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია,